среда, 28 августа 2013 г.

კიბოს უჯრედები: არა მარტოხელა უჯრედები, არამედ საზოგადოება


მეცნიერებმა მიიღეს დასტური იმისა, რომ კიბოს უჯრედებს ძალუძს ერთმანეთთან თანამშრომლობა, კომუნიკაცია და გადაწყვეტილებათა კოლექტიურ მიღებაში მონაწილეობაც კი. რაისის უნივერსიტეტის, თელ-ავივის უნივერსიტეტისა და ჰოფკინსის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შეთავაზებულია კიბოს „ჭკუაში მოტყუების" გზა მისივე ინტელექტის გამოყენებით.
„აღარ უნდა ჩავთვალოთ, რომ კიბოს უჯრედები თავისთავად, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებული შემთხვევითი ნაკრებია, – განაცხადა ჰერბერტ ლევინმა, რაისის უნივერსიტეტის თეორიული ბიოფიზიკის ცენტრის თანადირექტორმა და თანაავტორმა სტატიისა სახელწოდებით "კიბოს უჯრედებისათვის რთული სოციალური ცხოვრებაა დამახასიათებელი".
სტატიის კიდევ ერთი თანაავტორის, ამავე ცენტრის თანამშრომლის, ეშელ ბენ-იაკობის თქმით, „კიბო ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერია. გვაქვს უკვე არაერთი დასტური იმისა, რომ კიბოს უჯრედები შეთანხმებულად მოქმედებენ, რათა მიზანმიმართულად იმუშაონ ერთად, გაანადგურონ ნორმალური უჯრედები, შექმნან მეტასტაზები, დაუპირისპირდნენ წამლებს და მოატყუონ ადამიანის იმუნური სისტემა".
ბენ-იაკობმა აღნიშნა, რომ ექსპერიმენტის მსვლელობისას დაფიქსირდა, რომ კიბოს უჯრედები ერთობლივად უპირისპირდება ანტიბიოტიკების იერიშს, ქიმიოთერაპიის ზემოქმედებას; შეიძლება ითქვას, რომ კიბოს უჯრედები მოქმედებს, როგორც ერთიანი გუნდი. როგორც ჩანს, კიბოს ზოგიერთი სახეობა „გრძნობს" ქიმიოთერაპიულ პრეპარატებს და გადასცემენ სხვა დანარჩენ უჯრედს სიგნალს, რომ საჭიროა უმოქმედების მდგომარეობაში გადასვლა. მსგავსი სიგნალი აბრუნებს მათ აქტიურობის მდგომარეობაში მაშინ, როცა წამალი აღარ არის.
ამასთანავე, ეს მსგავსი კომუნიკაციის მხოლოდ ერთი მაგალითია. კიბოს უჯრედების ქცევა ბევრი ნიშნით ბაქტერიათა კოლონიის ქცევის მსგავსია, ამიტომ მეცნიერები გეგმავენ ამ ფაქტის გამოყენებას კიბოს ქცევის მოდელირებისათვის.
მეცნიერები შეეცდებიან იმ კოდების „გატეხვას", რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება კიბოს უჯრედების კომუნიკაცია. თუ ეს მოხერხდა, კიბოს უჯრედები ვეღარ „დაემალება" წამალს, ვეღარ გადავა უმოქმედების მდგომარეობაში და ვერც კვლავ გააქტიურებას შეძლებს. უფრო მეტიც, მკვლევარები შეეცდებიან გაუგზავნონ კიბოს უჯრედებს ისეთი სიგნალები, რომლებიც აიძულებს მათ ებრძოლონ და მოკლან ერთმანეთი.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий