გთავაზობთ მცირე ამონარიდს მამა სერგი ბულგაკოვის „სულიერი დღიურებიდან“ – რომელსაც ის 1923-1925 წლებში წერდა. ვფიქრობ ქვემოთმოყვანილი ამონარიდები ჩვენს მკითხველს კარგად დაანახებს იმ ფაქიზ სულიერებას, რომელიც ჰქონდა მეცხრამეტე საუკუნის ერთერთ უდიდეს ღვთისმეტყველსა და ფილოსოფოსს.
17.1.1925
უფალო, აჰა მონა შენი წინაშე შენსა, განმიცხადე ნება შენი… სული ჩემი განსუქდა კეთილდღეობით, თავმოყვარეობით, სიმშვიდით. ის ეჯაჭვება მათ, უძლურს არ შეუძლია და არც უნდა „აღვიდეს იერუსალიმად“ ჯვარცმისათვის. ეს იერუსალიმი – მწარე სამშობლო ჩვენი – წინასწარმეტყველთა და მოძღვართა მდევნელი – არ წყვეტს ჰეროდეთა მრისხანებას, ახალ მსხვერპლთ ეძებს თავისთვის. ჩვენ კი ყველაფერს გვერიდან შევცქერით, თითქოს არც გვეხებოდეს, თითქოს არც გვიკთხავს უფალი განკითხვის დღეს ჩვენი სამშობლოს შესახებ, რომელიც ცოდვებში დავკარგეთ. ოჰ უფალო, დაამარცხე ჩემში დავიწყება და სულიერი სიზმარი, დამინთე გულში სიყვარული ჯვრისა შენისა.
24.1.1925
უფალო! მომივლინე გულში შენი სიმშვიდე. რა არის მასზედ უტკბესი, რა არის ცრემლებზე ტკბილი, რომელსაც შენ გვიგზავნი, რა არის წინაშე შენსა აღვლენილ ლოცვაზედ უტკბესი, როდესაც ლოცვასაც შენ აგზავნი! მე შენ მიყვარხარ, მინდა დავიწვა შენს სიყვარულში, მინდა მიყვარდეს ისინი, ვისაც მომივლენ რათა მიყვარდეს არა ჩემთვის – როგორც ჩემს ცოდვილ ბუნებას სურს, არამედ მათთვის და მხოლოდ მათთვის, როგორადაც თავად გიყვარს ქმნილება შენი. მიბოძე ეს სიყვარული, მასწავლე მიყვარდეს, მიყვარდეს არა საკუთარი თავი სხვებში არამედ სხვები საკუთარ თავში. შეგიყვარო შენ უფალო, ძალო ჩემო, დამამტკიცებელო ჩემო, შესავედრებელო ჩემო.
30.1.1925
დღის ბოლოს ვუცქერ საკუთარ ცოდვებს, ცოდვებს უძლურებისა, ცოდვებს სისუსტისა, ცოდვებს უდებებისა. და ვინ მიხსნის მე ამ ცოდვათაგან? როდესაც ავდგები დილით, ჩემს წინაშე კვლავ იგივე ცოდვებია, რომელნიც მომაკვდინებელ ტვირთად ჰკიდია ჩემს სინდისს. უფალო მომიტევე, შემიმსუბუქე ჭრილობანი სულისა. კვალად და კვალად შენ მაძლევ სიცოცხლეს, მაძლევ ამ თვეებსა და წლებს, მე კი უძღები განვლევ მათ ცოდვებში. მაგრამ შენ უფალო, ჩემო მფარველო და შესავედრებელო, შენ გადმოგცემ ჩემს ცოდვილ სულს!
2.2.1925
განსაცდელთათვის, სირთულეთათვის, სიმწარეთათვის, რომელსაც მიგზავნი, მადლობელი ვარ უფალო შენი. ვიცი რა მკაცრი, გაქვავებული და გამოფიტულია ჩემი სული შენი შთაგონების გარეშე, როგორ იცლება და ველურდება. ვადიდებ და ვეამბორები მარჯვენას შენსას.
12.2.1925
შენია დღე და შენია ღამე. შენ დაადგინე შენი ხელმწიფებით დრო და თარიღი. შენ დაუდგინე ადამიანს ასაკი და შრომა მიწაზე. შენ მიბოძე ხანგრძლივი ცხოვრება და მის ყოველ ეტაპზე მიცხადებდი თავს. შენ მინახავდი ბალღობისას და მაგემებინე ყრმობის სიტკბოების სამოთხის გემო. შენ შემინარჩუნე და მატარებინე მთელი ცხოვრება სამოთხის ხის ნაყოფები, რომელიც მე მაშინ ვიხმიე. შენ განმანათლე შინაგანად და მიუბოძე ჩემი თავი ტაძარს. ყრმობიდან შევიყვარე შენი სახლისა და მასში ცხოვრების სიტკბოება. ეხებოდა გული ჩემი ხალხს მწუხარებით და ცრემლები სინანულისა იცოდა ჩემმა ბავშურმა თვალებმა. შენ დამბადე სერგის ტაძრის წინკარში და თუ გესათნოება იქვე მიიბარებ ჩემს ცოდვილ სულს. მე კი როგორც უძღებმა შვილმა, მივიღე წილი სიმდიდრე და გადავიკარგე შორეულ ქვეყანაში, საკუთრების გასაფლანგად, ცოდვილი, მოხეტიალე, საწყალობელი ცხოვრებით მცხოვრები. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ გავიგე გულში მოწოდება. ავიღე კვერთხი და ეჭვით, თვალისცეცებით, ბორძიკით, დამფრთხალი წავედი მამის სახლისკენ. გზა გრძელი იყო, მაგრამ მამა შემეგება, ჩამიხუტა და მიბოძა ნადიმი რწმენისა. და დაიწყო ჩემი ცხოვრება მამის სახლში, მაგრამ მოწყალეო უფალო, რა შეურაცხმყოფელი იყო ეს ამ სახლისთვის. მე მოვიყოლე და შევინარჩუნე ჩემი უძღები ცხოვრების ყველა სულელური დამოკიდებულება: პატივმოყვარეობა, სიამაყე, წარმოდგენები, ვნებები. ხელახლა დავიწყე შენზედ მზვაობა და ჭეშმარიტი სინანულის ხმა ისევ მინელდა გულში. მაშინ გამომაფხიზლე გამოცდით, სიმწარით. ასე უძღებ თვისებებთან, ცოდვილ და მშფოთვარე ახალგაზრდობასთან ბრძოლაში გავლიე ჩემი მოწიფული ცხოვრება. უფალმა შემომხვია ახლობელნი და მოყვარულნი და აღავსო ჩემი ცხოვრება თავისი ნიჭებით, მე კი ამს ვღებულობდი როგორც სავალდებულოს და გაცივდა გული ჩემი. მაგრამ უფალმა ახლიდან დაანთო ჩემში საკუთარი სახლის სიყვარული, ბავშვურმა კეთილუწყებამ გამარჯვებად გაიჟღერა, კიდევ ერთი გამოცდაც და უფალი კვლავ გამოვიდა ჩემს შესახვერდარდ, კვლავ დამაბრუნა თავის სახლში, სიწმინდის ზღუდეში. და დაიწყო ჩემი მოხუცობა – დასრულებადი ცხოვრება უძლურებაში, მაკურთხეველი ძლიერი და დიდებული ცხოვრებისა. შენ გამატარე გამოცდებში და საკვირველად მიცავდი, მაგრამ მე ყრუდ დავრჩი, გულქვად. შენ კვლავ გადმომაფრქვიე დიდი წყალობა, მომივლინე მფარველი ანგელოზი, შემწე ლოცვაში, თავად ინებე განვლიო ცხოვრების ეს მწუხრისწინა ეტაპი. შენ სიყვარულით აღმავსებ უფალო! როგორღა ვიქნები შენი ღირსი, მაგრამ მე მინდა რომ შემოგწირო მთელი ჩემი ცხოვრება, რომელის მოცემაც შენ გესათნოვა. მსურს განუყოფლად მოგიძღვნა არარაობა და ნარჩენი იმ ძალისა, რომელიც შემომრჩა და რომელსაც შენ კვლავ გაამრავლებ თუკი ინებებ. მსურს ვიცხოვრო შენში და შენთვის და მეტი არაფერი მსურდეს. შემეწიე შენ, რომელსაც ყოველივე ძლგიძს და ძალგიძს ჩემი არარაობის განმტკიცებაც.
Комментариев нет:
Отправить комментарий