среда, 12 июня 2013 г.

“ბოდიში”- ერთი სამღვდელო პირი 17 მაისის შესახებ



წმ. პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრს თხოვნით მიმართა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ერთერთმა სამღვდელო პირმა, რომ მისი 17 მაისთან დაკავშირებული წერილი გამოგვექვეყნებინა, წერილში უბრალოდ და მგრძნობიარედ არის გადმოცემული პირადი აზრი და ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ, ავტორის თხოვნით  მის ვინაობას ანონიმურად ვტოვებთ.
***
ბოდიში

უცნაურია მდგომარეობა, რომელშიც ჩემდა უნებურად აღმოვჩნდი. ძალიან გაწბილებული და დარცხვენილი ვარ. ჩემს თავთან ვარ კონფლიქტში. ბევრს ვფიქრობ რას ემსახურება ან ვის ეძღვნება ეს წერილი. ალბათ უფრო ჩემს მეორე ან პირველ მეს, ვისთანაც კონფლიქტში ვარ, შეიძლება სხვასაც. დავიღალე, მტკივა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მრცხვენია.
2013 წლის 17 მაისი, მიზეზი ჩემი ტკივილისა, ცრემლისა. დღე როცა საქართველოს დედაქალაქში სექსუალურ უმცირესობებზე ძალადობის საწინააღმდეგო აქცია უნდა გაიმართოს. პარალელურად სასულიერო პირები და საერონი იკრიბებიან იმავე ქუჩაზე. ძალიან ბევრი ხალხი სასულიერო პირებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, ვიმეორებ ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ, როგორც იქ ითქვა სექსუალურ უმცირესობათა პარპაში აღიკვეთოს.
17- ში დილით ვთქვი „ეს არ არის კარგი“. ერთი ჩემი მეგობარი შემომეკამათა, ბევრი ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ და შევთანხმდით, რომ მე მართალი ვიყავი.
დღემ ჩაიარა, ვიცით როგორაც.
რამდენჯერმე მქონია ცხოვრებაში მსგავსი სიტუაცია. ვგულისხმობ მდგომარეობას, როცა გირჩევნია სცდებოდე, არ იყო მართალი. ამ დღეს ყველაზე მტკივნეულად შევიგრძენი მსგავსი მდგომარეობა. გეტყვით რას ვგულისხმობ:
ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ოჯახის პრობლემები გარეთ არ უნდა გამეტანა. სამწუხაროდ მეგობრის სიბინძურის და შეცდომების გადასაფარად ტყუილიც კი მიკადრებია. ძალიან არ მსიამოვნებს, როცა ჩვენს სამარცხვინო ზოგ პოლიტიკოსებს უცხოელებთან ლანძღავენ. ქართული ანდაზა მახსენდება ხოლმე ამ დროს: „ჩვენი მკვდარი ჩვენვე უნდა დავმარხოთ“.
როცა 17 მაისს სასულიერო პირების ქმედებას გავიხსენებთ და ზემოთ ნათქვამს გავიაზრებთ, მივხვდებით რამ წარმოშვა ჩემს შიგნით უკვე ხსენებული კონფლიქტი. ზურგს უკან საუბარს ბავშვობიდან ვებრძვი, არა მხოლოდ საკუთარ თავში და რადგან პირად საუბრებში რამდენიმეჯერ სასულიერო პირების საქციელზე ვიმსჯელე, ვთვლი, რომ ეს უნდა დამეწერა.
შავზე თეთრის თქმა ვერასდროს შევძელი, შავზე თეთრის მთქმელს ვერასდროს შევეგუე. ბუნებრივია 17 მაისის მოვლენებთან მიმართებაში ბევრი ჩემთვის მტკივნეული ფრაზის წარმოთქმა მომიწევს, მაგრამ უფრო მტკივნეულია როცა ამდენ დაბნეულ ხალხს ვხედავ. მათ შორის ბავშვებს, რომელთა მეხსიერებაშიც შეიძლება სამუდამოდ დარჩეს მსგავსი მღვდლის ხატი. აი კიდევ ერთი მიზეზი ჩემი შიდა კონფლიქტისა.
მე შევეცდები იმ დაბნეულ ხალხს ვუპასუხო მათთვის გასაგებ ენაზე და არა ციტატების კორიანტელით.
რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს სასულიერო პირს ცოდვილთან? უნდა უყვარდეს, უნდა ეცოდებოდეს. უფრო მეტად ცოდვილთან? უფრო მეტად უნდა უყვარდეს და უფრო მეტად უნდა ეცოდებოდეს. ცოდვა რომლითაც დაკავებულია ცოდვილი (ამ შემთხვევაში სექსუალური გაუკუღმართება) უნდა ძაგდეს და ცოდვილსაც უნდა აუხსნას რატომ. ცოდვილსაც უნდა შეაძულოს ცოდვა, აუწყოს მასთან ბრძოლის აუცილებლობა და ასწავლოს ცოდვასთან ბრძოლის მეთოდები. ჩვენს შემთხვევაში შეიძლება ვიღაცამ თქვას: “ჩვენ მივუტევებთ, მაგრამ რომ არ ნანობენ? მეტიც, ამაყობენ და ამის აფიშირებას გეი-აღლუმის საშუალებით ცდილობენ”. მე კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, ასეთი ადამიანები კიდევ უფრო მეტად უნდა გვეცოდებოდნენ და მათ გადასარჩენად ყველაფერი უნდა ვიღონოთ. ცოდვილი, რომელიც ნანობს თავის ცოდვას, რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს იგი, უკვე გადარჩენის გზაზეა. საცოდავი ის არის ვისაც ცოდვა ეამაყება. ჩვენთვის არავის მოუცია უფლება ადამიანთა ჩამოწერისა.
ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით მქონდა შესაძლებლობა მენახა სასულიერო პირებისა და ბევრი საერო პირის გულწრფელი დამოკიდებულება საკითხთან. კონტრაქციაზე მისულთა უმრავლესობა, დარწმუნებული ვარ, ალალად ემსახურებოდა სიმართლეს. ისინი მართლაც ყველაფრის გასაკეთებლად მზად არიან, ოღონდ ერი არ გაირყვნეს, ოღონდ კაცნი მამათმავლები და ქალნი დედათმავლები გამოსწორდნენ, ოღონდ ცოდვამ არ იზეიმოს. მათ სწამთ, რომ ამას ემსახურებიან, თუმცა ვაი რომ მხოლოდ სიალალე და გულწრფელობა არ არის საკმარისი. „იყვენით უმანკონი ვითარცა მტრედი და მეცნიერნი ვითარცა გველი“ ამბობს უფალი. რამდენადაც განათლება, მეცნიერება რწმენისა და გულწრფელობის გარეშე შეიძლება იყოს საშიში, იმდენად ჩვენი, ლოგიკას მოკლებული გულწრფელობა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს .
წმინდა წერილის თანახმად ერთი კაცის დამაბრკოლებელს რა ელის ყველამ ვიცით. კონტრაქციაზე მისულთ მინდა ვკითხო: მათი საქციელის შემხედვარე უკიდეგანო ცოდვილი, რომლის გადარჩენაც სხვებთან ერთად ჩვენი ვალია, როდესმე მიმართავს სასულიერო პირს? როდესმე მივა ტაძარში? ავუკრძალეთ თუ არა მათ ჩვენ გადარჩენა? მივუჯახუნეთ თუ არა მათ ჩვენ ეკლესიის კარები? მართალია მათ ჩვენთვის პური არ უთხოვიათ, მაგრამ ქვას რატომ ვაძლევთ? ან თევზის არ მთხოვნელს გველს. რომელი მეტყვით, რომ ისინი პურს არასდროს მოითხოვდნენ? არავის შეუძლია ამის დასაბუთება. არავის აქვს უფლება გაიშვიროს ხელი, ჩვენ არ ვიცით ვის განვიკითხავთ. არავინ იცის ვინ როგორ სინანულს მოიპოვებს ხვალ. ჩვენ იმ რელიგიის შვილები ვართ სადაც მაცხოვრის მერე ავაზაკი შევიდა სამოთხეში სხვა წმინდანებზე ადრე. წმინდა მარიამ ეგვიპტელი, რომელიც ბილწი ცხოვრებით ცხოვრობდა მაგალითია დღეს ბერ-მონაზონთათვისაც. იმ რელიგიის ისტორიაში სადაც სწერია „მეძავნი უბიწოებად იქცნენო“ როგორ შეიძლება ვინმემ გამორიცხოს, რომ ყოფილი მამათმავალი ან სხვა ძალიან მძიმე ცოდვის მატარებელი პირი წმინდანი არ გახდეს და სამოთხეში არ შევიდეს დიდი სინანულის შემდეგ. მაგრამ მათ თუ აგრესიას და ძალადობას აჩვენებს დედა ეკლესია არც არასდროს ეცდებიან სამოთხისკენ სვლას.
აქვე ცალკე საკითხად მინდა შევეხო არგუმენტად მოყვანილ სხვათა დაბრკოლების შეჩერებას. ვგულისხმობ იმას, რომ ბევრმა ადამიანმა თქვა ლ.გ.ბ.ტ. -ები თუ შეიკრიბებიან ჩვენი შვილები იკითხავენ „ეს რა არის“? მერე შეიძლება დაინტერესდნენ და დავიღუპებით! საკითხი რომ პრობლემატურია ფაქტია, მაგრამ რეზონანსულობამ, რაც ჩვენი მიზეზით გამოიწვია თემამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ახლა კი მართლა არ მეგულება ვინმეს შვილი, რომელიც ამ საკითხმა არ დააინტერესა. საკითხით დაინტერესება თუ ავტომატურად იმას ნიშნავს რომ ჩვენი შვილები ლ.გ.ბ.ტ.-ები გახდებიან დავღუპულვართ და ეს არის. ჩემის აზრით ეს შეცდომაა. საკითხის ცოდნა დამღუპველი არასდროს არის და ჩვენს შვილებს ჩვენ თვითონ უნდა ავუხსნათ ამ ცოდვისა და მისი შესაძლო დამანგრეველი შედეგების შესახებ. მაგრამ ცოტა უფრო შორს წავალ და ვიკითხავ: დედა ეკლესიის წარმომადგენლებს გვააქვს უფლება დავყოთ შვილები ჩვენებად და სხვისებად? მე გული მტკივა როცა სასულიერო პირი ამბობს: “ჩვენ რას გვენახვებიან წავიდნენ სადმე შეიყუჟონ და კისერი უტეხიათო”. ოღონდ ჩვენს შვილებს არ გადაედოთო. ჩვენს შვილებს არ უნდა გადაედოთ და მშვიდად ვიქნებით? ვისაც უკვე გადაედო? თუ ისინი ჩვენი შვილები არ არიან? ეკლესია ცოდვას არასდროს შეეგუება. ცოდვის ლეგალიზება როგორც ჩვენი უწმინდესი ბრძანებს არასდროს მოხდება, მაგრამ ლ.გ.ბ.ტ.-ეს წარმომადგენლებმა ხომ არ უნდა იგრძნონ, ჩვენი რუსთაველზე შეკრება ყოფილა მთავარი მიზეზი პრობლემისაო. მე კი ვიტყვი: სადაც არ უნდა შეიკრიბოთ ქალაქის განაპირას, რომელიღაც სახლში თუ სარდაფში, თქვენი საქმე ცუდია, თქვენი მდგომარეობა სავალალოა და მე იმიტომ კი არ ვტირი თქვენი ქალაქში გამოჩენით დისკომფორტი რომ მექმნება, არამედ იმიტომ რომ თქვენ ხართ მაგ მდგომარეობაში. თქვენ არც კი იცით რა გჭირთ, თორემ რომ იცოდეთ ჩემზე მეტად იტირებდით, უფალს დახმარებას სთხოვდით და ხვალ ჩვენზე მეტად გასუფთავებული დაუბრუნდებოდით ოჯახს.
ეკლესიამ და მისმა წარმომადგენლებმა ცოდვასთან შეურიგებლობა ყოველთვის უნდა დავაფიქსიროთ, მაგრამ ჩვენმა მომდევნო საქციელმა ჩვენი დაფიქსირებული სიტყვის ფასი არ უნდა გააქარწყლოს. არ მეგულება საქართველოში საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც იმ ძალადობის შემხედვარე ერთხელ მაინც არ გაივლებდა გულში: „ამან რა უნდა გასწავლოსო“. სამწუხაროდ ამის მთქმელი მართალს ამბობს, მაგრამ განკითხვა ცოდვაა და ამ ცოდვის გამომწვევი მიზეზი ჩვენ.
ეკლესიისგან განსხვავებით თანამედროვე მსოფლიო ცოდვის (არა მარტო ლ.გ.ბ.ტ.) ლეგალიზებით არის დაკავებული და ჩვენგან განსხვავებით (როცა არ ვიცით როგორ ვებრძოლოთ ამ პროცესს) იციან როგორ. მე მინდა ისტორიიდან ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. ებრაელები თითოეულ ჩვენთაგანში ტანჯული ხალხის ასოციაციას იწვევს. ისტორიულად მართლაც ასეა. ებრაელები სულ იდევნებოდნენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ამან გადაარჩინა ისინი. ებრაელებს გარდა იმისა, რომ რომელიმე უცხო ტომი გადაწყვეტდა მათ დევნას, თვითონაც ეძებდნენ ხოლმე დევნილებას. მაგალითად: დღეს ებრაელები, რომლებიც დევნილობისას ცხოვრობდნენ საქართველოში, ან მსგავს ტოლერანტულ ქვეყნებში (იქ, სადაც კარგად ეპყრობოდნენ) ებრაელთა შორის ნაკლებად ავტორიტეტულ პიროვნებებად ითვლებიან. ვინც ავსტრიაში და მსგავს ცივ ქვეყნებში (სადაც დევნიდნენ, ავიწროვებდნენ) დარჩენა არჩია ერის გადამრჩენლებად ითვლებიან. რატომ? არავინ დავობს, რომ ებრაელები ჭკვიანი ხალხია და მათ ერთ დროს გადაწყვიტეს: თუ გვინდა ერი შევინარჩუნოთ იქ ვიყოთ სადაც ვიდევნებითო. ვინც ასე არ მოიქცა სრულფასოვან ებრაელებად აღარ ითვლებიან.
ამით რისი თქმა მინდა? მიუხედავად ყველაფრისა დევნა და ყოველგვარი ძალადობა დასაგმობია. თუმცა ვისაც მაინც გონია, რომ ამით კარგ საქმეს აკეთებს ვუპასუხობ: გლობალიზაციის პროცესი შეუქცევადია. როგორც ზემოთ ავღნიშნე ვინც იცის როგორ მოახდინოს ცოდვის ლეგალიზება, ისიც იცის, რომ მსგავსი ძალადობა მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ის ლ.გ.ბ.ტ. პირები, ისე რომ აზრზე არ არიან, გრანტების მოსაზიდ იარაღად არიან გამოყენებული კონტრაქციის წევრებთან ერთად. დავაკონკრეტებ: ცალსახაა, რომ ჩვიდმეტ მაისს მომხდარით გრანტების რაოდენობა გაიზრდება, ისიც ცალსახაა, რომ გრანტი ლ.გ.ბ.ტ. პირების დევნისა და დისკრედიტაციის წინ წამოწევას უნდა მოხმარდეს და არა სხვადასხვა მოძღვრის მიერ ამ პირთა საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე გადარჩენის გახმაურებას. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს: თუ გაცხარებულ მოძღვართა სახის ყველა უარყოფითი მიმიკაც კი დაფიქსირებულია ფოტო თუ ვიდეო კადრებით, ნუთუ არავინ გადაიღო სხვა სასულიერო პირთა თავგანწირვა ცოდვილთა გადასარჩენად? ამით კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს.
მისი უწმინდესობა ხშირად გვახსენებს ერთ გამონათქვამს „მრავლად არიან კრიტიკოსები მაგრამ აღარ გვყავს ფილოსოფოსები“. თუმცა ფილოსოფოსად ნამდვილად ვერ გამოვდგები, არც მხოლოდ კრიტიკით მინდა შემოვიფარგლო. ზემოთ უკვე ვახსენე ხელის გამშვერი და თვითონ ცოდვილს მრცხვენია სხვის ცოდვებზე საუბარი. რამდენადაც ჩვიდმეტი მაისი ერთ წელიწადში ისევ დაგვიდგება, მსგავსი პრობლემების წინაშე სავარაუდოდ კიდევ აღმოვჩნდებით. აქედან გამომდინარე შევეცდები გამოსავლის ჩემეული ხედვა წარმოგიდგინოთ. მინდა გაგახსენოთ, რომ 2008 წელს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ოკუპაციის წინააღმდეგ შეკრებილი, ხელჩაკიდებული ერი და ბერი. თუ უწმინდესის კურთხევა კვლავაც იქნება ერი და ბერი ისევ შეიკრიბება, ოღონდ ახლა ცოდვილთათვის ლოცვა იქნება მთავარი მიზანი, რამაც ყოველგვარი ძალადობა უნდა გამორიცხოს. თუ 2008 წელს ენგურის ხიდიდან სამების ტაძრამდე გაკეთდა ცოცხალი ჯაჭვი, ამ შემთხვევაში ქაშუეთში მლოცველთა ერთი ნაწილი ხელიხელ ჩაკიდებული დაუკავშირდება სამების ტაძარში მლოცველთა მეორე ნაწილს. შედეგად, ჩვენი ცოდვასთან შეურიგებლობაც დაფიქსირდება, ცოდვილთა სიყვარულიც და დედა ეკლესიასაც უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდებთ. რას ვგულისხმობ: გახსენებაც არ მინდა იმ დღისა, როდესაც საქართველოში დაბრუნებული უწმინდესი პირველ კომენტარს აკეთებდა ამ საკითხზე სამების ამბიონიდან. მიუხედავად მისი თავშეკავებული სიტყვისა, ყველამ კარგად დავინახეთ თუ როგორი შეწუხებული  და დაღონებული იყო ჩვენი საქციელის გამო. სადამდე უნდა ვისარგებლოთ უწმინდესის უზღვავი ავტორიტეტით? წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) ბრძანებს: ქართველებს ყოველთვის გვახასიათებს წინაპრებით ამაყობა, ის კი გვავიწყდება რომ ერთ დროს ჩვენც წინაპრებად ვიქცევით. ამ საკითხზე დაფიქრება ნამდვილად გვმართებს და იმის მაგივრად, რომ პატრიარქის ავტორიტეტი კოვზით ვხვრიპოთ, თვითონაც ვეცადოთ რაღაცით მაინც შევუმსუბუქოთ მძიმე ჯვარი. მივბაძოთ თავდადებაში, ცოდვილთა შემწყნარებლობასა და სიყვარულში; მათზე, ჩვენზე ლოცვაში; გულწრფელ გამჭრიახობაში; სიმართლის სიყვარულში. ასეთ შემთხვევში ცოდვილთან აქციაზე მივარდნა კი არ დაგვჭირდება, არამედ ცოდვილი ტაძარში მოგვიძევს და მისი გადარჩენით ზეიმის საშუალება მოგვეცემა.
პირველ რიგში დამრიგებლური ტონისთვის ბოდიშს ვიხდი. ძალიან უჩვეულოა ჩემთვის. თუმცა ზემოდ აღნიშნული მიზეზების გამო თავი ვერ შევიკავე. მკითხველი შეატყობდა, რომ მე აქციაზე არ ვყოფილვარ, თუმცა ბევრგან ვახსენე სიტყვა ჩვენ. მინდა განგიმარტოთ: ეკლესია ერთი დიდი ორგანიზმია. სასულიერო პირები სხვადასხვა ორგანოები. მაგ. ზოგი თავია, ზოგი ხელი, ზოგი ფეხი და ა.შ. როცა ხელი გტკივა ფეხი მშვიდად იყოს? ან ითქვას ხელს სტკივა? არა მთლიანად სხეულს სტკივა და შეცდომა რომელიც ერთმა დაუშვა მეორეს არ აძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას, ალბათ მამები, რომელთაც თავი ვერ გააკონტროლეს ძალიან წუხან და განიცდიან მომხდარს. მათაც და ჩვენც გვიყვარს ცოდვილი, გვძაგს ცოდვა და თქვენც ნუ მოიძაგებთ ცოდვილებს ჩვენი სახით, თუმცა ცოდვა ჩვენში ძალადობის სახით გამოხატული არ შეიძლება არ გძაგდეთ და მე, როგორც ცოდვილი ერთი სამღვდელო პირი პატიებას გთხოვთ ჩვენი საქციელისთვის. ბოდიში…

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий