გთავაზობთ “ყოვლად-მოწყალე მაცხოვრის” მონასტრის იღუმენის, მამა ტრიფონის ორ წერილს, რომლებიც 17 მაისის მოვლენებს ეხმიანება და რომლებიც მონასტრის facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა. ვთვლით, რომ ჩვენი საზოგადოებისათვის საინტერესო უნდა იყოს თუ როგორ აფასებს მომხდარს უცხოეთში მყოფი მართლმადიდებელი სამღვდელოება.
ხსენებული მონასტერი ქ. სიეტლის (ვაშინგტონის შტატი, აშშ) ეპისკოპოს თეოდოსის ომოფორის ქვეშაა და ის საზღვარგარეთის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას განეკუთვნება (აქვს ევქარისტიული კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან). უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ეკლესია გამოირჩევა განსაკუთრებული სიმკაცრით და ტრადიციების დაცვით.
ორივე წერილი იბეჭდება იღუმენი ტრიფონის თანხმობით და თხოვნით. წერილები ინგლისურიდან სპეციალურად ბლოგისათვის თარგმნა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ.
” რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა (რომაელთა 3:23)”. ჩვენ, მართლმადიდებლები ხშირად ვერ ვაღწევთ ჩვენს მიზანს – გავუგოთ და ვუქადაგოთ ამა სოფელს. ვერც უფლის სიტყვებს, “იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა ღმერთმა შეგიყუარენ თქუენ”, ვერ ვასრულებთ, და გვავიწყდება, რომ უფლისაგან მოწოდებულნი ვართ განკურნება და სისავსე მოვუტანოთ მათ ვინც წვალობს და იბრძვის ამ დაცემულ სამყაროში. ამა სოფლის გზების მიმართ ჩვენს სამართლიან აღშფოთებაში ზიზღს გამოვხატავთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ ჩვენ თვითონაც ამა სოფლიდან ერთ დროს უფალმა გამოგვიყვანა. სხვისი ცოდვების მიმართ ჩვენს ზიზღში გვავიწყდება, რომ სწორედ ქრისტე იყო ვინც მასთან მისულებს მიმართა, რომ ის ვინც უცოდველი იყო მას ესროლა პირველს ქვა.
ამ რამოდენიმე ხნის წინ საქართველოში მომხდარ ჰომოსექსუალთა უფლებების დემონსტრაციაზე თავდასხმა, ჩემი აზრით, მაგალითია საშინელი მარცხისა სახარების მაცხოვნებელი სწავლების მიწოდებაში. მართლმადიდებელი მღვდლები წინ გაუძღვნენ ხალხთა მასას ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველთა დემონსტრანტებზე თავდასასხმელად, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ფიზიკური ძალადობა, და ფანჯრების ჩამტვრევა იმ ავტობუსებში, რომლითაც დემონსტრანტები ქალაქის ცენტრში მოვიდნენ. თუ როგორ დაუშვა მართლმადიდებელმა სამღვდელოებამ, რომელიც წარმოადგენს მშვიდობის მეუფის, იესო ქრისტეს მიერ დაარსებულ ეკლესიას, ასეთი ძალადობრივი თავდასხმა, ჩემს გაგებას აღემატება.
ჩვენ ყველანი დავმარცხდით უფლის მცნებების აღსრულებაში, და ყველანი ვიმსახურებთ მატლებივით გასრესვას. მაგრამ იერემია ამბობს,”წყალობანი უფლისანი მრავალ არიან. არ მომაკლო მე, რამეთუ არ აღესრულნეს მოწყალებანი მისნი. განაახლენ იგინი, ვითარცა ცისკარი, განთიადისა. განმრავლდა სარწმუნოებაჲ შენი განთიადთა” (გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი, 3:22,23).
ღმერთი არასდროს არ ჩაიქნევს ჩვენზე ხელს. ჩვენ შეიძლება მას ყოველ დღე გავუცრუოთ იმედი, მაგრამ მისი მოწყალება დიდია, და ის გვპასუხობს თავისი მაცხოვნებელი მადლით და წყალობით. ეკლესია, როგორც სულიერი სამკურნალო, ღვთის დაარსებულია და მას განკურნება და გამთლიანება მოაქვს ყველასთვის. ეშმაკის სიცრუეა ის, რომ ზოგიერთები როგორიც არიან მაგალითად ჰომოსექსუალისტები, იმსახურებენ მხოლოდ ჩვენს ზიზღს და ძალადობას. მაგრამ სწორედ ქრისტეა, ვინც მოგვიწოდებს გამოვიჩინოთ თანაგრძნობა და სიბრალული იმათ მიმართ ვინც ცოდვის მორევიდან ვერ ამოდის, და ქრისტეა, ვინც ეკლესიის მეშვეობით გვთავაზობს გადარჩენას, განმაახლებელ კურნებას, რომელსაც შეუძლია გულები შეცვალოს, და ცოდვილები წმინდანებად აქციოს.
როდესაც ქრისტეს წმინდა ეკლესიის მღვდლები ზურგს შეაქცევენ სიყვარულისა და მიტევების სახარებას, რომელსაც განკურნება და გამთლიანება მოაქვს, და მოქმედებენ სიყვარულისა და მიტევების სახარების უგულვებელყოფით, ისინი ვინც ცოდვის მორევში არიან უიმედობის მეტს ვერაფერს ვერ იგრძნობენ და ეკლესიის სწავლება დაფარული იქნება მათგან.
(18/მაისი/2013)
———————-
ძალადობის წინააღმდეგ დგომა
მშვიდობისათვის ბრძოლა ჩემით უნდა დაიწყოს
გუშინდელი ესსეს შემდეგ, რომელიც ეძღვნებოდა მართლმადიდებელ მღვდლებს საქართველოში, რომლებიც მონაწილეობდნენ მასებთან ერთად ჰომოსექსუალთა მიტინგზე თავდასხმაში, გამახსენდა ერთი ფოტოსურათი საკუთარი არქივიდან. იმის მაგივრად, რომ ძალადობრივი თავდასხმისათვის ეხელმძღვანელა, ან მოხვედრილიყო ფოტოკადრში ნაგვის ყუთის მსროლელი ჰომოსექსუალი დემონსტრანტებით სავსე ავტობუსის მიმართ, ეს ბერძენი მართლმადიდებელი მღვდელი ჩადგა მოძალადე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, რათა ეს უკანასკნელნი დაეცვა მოლოტოვის კოქტეილისაგან.მშვიდობისათვის ბრძოლა ჩემით უნდა დაიწყოს
ქართველი მღვდლებისგან განსხვავებით, ეს მღვდელი ცდილობს ძალადობის შეჩერებას. იგივე სურათის ჩვენება შესაძლებელი იქნებოდა, თუ მღვდელი ანდა სხვა მოქალაქე ჩაერეოდა ქუჩაში ქალის შეურაცხოფისაგან, ანდა ბავშვის სათამაშო მოედანზე მოძალადესაგან დასაცავად, ვინაიდან ქრისტიანთა ცხოვრებაში ძალადობას ადგილი არა აქვს. უფალმა მოგვიწოდა ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი. მათეს 5:9-ში იესო გვეუბნება – “ნეტარ იყვნენ მშჳდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ”.
კანონიკური აკრძალვა რომ მღვდელი ჩართული იყოს ნებისმიერი სახის ძალადობაში იმდენად მკაცრია, რომ მღვდელს ეკრძალება ცხოველებზე ნადირობა, ანდა თავისი ვახშმისათვის ქათმის დაკვლაც კი. პირადად მახსოვს ერთი მართლმადიდებელი სამღვდელო პირი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში წირვის ჩატარებისაგან დააყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ ძალა გამოიყენა ორი ყაჩაღისაგან თავის დასაცავად.
ძალიან ხშირად გვერდს ვუვლით და იგნორირებას ვუკეთებთ სხვების შეურაცხყოფას. არ მოგიწოდებთ, რომ ყოველთვის ჩავაყენოთ ჩვენი თავი საფრთხეში, მაგრამ თუ ჩვენმა ჩარევამ ცუდი სიტუაცია შეიძლება განმუხტოს, ჩვენი მოვალეობაა, რომ ჩავერიოთ. ქრისტე ზუსტად ასე მოიქცა, როდესაც ბრბო მზად იყო ჩაექოლა მრუშობაზე დაჭერილი დედაკაცი. ჩვენც, როგორც მისი მოწაფეები, მოწოდებულნი ვართ გავაკეთოთ იგივე.
რაოდენ კარგი იქნებოდა მსოფლიო მედიას გამოექვეყნებინა სურათი ქართველი სამღვდელოებისა, რომელიც ჩადგებოდა გაბრაზებულ ბრბოსა და ჰომოსექსუალ დემონსტრანტებს შორის. ამით მღვდლების საქციელი დაემსგავსებოდა უფლისას, რომელმაც დაიცვა მრუშობაზე დაჭერილი დედაკაცი. სამღვდელოებას ამ ჰომოსექსუალებისათვის საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში რომ ჩაეგდო, სამყაროსთვის ეს იქნებოდა უდიდესი მაგალითის მიმცემი და ამით ის დაინახავდა მშვიდობის მეუფის ხატებას არეკვლილს თავის მსახურებში.
(20/მაისი/2013)
———————–
პ.ს.
“… ვლოცულობ, რომ ჩემმა ძმებმა საქართველოში გაიაზრონ თუ რამხელა შოკი გამოიწვია მათმა საქციელმა ამერიკის მართლმადიდებელ სამღვდელოებაში… ამან თავისი კვალი დატოვა ჩვენზე, ვინც ვცდილობთ და ვიბრძვით იმისთვის, რომ უფალი და მისი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ვამცნოთ ამერიკას.”
იღ. ტრიფონი
ყოვლად-მოწყალე მაცხოვრის მონასტერი,
სიეტლი, ვაშინგტონის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები
Комментариев нет:
Отправить комментарий