пятница, 15 марта 2013 г.

ანსელმ კენტერბერიელი -ჭეშმარიტებისათვის


ანსელმ კენტერბერიელი ითვლება სქოლასტიკის „მეორე მამად“ – იოანე სკოტ ერიუგენას შემდგომ. მისი ნაშრომი „ჭეშმარიტების შესახებ“ იცავს ჭეშმარიტების გაგების კლასიკურ კონცეფციას ფილოსოფიაში. (ანუ ჭეშმარიტება არის შესაბამისობა აზრისა და გამოთქმისა სინამდვილესთან, სინამდვილეში არსებულთან)
ანსელმის მიხედვით უზენაეს ჭეშმარიტებას არა აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული. არავის ძალუძს განსაჯოს როდის არ იყო ჭეშმარიტება ჭეშმარიტი და არავის ძალუძს განსაზღვროს როდის გახდება იგი წარმავალი და დასრულდება. დასაწყისისა და დასასრულის ქონის შემთხვევაში, მაშინ როცა იგი (ჭეშმარიტება) დაიწყებოდა, ჭეშმარიტი იქნებოდა ის რომ იგი არ იყო ჭეშმარიტება, ხოლო მას შემდეგ რაც დასრულდებოდა, ჭეშმარიტი იქნებოდა ის, რომ იგი არ ყოფილა ჭეშმარიტება. მაგრამ ჭეშმარიტება შეუძლებელია არსებობდეს ჭეშმარიტების გარეშე. მაშასადამე ჭეშმარიტება არსებულა მანამდეც, სანამ გაჩნდებოდა და იარსებებს მას შემდეგაც, რაც არ იარსებებს ჭეშმარიტება (ამქვეყნიური). ჭეშმარიტების შეზღუდვა დასაწყისით და დასასრულით შეუძლებელია.
ამის შემდეგ ანსელმი აგრძელებს განსჯას გამოთქმის ჭეშმარიტების შესახებ. გამოთქმა ჭეშმარიტია, როდესაც არის ის რასაც გამოთქვამს, არა აქვს მნიშვნელობა მტკიცებითშია ეს გამოთქმა თუ უარყოფითში. ანსელმი უარყოფს, რომ გამოთქმული საგანია გამოთქმის ჭეშმარიტება. გამოთქმული საგანი (დებულება) არის მხოლოდ მიზეზი გამოსათქმელი ჭეშმარიტებისა, ამიტომაც ჭეშმარიტება საკუთრივ სიტყვებშია საძიებელი. გამოთქმაში ანსელმს ჭეშმარიტად ესახება უწყება იმის შესახებ რაც არის (რაც არსებობს) და არაფერი ამის გარდა. მტკიცებებიც შექმნილნი არიან იმისთვის, რომ გვაუწყონ ის, რაც არის. მაშასადამე მართებს კიდევაც მტკიცებას, რომ გვაუწყოს. როცა მტკიცება გვაუწყებს, რომ არის ის, რაც არის, იმას გვაუწყებს რაც არის. თუკი სწორად გვაუწყებს ე.ი. უწყებაც სწორია, ხოლო თუკი გვაუწყებს იმას, რაც სწორია, უწყებაც ჭეშმარიტი გამოდის. შესაბამისად მისთვის იგივეა სწორიც იყოს და ჭეშმარიტიც. სისწორე და ჭეშმარიტება იდენტურია. სისწორე არის ჭეშმარიტება. თუმცა არის შემთხვევები როცა სიტყვა (გამოთქმა) გვაუწყებს იმას რომ არის, რაც არ არის. სიტყვას თანაბრად უტვირთია უწყება იმისა რაც არის და ასევე იმისიც, რაც არ არის. ანსელმი თვლის, რომ ერთია სისწორე და ჭეშმარიტება გამოთქმისა, როცა ის იმას გვაუწყებს, რის საუწყებლადაც შეიქმნა, ხოლო მეორეა როცა ის იმას გვაუწყებს, რისი უწყებაც იტვირთა. პირველი თვით სიტყვისთვის არის უცვლელი (სისწორე და ჭეშმარიტება გამოთქმისა, როცა ის იმას იუწყება, რისი უწყებაც იტვირთა), ხოლო მეორე ცვალებადი (სისწორე და ჭეშმარიტება გამოთქმისა, როცა ის იმას იუწყება, რის საუწყებლადაც არის შექმნილი). ეს პირველი მას მუდამ გააჩნია ხოლო მეორე შემთხვევით.  მაგალითად, როცა ვამბობთ  „დღე“_ს, იმის არსებობის აღსანიშნად რაც არსებობს, მაშინ ჩვენ სწორად ვიყენებთ ამ გამოთქმის მნიშვნელობას, იმიტომ, რომ ის ამისთვისაა შექმნილი. მაგრამ თუკი იმავე გამოთქმით ჩვენ ავღნიშნავდეთ იქნება იმას, რაც იმ დროისთვის არ არსებობდეს იქნება ანუ ვიხმართ „დღეს“ ღამით, ჩვენ გამოვიყენებთ გამოთქმას არასწორად, იმიტომ რომ ის ამისთვის არ შემნილა. ასევე „სიტყვის“ მართებული გამოყენების მაგალითზე ანსელმი ცდილობს აჩვენოს, რომ მხოლოდ ამ მართებული გამოყენების შემდეგ მიიჩნევს ყოველდღიურ ცხოვრებაში სალაპარაკო ენა გამოთქმას ჭეშმარიტად.
ანსელმის მიხედვით აზროვნებას ვუწოდებთ ჭეშმარიტს, როცა არის ის, რაც გონებით მიგვაჩნია, რომ არის და მცდარს, როცა ის არ არის. ვინც ფიქრობს, რომ არის ის, რაც არის, ფიქრობს იმას, რაც მართებს, ამდენად მისი აზროვნებაც სწორია.
ნების ჭეშმარიტებაში ანსელმი გულისხმობს იმის სურვილს რაც ადამიანს მართებს, კერძოდ სატანის შემთხვევაში, თავიდან მას ის სურდა, რისთვისაც ნება მიიღო – ჭეშმარიტებისა და სისწორის გზას ადგა, ხოლო როცა ის ისურვა, რაც არ მართებდა დატოვა ეს ჭეშმარიტება.
ქმედების ჭეშმარიტების განხილვას ანსელმი იწყებს იესო ქრისტეს სიტყვების მოშველიებით “რომელი იქმნ ბოროტსა, სძულნ ნათელი“ და „რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვიდის ნათელსა“. ამ შემთხვევაში ხდება დაპირისპირება ბოროტის ქმნასა და ჭეშმარიტების ქმნას შორის. შესაბამისად ჭეშმარიტების ქმნა არის იგივე სიკეთის ქმნა. ვინც იქმს იმას, რაც მართებს, კარგად იქცევა და სწორს აკეთებს. სისწორის კეთება ხომ ჭეშმარიტების კეთებაცაა, ამიტომ კეთილის ქმნა არის ამავდროულად სისწორის ქმნაც და ამ ქმედების ჭეშმარიტებაც არის სისწორე. არსებობს გააზრებული და გაუაზრებელი ქმედება. გააზრებულია მაგალითად მოწყალების გაღება, ხოლო გაუაზრებელია ცეცხლის ქმედება, როცა ის ათბობს. თუმცა ცეცხლიც გამომდინარე იქიდან, რომ აკეთებს იმას, რაც მართებს ჭეშმარიტებას და სისწორეს ქმნის.
შეგრძნებათა ჭეშმარიტებაზე საუბრისას, ანსელმი მიიჩნევს, რომ შეგრძნებები, რის მაუწყებლადაც არ უნდა გვესახებოდნენ ისინი, აკეთებენ ამას მათი ბუნებიდან გამომდინარე თუ სხვა რაიმე მიზეზით, ყოველთვის იმას აკეთებენ რაც მართებთ და ამდენად სამართლიანობას და ჭეშმარიტებას სჩადიან. რაც შეეხება შეცდომებს, რომლებსაც ადამიანები აბრალებენ შეგრძნებებს – ეს არა შეგრძნებების არამედ ადამიანის განსჯადი სულის, მისი წარმოსახვის შეცდომებია.
საინტერესოა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ უზენაეს ჭეშმარიტებას, არის თუ არა კიდევ სხვა რამეში საგულვებელი ჭეშმარიტება? ანსელმის თქმით არასდროს ყოფილა და არსად ისეთი რაღაც, რაც არ არსებობდა უზენაეს ჭეშმარიტებაში და რასაც აქედან არ მიეღოს ის, რაც არის. აქედან გამომდინარე რაც არის ის ჭეშმარიტია, რადგან უზენაეს ჭეშმარიტებაში არის. ჭეშმარიტება არის ყოველივეს არსში, ხოლო ეს არსობები არიან ისინი, რაც უზენაეს ჭეშმარიტებაში არიან. უზენაეს ჭეშმარიტებაში კი ვერ იქნება ის, რასაც მართებს სხვა რამედ ყოფნა თუ არა იმად რაც უზენაეს ჭეშმარიტებაშია. თუკი ჭეშმარიტებაცა და სისწორეც იმიტომ არიან საგანთა არსში, რომ არიან ისინი, რაც არიან უზენაესში, ცხადია საგანთა ჭეშმარიტება სისწორეა. ყოველივე რაც არის ის, რაც უნდა იყოს, სწორად არის ე.ი. ყოველივე რაც არის სწორად არის.
თუკი ვიტყვით, რომ რაც არის იმას ყოფნა მართებსო, მაშინ არსებობს ბევრი ბოროტება, რომელსაც არ მართებს ყოფნა. ანსელმის თქმით არაფერი არსებობს საერთოდ თუ არა ის, რაც ღმერთმა შექმნა და დაუშვა. ღმერთი კი არასდროს დაუშვებდა რაიმეს უგონოდ და უკეთურად. ამ სამყაროში ყველაფრის ყოფნა მართებულია რასაც სიკეთე და სიბრძნე დაუშვებს ან გააკეთებს ანუ ერთნაირად მართებს ყოფნა იმას, რაც უშუალოდ ღმერთის მოქმედებით ხდება და იმასაც, რაც მისი ნებართვით ხდება. გამოდის, რომ ერთსა და იმავეს (ბოროტებას და ბოროტი ნების შედეგს) ყოფნაც მართებს და არყოფნაც. კერძოდ, მართებს იქიდან გამომდინარე, რომ დაშვებულია იმის მიერ, ვისი ნებართვის გარეშეც მას არ ძალუძს მოხდენა და არ მართებს ყოფნა იმის გამო, ვისი ბოროტი ნებითაც ის ხდება. აქ ანსელმს მოჰყავს იესო ქრისტეს მაგალითი, რომელსაც არ მართებდა იმ ტანჯვის მოთმენა, რადგან იყო უცოდველი, ამიტომ არავის მართებდა მისთვის ეს მტანჯველი საზღაური მიეგო. კიდევ ერთი მაგალითია დამრტყმელისა და ნაცემის შემთხვევა, როცა ვთქვათ ვინმე ცოდვილს სცემს ის, ვინც ასევე ცოდვილია ანუ ცოდვილს არ აქვს უფლება განსაჯოს სხვა ცოდვილი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ნაცემი ნამდვილად საცემი ყოფილიყო. აქ საკუთრივ ცემის, დასჯის ფაქტი აუცილებელია, მაგრამ სხვა ცოდვილის მიერ ბოროტი ნების შედეგად ცემა არამართებულია.
უზენაესი ჭეშმარიტება სისწორე იმის გამო არ არის, რომ მას რაიმე მართებს. ყველა დავალებულია მისგან, თავად კი არავისი მართებს რაიმე. არ არსებობს არანაირი მისი საფუძველი, იმისა რომ ის არის. უზენაესი ჭეშმარიტების სისწორეა ყველა სხვა ჭეშმარიტებისა და სისწორის მიზეზი.
ჭეშმარიტება არის მხოლოდ გონით შეცნობადი სისწორე. ის, რომ მას „გონით შეცნობადი“ ეწოდება, გამოყოფს მას ხილვადი სისწორისგან.
მართებულობას ანსელმი განსაზღვრავს როგორც სისწორეს, გონებით შეცნობადს. აქედან გამომდინარე თავადვე განსაზღვრავენ ერთმანეთს ჭეშმარიტება, სისწორე და მართებულობა. ვინც აქედან ერთი იცის, მას არ ძალუძს სხვების არცოდნა. თუკი ადამიანს სურს ის, რაც მართებს, მას სწორად სურს და ნების სისწორე გააჩნია. ორი რამ არის საჭირო ნების სისწორისთვის: სურვილი იმისა, რაც მართებს მას და სურვილი იმიტომ, რომ მართებს. თუმცა მართალსა და იმას შორის ვისაც იძულებით სურს ის, რაც მართებს – არსებობს სხვაობა. კერძოდ, მართალი, როცა მას ის სურს, რაც მართებს ნების სისწორეს იცავს თავად ამ სისწორისთვის, ხოლო ვისაც იძულების გამო ან გასამრჯელოს გამო სურს ის, რაც მართებს, სისწორეს იცავდეს იქნება არა ნების სისწორისთვის, არამედ სხვა რაღაცისთვის (პირადი მოგებისთვის). მართებულობა ეწოდება ქმედების სისწორეს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მართებული ნებით ხდება ქმედება.
ჭეშმარიტება, რა საგანშიც არ უნდა იყოს ის, სხვა არაფერია თუ არა სისწორე ე.ი. თუ მრავალია ჭეშმარიტება, მრავალია ასევე სისწორეც. თუკი განსხვავებული სისწორეების არსებობა განსხვავებული საგნების არსებობით აიხსნება, მაშინ სხვადასხვა სისწორის არსებობაც აუცილებელია. სისწორეს საკუთარი არსებობა უწყების გამო გააჩნია (ანუ იმის გამო, რისი უწყებაც მან უნდა მოახდინოს), როგორც იცვლება უწყება, იცვლება უწყების სისწორე. თუმცა ეს მტკიცება ანსელმის აზრით მცდარია, რადგან რაც არ უნდა შეცვალოს ვინმემ უწყების გამჟღავნება და საერთოდ არ ისურვოს მისი უწყება – უწყების სისწორე მაინც არ შეიცვლება, რადგან ის ისედაც საუწყებელია ანუ არსებობს ერთგვარი მოთხოვნა, რომ უწყებულ უნდა იქნეს ის, რაც საუწყებელია. თუკი სისწორე მოისპობოდა, უწყებაც არ იქნებოდა სწორი და არ მოითხოვდა გამჟღავნებას.

სისწორე იმიტომ კი არ არსებობს უწყებაში, რომ მაშინ იწყებს ყოფნას, როცა იუწყება, რომ არის რაც არის ან რომ არ არის რაც არ არის, არამედ იმიტომ, რომ უწყება ამ დროს ხდება იმ სისწორის შესაბამისი, რომელიც მუდამ არსებობს. სისწორე არ არის დამოკიდებული უწყებაზე და მის ცვლილებაზე. აქედან გამომდინარე, ყოველივეს რასაც სისწორე მართებს, ნებას, ქმედებას, რაც არ უნდა შეიცვალოს, სისწორე უცვლელი დარჩება. ყოეველი არსებულის სისწორე არის ერთი, შესაბამისად ერთი ჭეშმარიტებაა ყველა მათგანში.






Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий