воскресенье, 7 июня 2015 г.

რუსული Духовные скрепы და გეი იერარქები ეკლესიაში



საბჭოთა იმპერიის დაშლიდან ცოტა ხანში რუსეთში ნაციონალური იდეის შექმნის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი. ამ იდეის აღმოჩენით სახელმწიფოსთვის რთული პერიოდის დაძლევას იმედოვნებდნენ. გავიდა ცოტა ხანი და რუსეთის პოლიტიკური წრეები იმპერიის აღდგენაზე ღიად ალაპარაკდნენ.
ნაციონალურ იდეაზე ფრთხილი საუბრები კი სახელმწიფო იდეოლოგიის შემოღების აუცილებლობის ხმამაღალმა მოთხოვნამ შეცვალა. რუსეთი ცხადია ახალს ვერაფერს მოიფიქრებდა და განახლებული იმპერიალიზმი მარტივად  - ანტიდასავლურობაზე დაამყარა. საკუთარი თავის დასავლეთის ალტერნატივად გამოცხადება  დასავლეთისგან განსხვავებული გზის აღმოჩენასაც გულისხმობდა. ასეთი კი ვერაფერი მონახა. რუსეთი თვითონაც საბაზრო ეკონომიკას, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას, ადამიანის უფლებებს და ა.შ. აღიარებს. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ რუსმა პოლიტ-ტექნოლოგებმა გამოსავალი იპოვეს და დასავლეთს დასავლეთშივე არსებული დისკურსის კოპირებით დაუპირისპირდნენ. 

პირველი მერცხალი სანკტ პეტერბურგის საქალაქო საკანონმდებლო ორგანოში ვიტალი მილონოვის მიერ ინიცირებული "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ამკრძალავი კანონი" იყო. თავიდან კანონიც და მისი ინიციატორიც მასმედიისგან კრიტიკის და დაცინვის საგანი გახდა. მაგრამ ცოტა ხანში იგივე კანონი რუსეთის პარლამენტმაც მიიღო. ამ კანონშემოქმედებას რუსეთის პატრიარქმა კირილმაც აუბა მხარი და დასავლეთში გამეფებულ გარყვნილებას ქადაგებების სერია მიუძღვნა. 

ახალი იმპერიული იდეოლოგიის შემუშავება კი რუსეთის მსოფლიო მასშტაბის მორალისტად ქცევით დასრულდა.  რუსეთი პატრიარქ კირილის ხმით ზნეობრივ ფასეულობებს იცავს და დასავლეთს გარყვნილებაში ამხელს. ბოლო წლებია პუტინი საერთაშორისო მასშტაბის ტრიბუნაზე მოხვედრის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს და დასავლეთს მორალს უკითხავს. პუტინი თავს ევრაზიის კონტინენტის მთავარ კონსერვატორად ასაღებს. 

იმპერიალისტური იდეოლოგია მარტივია: გარყვნილი დასავლეთი და წმინდა რუსეთი. გარყვნილებაში კი, როგორც წესი, ჰომოსექსუალები იგულისხმება. ეს პროპაგანდა უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზეა გათვლილი. რატომ ამ სამ სახელმწიფოზე, ესეც გასაგებია - ეს ქვეყნები საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ევროპაში ხედავენ. ამ ქვეყნებში მართლმადიდებელი ეკლესიების გავლენა დიდია. სწორედ  ეკლესიების მეშვეობით ახერხებს კრემლი ამ ქვეყნებში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. მაგალითების მოყვანა, ალბათ, საჭირო არ არის. ჩვენი სამღვდელოების არაერთი წევრისგან და საპატრიარქოსგან გარყვნილ დასავლეთსა და ერთმორწმუნე რუსეთზე განცხადებები ხშირად ისმის. მათი გამონათქვამები რუსულ პროპაგანდას სიტყვა-სიტყვით ემთხვევა.  

ცოტა ხნის წინ ცნობილი რუსი რელიგიური და საზოგადო მოღვაწე დეკანოზი ანდრეი კურაევი მოსკოვის სასულიერო აკადემიის ლექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზად ბლოგერობა და ეპატაჟური გამონათქვამები დასახელდა («За деятельность в блогосфере и эпатажные высказывания»), თვითონ დეკანოზი კურაევი კი საკუთარ ბლოგზე და მასმედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად ჰომოსექსუალი სასულიერო პირების მხილებას ასახელებს. კურაევი თვლის, რომ შესაძლებელია ეკლესიაც დაატოვებინონ. 

კურაევმა ჯერჯერობით რამდენიმე სასულიერო პირის გვარი დაასახელა. მათ შორის ყაზანის სასულიერო სემინარიის რექტორი მიტროპოლიტი ანასტასი. რექტორის თანაშემწე ვიქტორ ნოვიკოვი, იღუმენი კირილ ილუხინი, დეკანოზი ვლადიმირი და ეპისკოპოსი სტეფანი. კითხვაზე, მისი ინფორმაციით ეკლესიის მაღალ იერარქებს შორის რამდენია ჰომოსექსუალი? კურაევი პასუხობს: ჩემი მრავალწლიანი მოგზაურობებისა და სამღვდელოებასთან ურთიერთობის მანძილზე, რაც მე მსმენია და იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რასაც ამჟამად ვიღებ 300 მოქმედი უმაღლესი იერარქიდან 50 ეპისკოპოსი ჰომოსექსუალია. 

კურაევი იხსენებს წინა  წლებში ეკლესიაში  მომხდარ გახმაურებულ გეი სკანდალებს, რის გამოც ოთხ ეპისკოპოსს მსახურება შეუჩერეს. ამჟამად კი სამ მათგანს უფლებამოსილება აღუდგინეს. 

კიდევ ერთი კურაევის მიერ დასახელებული ჰომოსექსუალი იერარქი სიკტივკარის ეპისკოპოსი პიტირიმია. პიტირიმს სოციალურ ქსელ  ВКонтакте-ში საკუთარი გვერდი აქვს გახსნილი, რომელსაც თვითონ უძღვება და ბოლო დროს კურაევს აქტიურად ეპაექრება.
ეპისკოპოსი პიტირიმი
ეპისკოპოსი პიტირიმი

"თვალს ვადევნებდი ამ "მისიონერის" (კურაევის) ღვთისმეტყველურ აზრებს. მე ვნახე, რომ ის მკრეხელური და პორნოგრაფიული სახით პროპაგანდირებდა"...  "ქრისტეს ეკლესიის მტრები და ლიბერალები კურაევის შხამით ცდილობენ ხალხი დააბრმავონ"... "კურაევი ჩემთვის ყველაზე ძვირფასს - ეკლესიას დაესხა თავს. ეკლესია ღმერთისგან იმართება. უფალს თავად გამოაქვს საბოლოო განაჩენი. ეპისკოპოსები კი ეკლესიის თავად-აზნაურნი არიან, მათ აქვთ ქრისტესგან მინიჭებული მთელი ძალაუფლება. ამიტომ მტრის დარტყმა პირველ რიგში ეკლესიის იერარქებზე მოდის, ისე როგორც, სნაიპერი ესვრის ომის დროს პირველ რიგში მოწინააღმდეგის  ოფიცერს" ... "საერთოდაც მე ვთვლი რომ ეკლესიის და სამღვდელოების კრიტიკა არ შეიძლება. არა და არა, არავითარ შემთხვევაში." -ეს ბატონი პიტირიმის საპასუხო გამონათქვამებია.
ეპისკოპოსი პიტირიმი ორდენებით
ეპისკოპოსი პიტირიმი ორდენებით
ეპისკოპოსი პიტიმირი კურაევისგან თავისუფალ დროს სიმღერას უთმობს. ინტერნეტში მისი ნამღერი ბლომად მოიპოვება. ეს ერთ-ერთია.
ისევ პიტირიმი
ისევ პიტირიმი

კურაევი ეკლესიისა და ზოგადად რუსული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელია. ფილოსოფოსი. საჯარო  ლექციების პუბლიცისტობის მწერლობის და მედიაში აქტიურობის გამო მას მთელი რუსეთი იცნობს. ზოგი კონსერვატორად და რეაქციონერადაც კი მიიჩნევს. კურაევის გამოსვლები მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვსევოლოდ ჩაპლინმა დაგმო და მას "მოწამლული და არასუფთა წყარო" უწოდა. საპატრიარქოსთან  დაახოებულმა სკანდალებით ცნობილმა რელიგიურმა აქტივისტმა ფლოროვმა კურაევი თვით რუსეთის პატრიარქ კირილის სექსუალური ორიენტაციის ეჭვქვეშ დაყენებაში დაადანაშაულა. ამის საბუთად ფროლოვს კურაევის მიერ აწგარდაცვლილი მიტროპოლიტი ნიკოდიმის ჰომოსექსუალობის გახსენება მოაქვს. ნიკოდიმი კი პატრიარქ კირილის მოძღვარი და მხარდამჭერი იყო. კურაევი აცხადებს, რომ პატრიარქზე არაფერი უთქვამს. კურაევმა არა, მაგრამ რუსეთის პატრიაქი, ჰომოსექსუალებში ცნობილმა რუსმა იმპერიალისტმა და "გრუ"-ს ოფიცერმა კვაჩკოვმა ჩაწერა.



ამ ყველაფრის შემდეგ რა შეიძლება ითქვას? ალბათ, არაფერი განსაკუთრებული. ის, რომ რუსეთის სიწმინდეზე და დასავლეთის გარყვნილებაზე მითი არ მართლდება. თუმცა ეს ხომ ისედაც ვიცოდით. რუსული იმპერიალისტური პროპაგანდა ყალბია. ჰომოსექსუალების (რიგითი და არა იერარქიებს მიკუთვნებული) დევნა კი პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღია. ამ პროპაგანდის შედეგად დაგეშილი ბრბო კი უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობს. რუსულ პროპაგანდას საქართველოშიც ბევრი აჰყვა. ბოლო რამდენიმე წელია "გარყვნილი" დასავლეთიდან მომავალი საფრთხეების მოგერიებით არის დაკავებული უამრავი ადამიანი.  

იხ. დეკანოზ კურაევის ინტერვიუ ამ თემაზე; 


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий