განათლება: ფილოსოფოსი
თანამდებობა: ასოცირებული პროფესორი
კვლევის ინტერესები: ენის ფილოსოფია, მეცნიერების ფილოსოფია, მეტაეთიკა, ფემინისტური თეორია
ფილოსოფოსმა თამარ ცხადაძემ, საკუთარ გვერდზე პარიზის ტერაქტის შესახებ საკუთარი თვალსაზრისი გამოაქვეყნა. უცვლელად გთავაზობთ ტექსტს.
ახლა პირველად მოხდა ამ დღეებში, რომ ახალი არაფერი დამხვდა წასაკითხი შარლიზე. ამიტომ დასაწერადაც მოვიცალე. მგონი უკვე ყველაფერი ითქვა, მაგრამ რამდენიმე მახვილის უკმარისობის განცდა მაქვს:
0. ტერორიზმს გამართლება არ აქვს.
1. მე როგორც მესმის, გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე ლაპარაკი აზრიანია კონტექსტში, რომელშიც ის დასაცავია ძალაუფლების მქონეთაგან (იქნება ეს ხელისუფლება, გავლენიანი უმრავლესობა თუ ელიტარული უმცირესობა). ხოლო გულმოსულ-განაწყენებული ადამიანებისგან, ფსიქოპათებისგან, ტერორისტებისგან დასაცავია არა გამოხატვის თავისუფლება (ეს ნონსენსს ჰგავს), არამედ თვითონ ადამიანები, რასაც უნდა აკეთებდნენ და როგორი (კარგი თუ ცუდი, რასისტი თუ ჰუმანისტი თუ უფრო ფართო) ტიპებიც უნდა იყვნენ ისინი. მოკლედ, ცენზურა ძალაუფლების ფუნქციაა და ის უნდა განვასხვაოთ უკანონო შურისძიების შემთხვევებისგან.
2. ტერორისტული აქტის შეფასებისთვის ბოლომდე და აბსოლუტურად არარელევანტურია, თუ როგორ ვაფასებთ შარლის მოღვაწეობას. ხოცვა-ჟლეტის ან ტერორიზმის გამართლება არ უნდა დავაბრალოთ იმას, ვისაც ეჭვები აქვს ამის თაობაზე. მე, მაგალითად, არ ვარ შარლი, რადგან ჩემთვის პრინციპულად (და არა – ემოციურად) მიუღებელია მათი საქმიანობის ზოგიერთი ასპექტი. ეს არ ნიშნავს, რომ ის, რაც მოხდა, საშინელ და უაზრო ტრაგედიად არ მიმაჩნია. მეტიც, ის, ვინც აზრის და სიტყვის თავისუფლებაზე ღაღადებს, არ უნდა აძლევდეს თავს იმის უფლებას, რომ შარლის საქმიანობის მოწონება ან „მე ვარ შალის“ ძახილი სავალდებულოდ გამოაცხადოს (ამის არგაკეთების რა იმპლიკაციებსაც უნდა ხედავდეს საქართველოს კონტექსტში).
3. შარლის საქმიანობის არმოწონება (ჩემი თუ სხვების, ვისი აზრებიც ამ დღეებში წავიკითხე) არ ემყარება „რელიგიური გრძნობების“ ხელშეუხებლობას. გრძნობებზე მომდევნო პუნქტში იხილეთ, ხოლო მანამდე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ შარლის საქმიანობა არ მომწონს იმიტომ, რომ ის კონკრეტულ ძალაუფლებრივ კონფიგურაციაში ცუდ მხარეს დგას (სადღაც ეწერა ვოლტერზე და ვეთანხმები: იმდროინდელ ევროპაში მისი ქილიკი ქრისტიანობაზე და მისი ანტისემიტისტური ქილიკი სხვადასხვა აქტი იყო და სხვადასხვაგვარ შეფასებებს იმსახურებს). ამ არმოწონების გაჟღერების უფლებას, ვგონებ, მაძლევს სიტყვის თავისუფლების სანუკვარი ხელშეუხებლობა. და მისი ბევრჯერ და ხმამაღლა გამეორება ძალიან საჭიროა, რადგან სწორედ მისი იგნორირებაა ყველაზე საყვარელი ილეთი როგორც „შარლ“-ებისთვის, ისე „მაგრამ“-ის ზემგრძნობიარე მომხმარებელთათვის. (ისევ, ვიმეორებ: ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ტერორიზმის შეფასებისთვის.)
3*. „მაგრამ“ მაკავშირებელზე: ტერორიზმის დაგმობის „მაგრამით“ კვალიფიკაციების საშინელებაზე წერდა ვიღაც და დავეთანხმე – ტერორიზმი ცუდია და წერტილი. შედარებით რთულ საკითხებზე მსჯელობისას წერტლის მერე, როგორც წესი, აზრი გრძელდება. სხვათა შორის, პროპოზიციულ ლოგიკაში „მაგრამ“ ითარგმნება, როგორც „და“ და მეტი არაფერი.
4. რელიგიურ გრძნობებს რაც შეეხება: ადამიანების გრძნობებზე (რელიგიური იქნება, ათეისტური, რომანტიკული, გასტრონომიული თუ რაც გინდა) მტკივნეულად ზემოქმედება, თავისთავად, ცუდია (თუმცა, გვიწევს ხოლმე). ისიც ვიცით, რომ ამან შეიძლება ცუდი შედეგები მოგვიტანოს. კეთილგონიერების პრობლემა გვაქვს, თუ რისკები სათანადოდო ვერ შევაფასეთ; მორალური ხასიათის პრობლემა გვაქვს, თუ თვითმიზანი ტკივილის მიყენებაა (ამ ორით არ ამოიწურება შესაძლებლობები). მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა კონტროლდებოდეს სასჯელის უკანონო ფორმებით და „სამოსუდით“ (ცოლ-ქმრული ღალატიც მტკივნეულია ხოლმე გრძნობებისთვის, იქნებ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე მეტადაც, თუმცა, ეს არ აძლევს მოტყუებულ მხარეს ცემის ან მოკვლის უფლებას; შეუძლია გაებუტოს). მოკლედ, ისევ, ტერორისტების გამართლებაზე ლაპარაკს ნურავინ დაიწყებს.
5. ბოლო ძალიან მნიშვნელოვანი და ზემოთქმულისგან დამოუკიდებელი პუნქტი: ბევრ შემთხვევაში ის, რაც ცუდ „მაგრამ“-ად დააკვალიფიცირეს, შარლის საქმიანობის შეფასებას სულ არ ეხებოდა, არამედ ეხებოდა ზოგჯერ ემოციურ და ნაჩქარევ,ზოგჯერ კი გათვლილ რეაქციებს, რომლებშიც ტერორიზმი გაუიგივეს ისლამს. ეს არის მართლა ყველაზე მავნე, საშიში, არასწორი ტენდენცია და მასთან დასაპირისპირებლად არ არის საჭირო არავითარი მობოდიშება „მაგრამ“-ებით. ამას უნდა დავუპირისპირდეთ უპირობოდ და უკომპრომისოდ, იმის შიშის გარეშე, რომ ტერორიზმის, ან ცენზურის, ან მართლმადიდებლური ტოტალიტარიზმის მომხრეობაში დაგვადანაშაულებენ.
5*. ზედაპირული წიაღსვლა ბოლო პუნქტზე: რასიზმისა და ჩაგვრის სხვა ფორმების ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ ჩაგრული, მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენლის ყოველი მიუღებელი აქტი ფორმდება და დისკურსში შედის არა როგორც კონკრეტული ინდივიდის აქტი, არამედ ზოგადი, generic, ამ რასის,რელიგიის, სქესისა და ა. შ. დამახასიათებელი აქტი: თურმე ქალი სისულელეს ამბობს იმიტომ, რომ ქალია, კაცი – იმიტომ, რომ სულელია; შავკანიანის კიმინალი მისი შავკანიანობით აიხსნება, თეთრკანიანის კრიმინალი კონკრეტული ინდივიდის აქტია;ჰომოსექსუალის პედოფილიაში ჰომოსექსუალობაა განმსაზღვრელი, ჰეტეროსექსუალის პედოფილიაში სექსუალობა არაფერ შუაშია, კერძო პათოლოგიის შემთხვევაა; მუსლიმი ტერორისტია იმიტომ, რომ მუსლიმია, ევროპელი ან თეთრი ამერიკელი ტერორისტი კი უბრალოდ ფსიქოპათი ან სოციოპათია; პარიზელი ტერორისტები ისლამის არსს გამოხატავენ, ბრეივიკი კი ინდივიდუალური მანიაკია, იდეოლოგია რა შუაშია. ამ ეფექტს აღწერენ იმის თქმით, რომ ჩაგრული ჯგუფების წევრებისთვის მათი ჯგუფური განსხვავების ნიშანი იქცევა მათ არსებად (ესენციად), მათ ერთადერთ მნიშვნელოვან მახასიათებლად, ისინი დაყვანილები არიან ამ ერთადერთ თავისებურებაზე თუ განზომილებაზე; ხოლო პრივილეგირებული ჯგუფების ნიშნები უხილავია, სუბიექტად ყოფნის პირობაა.
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий