среда, 1 июня 2016 г.

გახსოვდეს, თქვენო უწმინდესობავ, იზრდება ხალხი




ავტორი: Ori Eim
‘’მინდა ყურადღება გავამახვილო ცოდვისადმი ნელ-თბილი ადამიანის დამოკიდებულების კიდევ რამდენიმე გამოვლინებაზე: ვიღაცას ჰგონია, რომ როცა სხვას შეურაცხჰყოფს, ან ცილს დასწამებს, უმიზეზოდ განურისხდება, ან ბილწსიტყვაობით აჯობებს, ეს დიდი ცოდვა არ არის, მწარედ ცდებიან. ‘’ ილია მეორე, სააღდგომო ეპისტოლე, 2015.



14- წლის ვიქნებოდი, პირველად რომ გიხილეთ, თქვენო უწმინდესობავ.
თქვენმა სიმშვიდემ, ბრწყინვალებამ და სიდიდემ ერთიანად დამამძიმა,
სუნთქვა გამირთულა 14 წლის, ჯერ-კიდევ-ახლად-თვალგახელილ ბავშვს.
პატრიარქების პორტრეტებით სავსე უზარმაზარი დარბაზი რამდენჯერ დამსიზმრებია.
რამდენჯერ გამხსენებია ზღაპრული სუფრა, სადაც პურის და ყველის მეტს ვერაფერს დავაკარე რიდით პირი, და იქ მყოფს ჯერ კიდევ გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ თქვენი კამპანია აძლევდა იმ მართლაც განუმეორებელ გემოს ყველაფერს.
რომა რცხილაძის შესრულებულმა მუსიკამ საერთოდ ნათელი ნისლი დააყენა ჩემ ჯერ კიდევ ბავშვურ გულში.
ირონიით არ ვბედავ საუბარს თქვენო უწმინდესობავ, და თუმც თავად ხალხის დაცინვას ალბათ მიჩვეულიც ხართ, გპირდებით სიტყვა არ გადავაჭარბო.
სრულიად გულწრფელად ვუყვებოდი იქიდან გამოსული ხალხს, ყველას, ვისაც შემეძლო, რომ პატრიარქს შევხვდი.
რომ მართლაც საოცარი ძალა მოდიოდა თქვენგან.
რომ, მტკიცედ გადავწყვიტე სტიქაროსნობა.
რომ, თქვენთვის თავს გავწირავდი.
გულწრფელად ვფიქრობდი, და ნეტავ ასეთივე მართალი ვიყო ყოველთვის, როგორც მაშინ ვიყავი.
ახლაც გულწრფელად მოგახსენებთ, და ზუსტად იმის დასამტკიცებლად, რომ თქვენი კრიტიკით ფულის და გრანტის შოვნის მსურველი არ ვარ, ვინაობას ნაცვლად მხოლოდ ჩემი ‘’ნიკნეიმით’’ – Ori Eim-ით ვაწერ წერილს ხელს.
მაგრამ ნუ იფიქრებთ, მხოლოდ ერთი ადამიანის გულისტკივილს გიამბობდეთ.

დღეს 20 წლის ვარ, და კვლავ ხშირად გხედავთ, თქვენო უწმინდესობავ.
ოღონდ შორიდან, და კვლავ თქვენით, ოღონდ სხვანაირად დამძიმებული მარტო აღარ ვეზიდები ამ საამაყო ტვირთს.
უკვე ვუზიარებ ბევრს.
ხალხი იზრდება. და მაშინ, როცა შეგხვდით ვერაფერი გითხარით, ვერაფერი გკითხეთ, მაგრამ ახლა მაქვს უამრავი კითხვა, თქვენო უწმინდესობავ.

რიგითი მოკვდავი, ჩვეულებრივი სტუდენტი, ვერ გავბედავ რომ გამოვთქვა აზრები. საპატრიარქოს პოლიტიკაზე; ვერაფერს გკითხავთ ჯიპებზე, შიდა მაფიოზურ დაპირისპირებებზე, უსაზღვრო ხილულ და დაფარულ შემოსავლებზე.
ვერაფერს გკითხავთ მონოპოლიზირებულ ბიზნესებზე, განუზომელ ძალაუფლებაზე, ამბიონიდან პოლიტიკის ქადაგებაზე.
მაგრამ რასაც გავბედავ,ის მინდა გკითხოთ.
თქვენო უწმინდესობავ, იმედია შემინდობთ, ვინაიდან ‘’განკითხვას’’ უწოდებენ ხოლმე ეკლესიურად ამას.
თქვენი როლი საქართველოს პოლიტიკაში და განვითარებაში ბევრად დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ მეორე შეხედვით უკანასკნელი უვიციც მიხვდება ამას.
ჯაბა იოსელიანს ეუბნებოდით, რომ ის საქართველოს სჭირდებოდა, სტალინს გულთბილად იხსენებდით, ედუარდ შევარდნაძეს სახელმწიფო მეთაურობაზე მიეცით კურთხევა, ეს ყველაფერი არვიცი, და არც შემიძლია ვიცოდე, უწმინდესო.
მაგრამ სააკაშვილს და ივანიშვილს ბუნდოვნად ვარჩევ, და რეგულარულად ვეცნობი ხოლმე თქვენს დამოკიდებულებებსაც რიგი საკითხებისადმი, და ჩემი თავისთვის დამიბრალებია ყველა ის ურთიერთსაწინააღმდეგო და გაუგებარი განცხადება, რასაც ვერ ვიგებ ხოლმე, უწმინდესო.
შემინდეთ, რომ ქვეყანაში ერის პირველ მტრად გეის და ათეისტს ვერ აღვიქვამ.
შემინდეთ, რომ მხოლოდ უფლის იმედზე ყოფნას, რეალური ქმედება და შედეგი მირჩევნია.
შემინდეთ, რომ თქვენ პრიორიტეტებს ვერ ვუმთხვევ ჩემსას, და რომ ოჯახში ძალადობას ვერაფრით ვეგუები.
შემინდეთ, უწმინდესო, რომ მე და ჩემი ნაცნობების უდიდეს ნაწილს აქედან გაქცევა ზუსტად იმიტომ გვინდა, რომ გვაფრთხობს და გვახრჩობს ის დრომოჭმული ღირებულებები, რაზეც დღევანდელი საქართველო დგას, და რასაც თქვენ არათუ არ ებრძვით, ახალისებთ კიდეც.
შემინდეთ რომ პროგრესი მინდა.
შემინდეთ რომ პუტინის რუსეთი არმინდა.
შემინდეთ უწმინდესო, ნეტავ ვცდებოდე.
საქართველოსთვის მხოლოდ კარგი გინდათ, ვიცი და მჯერა ამის.
ფიცი მწამს, მაგრამ ვაი რომ ბოლოც, შუაც და საწყისიც ერთნაირად მაკვირვებს.


გულწრფელად მაინტერესებს უწმინდესო, როგორ შეგიძლიათ თქვათ, რომ თანამედროვე ადამიანს ავტორიტეტი არ ყავს?
ნუ დაივიწყებთ რამდენიმე გეის გასაჟლეტად გამოსულ 40,000 ადამიანს.
საკუთარ დედებს აფურთხებენ უწმინდესო, მოყვასს სასიკვდილოდ იმეტებენ, და თქვენ სადიდებლად ფეხზე დგებიან.
უფლის სიტყვა თქვენით იზომება საქართველოში, უწმინდესო.
ქვეყანაში არა მხოლოდ პირველი, მეორე და მესამე კაციც თქვენ ბრძანდებით.
ერითსთვის ერთობაც, ორობაც და სამებაც თქვენ ხართ, და ამავე ქვეყანას ეუბნებით, რომ მას ავტორიტეტები არ ჰყავს, და რომ ეს ცუდია?
ავტორიტარულმა და შეზღუდულმა, სიძულვილზე დაფუძნებულმა სახელმწიფომ სადამდე მოგვიყვანა, უწმინდესო, ხედავთ?
მე ვხედავ.
სხვებიც ხედავენ.
დაბურული მერსედესის მინებიდან, სასახლეებიდან და ევროპის კლინიკებიდან იქნებ არც ჩანდეს კარგად, უწმინდესო, მომიტევეთ კადნიერება.


თუ გულისხმობთ რომ ჩვენ არ ვართ თანამედროვე ადამიანები, მაშინ გეთანხმებით და ეს თქვენი ნათქვამი ჩვენ არ გვეხება, მაგრამ ვაი-თუ ასე არაა, დაცინვასავით გამოვა უწმინდესო.
კრიტიკას გაუნაწყენებიხართ, და ის დაგვიწყებიათ რომ თქვენ სადღეგრძელოზე ფეხზე არ-წამოდგომაც კი სასიკვდილო განაჩენია წილხვედრ საქართველოში, უწმინდესო.
წარსულის და აწმყოს ანალიზი აღარ ხდებაო ბრძანეთ, განა შეგიძლიათ თქვათ, რომ დაღუპვის გზას არ ვადგავართ? ანალიზი და ყბედობა კი არა, ქმედება გვჭირდება, უნეტარესო. რომ იძირება ქვეყანა, რა ანალიზი და განსჯა სჭირდება ამას.

მილიონობით ადამიანი სასულიერო პირის სიზმარს მიჰყვება განსაკურნებლად, და თქვენ ევროპაში დაბრძანდებით, ხოლო ამის ხმამაღლა წარმოთქმაც კი, კვლავ სასიკვდილო განაჩენზე ხელმოწერის ტოლფასია, უნეტარესო.
მიწიდან გვამებს თხრით, 2000-წლიანი რელიგიის რიტუალებით რომ თამაშობთს ქურუმთა საბჭოს დამსგავსებული საპატრიარქო, წარმოდგენებს დგამს და ცხოვრებაში მხოლოდ სიმწარე-ნანახ-ხალხს მათი თაყვანისცემისკენ მოუწოდებს, ეს როგორ გესახებათ უწმინდესო?

ემიგრანტები ახსენეთ.
ხალხი, ვინც მშობლიური მიწა წყალი საკუთარი ოჯახის გადასარჩენად დათმო, უცხო ხალხში სისხლის ოფლს ღვრის და აქ თითო-ოროლა ობოლ შვილს ინახავს, საკუთარ სულთმობრძავ მოხუც დედ-მამას რომ ვერ ნახულობს, ფიქრობთ რა ტრიალებს იმ ‘’მანკიერი ადამიანის’’ გულში უწმინდესო?
თუ ეს ასე გსურთ, გამოუყავით საპატრიარქომ სახსრები იმ მილიონ ნახევარ მანკიერს, დედასამშობლოს რომ გაექცა, უნეტარესო, თქვენი ერთი სიტყვაც იკმარებს.
სოციალურ მდგომარეობას, როგორც დემოგრაფიული შეცვალეთ, მხოლოდ ერთი სიტყვით შეცვლით, რომ მოინდომოთ.
თქვენთვის მართლაც რომ მადლიანია, ეს პირადი ინტერესების ხელსახოცად ქცეული ქვეყანა, მაგრამ ჩვენ რავქნათ უწმინდესო, ხალხმა?
რავქნათ ახალგაზრდობამ, ვისაც არათუ სამუშაო, აქედან გასაქცევი ფულიც ვერ გვიშოვია?
ერთი, ორი, სამი და ათი საქმის არ-გამართლება და კვლავ ფეხზე დგომა ადამიანს რომ შეეძლოს, უცხოეთში იმას რა წაიყვანდა უწმინდესო?
რა ქნას ხალხმა, ვისაც თქვენი დაცვაც კი მობეზრდა?
რა ქნას ხალხმა, ვისაც ღარიბი,ფეხით მოსიარულე სუფთა წარსულის მქონე სასულიერო პირი ათასში ერთი გამოურჩევია და ამით ამაყობს?
რა ქნას ხალხმა, ვისაც არ მოწონს მრავალი რამ, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავს?
ფარისეველია ხალხი უწმინდესო, და ამაზე პასუხი ვისაც მოეკითხება, ჩემზე უკეთ თავად უწყით.

მაგალითი თუ აღარ ჰყავს თანამედროვე ადამიანს, თქვენზე ავტორიტეტული და თქვენზე სასიკეთო მაგალითის მიმცემი ვიღაა ამ წამხდარ ქვეყანაში, უწმინდესო?
ძალაუფლების, ფულის და კომფორტის სიყვარულში მართლაც ყველა გბაძავთ სასულიერო პირებს, და თქვენ პირადად, თქვენი რანგით ამ ყველაფრის სრული მორალური და ეკლესიური უფლებაც გაქვთ, მაგრამ ჩვენ? ყველას ვერ გვწვდება სახსრები რომ სამნაირი სახის ხიზილალა საუზმედ მივირთვათ, სანამ ჩვენი დაჯავშნული ავტომანქანა მორიგი ვიზიტისთვის მოგვამზადებდეს გერმანიაში, უნეტარესო.
ოთო კობახიძემ გკითხათ ერთხელ, და ვბაძავ მეც, გიმეორებთ, ნუთუ იმ ევროპაში ცეცხლის წვიმის მეტი ვერაფერი იხილეთ?
პატარა ბავშვს რომ მამა გაბრიელის საფლავზე წამოგორებულს ხედავთ, გული როგორ არ გიტოკდებათ?
ერთხელ მაინც, მკაფიოდ რომ გექადაგათ ტოლერანტობა, კაცთმოყვარეობა და სიყვარული, განსხვავებული აზრის მოსმენა, მხოლოდ თქვენ ისედაც ურყევ გავლენას გააორკეცებდა ეს, უწმინდესო.

ამ ზაფხულს, ერთ მუშტად შეკრული, ყველა აღმსარებლობის და ეთნიკური წარმომავლობის მყოფი ადამიანი რომ სტიქიის დამანგრეველ ძალას შიშველი ხელებით ებრძოდა, თქვენ ამ დროს ეკლესიის ზარების გადამდნობებს სდებდით ბრალს და ერს გონიერებისკენ მოუწოდებდით, უწმინდესო.
თქვენი ხმალამოღებული მცველებიც თავდახრილები დუმდნენ მაშინ.
იზრდება საზოგადოება, იზრდება ხალხი, თუ ამას უწოდებთ დაავადებას, დაე პირველს შემეყაროს მე თვითონვე, უწმინდესო.
ხელოვნურ განაყოფიერებას და სუროგატ დედებს რომ იხსენიებთ უკმაყოფილოდ, უნეტარესო, გიფიქრიათ თუ არა რას ნიშნავს ოჯახისთვის უშვილობა?
რა ქნან მათ, ვისაც ღმერთი მოწყალე თვალით ჯერ არ უყურებს?


Je souis charlie რომ ხდებოდა, და მთელი საქართველო სიამაყით ღმუოდა, ერთხელ მაინც როგორ არ უქადაგეთ გამხეცებულ ხალხს, როგორ უნდა იქცეოდეს ჭეშმარიტი ქრისტიანი?
მხოლოდ ძალადობრივად დაცვა, გინება, განსხვავებულის ჩაქოლვა, მომხვეჭელობა, გარყვნილება და სექსუალური ტაბუ ხომ არაა ქრისტიანობა?
ასეა თუ არაა ასე, თქვენზე უკეთ ამას ვინ იტყოდა და ახსნიდა, უწმინდესო?
საქართველოს მსგავსი ქვეყანა არ არსებობსო ბრძანეთ, და ეს თქვენი ქადაგების ერთადერთი ნაწილია, სადაც ვერ გედავებით. საქართველოს მსგავსი ქვეყანა მსოფლიოში მართლაც ორიოდე მოიძებნება, მაგრამ მწარე ირონიით გაჟღენთილი ხომ არაა ეს სიმართლე, უწმინდესო?

ერის შობადობა გაზარდეთ, ქვეყანა ფეხზე წამოაყენეთ, და რამდენს მიეცით სტიმული, მესამე შვილი გაეჩინა ვინ იცის.
ერის ცნობიერება რაღა იქნება რომ გაზარდოთ, მოუწოდოთ ხალხს განათლებისკენ, სწავლის, კაცთმოყვარეობის და პროგრესისკენ, ღიად დაუპირისპირდეთ სიძულვილის ენას, ეს ხომ შეგიძლიათ, უნეტარესო.




14 წლის რომ ვიყავი, გულში თქვენ მეჯექით.
14 წლის რომ ვიყავი, სტიქაროსნობა მინდოდა.
14 წლის ვიყავი, თქვენთვის სიკვდილი მინდოდა.

20 წლის ვარ, და ახლა ადამიანი მიზის გულში.
20 წლის ვარ, და ახლა ადამიანების სამსახური მინდა.
20 წლის ვარ, და ახლა ადამიანებისთვის სიცოცხლე მინდა.

ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირადად გიხილეთ.
შემეცვალა დამოკიდებულება.
ახლა ვხვდები, რა მარტივია სუნთქვისამომრთმევ სიდიადეს აფრქვევდე ადამიანი, როცა 3 მილიონი ადამიანისგან შემდგარი მხოლოდ ჯარი გყავს, როცა სახელმწიფო აპარატიც უძლურია შენს წინაშე, როცა ათეულობით მილიონი მხოლოდ ბიუჯეტიდან გაქვს, როცა ქვეყანაში ყველაზე ქაოტურად შემძლე ძალის მეთაური ხარ.
რა მოსატანია რომის პაპის შეუცდომლობა თქვენ ავტორიტეტთან, უწმინდესო.
თავს ვხრი, და ვცნობ ქრისტეს სიბრძნეს.
მიეც კეისარს კეისრისა, და უფალს უფლისა.
და თქვენ, კეისარი ხართ თუ უფალი, ვაი რომ ეს ვერ გამიგია უწმინდესო.

ერთადერთ რამეს გთხოვთ უწმინდესო.
რომ გახსოვდეთ, ვიზრდებით ხალხი.


რადიო თავისუფლება
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий