пятница, 26 июня 2015 г.

ბერი გაბრიელის რთული და საოცარი ცხოვრების გზა



09:00 24.06.2015
[მარი ვარამაშვილი]
არქიმანდრიტი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში. ოჯახის წევრები მამის საპატივცემულოდ, ბავშვს ვასიკოს ეძახდნენ. პატარა ვასიკო ბავშვობიდანვე ღვთიური მადლით გამოირჩეოდა. ხალხისგან პატივისცემას ყოველთვის გაურბოდა და თავის დასამბდაბლებლად ხანდახან ძალიან უცნაურად იქცეოდა. უბანში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას, ნაგავში ჩაჯდებოდა და ხმამაღლა ამბობდა: — “არ დაგავიწყდეს, ვასიკო, რომ ნაგავი ხარ და თავი დიდი ვინმე არ გეგონოს”. გაბრიელის მოგონებები, მრუმე ფერებით არის მოსილი, სადაც ძირითადად იგრძნობა დემონური ჭიდილი, ბერის ღმერთთან მიახლოებულ სულთან. გაბრიელი იხსენებს: — "ღამე, როცა მეძინა, უეცრად გამეღვიძა და დავინახე, ჩემს წინ საზარელი სახის დემონი აღმართულიყო. რისხვით მიყურებდა. ღმრთის მადლით არ შემშინებია, დავიძაბე, მაგრამ არც არაფერი ვიღონე მის განსადევნად, უბრალოდ  გაკვირვებით შევყურებდი. მან დამიღრიალა — შენ მებრძვი მეო?! და მუშტი თავში ჩამარტყა." ბერი აღნიშნავს, რომ როდესაც დემონი იხილა, მაშინ სრულიად განმტკიცდა მისი რწმენა, რადგან ჩათვალა, რომ ეშმაკის არსებობა, ღმერთის არსებობასაც მოასწავებდა და კიდევ უფრო მძაფრად გაუჯდა ძვალსა თუ რბილში ქრისტესმიერი სიყვარული.


რთული და ძნელადსავალი გზებით იცხოვრა გაბრიელმა. გრძნობდა უნდობლობას, უფლის რწმენით გულაღტკინებულს, შეპროპილად რაცხავდნენ. კომუნისტური რეჟიმის მესვეურობით, რთული იყო ამ მოსაზრებებში ეჭვი შეგეტენა, რადგან ყოველივე ეს, არც თუ ისე უსაფუძვლოდ ჟღერდა. სწორედ ეს რეჟიმი უქადდა ვასიკოს დახვრეტას. ბოლოს კი ბერი, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც სულიერად დაავადებული "ერთი ვინმე შეურაცხთაგანი" . საბჭოთა მთავრობა მამა გაბრიელს სამუდამოდ უპირებდა ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში იზოლირებას. საინტერესოა სამედიცინო დასკვნის ამონაწერი:

საქართველოს სსრ.

ქ. თბილისის ჯანმრთელობის დაცვის ქალაქის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო 19/ 1 – 1966 წ.ქ. თბილისი, ელექტრონის შეს., 1

ავადმყოფი ურგებაძე გოდერძი ვასილის ძე, დაბ. 1929 წ., 6 კლასის განათლებით, მცხ. თეთრიწყაროს ქ. 11. ქალაქის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში სტაციონირებულია 18. VIII.1965 წ., მოყვანილია საპატიმროდან იძულებით მკურნალობაზე.

დიაგნოზი: ფსიქოპატიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით. გაეწერა: 19 / XI _ 65წ. ანემნეზის თანახმად, თორმეტი წლის ასაკში მოლანდებია ბოროტი სული, თავზე რქებით... ავადმყოფი ამტკიცებს, რომ რაც ქვეყნად და მსოფლიოში ცუდი ხდება, ბოროტის ბრალია. ერთთავად სულ ჰალუცინაციებში იყო.… როგორც საქმიდან ირკვევა, 1965 წ. 1 მაისს, დემონსტრაციის დღეს დაუწვავს დიდი პორტრეტი ლენინისა, რომელიც იყო ჩამოკიდებული მინისტრთა საბჭოს შენობაზე. დაკითხვის შემდეგ განუცხადებია, რომ ეს ჩაიდინა იმისათვის, რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმის სურათი, რომ მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლებაო - ეჭვი დაებადათ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, რის გამოც იქნა გამოგზავნილი სასამართლო-ფსიქოპატიულ ექსპერტიზაზე. გამოკვლევით დადგინდა,რომ ავადმყოფს ,ორიენტაცია ჰქონდა არეული ადგილში, გარემოში, დროში.

სტაციონარის აქტი 1965 წ. №42 /კომისიის თავმჯდომარე: მედ. მეცნიერებათა კანდიდატი/ მთავარი ექიმი თ. აბრამიშვილი, წევრები: ჯ. შალამბერიძე და ექიმი კროპოვი.


ბერს ღრმად სჯეროდა, წმინდანად შეცნობის, ძველი მონასტრული წესის ჭეშმარიტება ,რომელიც შემდგომში მდგომარეობს:

„რომ არ გამოჰპარვოდათ მათ შორის გამორჩეულად მოღვაწე დაფარული წმინდანი, მონასტერში ორი საძვალე არსებობდა, როდესაც მონასტრის რომელიმე წევრი გარდაიცვლებოდა, სათანადო წესის აგებისა და პატივის შემდეგ, გარდაცვალებიდან მესამე დღეს გამოასვენებდნენ ეკლესიიდან და მიწაში დაფვლის ნაცვლად, დროებით საძვალეში დაასვენებდნენ, აკვირდებოდნენ ყოველდღიურად და თუ რამდენიმე დღეში შენიშნავდნენ, რომ სხეული ხრწნადობას ემორჩილებოდა, მას წესისამებრ მიწას მიაბარებდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ სხეულზე, რამდენიმე კვირის გასვლის შემდეგაც, ხრწნადობის არავითარი ნიშანი არ შეინიშნებოდა, მიცვალებულს გადაასვენებდნენ ძირითად საძვალეში. იქ დაკვირვება თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, ხშირად ერთ წლამდე; თუ ამ ხნის განმავლობაში სხეული არ შეიცვლებოდა და ხრწნადობას არ დაემორჩილებოდა, მაშინ მიიჩნევდნენ, რომ ის იყო ღვთისგან გამორჩეული წმინდანი“.

სწორედ ამ ძველი წესის შთაგონებით თუ უფრო საკუთარი ღვაწლმოსილებით თვითდარწმუნებულმა, დაუბარა ერს და ბერს, რომ დადგებოდა ჟამი მისი საფლავის გახსნისა და მაშინ მთელი საქართველო იხილავდა საკვირველ სანახაობას, მისი ცხედარი უხრწნელი იქნებოდა, ჟამთა სვლის მიუხედავად.

საფლავი გაიხსნა და ბერის სხეული, რომელსაც მართლმადიდებლები წმინდანად შერაცხვამდეც პატივს მიაგებდნენ, ყველასთვის ხილული გახდა. თუმცა, სალოსის წინასწარმეტყველება არ აღსრულდა. ბერი გაიხრწნა. ამის  მიუხედავად, სასულიერო პირთა ერთი ნაწილი, მამა გაბრიელის სხეულს უხრწნელად მიიჩნევს, მეორენი კი ამგვარი ხმამაღალი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ. არ ვიცი, ეს ფაქტი, რამდენად ამძაფრებს ზემოთ გამოთქმულ სხვათა მოსაზრების მართებულებას, მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად, ბერი გაბრიელი, ქართველ მორწმუნეთათვის ყოველთვის იქნება ნეტარი მამა, რომელიც ურყევად იდგა სარწმუნოების სადარაჯოზე და გული უფლის და მოყვასის გულწრფელი სიყვარულით უღვიოდა. ეს კი მათთვის ალბათ საკმარისზე მეტიცაა.

თუმცა საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ,რომ ბერი გაბრიელის სხეული მხოლოდ ნაწილობრივ გახსნეს:

"რაც შეეხება მამა გაბრიელს, ამოსვენების დროს მხოლოდ თავის ქალის ძვლის მცირე ნაწილი გამოჩნდა. მისი წმიდა ნეშტი კი საერთოდ არ გახსნილა, როგორც იყო საბერო მანტიაში და ჭილობში დაკრძალული, ასევე დარჩა, გარედან ახალი საბერო სამოსით შეიმოსა და ლუსკუმაში ჩასვენდა"




აქვე მინდა სხეულის ხრწნადობასთან დაკავშირებით მოვიშველიო  ქართული ვიკიპედია და მივაქციოთ ყურადღება  ერთ მნიშვნელოვან გარემოებას

მიწაში დამარხვა დაკრძალვის ძველი და ყველაზე გავრცელებული წესია. ნიადაგში ორგანული ნივთიერებები სრულ მინერალიზაციამდე იხრწნება, გვამის გახრწნის ნორმალური პროცესისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის შედგენილობას (უმჯობესია ქვიშიან-ფორებიანი ნიადაგი). ცხელი ჰავის პირობებში, ზედმიწევნით მშრალ ნიადაგში გვამი მუმიფიკაციას განიცდის, ე. ი. ისე გამოშრება, რომ მისი გახრწნა შეუძლებელი ხდება. ტენიან ნიადაგში, იქ, სადაც გრუნტის წყლების დონე მაღალია, შეიძლება განვითარდეს რთული ქიმიური პროცესი, რაც ასევე შეუძლებელს ხდის გვამის მინერალიზაციას. წყარო


ეს მათთვის სააზროვნოდ,  ვინც ნახევრად "უხრწნელ" ფეხსაცმელს,  შესამოსელს და ადამიანის სხეულს სასწაულად აღიქვამს


წყარო: პრესა

სტატია  იქნა შევსებული შემეცნებითი ბლოგის ადმინისტრაციის მიერ






Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий