понедельник, 22 июня 2015 г.

დეკანოზი თამაზ ლომიძე - თქვენი გულქვაობის გამო…







ავტორი: დეკანოზი თამაზ ლომიძე

 ძველი და ახალი აღთქმის შედარების ზოგი საკითხისათვის

როცა ვკითხულობთ ბიბლიას თვალშისაცემია მთავარი განსხვავებას ძველსა და ახალ აღთქმას შორის. პარადოქსია, რომ ღმერთი, რომელიც თავისი ბუნებით მარადიულია და ცვლილებას არ ექვემდებარება, აბსოლუტურად განსხვავებულად ცხადდება ძველსა და ახალ აღთქმაში.


ქრისტემდე, წინასწარმეტყველების პირით ნაქადაგები ღმერთი ღრუბელში, ცეცხლისა და გრგვინვის სახით ეცხადება ადამიანებს. მოსეს, რომელსაც სურს ერთი წამით მაინც მისი დანახვა, იგი ეუბნება: „ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს“. (გამ. 33,20) მისი მცნებები და კანონები სასტიკემდე მკაცრი და თითქმის შემაძრწუნებელად საშიშია. იგია ღმერთი სამართლიანი და ამავე დროს ამ ქვეყანაზე მებრძოლი, სასტიკად დამსჯელი, გამომცდელი, მდევნელი, შურისმაძიებელი და ცოდვის მომკითხავი შთამომავლობაში. ღმერთს სურს გამოსცადოს აბრაამის რწმენა და სთხოვს, რომ ერთგულების ნიშნად ერთადერთი შვილი დაუკლას სამსხვერპლოზე მსხვერპლად (დაბ. თ.22). მოსეს პირით ღმერთი ებრაელებს აძლევს უფლებას, რომ თუ კაცს თავისი ცოლი რაღაც დროის შემდეგ, რაიმე მიზეზის გამო აღარ მოეწონება, შეუძლია დაუწეროს განტევების წერილი და უბრალოდ გაუშვას  სახლიდან. თუ მას სხვა კაცი შეირთავს და ისიც გაუშვებს, პირველს აღარ შეუძლია შეირთოს, რადგან ამითი კაცი შეიბილწება და ა.შ. (2 რჯ. 24, 1-3). ამ მცნების მიხედვით ქალს, როგორც ადამიანს ღირებულება არ გააჩნია ღვთის წინაშე. ძველი აღთქმის ღმერთი ებრაელებს აძლევს მითითებებს თუ რა უნდა ჭამონ და რა არა, რას უნდა შეეხონ და რას არა, იმ მიზნით რომ სიწმინდე შეინარჩუნონ. (ლევ. 11) ძველ აღთქმაში ღმერთი ერევა საბრძოლო საქმეებშიც და საომრად  მიმავალ ისუ ნავეს ძეს კონკრეტულ მითითებებს აძლევს თუ როგორ უნდა დაანგრიონ ქალაქ იერიხონის  გალავანი და აიღონ იგი: „ უთხრა უფალმა ისუს: დამაცადე, ხელში ჩაგაგდებინებ იერიქონს, მის მეფეს და მებრძოლებს.“ (ისუ ნავეს ძე, თ. 6,2).  ქალაქში შეღწევის შემდეგ ისუს ბრძანებით: „გაანადგურეს ქალაქში ყველაფერი, რაც დასარისხებელი იყო: კაცი თუ ქალი, ყმაწვილი თუ მოხუცებული, ცხვარ-ძროხა თუ სახედარი.“ (იქვე, თ. 6, 21) და ამ საქმეში უფალი მფარველობს ისუს: „უფალი იყო ისუსთან და განითქვა მისი სახელი მთელს ქვეყანაში.“ (იქვე, თ. 6,27).  წინასწარმეტყველ ილიას ბრძანებით,  როდესაც იგი  ღვთის შეწევნით დაამარცხებს ბაალის ქურუმებს ებრაელები შეიპყრობენ მათ, ხევში ჩაიყვანენ და ცრუ წინასწარმეტყველებს ღვთის სახელით ხმლით ჩახოცავენ. (3 მეფეთა, 18,36-40)  მოსე წინასწარმეტყველიც აძლევს მათ მცნებას, რომ თუ ცოდვაზე შეიპყრობენ მეძავს ქვით უნდა ჩაქოლონ იგი. ძველი აღთქმის ღმერთი, მოსეს პირით შეუთვლის ებრაელებს: „ მომკითხავ. ცოდვის ჩადენა ადამიანს მე-3 და მე-4 თაობაში მოეკითხება. (გამოს, 20,1-5, რიცხ. 14,18) ძველ აღთქმაში ღმერთი ჰპირდება ადამიანებს, რომ მათი დანაშაულისათვის  მათი შვილიშვილი და შვილთაშვილი დაისჯება *.

სრულიად განსხვავებულია იესო ქრისტეს და მისი მოციქულების მიერ ნაქადაგები  ღმერთი ახალ აღთქმაში. იგი მარადიულად მასში მყოფ ძეს უგზავნის ადამიანებს და ის განკაცებულად, ადამიანის სახით, ხილულად მოდის ქვეყანაზე. იგი  არ თაკილობს ცოდვილ ადამიანებთან ურთიერთობას, მათთან შეხებას და საუბარს. იესო ქრისტეს მამა და ღმერთი არის უპირველესად სიყვარულის ღმერთი, ლმობიერი და მოწყალე, შემნდობი და შემბრალებელი. იგი არ სდევნის ცოდვილს  და არ იძიებს შურს დამნაშავეზე. როგორც კეთილი მწყემსი დადის და ეძებს დაკარგულს, შეცდომილს და უხარია, როცა იპოვის. (ლკ. 15,3-32) ღმერთისთვის ადამიანი აღარ არის მონა, რომელიც შიშისაგან ძრწის მის წინაშე, არამედ ადამიანი ხდება ძე და ასული, უფლებამოსილი შვილი ღვთისა, რომელმაც უკვე ყველაფერი იცის თავისი ღმერთის შესახებ „უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან“ (ინ. 15,15)  მისთვის ერთნაირად ძვირფასია ყველა: მეფე თუ მსახური, მორწმუნე თუ ურწმუნო, მართალი თუ ცოდვილი, ქალი თუ კაცი განურჩევლად მოქალექეობასა თუ ეროვნებასა. (გალ. 3,28)  მას არ სჭირდება მორწმუნისგან ფიცი და დამტკიცება რწმენისა „…მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ: ნურც ცას, … ნურც მიწას, …ნურც შენს თავს დაიფიცავ…არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და – არა, არა; ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია.“ (მთ. 5,34-37). მისთვის, როგორც პიროვნება ღმერთის წინაშე თანასწორია ქალი და კაცი. ოჯახი მხოლოდ მათი ნებაყოფლობითი სიყვარულის შედეგია: “ ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც… ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.“ (მთ. 19,5-6), „ასევე  თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს ცოლი თვისი,  როგორც საკუთარი თავი. (ეფ. 5,33)  ქრისტეს სწავლებით  საკვები და მატერიალური ნივთები კი არ შებილწავს ადამიანს, არამედ მხოლოდ „პირიდან გამომავალია ის, რაც გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს.“ (მთ. 15,10-20) ქრისტე ზეციური სასუფეველს უქადაგებს მორწმუნეთ და ამქვეყნიური მიწა-წყალი, ქალაქი თუ სახლკარი არაფერს არ ნიშნავს მისთვის: „მელიებს სოროები აქვთ, და ცის ფრინველებს – ბუდეები, ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი.“ (მთ. 8,20) იგი არ მოუწოდებს ომისა და ბრძოლისაკენ, რომ აღარფერი ვთქვათ საბრძოლო ტაქტიკაში ჩარევაზე. იგი ეუბნება მისი სიცოცხლის დასაცავად ხმალამოღებულ პეტრეს: “ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგან ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება.“ (მთ. 26,52)  მეძავი ქალის ჩასაქოლად შეკრებილ ებრაელებს იგი ამხელს სიტყვებით: „ვინც უცოდველია თქვენს შორის, პირველად იმან ესროლოს ქვა.“ (ინ. 8,7)  ამით იხსნის ცოდვილს სიკვდილისაგან, რადგან ღმერთს მხოლოდ „წყალობა ჰნებავს და არა მსხვერპლი“.

რატომ ცხადდება ღმერთი ასე განსხვავებულად ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ?   ეს კითხვა სტანჯავდა 1 საუკუნის ბოლოს ცნობილ  ერეტიკოს მარკიონსაც (85-160 წწ.).  მას არ შეეძლო დაეშვა, რომ ძველი და ახალი აღთქმის ღმერთი შეიძლებოდა ერთი და იგივე  ყოფილიყო. საბოლოოდ მარკიონი მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს ბოროტი ღმერთი, რომელიც მხოლოდ სამყაროს შექმნაზე, კანონებზე და სამსჯავროზეა პასუხისმგებელი და არსებობს იესო ქრისტეს მიერ ნაქადაგები კეთილი, სიყვარულის ღმერთი. შესაბამისად მარკიონი უარჰყოფდა მთელ ძველ აღთქმას.  მარკიონის სწავლება დაგმო ეკლესიამ და იგი ცნობილია, როგორც მარკიონის მწვალებლობა. მაგრამ, კითხვა რჩება კითხვად და ითხოვს პასუხს.   ჩვენ კარგად უნდა

გავიაზროთ, რომ ამ პრობლემის სწორად გადაწყვეტა ერთ-ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია ქრისტიანული საზოგადოებისათვის  ჯანსაღი განვითარებისთვის.

პასუხი ერთადერთია – ღმერთი ყოველთვის ერთი და იგივეა. ხოლო კაცობრიობას და თითოეული ადამიანსაც, ისტორიული განვითარების თუ პირადი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ღმერთი შეუძლია აღიქვას და შეიმეცნოს მხოლოდ საკუთარი ზნეობის, განვითარების და შეგნების შესაბამისად.

ამას ადასტურებს იესო ქრისტეს პასუხი ებრაელებისადმი, როცა ისინი განტევების წერილით ცოლის სახლიდან გაშვების  თუ ქალის ჩაქოლვის სასტიკ წესს ამართლებენ იმით, რომ თვით წინასწარმეტყველმა მოსემ მისცა ეს მცნება. მათ იესოს აზრი აინტერესებთ, შეუძლიათ თუ არა გააგდონ ცოლი სახლიდან,  ხოლო ქრისტე ეუბნება: „თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ მოსემ ეგ მცნება. თავიდან კი არ იყო ასე.“ (მთ. 19,8) ნათელია, რომ მოსეს დროს  გულქვა და სასტიკი ებრაელები თუ აღარ მოსწონდათ მაინც აგდებდნენ სახლიდან ცოლებს. ამ სისატკის შემხედვარე მოსემ კი, იმისთვის რომ როგორმე  დაეცვა უქმროდ დარჩენილი ქალები მისცა მათ მცნება განტევების წერილით ანუ რაღაც საბუთით მაინც გაეშვათ ცოლი სახლიდან, რათა ქალი  იმდროინდელ სასტიკ სამყაროში მთლად დაუცველი არ ყოფილიყო.

ძველი აღთქმის ბევრი მცნება არის იმდროინდელი ადამიანის სისასტიკიდან გამომდინარე კომპრომისი და არა ღვთის აუცილებელი ნება. ამიტომაც, ძველი აღთქმის ყველა მცნება თანამედროვე ქრისტიანებს სახელმძღვანელოდ  არ გამოგვადგება.

______________________



* შევნიშნავთ, რომ ძველ აღთქმაშიც გაიჟღერა იმ შეხედულებამ რაც ახალ აღთქმაში დაწესდა, კერძოდ ვიმოწმებთ მუხლებს:

მათი შვილები არ დაუხოცავს, რადგან სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: არ უნდა მოიკლან მამები შვილთა გამო და შვილები მამათა გამო არ უნდა მოიკლან, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისაოვის უნდა მოიკლას. –

2 ნეშტთა 25:4



მკვლელების შვილები კი არ დაუხოცავს, როგორც სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით მამები შვილთა გამო და შვილები მამათა გამო. არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისთვის უნდა მოკვდეს. –   

4 მეფეთა 14:6



არ უნდა მოიკლან მამები შვილების გამო და შვილები არ უნდა მოიკლან მამების გამო; თითოეული თავისი დანაშაულისთვის უნდა მოიკლას –

2 რჯული 24:16



ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო? ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში! აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს… თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო? თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს! ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება.”



წინასწარმეტყველება ეზეკიელისი, 18:2-4 და 19-20






წყარო: St. Paul's Orthodox Christian Theology Centre





Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий