среда, 22 апреля 2015 г.

ჩვენ და ევროპა: რაში ცდებიან ნაციონალისტები და ლიბერალები




ავტორი: გიორგი ცხადაია

31.03.2015

გერმანელმა ფეხბურთელმა იენს ლემანმა საქართველო-გერმანიის საფეხბურთო მატჩის წინ თავის ფეისბუკის გვერდზე დადო თბილისის ფოტო, რომელსაც ასეთი წარწერა გაუკეთა: „თბილისი -ყველაფერი ნაცრისფერია, ერთი გამონაკლისის გარდა.“ ის, რაც ამ ფოტოს მოჰყვა, ფაქტობრივად, ფეისბუკში წარმოდგენილი ქართული საზოგადოება ორ ნაწილად გაყო: ერთნი ლემანს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ და სამშობლოს ღირსების დაცვას ამ გზით ცდილობენ, მეორენი, პირიქით, ექომაგებიან გულუბრყვილო უცხოელს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ აბსოლუტური ჭეშმარიტების დადგენა აინტერესებს. ორივე პოზიცია საფუძველშივე მცდარია.


მსჯელობის კრიტიკულ ნაწილზე სანამ გადავალ, წინასწარ ორი შენიშვნით დავიზღვევ თავს. პირველი: არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ამ ორის გარდა, სხვა პოზიციები არ გაჩენილა. გამოხმაურებები ორ პოზიციად განგებ, გაზვიადებულად დავყავი იმისთვის, რომ საქმე გავიმარტივო. ვინც არც ერთ პოზიციას არ იზიარებთ, დაგამშვიდებთ, რომ ეს პოსტი თქვენ არ გეხებათ.

მეორე, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის ის, თუ რა განზრახვა ჰქონდა ლემანს სინამდვილეში - იმაზე კამათს, რისი დამტკიცებაც ფიზიკურად შეუძლებელია, აზრი არ აქვს. ჩემი პოსტი ლემანს და მის მსოფლმხედველობას არ ეხება, არამედ ეხება იმ გამოხმაურებებს, რაც მის პოსტს მოჰყვა და რაც ჩემი აზრით, ასახავს სამშობლოსა და ევროპაზე ჩვენი თანამემამულეების წარმოდგენებს.

პირველი, ნაციონალისტური პოზიციის კრიტიკით დავიწყებ. ერის ნაწილი იმან აღაშფოთა, რომ ლემანმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს დედაქალაქს, შესაბამისად, ქართულ კულტურას, ისტორიას და, ზოგადად, ქართველებს. ამ შეხედულების მიხედვით, საქართველოს ნებისმიერი ფორმით კრიტიკა არის ყველა ქართველის დამცირება. უცხოელი, ვინც ამას ბედავს, საქართველოს მტერია. ეროვნებით ქართველი კი, ვინც ქართულ კულტურას აკრიტიკებს, მსგავსი ტიპის ნაციონალისტების აზრით, ქართველი აღარ არის. ამ აბსურდულ ლოგიკას რომ გავყვეთ, ქართველი არ არის არც ეროვნული გმირი და წმინდანი ილია ჭავჭავაძე, რომელიც თავის ცნობილ ლექსში, „ბედნიერი ერი“, „ბედნიერი ერი“, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენს კულტურას აკრიტიკებს. ამ ლოგიკის მიხედვით, ქართველი არ არის და საქართველოს მტერია ყველა, ვისაც ოდესმე გაუკრიტიკებია ქართული კულტურის ძეგლები. მაგალითად, პოეტი კოტე ყუბანეიშვილი, რომელმაც ერთხელ ტელევიზიით თქვა, ილია ჭავჭავაძე ცუდი პოეტიაო (და ამან საყოველთაო, ეროვნული აჟიოტაჟი გამოიწვია), ან მეორე პოეტი, პაატა შამუგია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაწერა პოემა „ანტიტყაოსანი“, რომელიც ზოგიერთმა გულანთებულმა პატრიოტმა „ვეფხისტყაოსნის“ და ეროვნული ღირსების შეურაცხყოფად ჩათვალა... აღარაფერს ვამბობ ლაშა ბუღაძის „გიორგი რუსზე“ ატეხილ ვაი-ვიშზე და სხვა შემთხვევებზე უახლოესიწარსულიდან, რომლებიც საქართველოში ასეთი ტიპის ნაციონალიზმის არსებობაზე მიუთითებენ.

ერთი სიტყვით, ნაციონალიზმი, რომელიც კულტურის ან კულტურული ძეგლების კრიტიკას ერის მოღალატეობად აცხადებს, ჩვენი კულტურის განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. შეუძლებელია, თვითკრიტიკის ან სხვებისგან წამოსული კრიტიკის გარეშე ერი (ან ადამიანი) განვითარდეს. ყველა ადამიანი, ვისაც თვითკრიტიკის უნარი არ აქვს, საბოლოოდ თავის მოღვაწეობას სრულ იზოლაციაში ამთავრებს. იგივე ბედი ელის ქართულ კულტურასაც, რომელიც ასეთ შემთხვევაში ერთ ადგილზე გაიყინება და „ვეფხისტყაოსნის“ მსგავსი მსოფლიო მნიშვნელობის შედევრების პოტენციურ ავტორებს ქვებითა და ხელკეტებით გაუმასპინძლდება.კრიტიკის ნაკლებობა ერს, სამშობლოს და ეროვნულ კულტურას ვნებს. რაც მალე გავიაზრებთ ამას, მით უფრო მეტად დავეხმარებით ჩვენს თავსაც და მსოფლიოსაც.

რაც ზემოთ დავწერე, მეტ-ნაკლებად დაღეჭილი ჭეშმარიტებაა და ჩემამდე ამაზე ბევრს დაუწერია. შედარებით ნაკლებად გამოკვლეული ფენომენია ამგვარი ტიპის ნაციონალიზმის სარკისებური ანარეკლი - „ლიბერალური“ კოლონიური მენტალიტეტი. ასეთ მენტალიტეტს „ლიბერალური“ იმიტომ ვუწოდე, რომ ხშირ შემთხვევაში იგი ქართველ ლიბერალებს ახასიათებთ - მათ, ვისაც არ მოსწონთ საქართველოში არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ხსნას ევროპაში ხედავენ. გარკვეული თვალსაზრისით მეც ლიბერალების რიგებს მივეკუთვნები, მაგრამ არის რაღაცები, რაც ლიბერალების აზროვნებაში არანაკლებ მაღიზიანებს, ვიდრე ურაპატრიოტული გულზე მჯიღის რტყმა. ერთ-ერთი ასეთი გამაღიზიანებელი ელემენტი ქართულ ლიბერალიზმში არის ევროპის და ევროპელების წარმოჩენა, როგორც აპოლიტიკური ზეარსებების, რომლებსაც პირადი ინტერესი არ გააჩნიათ და კაცობრიობის ხსნის ღვთაებრივი მისია აქვთ დაკისრებული.

ასეთი ლიბერალებისთვის გაუგებარია, მაგალითად, რატომ შეიძლება პროგრესულმა ადამიანმა საბერძნეთ-ევროკავშირის დავაში საბერძნეთის მხარე დაიჭიროს - ის, თუ რატომ აკრიტიკებს ევროკავშირს ამერიკელი ლიბერალების ერთ-ერთი მამამთავარი პოლ კრუგმანი, ან ჯონ კესიდი, რომელსაც თავისი სვეტი აქვს ცნობილ ლიბერალურ ჟურნალ „ნიუ-იორკერში“. ასეთი ლიბერალების ნაწილის პრობლემა ის არის, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში არასაკმარისად იცნობენ დასავლეთს და იმ პოლიტიკურ დებატებს, რაც დასავლეთში მიმდინარეობს. უფრო განათლებული და ინფორმირებული ნაწილი კი, გარკვეული მიზეზებით, რომელთა აქ განხილვაც შორს წაგვიყვანს, განგებ ხუჭავს თვალს იმაზე, რომ პოლიტიკური ინტერესები ორივე მხარეს გააჩნია და არა მხოლოდ ერთ მათგანს.

საბოლოო ჯამში, ვიღებთ სურათს, რომელზეც ჩანს მისიონერი ევროპელი და გამოუსვლელი ქართველი. ეს უკანასკნელი ცალმხრივ კომუნიკაციაში „მიმღების“ როლს თამაშობს. იგი უნდა იღებდეს ინფორმაციას, დირექტივებს, რჩევებს და ზოგ შემთხვევაში მზა რაციონალურ განსჯასაც კი. ადამიანის უფლებების დისკურსი, რომელიც დასავლეთიდან მზა სახით მოგვეწოდება, ადგილობრივ დონეზე კრიტიკული განხილვის საგანი იშვიათად ხდება (ერთი საპატიო გამონაკლისი არის დებატები ფემინიზმის ირგვლივ). ერთია, რომ კრიტიკულ განხილვას ნამდვილად სჭირდება სათანადო ინტელექტუალური მომზადება, მაგრამ, მეორე მხრივ, ამის სურვილი მენტალურ დონეზე ნაკლებად ჩნდება.

ზოგიერთმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ამაში არანაირი პრობლემა არ არის - „მერე რა მოხდა, სანამ დამოუკიდებლად ვერ ვაზროვნებთ, ჯობია ჩვენზე ჭკვიანებს დავუჯეროთ!“ აქ პრობლემა ის არის, რომ საფრთხის წინაშე აღმოჩნდება ჩვენი ამბიცია, ვიყოთ „ევროპელები“. პარადოქსულია, მაგრამ ჩვენი სურვილი, ვიყოთ „ევროპელები“, ეწინააღმდეგება ჩვენს სურვილს, დავემსგავსოთ ევროპელებს. რაც უფრო მეტად ვეცდებით, დავემსგავსოთ ევროპელებს, მით უფრო მეტად დაგვშორდება ევროპა. მიზეზი ის არის, რომ ევროპის მსოფლმხედელობრივი საფუძველი გაუაზრებელი მიმსგავსება არ არის. დემოკრატიული და ლიბერალური ევროპა, რომელიც ჩვენ ასე გვიზიდავს (და რომელიც ბოლო დროს გარკვეული პრობლემების წინაშე დგას), იმ რწმენაზეა დამყარებული, რომ ყველა ადამიანი თვითონ უნდა იყოს თავისი თავის განმგებელი. ევროპული ფილოსოფიის კლასიკოსი, იმანუელ კანტი თავის ცნობილ ესეს განმანათლებლობის შესახებ შემდეგი სიტყვებით იწყებს:

„განმანათლებლობა – ესაა ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია. უმწიფრობა უუნარობაა, საკუთარი განსჯა სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე მოიხმარო. უმწიფრობა საკუთარი თავის ბრალია მაშინ, როცა მისი მიზეზი განსჯის ნაკლულობაში კი არა, გადაწყვეტილებისა და სიმამაცის არქონაში ძევს. Sapere aude! გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება!

– ესაა განმანათლებლობის ლოზუნგი. სიზარმაცე და სილაჩრე – ესაა მიზეზები, რომელთა გამოც ადამიანთა დიდი ნაწილი, მას შემდეგ, რაც ბუნებამ ისინი კარგა ხნის წინ გაათავისუფლა უცხო ხელმძღვანელობისგან, მიუხედევად ამისა, მთელი ცხოვრება უმწიფრად რჩება; და რომელთა გამოც მათ მეურვეებად ადვილად იქცევიან ხოლმე სხვები. უმწიფრობაში ყოფნა ძალზე კომფორტულია. თუ მაქვს წიგნი, რომელიც განსჯას შემიცვლის, მოძღვარი, რომელიც სინდისის მაგივრობას გამიწევს, ექიმი, რომელიც დიეტას ჩემს მაგივრად განსაზღვრავს და ა. შ. – მაშინ საკუთარი ძალისხმევა აღარ მჭირდება. არ მჭირდება აზროვნება, თუ შემიძლია ფულის გადახდა – სხვები ჩემს მაგივრად შეასრულებენ მოსაბეზრებელ სამუშაოს.“

ამგვარი უმწიფრობა და კოლონიური მენტალიტეტი კი არ გვაახლოებს, არამედ გვაშორებს ევროპას. ეს „ევროპა“ კონკრეტული გეოგრაფიული ტოპონიმი კი არ არის (ან BMW-ს მარკის მანქანები, სოციალური დაზღვევის სისტემა, უზრუნველი კლუბური ცხოვრება ან რამე მსგავსი), არამედ პირველ რიგში თავისუფალი აზროვნების შესაძლებლობაა. ევროპასთან დაახლოების სახელით თავისუფალი აზროვნების უნარის ჩაკვლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარადოქსი იქნება, რაც „თავისუფალი აზროვნების“ სახელით წარმოშობილა.

ნაციონალისტების დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ და ლიბერალების დამოკიდებულებას ევროპის მიმართ ერთი რამ აერთიანებს - კრიტიკის ნაკლებობა. ამ უკანასკნელის დეფიციტი კი საბოლოო ჯამში არის იმ ყველა უბედურების სათავე, რაც ხელს გვიშლის განვითარებაში.




წყარო: რადიო თავისუფლება



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий