четверг, 23 апреля 2015 г.

მაქსიმე გრეკი - ერთმორწმუნეობის მსხვერპლი


XVI საუკუნის დასაწყისისთვის მართლმადიდებელი რუსეთის წინაშე დიდი პრობლემა დადგა. ცოტა ხნის წინ ნოვგოროდში სისხლში ჩაახშვეს ეგრეთ წოდებული „ჰურიათა“ ერესი - უცნაური, საიდანღაც წვეთ-წვეთად შემოღწეული ბიბლიური სიბრძნის საფუძველზე წარმოქმნილი მსოფლმხედველობა, რომელმაც საკმაოდ დარია ხელი თავისუფალი სავაჭრო ქალაქის საშუალო კლასს. კაცმა რომ თქვას, დღეს ბევრ მკვლევარს ეჭვიც ეპარება ამ ერესის არსებობაში და მასში საეკლესიო იერარქიის, კერძოდ, ნოვგოროდის მთავარეპისკოპოს გენადის ინტრიგას ხედავს, ზედმეტად დამოუკიდებელი მოსახლეობის ალაგმვას რომ ისახავდა მიზნად. ასეა თუ ისე, უმეცრება და იზოლაციონიზმი ორლესული მახვილივით სერავდა რუსეთის საეკლესიო სხეულს: ერთი მხრივ, ავრცელებდა ადამიანების შეუგნებელ სულიერ მოთხოვნილებაზე დაფუძნებულ უცნაურ ერეტიკულ შეხედულებებს, მეორე მხრივ, საშუალებას არ იძლეოდა მათ წინააღმდეგ ბრძოლისა.
ერთადერთი ხელმისაწვდომი ხერხი ერეტიკოსთა ჟლეტა და ტანჯვა-წამება იყო. ამაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ხსენებულმა გენადიმ, რომელიც მოსკოვის დიდ მთავარსაც კი სწერდა, ყველაფერში დასავლეთს როგორ უნდა ჩამოვრჩეთო და ნიმუშად ესპანეთის ინკვიზიცია მოჰყავდა. ერესში ეჭვმიტანილებს თავებს აყრევინებდნენ, ოთხად ჩეხავდნენ, ილმენის ტბის ყინულზე ცოცხლად წვავდნენ, მაგრამ საქმე წინ არ მიიწევდა. რუსეთის საეკლესიო ცნობიერებას უმეცრება და სიბნელე მრავალი საუკუნის განმავლობაში დაუძლეველ ტვირთად აწვა.
ძველი ლიტერატურის ნარჩენები, რომლებითაც სარგებლობა მხოლოდ წერა-კითხვის მცოდნეთ შეეძლოთ, დროთა განმავლობაში დამახინჯდა უმეცარი გადამწერების, ბოროტი გამყალბებლებისა და უდიერი მფლობელების ერთობლივი მეცადინეობით. გარდა ამისა, ძალიან ბევრი აუცილებელი ტექსტი არც არსებობდა სლავურ ენაზე. ეს წიგნები ძნელად იშოვებოდა და ისიც ბერძნულად. მიუხედავად დღევანდელ მორწმუნეთა და ნახევრად განათლებულ ადამიანთა შორის გაბატონებული შეხედულებისა, რუსეთში იმ დროს ბერძნულზე უკეთესად ლათინური იცოდნენ. მიზეზი მარტივი იყო: როგორი მდორე და პასიური არ უნდა ყოფილიყო ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კონტაქტები, ისინი მაინც სჭარბობდა მართლმადიდებელ სამყაროში აუცილებელ სულიერ ურთიერთკავშირებს.
უხალისოდ, ძნელად და ძალიან ნელა მკვიდრდებოდა რუსეთის საეკლესიო წრეებში მარტივი აზრი, რომ მარტოოდენ პირჯვრის წერა და რიტუალები არ კმარა ჭეშმარიტი სარწმუნოების დასამკვიდრებლად. საჭირო იყო მოძღვრება, მაგრამ სადღა ეპოვნათ მოძღვრები?
ამიტომაც მოსკოვის დიდმა მთავარმა ვასილი ივანოვიჩმა ელჩები წარგზავნა ათონის მთაზე, სადაც ვატოპედის მონასტერში მკვიდრობდა მწიგნობრობით განთქმული ბერი საბა. მას ფსალმუნთა განმარტების თარგმნა შეუკვეთეს. ფსალმუნი რუსულ საეკლესიო გარემოში ყველაზე პოპულარული წიგნი იყო, მაგრამ წაკითხულის აზრი არ ესმოდათ და ბობოქარ ფანტაზიას ვერაფერი ზღუდავდა.
საბა სიბერის გამო რუსეთს ვერ გაემგზავრა. მონასტრის იღუმენმა რუსების საელჩოს სხვა კანდიდატურა შეურჩია - ბერძენი ბერი, სახელად მაქსიმე, რომელმაც სლავური არ იცოდა, მაგრამ სწავლულებითა და ენების მიმართ ნიჭით იყო განთქმული. მან 1518 წელს რუსეთის სატახტო ქალაქს მოაღწია.
მაქსიმე წარმოშობით ალბანეთის ქალაქ არტიდან იყო, მისი მშობლები ემანუელი და ირინე წარჩინებული წოდებისა და საკმაოდ შეძლებული ეთნიკური ბერძნები იყვნენ. ამიტომაც ახალგაზრდობაშივე მაქსიმე ფლორენციას გაემგზავრა და იტალიური რენესანსის გულში ათი წლის განმავლობაში იღებდა განათლებას. აქ ისმენდა ბერძენი მეცნიერ ლასკარსის ლექციებს, მეგობრობდა სახენგანთქმულ მბეჭდავთნ და გამომცემელ ალდო მანუჩისთან (ალდუს მანუციუსი). მაგრამ მაქსიმეს სულს უკვე აღარ აკმაყოფილებდა კლასიკური სიბრძნით გატაცება, პოლიტიკური და ფილოსოფიური აზრის ჰუმანისტური მიმართულება. ამის მთავარი მიზეზი იყო ემოციური მუხტის ნაკლებობა, რომელიც თან ახლდა ჰუმანისტთა დახვეწილ სტუდიებს. ახალგაზრდა ბერძენი სულიერად შემძვრელ ტექსტს, მოძღვრის მგზნებარე სიტყვას ეძებდა.
მაქსიმე საბერძნეთში იმედგაცრუებული დაბრუნდა, მაგრამ იქ უარესი სასოწარკვეთა ელოდა. თუ იტალიაში აზროვნებისა და მეცნიერების სიჭარბეს ვერ შეეგუა, საბერძნეთში აზროვნებისა და მეცნიერების არარსებობა ტანჯავდა. ზედმეტად განათლებულ და ერთობ გულწრფელ ადამიანს არაფერი ესაქმებოდა საბერძნეთის საერო ცხოვრებაში. ამიტომაც აღიკვეცა ბერად.
იტალიიდან მაქსიმემ მხოლოდ ერთი სანუკვარი მოგონება ჩამოიტანა - ფლორენციის სულიერი ლიდერი და რადიკალი კათოლიკე ჯიროლამო სავონაროლა. იტალიელი მოღვაწის მხურვალე სარწმუნოება და ცეცხლოვანი ორატორული ნიჭი სამუდამოდ დაამახსოვრდა ბერძენ ყმაწვილს. თუმცა რელიგიური რადიკალიზმი, სიცოცხლის უპირველეს მოთხოვნილებათა დაგმობა და უარყოფა ვერც იტალიელმა საზოგადოებამ და ვერც ოფიციალურმა ეკლესიამ ვერ აიტანეს - 1498 წელს ამბოხებული მოღვაწე და მისი ორი თანამოაზრე ფლორენციაში სინიორიის მოედანზე დაწვეს. მაქსიმე წერდა: „იერონიმე და მასთან ერთად წამებული ორი კაცი სარწმუნოებით ლათინები რომ არ ყოფილიყვნენ, სიხარულით შევავედრებდი მათ კეთილკრძალულების ძველ დამცველებს. ეს აჩვენებს, რომ თუმცა ლათინები ბევრჯერ შეცდნენ, სრულად მაინც არ მოაკლდნენ რწმენას, სასოებასა და სიყვარულს... ჯიროლამო სავონაროლა სიცოცხლის ბოლომდე დარჩა მაქსიმეს სულიერ იდეალად: ეგზალტირებული იტალიელის მსგავსად ისიც მზად იყო მუდამ ემხილებინა ამა ქვეყნის ძლიერნი, გაეკიცხა ფარისევლობა, დაეცვა დაჩაგრულნი.
სწორედ ამგვარი განწყობით ჩამოვიდა მაქსიმე მოსკოვში - იქ, სადაც უზენაესი ხელისუფალი ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ იტანდა, ქრისტიანული სარწმუნოება ხალხისთვის მხოლოდ რიტუალების სახით არსებობდა, სამღვდელოება ზნეობის სიტლანქითა და ვერცხლისმოყვარეობით გამოირჩეოდა და არ შესწევდა უნარი არც ერის მოძღვრობისა და არც წინამძღოლობისა.
მთავარმა ვასილიმ სიხარულით მიიღო მაქსიმე, რომელიც ფსალმუნთა განმარტების თარგმნას შეუდგა. რადგანაც რუსული ჯერ არ იცოდა, დასახმარებლად ორი განათლებული რუსი მიუჩინეს: ერთი იყო თრჯიმანი დიმიტრი გერასიმო, მეორე კი - დიპლომატიური დავალების შემსრულებელი, ვინმე ვლასი. ორივემ იცოდა ლათინური და ამიტომ მუშაობის წესი შემდეგი იყო: მაქსიმე ბერძნულიდან ლათინურად უთარგმნიდა, რუსები კი სლავურად იწერდნენ. წელიწად-ნახევარში თარგმანი დასრულებული იყო. თხოვნისამებრ, ვასილიმ შინ გაუშვა ბერძნის ათონიდან წამოყოლილი ამხანაგები, მაქსიმე კი რუსეთში შეაჩერა მთარგმნელობითი საქმიანობის გასაგრძელებლად. უცხოელისთვის მოსკოვში ჩასვლა უფრო ადვილი იყო, ვიდრე იქიდან გამოღწევა, მით უმეტეს, თუ მასში ვინმე სარგებელს დაინახავდა.
ამ დროიდან მოყოლებული, მაქსიმეს ცხოვრება მისი ნების საწინააღმდსეგოდ დაუკავშირდა რუსეთს. იგი თარგმნიდა სხვადასხვა საღვთისმეტყველო თხზულებას და სხვანაირადაც ცდილობდა რუსების განათლებას. მაგალითად, უხსნიდა, რომ იოანეს სახარების ბოლოში ნათქვამი - მთელი სამყარო ვერ დაიტევს წიგნებს, რომლებშიც აღწერილი იქნებოდა იესო ქრისტეს ნამოღვაწარი - პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გავიგოთ, არამედ როგორც მეტაფორა. როცა სლავური ისწავლა, საღვთისმსახურო წიგნებში შემჩნეული მრავალი შეცდომის შესწორებასაც მიჰყო ხელი.
ეს უკვე სახიფათო საქმე იყო. „მართლმადიდებლობის დამცველები“ მას ეუბნებოდნენ: შენ შენი შესწორებებით შეურაცხყოფ ჩვენს მიწაზე გაბრწყინებულ მაღალღირს სასწაულმოქმედებს; ისინი ამ წიგნებით ლოცულობდნენ და ღვთის თვალში სათნოება და სასწაულქმედების ნიჭი ჰპოვეს“. მაქსიმე პასუხობდა: „მე კი არა, პავლე მოციქული გასწავლით, რომ სულიერი ნიჭი თითოეულს სასიკეთოდ მიეცემა: ერთს - სიბრძნის სიტყვა, მეორეს - სარწმუნოება, სხვას კიდევ - განკურნების უნარი, წინასწარმეტყველება, ენების ნიჭი. ყოველივე ამას კი ერთი და იგივე სული გვანიჭებს... რუსეთის წმინდანებს ღმერთმა მათი სათნო ცხოვრებისა და თავისი მოწყალების ძალით მიანიჭა განკურნებისა და სასწაულთმოქმედების უნარი, მაგრამ ენებისა და წერილის განმარტების ნიჭი მათ ზეგარდმო არ მიუღიათ“. როგორც შეკითხვა, ასევე პასუხი მეტად ნიშანდობლივია რუსეთის ისტორიისთვის, რადგან აქ პირველად გამჟღავნდა იმ ტრაგიკული მოვლენების ბუნება, რომელიც მოგვიანებით „რასკოლის“ სახელით შევა ისტორიაში.
მალე მაქსიმემ სხვა უფრო სახიფათო საქმეებსაც მოჰკიდა ხელი. წიგნების გასწორებას, ასე თუ ისე, იტანდნენ, მაგრამ როდესაც ჩამოსულმა ბერძენმა რუსული საკმაოდ შეისწავლა და თავისი იტალიელი მოძღვრის მსგავსად ქადაგება და გარემომცველი სინამდვილის მხილება დაიწყო, ამის მოთმენა უკვე ძნელი იყო. თუმცა მოხდა ერთი მეტად საინტერესო მოვლენა: ენის სწავლამ და ცხოვრებაში აქტიურმა პოზიციამ მაქსიმე არა მარტო რუსული ისტორიის, არამედ რუსული კულტურის წარმომადგენლად, მოკლედ რომ ვთქვათ, რუსად აქცია. ენობრივი ბარიერის გადალახვამ ხელი შეუწყო მის ბობოქარ შემოქმედებას: მდინარესავით წამოვიდა მამხილებელი და პოლემიკური ხასიათის წერილობითი შრომები. ეს თხზულებები მიმართული იყო ათინების, იუდევლების, მუსლიმანების, სომხების, ლუთერანებისა და წარმართების წინააღმდეგ. არც ერთი ეს თხზულება არ გამოირჩევა მაინცდამაინც დიდი თეოლოგიური სიღრმით, მაგრამ რუსეთის სულიერი დონისათვის ესეც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ასევე ესხმოდა თავს მაქსიმე ასტროლოგიას, რომელმაც თანდათანობით იწყო რუსეთში შემოღწევა და წერა-კითხვის მცოდნე ადამიანების ცდუნება. ასტროლოგიაში მაქსიმე ადამიანის თავისუფალი ნების ხელყოფას ხედავდა და უარყოფდა რუსეთში გავრცელებულ წინასწარმეტყველებას, თითქოს მალე მსოფლიოში წარღვნა უნდა მომხდარიყო.
მაქსიმეს თხზულებათაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ისინი, რომლებშიც ყოფილი ათონელი მოღვაწე თავისი ახალი სამშობლოს წეს-ჩვეულებებს აღწერდა და ამხელდა. ეს ნაწერები ფასდაუდებელ ინფორმაციას შეიცავს რუსეთის ისტორიული ყოფის შესახებ. მაგალითად, რუსეთში გავრცელებული იყო რწმენა, თითქოს წყალში დამხრჩვალთა და მოკლულთა მიწაში დაკრძალვამ შეიძლება მოუსავლიანობა გამოიწვიოს. ხშირად საფლავებიდან იღებდნენ ასე გარდაცვლილთა გვამებს და მინდორში აგდებდნენ. მაქსიმე კიცხავდა ამ ჩვეულებას. ამის გარდა - სიზმრების, კეთილი და ბოროტი საათების, სხვადასხვა სახის მკითხაობის, ჯადოსნობის რწმენას. განსაკუთრებით აღიმაღლა ხმა შურისძიების წინააღმდეგ.
იგი განსაკუთრებით კიცხავდა რუსეთის მაშინდელ სამღვდელოებას: „მათ შორის არ არის არც ერთი, ვინც ბეჯითად მოძღვრავდეს და ასწავლიდეს უკეთურთ, ანუგეშებდეს სულმოკლეთ, კიცხავდეს ღვთისმოსაობის მოწინააღმდეგეთ, უკრძალავდეს ურცხვთ, იცავდეს უძლურთ... მათ შორის არ არის არც ერთი, ვინც სიმდაბლის ან უღირსობის გამო თავს აარიდებდეს სამღვდელო ღირსებას, არავინ ეძიებს მას საღვთო მოშურნეობის გამო, არამედ ყველანი მზად არიან დიდ ფასად იყიდონ ის, რათა სიამესა და პატივში იცხოვრონ“.
ბერძნის ერთ-ერთი უმთავრესი წვლილი რუსულ კულტურაში იყო კრიტიკული ტრადიციის შექმნა და კრიტიკის წესების დაკვიდრება. მაქსიმეს თანახმად, ტექსტის კრიტიკისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი: ტექსტის შემდგენელის ავტორიტეტი, შესაბამისობა საღვთო წერილთან, შესაბამისობა წმინდა მამათა თხზულებებსა და სულისკვეთებასთან. ამგვარი მარტივი და გულუბრყვილო პრინციპებიც კი დიდი მონაპოვარი იყო მაშნდელი რუსეთისათვის.
მთელ ამ სიბრძნის მოყვარეობასთან ერთად მაქსიმე, რუსეთში გრეკად, ანუ ბერძენად წოდებული, მკაცრი ასკეტი და ბერმონაზვნური ცხოვრების დიდი მოამაგე იყო. იგი წერდა: „შეიყვარე, სულო ჩემო, ცუდი სამოსი, ცუდი საკვები, ღვთისმოსავი სიფხიზლე, დააოკე ენის კადნიერება, შეიყვარე მდუმარება, გაატარე უძილო ღამეები ღვთივშთაგონებული წიგნების კითხვაში...“. მაგრამ ასევე მგზნებარედ ამხელდა მონასტრებში გავრცელებულ უკეთურებას. მაგალითად, იგი კიცხავს ბერთა მუქთამჭამელობას: „გაექეცი მომაკვდინებელ უქმობას, ჭამე საკუთარი შრომით მოპოვებული პური და ნუ იკვებები გაჭირვებულთა სისხლით.. ნუ წუწნი ტვინს გამომშრალი ძვლებიდან, როგორც ძაღლები და ყორნები სჩადიან:. ასევე ცნობილია მისი თხზულება „სიტყვა მათდამი, ვისაც კანონიერი საფუძვლის გარეშე სურს ცოლის მიტოვება და ბერად შედგომა“. მაქსიმეს, რა თქმა უნდა, მიაჩნია, რომ ცხოვნების მიღწევა შესაძლებელია საერო ცხოვრებითა და შვილების გაჩენით, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იგი ბერობას შინაგან სულიერ საზრისს ანიჭებს და მეორე პლანზე გადაჰყავს მისი გარეგნული თვისებები: მისთვის ჭეშმარიტი მონაზონი არის ის, ვინც ცდილობს სათნო იყოს ქრისტესი და არა საეკლესიო იერარქიის თვალში.
ასეთივე სულისკვეთებითაა გამსჭვალული მისი თვალსაზრისი მარხვის შესახებ: „ჭეშმარიტი და ღვთის სათნო მარხვა მდგომარეობს სულის გამხრწნელი ვნებებისაგან თავის დაღწევაში, მხოლოდ საკვებისაგან თავის შეკავება არა მარტო უსარგებლოა, არამედ უფრო მსჯის და მამსგავსებს ეშმაკთ“. ამ თვალსაზრისით საინტერესოა რუსული ხალხური სულიერების ერთი თავისებურება, რომელსაც რამდენიმე საუკუნის შემდეგ შენიშნავს ვასილი როზანოვი: მწერლის თქმით, რუს გლეხს შეუძლია ღამით მოკლას და გაძარცვოს მარტოხელა მგზავრი, მაგრამ არ შეჭამს გვამის ჯიბეში ნაპოვნს ძეხვს, თუ მკვლელობა პარასკევს მოხდა.
ჯიროლამო სავონაროლა
ასევე კიცხავს მაქსიმე მღვდელმთავრებს, რომლებიც ტაძრების მოსართავად და მდიდრული ღვთისმსახურების მოსაწყობად უპატიოსნო გზით ნაშოვნ შემოწირულობებს იყენებენ. მის ერთ-ერთ თხზულებაში ღმერთი პასუხობს ეპისკოპოსებს: „თქვენ უფრო განმარისხეთ მე კეთილხმოვანი გალობითა და ზარების ჟღერით, შემკული ხატებითა და სურნელოვანი მირონით... რადგან შემომწირეთ ეს უკეთური და საძაგელი ნაქურდალიდან, სხვისი ქონების მიტაცებიდან; თქვენი ძღვენი შერეულია ობლების ცრემლებთან, ღატაკთა სისხლთან. მე მოვსპობ თქვენს ძღვენს ცეცხლით ან მივცემ დასარბევად სკვითებს, როგორც მოვექეცი სხვებსაც“.
არ დარჩენილა რუსეთის საზოგადოებრივი, მათ შორის საერო და პოლიტიკური ცხოვრების სფერო, რომლის შესახებაც მაქსიმეს თავისი მკაცრი და მიუკერძოებელი აზრი არ გამოეთქვას. ადვილი გასაგებია, რატომ დაუწყო მას დევნა და შევიწროება უმაღლესმა ხელისუფლებამ. ისტორიკოსთა შორის ერთ დროს გავრცელებული თვალსაზრისის თანახმად, მოსკოვის დიდმა მთავარმა ვასილიმ მაქსიმე იმისთვის შეიძულა, რომ საეკლესიო მოღვაწემ გაკიცხა მისი განქორწინება სოლომონიასთან და სხვა ქალის შერთვის სურვილი. შესაძლოა, ეს მართლაც გახდა უკმაყოფილების საბაბი, მაგრამ მიზეზი გაცილებით უფრო ღრმაა: არა მარტო მთავარი, არამედ რუსეთის მთელი პოლიტიკური და საეკლესიო ელიტა უკმაყოფილო იყო გრეკის მამხილებელი პათოსით, რომელიც ბერძენმა მწიგნობარმა ჯიროლამო სავონაროლას მიბაძვით აიღო თავის თავზე.
1525 წლის თებერვალში მაქსიმე გრეკის წინააღმდეგ აღიძრა პოლიტიკური ხასიათის საქმე. მას დააბრალეს ხელისუფლების მიერ დევნილ და მტრებად შერაცხულ პირებთან ურთიერთობა. ერთ-ერთი ასეთი კაცი იყო ივანე ბეკლემიშევ-ბერსენი, რომელიც სახელმწიფოდან იმისთვის გააძევეს, რომ მთავარს ურჩევნოდა, ომზე უარი ეთქვა და მეზობლებთან მშვიდობა შეენარჩუნებინა. ამგვარი განწყობა, სხვათა შორის, სრულიად ეთანხმებოდა მაქსიმეს შეხედულებებს. გრეკის მესაწოლე ბერმა გამოძიებას უთხრა, რომ მოძღვართან ბევრი მოდიოდა და ისიც საჯაროდ ესაუბრებოდა მათ, მაგრამ ბერსენის სტუმრობისას ყველას სთხოვდა ხოლმე სენაკის დატოვებასო.
როცა საქმე თვით მაქსიმეს დაკითხვამდე მივიდა, მგზნებარე მქადაგებელმა გაცილებით ნაკლები სიმტკიცე გამოამჟღავნა, ვიდრე მისი თხზულებებიდან გამომდინარეობდა. მან დაწვრილებით აჩვენა, რა შინაარსის საუბრები ჰქონდა ბერსენთან: როგორ კიცხავდა ვასილის დედის, სოფიოს გავლენას შვილზე, როგორ საყვედურობდა მთავარს გონიერ რჩევათა შეუსმენლობისთვის. ბრძენი ამით საკუთარ გულწრფელობას აღნიშნავდა, მაგრამ ამან სავალალო შედეგი გამოიღო: მაქსიმეს ჩვენებათა საფუძველზე ბეკლემიშევ-ბერსენი სიკვდილით დასაჯეს. თვით ბერი კი ახლა უკვე თურქეთის ელჩ სკინდერთან საიდუმლო კავშირში დაადანაშაულეს.
სინამდვილეში ეს ყოველივე მხოლოდ მთავარ ვასილის ახირება იყო: ცნობილი გახდა, რომ ვასილი ყოვლადწმინდა სამების ლავრის იღუმენს სთხოვდა, მაქსიმეს წინააღმდეგ რაიმე მოეგონებინა, რისთვისაც მდიდრულ ძღვენს ჰპირდებოდა. ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთ საღვთისმეტყველო თარგმანში ბერძენ სწავლულს რაღაც შეცდომა გამოუქექეს და საეკლესიო კრების წინაშე გამოიძახეს. „შეცდომა“ შემდეგი ხასიათისა იყო: ბერს თარგმანში ეწერა, რომ ქრისტე დაჯდა მარჯუენით მამისა. აქედან გამომდინარე, ბრალმდებლები ამტკიცებდნენ, რომ ეს აზრი ერეტიკულია, რადგან ქრისტე მარადის ზის მარჯუენით მამისა. ერთი სიტყვით, საქმე ზმნის გრამატიკულ ფორმას ეხებოდა. მაქსიმე, რა თქმა უნდა, ქრისტეს ამაღლების შესახებ სახარებაში მოყვანილ ისტორიულ ფაქტს გულისხმობდა და არა ფუნდამენტურ თეოლოგიურ ჭეშმარიტებას, მაგრამ სათქმელი უცხო ენაზე სათანადოდ ვერ გამოთქვა. მწიგნობარმა თავი დამნაშავედ არ ცნო და ის ვოლოკოლამსკის მონასტერში გაგზავნეს იღუმენ ტიხონ ლელკოვის ზედამხედველობის ქვეშ.
აქ ათონელმა სავონარულამ კვლავ მცონარების, ვერცხლისმოყვარეობის, ანგარების მხილებას მიჰყო ხელი. ბერები გაღიზიანდნენ და ცუდად ეპყბობოდნენ. ის წერდა: „მე მტანჯავდნენ კვამლით, სუსხითა და შიმშილით ჩემი ცოდვებისთვის და არა ერესისთვის“. რუსეთის მონასტრებისთვის ძალიან დამახასიათებელი იყო ჩამოთვლილი „აღმკვეთი ზომები“. ქრისტიანი ძმები საუკუნეთა განმავლობაში იყენებდნენ დამნაშავე ბერების წინააღმდეგ ზამთარში სუსხს, ზაფხულში - ნაძვის ნედლი ტოტების კვამლს და მთელი წლის განმავლობაში - შიმშილს.
1531 წელს დაუცხრომელი მამხილებლის წინააღმდეგ კიდევ ერთი პროცესი გაიმართა. დააბრალეს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის ცხოვრების თარგმნისას შეურაცხმყოფელი გამოთქმა გამოიყენა, მოციქულთა საქმის თარგმანში რამდენიმე მუხლი გამოტოვა და სხვა. მაქსიმეს წინააღმდეგ ჩვენებას იძლეოდა მისი ყოფილი მწერალი, ვინმე მედოვარცევი, რომელმაც საკუთარი თავის გასამართლებლად თქვა: როცა მაქსიმე მკარნახობდა, გარკვეულ მომენტებში ძლიერი ცახცახი ამიტანდა ხოლმეო. საგულისხმოა მწერლის ჩვენება, თითქოს ბერი არყით იწერდა იდუმალ სიტყვებს ხელისგულებზე და ასე ჯადოსნობდა დიდი მთავრის წინააღმდეგ. ამას მწერალი „ელინურ ეშმაკობას“ უწოდებდა.
საეკლესიო კრებამ მაქსიმეს პატიმრობა მიუსაჯა ტვერის ოტროჩის მონასტერში. აქ ბერძენმა ოცდაორი წელი გაატარა. ამაოდ აღიარებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ამაოდ ამტკიცებდა, რომ ერეტიკოსი არ იყო, ამაოდ ცდილობდა ყველას დარწმუნებას, რომ არასოდეს ყოფილა რუსეთის სახელმწიფოს მტერი, პირიქით, დღეში ათგზის ლოცულობდა ხელმწიფის ჯანმრთელობისთვის. იცვლებოდნენ მთავრები და მღვდელმთავრები. მათი ცვლა არ ყოფილა ყოველთვის მშვიდობიანი, ზოგჯერ სტალინური რეპრესიების მიმდინარეობას ჰგავდა: მაგალითად, მიტროპოლიტი დანიელი, რომლის განჩინებითაც იტანჯებოდა მაქსიმე, თვით ჩააგდეს ვოლოკოლამსკის მონასტრის დილეგში. ბერმა დაივიწყა წყენა და შემრიგებლური წერილი გაუგზავნა დანიელს. მოსკოვის ტახტზე ივანე ვასილის ძე აბრძანდა, მიტროპოლიტად მაკარი აკურთხეს, მაქსიმეს გათავისუფლებისათვის ცდას არ აკლებდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი. ბერი მეფესა და მიტროპოლიტს ევედრებოდა ათონზე გაშვებას, მაგრამ თანხმობა ვერ მიიღო. მიტროპოლიტი მაკარი პასუხად წერდა: „ვემთხვევით შენს ბორკილებს, მაგრამ დახმარება არ შეგვიძლია“. პატიმრობის მეჩვიდმეტე წელს მაქსიმემ ზიარების უფლება მიიღო. ბოლოს და ბოლოს ტროიცკის (ყოვლადწმინდა სამების) ლავრაში გადაიყვანეს, საიდანაც სიკვდილამდე არ გამოსულა. მაქსიმე გრეკი 1556 წელს აღესრულა.
ათონის მთის ხილვა კი არ ეღირსა. ეშინოდათ რუსებს მისი გაშვება სამშობლოში: ძალიან ბევრი ნახა რუსეთში, ძლიან კარგად გაიგო „ღვთის მატარებელი ერის: ბუნება. რუსებს კი არ უყვართ, როცა საზღვარგარეთ მათზე სიმართლე იციან, როცა მიუკერძოებლად და საფუძვლიანად განსჯიან მათ საქმეებსა და ყოფას.




The National Library of Georgia





Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий