,როდესაც რაიმე დიდ საქმეს შეეწირება მსხვერპლად მისი მესვეური, ეს მოასწავებს ამ საქმის გამარჯვებას”- ზ.გამსახურდია, ,,აირჩიე, ქართველო ერო”.
1. ,,ბოროტების იმპერიის“ აღსასრული
დედამიწის ზურგზე ორი იმპერია ბატონობდა: ერთი – ტოტალიტარული – ჩვენი ,,ერთმორწმუნე ძმა“ და ,,ჩრდილოელი მეზობელი“ – სსრკ, ხოლო მეორე – დემოკრატიული – დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული, და მაინც იმპერია – ამერიკის შეერთებული შტატები. რაღა თქმა უნდა, ეს ორი ბანაკი სასტიკად მტრობდა ერთმანეთს და მსოფლიო, მათი გავლენების სფეროების მოპოვების არენად იყო ქცეული…
უკიდეგანო რუსული იმპერიის ხელწერა საუკუნეების მანძილზე არ იცვლებოდა, ის შიზოფრენიული შეუპოვრობით, ახალი მიწების დაპყრობითა და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ერების შემდგომი ასიმილიაციით, განაგრძობდა სწრაფვას გაფართოებისკენ. XX საუკუნის მიწურულს კი, სსრკ თავისი დაჟანგული, მაგრამ ურიცხვი ატომური რაკეტებით თავისუფალ სამყაროსა და საკუთარ თავსაც, უკვე სამუდამო ,,ბირთვული ზამთრით“ ემუქრებოდა. ესეც არ იკმარა და ,,შავი ოქროს” ინექციებით ეიფორიული მოძლიერების შემდეგ, ჩინგიზ ყაენის შთამომავლები 100 ათასიანი არმიით ინდოეთის ოკეანისკენ დაიძრენ. ავღანურმა ავანტიურამ გააპარტახა, ისედაც, არაეფექტური საბჭოთა ეკონომიკა და, როგორც ეს დამპყრობლურ ომებს ახასიათებს, გამოიწვია არმიის გახრწნა, საზოგადოებრივი პროტესტი და საყოველთაო ნიჰილიზმი. საბჭოეთი ძეხვისა და არყის რიგში, არა თუ მხოლოდ ჩადგა, არამედ, შეიძლება ითქვას, დასახლდა კიდეც.
ასე იყო თუ ისე, თავისუფალი სამყაროს დღის წესრიგში, მსოფლიოს ამ ,,ავთვიებიანი სიმსივნის“ მკურნალობა პირველხარისხოვან ამოცანად იქცა. რონალდ რეიგანმა სსრკ-ს ,,ბოროტების იმპერია“ უწოდა, რის შემდეგაც სამეული - აშშ-ს პრეზიდენტის, ინგლისის პრემიერ მინისტრის მარგარეტ ტეტჩერისა და რომის პაპ იოანე პავლე II-ს შემადგენლობით საქმეს შეუდგა. ახლოვდებოდა ძირგამომპალი იმპერიის დასასრული…
საბჭოეთის პერიფერიაზე დისიდენტური მოძრაობის წიაღიდან ჩამოყალიბდა ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობა, იშვნენ მისი ლიდერები. საქართველოში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას სათავეში ჩაუდგნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.
საბჭოთა კავშირის ხალხების მატერიალური გასაჭირის ფონზე, 1989-1991 წლებში სსრკ-ს ტერიტორიაზე განვითარდა კონფლიქტები ეთნიკურ-ნაციონალურ ნიადაგზე – ყაზახეთი, ყარაბაღი, სუმგაითი, ფერგანა, ყირიმი, აფხაზეთი, სამაჩაბლო… ,,წითელი იმპერია“ არ ურიგდებოდა მარცხს და უკანასკნელ კონვულსიებში ცდილობდა ძალაუფლება შეენარჩუნებინა. რუსეთი არ მოერიდა სისხლს, რათა სასტიკად ჩაეხშო ადამაინთა სწრაფვა თავისუფლებისკენ: თბილისი – 1989წლის 9 აპრილი, ბაქო – 1990წლის 20 იანვარი; ვილნიუსი – 1991წლის 13 იანვარი… ყოველივე დასრულდა ,,სუვერენიტეტების პარადით”.
… და აი, 1991 წლის 26 დეკემბერს ოფიციალურად გაფორმდა საბჭოთა კავშირის დაშლა და მის ნაცვლად 15 დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება; მსოფლიოსა და ,,ხალხთა საპყრობილეს“ ( სსრკ-ს) მოსახლეობამ შვებით ამოისუნთქა – მოჩვენებით უძლეველ გოლიათს, დასავლეთთან გამალებულ შეიარაღებულ შეჯიბრში, თიხის ფეხები აღმოაჩნდა. რუსულ ,,კოლოსს”, ნავთობის ფასების ვარდნით დასუსტებული მუხლები მოეკეცა და ეკონომიკური გაპარტახების წნეხმა იგი საბოლოოდ დასცა. ,,წითელი იმპერია” დამთავრდა!
აქვე უნდა ითქვას, რომ, პირადად, ჩემში საბჭოეთის მზის ჩასვენება გაცილებით ადრე დაიწყო, რაშიც ერთის მხრივ, ,,ამერიკის ხმის”, ,,ბი-ბი-სისა” და ,,რადიო თავისუფალების” ,,ღვთაებრივმა შიშინმა“, ხოლო მეორეს მხრივ, ,,ბიტლებმა“, ,,როლინგებმა“, ჯიმიმ, ,,ვუდსტოკმა“ და ჯინსებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს.
2. ეროვნული მოძრაობა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა
რა ხდებოდა ამ დროს საქართველოში? ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და იმავე წელს, ხმების 87%-ით ზვიად გამსახურდია გახდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი… მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა – მონა კვლავ ბატონის წიაღში უპასუხისმგებლო და უდარდელ ყოფაში დაბრუნებას ლამობდა. ქართველებს 37 ლარიანი ავიაბილეთით მოსკოვში ჩასვლის, ქალებთან ,,ნეტარებისა“ და საბჭოური ახალგაზრდობის ნოსტალგია მოეძალა… ივერიის მკვიდრთ სსრკ-ს წიაღში დიდების მითი შეახსენეს… მონობის მონატრება გამწვავდა…
დამოუკიდებლობის აქტზე პრეზიდენტის მეუღლის ხელის მოწერა, სხვა ასეთივე ,,მნიშვნელოვან” დეტალებთან ერთად, როგორებიც იყო: ,,ტოტალიტარად“ შერაცხული პრეზიდენტის ,,კარგად შენახული“, პრეისტორიული ,,მერსედესი“, მის მიერვე მეუღლისთვის ნაყიდი ქურქი, განსაკუთრებით კი, ჯანმრთელობის მინისტრის თვალწასული ,,ჩულქი“, საკმარისზე მეტ საბაბს იძლეოდა კონტრევოლუციის ასაგორებლად. ყოფილი პარტოკრატია, ,,კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია“ და ნაირნაირი კრიმინალები, რუსეთის სპეცსამსახურების ბრძნული ხელმძღვანელობით სამართლიანობისა და დემოკრატიის აღდგენის ღვაწლს მიეცნენ…
აქვე უნდა აღინიშნოს დიდად ყურადსაღები გარემოებაც. ,,კეთილი იმპერიის“ პრეზიდენტმა, რ.რეიგანის მემკვიდრემ, უფროსმა ჯ.ბუშმა, ,,Realpolitik“-ის ჩარჩოებს გაცილებულ ზ.გამსახურდიას ,,დინების საწინააღმდეგოდ მცურავი“ უწოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართველების დამოუკიდებლობა იმპერიების ერთობლივ გეგმაში ჯერ არ შედიოდა და ჩვენ უნდა მოგვეცადა. ზ.გამსახურდიამ უპასუხა, რომ დინებას „მხოლოდ მკვდარი თევზები“ მიჰყვებიანო და ბრძოლა გაგრძელდა. ,,მრგვალმა მაგიდამ“ მამა-ბუშს 365 წმინდა გიორგის სალოცავის წყევლაც კი შეუთვალა… მაგრამ, აბა ,,კეთილი იმპერიის“ თანადგომის გარეშე, მეზობელი ,,ბოროტების იმპერიის“ კლანჭებიდან დასხლტომა როგორ მოხერხდებოდა?
ზვიად გამსახურდიამ, პარლამენტის პირველივე სხდომაზე, რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანას ხელი მოაწერა. ქართველ საბჭოელებს გონზე მოსასვლელად სულ რამდენიმე თვე დასჭირდათ – ფეოდალურმა ელიტამ უცებ იყნოსა, რომ მათ დიდებასა და პრივილეგიებს სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა. მონებსაც ბატონყმური მოპყრობა, კოლექტიური მორჩილება სწყუროდათ – ბრბომ ავტორიტეტებად სწორედ, ყოფილი ბატონები აღიარა.
ეროვნული სულის აღტკინებამ სულ 6-7თვე გასტანა – ერთ მუშტად შეკრულმა ქართველმა ერმა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე, ადრე მზად იყო ნებისმიერი გაჭირვება დაეთმინა და ,,ბალახიც კი ეჭამა“, ,,თბილისის ომი“ გააჩაღა…
სამხედრო გადატრიალების შედეგად, 1992 წლის 6 იანვარს კანონიერი პრეზიდენტი იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა და გროზნოში (ჩეჩნეთი) ჯოხარ დუდაევთან ჩასულიყო.
3. ღმერთების საჩუქარი
ეროვნული მოძრაობა… ეს იყო დრო ქართული სულის ტრიუმფისა და მისი სამარცხვინო დაცემისა, დრო უდიდესი აღმაფრენისა და დრო სინანულისა იმის გამო, რომ შენ ქართველი ხარ. ეს იყო დრო სისხლიანი და გმირული 9 აპრილისა და ზურგში დანის ჩაცემისა.
იმ დროს მეგონა, რომ ეს მხოლოდ ეროვნული მოძრაობის ბავშვური ხანაა – ჩვენ შეცდომებით, ბარბაცითა და დაცემებით, დამოუკიდებლად სიარულს ვსწავლობთ… სამწუხაროდ, მწარედ შევცდი, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ნაწილი ყოფილა – საუკუნეების მანძილზე ნაწრთობი მონური ვერაგობა და შური, ჯოგის ინსტიქტებით მოქმედება და კერპების უპირობო მორჩილება.
ეროვნული მოძროაბა… ეს იყო დრო უკიდეგანო, არნახული იდეალიზმისა და დრო ,,ნაგვის ზედაპირზე ამოტივტივებისა“ – ნაგვისა, რომელიც დღესაც ზედაპირზეა. მეტიც, ის საკუთარი ნაგვობით კვლავ თავს იწონებს და ამის საშუალებას მას ჩვენ ვაძლევთ – მონა შიშს, ჯოხსა და მამონას ეთაყვანება.
იმპერიის დაშლა, ზვიადი და მერაბი – ეს იყო ქართველებისთვის ლანგარზე მორთმეული ღმერთების საჩუქარი, რომელსაც ჩვენ, არა თუ არ გავუფრთხილდით, არამედ საბჭოელების მაგიერ, სანაგვეზეც კი მოვისროლეთ…
მე ვერ მივცემ თავს უფლებას, ეს ორი რაინდი – ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა შევაფასო და ამ ორეულში რომელიმე გამოვყო, თუმცა, ის კი შემიძლია ვთქვა, რომ მერაბი იყო ეროვნული მოძრაობის შემდუღაბებელი და ბურჯი, სინდისი და კლდე! იმპერიამ და ადგილობრივმა ,,ელიტამ“ ზუსტად გათვალეს – მარტო ზ.გამსახურდია, გარსშემორტყმული უვიცობისა და გაუთავებელი ღალატის ბურუსით, ადვილად დამარცხებოდა. ეროვნულ მოძრაობას ბურჯი გამოაცალეს – საბრძოლო ხმალი, რომელიც ზვიადს ხელთ ეპყრა, კლდე, რომელზედაც ის იდგა, დაანგრიეს და ხრამში გადაჩეხეს.
ქვემოთ მინდა მოვიყვანო მხოლოდ უმნიშვნელო ეპიზოდი, რათა ცხადი გახდეს, თუ ვინ იყო მერაბი, თუ რა წმინდა იდეალიზმის ზეიმი სუფევდა საქართველოში იმ დროს და რითი დასრულდა ყოველივე. მსურს წარმოვაჩინო ქართული სულის ნიჭის ერთეული გამოვლინება და მასების ხორცის მდაბიო ინსიტქტების გამარჯვება. მომყავს იმ დროს მოსმენილი ისტორია:
,,…როდესაც მერაბ კოსტავა პირველად დაუპატიმრებიათ და ათი წელი მიუსჯიათ, ჯერ ტაშკენტის ,,პერესილკაში“ გაუშვიათ. იქ დახვედრია ქურდული ზონა, თანაც ყველაზე ცნობილი, საბჭოეთის მაყურებლებით დასახლებული. კომუნისტები ყველა პოლიტიკურ პატიმარს, სიმტკიცის გასასინჯად, ჯერ ქურდულ ,,ლომკებს” უწყობდნენ. ჰოდა, მერაბიც ასეთ საპატიმროში გაუშვეს. როდესაც შევიდა, თავისი სახელიც თან შეჰყვა – ციხის ტელეგრაფი მაშინაც შეუფერხებელად მუშაობდა. ერთი სიტყვით, ქურდებმაც გარკვეული პატივისცემითა და რიდით მიიღეს. ნარზე სათანადო ადგილიც მიუჩინეს და, რომ იტყვიან, კარგად იყო ,,არიფის“ პირობაზე. და აი, სულ რაღაც მეორე-მესამე დღეს ხდება ასეთი რამ: ვიღაც ახალგაზრდა ქურდს ,,პეტუხი” შემოჰყავს და უმოწყალოდ სცემს. რამოდენიმე ქურდი წამომდგარა და ,,პიდარისთვის“ წიხლიც მიუხმარებიათ. მერაბი ნარიდან ჩამომხტარა, შევარდნილა ქურდების ხროვაში და გადაფარებია ,,პეტუხს”! ასე უთქვამს: ,,კაცებო, რას სჩადით?! რას გავს თქვენი საქციელი?! აქ ყველანი კომუნისტებისგან ჩაგრულები ვზივართ და რაღა გამოვა თუ ჩვენც იგივეს გავიმეორებთ და უმწეოს, სუსტს დავაბიჯებთ ფეხს?!“
ახალგაზდრდა ,,განაბი“ ძლიერ გაბრაზებულა – ეს ვინღა არის და ქურდებზე ჭკუის სწავლებას როგორ ბედავსო?! ბებერ ქურდებს დაუწყნარებიათ, მაგრამ ახალგაზრდას უთქვმს – ამ ,,პეტუხს“ მაინც ვასწავლი ჭკუასო!
ახლა, ამ სიტყვებს რომ ვწერ, გული მიჩუყდება, რომელი ვართ ამის ჩამდენი?! უყურეთ, შემდეგ რა უქნია! ქურდების უკმაყოფილო ბუზღუნის თანხლებით, ეს შენი ,,პეტუხი” წამოუყენებია, საკუთარი ხელით გაუწმენდია და საცოდავი საწოლამდე მიუცილებია. შემდეგი ერთი თვე, ყოველ ღამე თურმე მასთან ერთად წვებოდა, რათა მისთვის შეურაცხყოფა არავის მიეყენებინა!
როგორია?! საერთოდ ვინმე თუ გეგულებათ საკუთარი თავის ჩათვლით, ამის მაგვარის მაინც ჩამდენი?! ქურდების საწინაარმდეგოდ, იმ დროს! დღესაც კი, ბევრი ,,სიყვარულის ჭურჭელი“ და ,,კაბოსანი“, მერაბის ვაჟკაცური საქციელის 50 წლის თავზე, ქადაგებს მამათმავლების კოცონზე დაწვას! იმ ხანად ხომ, საერთოდაც ამგვარი გარყვნილების დაცვა გაუგონარი რამ იქნებოდა! საკუთარი თავისთვის მიკითხავს: როგორ მოიქცეოდი შენ ანალოგიურ სიტუაციაში? სამწუხაროდ პასუხი ერთი მაქვს: ქურდებთან თავის გამოსაჩენად, ალბათ ,,პიდარმონს“ მეც ერთი წიხლს მივაყოლებდი…
წარმოიდგინეთ, სად იყო მერაბი უკვე 60-70 წლებში, როგორ მიუწვდომელ სიმაღლეზე სუფევდა ამ ადამიანის სული, აზროვნება! მარტო კაცი, ციხეში, ქურდებით გარშემორტყმული! მე თუ მკითხავ, სულის არნახული სიდიადეა!
და ბოლოს რა?! უმადური ხალხი, უშნო ჭორები. საუკეთესო შემთხვევაში: ,,მოკვდა რა… ნაშასთან ერთად… კაი კაცი იყო, შარაფი უყვარდა. ცოტას უბერავდა, თორე…”.
ციმბირში გატარებული პირველი ათი წლის შემდეგ, მერაბს მონანიების ქაღალდზე ხელის მოწერა შესთავაზეს. არ დათმო! კიდევ დაუმატეს და ოცამდე წელი ციხესა და გადასახლებაში გაატარა. ეწამა ჩვენთვის, რათა ჩვენ მონობიდან ვეხსნეთ!.. და – ,,მოკვდა, რაა…? კაი კაცი იყო, ნიშტიაკ…?”
ორმა სკოლის მერხის მეგობარმა, მიზნად დაისახეს და ოც წელზე მეტი თავგანწირული ბრძოლის შედეგად, სანაგვეზე გადააგდეს ამხელა იმპერია! როგორ, რითი?! მხოლოდ თავისი წესიერებით, მართლობით, სიმტკიცით და გაუტეხელობით! ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ზვიადი და მერაბი, საუკუნეში ერთხელაც თუ გაუჩნდა ერს, ისიც დიდი ბედნიერებაა! ვისღა ახსოვს დღეს ისინი? ვის?! არა და, მე რომ მკითხო, ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა იყოს აღმართული მათი – საქართველოს დამოუკიდებლობის რაინდისა და კლდის ძეგლი! ვინ გვყავს მათსავით დიდი?! ვინ?…
აი, დღესაც ეს ვართ ქართველები – ფარისევლები, შურიანები და უმადურები!
4. დამოუკიდებლობის დასასრული
მეამბოხე ტრიუმვირატმა (თ.სიგუა, ჯ.იოსელიანი, თ.კიტოვანი) მშვიდობის დასამყარებლად, მოწყენილი ქართველი ნაცარქექიების ბოლო იმედი – ედუარდ შევარდნაძე მოსკოვიდან ჩამოაბრძანა და გაამეფა. პატრიარქმა ის მონათლა, ძლევამოსილი წმინდანის სახელი – გიორგი უწოდა და ხალხიც მის წინაშე, ერთგულების ნიშნად დააჩოქა. ამავდროულად, საქართველოს ეწვია (ჰოი, საოცრებავ!) ასიათასობით ქართველის ეთნოწმენდის შემოქმედი გენერალი პავლე გრაჩოვი. ,,ერთმორწუნე ძმობის“ დამადასტურებელი ბოლო აკორდიც ამაღელვებელი გახლდათ – გენერალი პატრიარქთან ერთად, ცოდვების მოსანანიებლად, ანანურში განმარტოვდა და იქ პირველიერარქის ხელითვე მოინათლა. ასე შეემატა სამყაროს ორი დიდი ქრისტიანი – პავლე და ედუარდ-გიორგი. პირველი, რათა იქედან ,,ზეციურ რუსეთში“ მოხვედრილიყო, მოსკოვს გაემგზავრა, ხოლო მეორე – ,,ზეციური საქართველოს“ მომავალი მოქალაქე, ჩვენთან დარჩა.
მოგვიანებით (1993 წელი) ზვიად გამსახურდია ზუგდიდში დაბრუნდა და ,,სამხედრო ხუნტის“ წინააღმდეგ ბრძოლა განაგრძო. დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, პარალელურად, მიმდინარეობდა დაუნდობელი ომი რუსულ შენაერთებთან და აფხაზ სეპარატისტებთან აფხაზეთში, ასიათასობით ადამიანი დევნილად იქცა, ათასობით ახალგაზრდა დაიხოცა…
თავდაპირველად ,,ფსოუს წყლის დასალევად“ მსუბუქ გასეირნებად მიჩნეული საზეიმო სვლა, დაუნდობელ ომში გადაიზარდა. აფხაზეთის ტერიტორიაზე: ქართველთა, რუსთა, აფხაზთა, ჩეჩენთა, კაზაკთა, სომეხთა, ბერძენთა და სხვათა სასაკლაო ამოქმედდა. შენ ოღონდ სისხლი გაგეღო – საბჭოელი ბიძიების მიერ დადგმული ხორსაკეპი კეთილსინდისიერად მუშაობდა! ბევრისთვის აქამდე გაურკვეველი დარჩა, რუსებს ეომებოდნენ თუ მეგრელებს, თუ ორივეს ერთად?
… 1993 წლის 31 დეკემბერს წალენჯიხის რაიონის მიკარგულ სოფელ ხიბულაში, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, გაუთავებელი დევნითა და ღალატით დაღლილი, ქანცგაწყვეტილი და მარტოსული, მოკლეს თუ თავი მოიკლა. ,,წმინდა გიორგის“ ორდენით გამშვენებულმა ცკ-ს მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ კი, ჩვეული კომუნისტური სიმტკიცით, ჯერ ,,ზვიადისტები“ დაიჭირა-დახვრიტა, ხოლო შემდეგ ,,გვარდია“-,,მხედრიონს“ დაერია და წამებაში სული ამოხადა. დადგა, ერთის მხრივ, უშუქობის, შიმშილისა და სიცივის, პარაფინის სანთლის, ნავთისა და ალკოჰოლის სურნელით გაჟღენთილი კუპონების და, მეორეს მხრივ, დაკაიფებული კანონიერი ქურდებისა და დაპურებული ,,ელიტის“ ,,საყოველთაო სტაბილურობის“ ეპოქა. ,,ზვიადისტებად“ და ,,პუტჩისტებად“ გახლეჩილი ერი მუდმივი მეორედ მოსვლის მოლოდინის რეჟიმში ცხოვრებას შეუდგა…
აღარავის ახსოვდა თვალწასული ,,ჩულქი“ და მერსედესი, მით უმეტეს, დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერთა ვინაობა, სამაგიეროდ, მოსკოვის ბრძანებით საქართველოში უკვე ძალოვანი მინისტრები ინიშნებოდა, რუსული ბაზები იდგა და აფხაზეთ-სამაჩაბლოსკენ გზა დაკეტილი გვქონდა.
P.S.
ასე იყო თუ ისე, ,,წითელ იმპერიას“ მტანჯავი კრუნჩხვები დაეწყო – მშობიარობა სასტიკი შეტევითი ტკივილებით, სამოქალაქო ომის საშინელი ჭინთვებითა და სისხლდენით წარიმართა. შედეგად, ცივი, უშუქო, არყით გაჟღენთილი ჩვილი დაიბადა. ,,დედა სსრკ“ – მშობიარობას, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის ნაყოფი – ღალატს, შურსა და ვერცხლის სიყვარულს გადაჰყვა… ჩვენ კვლავ ვერ დავინახეთ ერისთვის სასიცოცხლოდ მთავარი წყალგამყოფი – რუსეთი და თავისუფლების ახალშობილი ბავშვი, მეოცე საუკუნეში მეორედ მდინარეში ჩავახრჩვეთ…
ქართველებს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის, საკმაოდ, დიდი, უარყოფითი, მაგრამ ჭკუის სასწავლებელი გამოცდილება დაგვიგროვდა: ვიწყებთ თითქოს კარგად – ,,ცეკას” მდივნების, ძველი ინტელიგენციის, კრიმინალებისა და გაამაყებული იერარქების ფეოდალური მმართველობის ნგრევას და ვამთავრებთ მათი ახალი კლანებით ჩანაცვლებით – ვკლავთ თავისუფალ ბაზარსა და ჯანსაღ კონკურენციას; ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის და უშედეგოდ ვცდილობთ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები. წარუმატებლობის მიზეზი კი ერთია –ჯერ თვით უნდა გახდე თავისუფალი და მხოლოდ შემდეგ შეძლებ გაათავისუფლო სხვა. ასეთია გზა პიროვნული თავისუფლებიდან – თავისუფალ საზოგადოებამდე.
ზურაბ ოდილავაძე. 2013 წელი, იანვარი.
odilavadze
ზურაბ ოდილავაძე. 2013 წელი, იანვარი.
odilavadze
Комментариев нет:
Отправить комментарий