вторник, 17 марта 2015 г.

თედო სახოკია - "თქვენ რაღას მისდევთ?!




თედო სახოკია (დ. 15 მარტი, 1868, სოფ. ხეთა, ზუგდიდის რაიონი – გ. 17 თებერვალი, 1956, თბილისი), ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი.


1886 წლიდან სწავლობდა ჯერ ჟენევის უნივერსიტეტში, შემდეგ პარიზის სორბონის უნივერსიტეტში. 1902 წლიდან იყო საფრანგეთში მყოფი ქართველების გაზეთის „საქართველოს“ თანარედაქტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ დაიწყო. თანამშრომლობდა სხვა ჟურნალ-გაზეთებში, როგორც დროება, სახალხო გაზეთი და სხვები. 

1916 წლიდან საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში. მისი თარგმანები ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია. თედო სახოკიამ შეკრიბა და გამოაქვეყნა „ქართული ანდაზები” (1967) და „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი“ (ტ. I-III, 1950-55).


მკითხველს ვტავაზობთ მის წერილს "თქვენ რაღას მისდევთ?!"


თედო სახოკია


"თქვენ რაღას მისდევთ?!"

სამეგრელოს "ავტონომიის" კითხვა აღძრულია ერთ ჯგუფ "მეგრელ ავტონომისტთა" მიერ. ეს კითხვა, როგორც ესენი ბრძანებენ, აღძრულია მათის სიყვარულისა და მზრუნველობით მეგრელთა პროლეტარიატის მიმართ, რომელნიც, როგორც ცალკე "ეროვნება", თურმე ნუ ბრძანებთ, იჩაგრებიან საქართველოს უდღეური სუვერენიტეტისაგან ...


მკითხველს უკვე გაცნობილი ექნება პრესაში დაბეჭდილი წერილები ამ ავტონომისტთა უსუსურობის, თუ გნებავთ, მოღალატური საქციელისა და ბოროტ ზრახვათა შესახებ. საერთო აღშფოთების ჟამს არ შემიძლია ჩემი, როგორც ქართველისა, კერძოდ, სამეგრელოს მკვიდრის, ხმაც არ შევუერთო და არ გამოვთქვა ჩემი გულისწყრომა სამეგრელოს ამ არამკითხე პატრონების მიმართ.

როგორც ქართველი ერის განუყრელ, ორგანიულ ნაწილს, სამეგრელოს, რომელსაც თავისი დღენი, რაც თავი ახსოვს, დედაქართველთან უცხოვრია საერთო ცხოვრებითა, მათთან ერთად ერთ უღელში შებმულს უწევია ცხოვრების ჭაპანი, მათთან ერთად შეუქმნია საერთო კულტურა, ახლა, ამდენ საუკუნეთა შემდეგ, ვიღაც გარეწარი გამოდის და ურჩევს - შენს ღვიძლს დედას გულიდან უნდა მოსწყდეო?!. 

როგორ, "საქართველოს სუვერენიტეტი" ჩაგრავს სამეგრელოსა, რომელსაც მთელი საქართველო თვალის ჩინსავით ულოლიავებს? ნუთუ მეოცე საუკუნეში ვინმემ უნდა თქვას: მეგრული სხვა არის და ქართული კიდევ სხვაო?! სხვა არის ის მეგრული, რომელშიაც თითქმის ასი პროცენტი ქართული ძირის სიტყვებია? ის მეგრული, რომელიც წარმოადგენს აწინდელის ქართულის შევსებას?! მეგრულს ოჯახში, შინაურობაში, ხმარობს ხალხი, მაგრამ მეგრული, როგორც დამახასიათებელი ეროვნებისა, არ არსებულა, ყოველსავე შემთხვევაში ქრისტეს აქეთ. საუკეთესო მცოდნენი ქართულის ენისა სამეგრელოს მოუცია ქართული კულტურისათვის. მარტო სახელოვანი მქადაგებელი ანტონ ჭყონდიდელი და საქართველოს ისტორიკოსი და ქართული გრამატიკის შემდგენელი თ.ჟორდანია კმარა, რომ სხვათა მთელი გუნდი არ ვახსენოთ.

ყოველივე "მეგრელ ავტონომისტთაც" მშვენივრად იციან. იციან და მაინც ვითომდა "სამეგრელოს პროლეტარიატის" ქომაგთა როლსა კისრულობენ და გაიძახიან და ვითომ ვიღაცეები უნდა დაარწმუნონ - სამეგრელოს ხალხი ცალკე ეროვნებას შეადგენს.

გვეთაკილება კიდეც ამ საანბანო ჭეშმარიტებაზე მეგრელებსვე ვეკამათოთ, და გვინდა ვეკამათოთ, მხოლოდ გვინდა სამზეოზე გამოვიტანოთ ნამდვილი მიზეზი ამისა - ეს უდავო ჭეშმარიტება სადავოდ რად გახდა, უხრიკავი სახრიკავად რამ აქცია.

ყველას მოგეხსენებათ, რომ მეგრული ენის საკითხი რუსების შემოსვლამდე არ არსებობდა. ეს საკითხი გაჩნდა მას აქეთ, რაც რუსებმა საქართველოში ფეხი მოიკიდეს. როცა საქართველოს სხვადასხვა სამთავროები გაუქმდა და ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა ნაწილები გაერთიანდა, რუსის მთავრობამ იგრძნო ამ გაერთიანების საშიშროება და გადაწყდა ხელოვნურად შეექმნა დაქუცმაცება ჩვენის ქვეყნისა. 1870-იან წლებში იერიში მიტანილ იქნა სამეგრელოს სკოლებზე.აქ სამინისტრო სკოლებიდან ქართული ენა გამოდევნილ იყო, როგორც არადედაენა და პირდაპირ რუსულის საშუალებით ასწავლიდნენ საგნებს. ასე იყო საქმე "სამოქალაქო" და "ნორმალურ" სკოლებში. ამ სკოლებში მყოფი შეგირდები ქართულის,ანუ, როგორც ისინი ამბობდნენ და დღესაც ამბობენ, "ჩქინობურას" ე.ი. (ჩვენებურას) წერა-კითხვას კონტრაბანდით, შინაურულად, მალვით თუღა სწავლობდნენ.

ასე მიდიოდა სამეგრელოს გარუსების საქმე 1890 წლამდე. ამ ხნიდან იწყება უფრო "დასაბუთებით"უარყოფა ქართული ენისა, როგორც სამშობლო ენისა, რომლის საშვალებით უნდა მომხდარიყო. თანახმად რაციონალური პედაგოგიის მოთხოვნილებებისა, სწავლა-აღზრდა სამეგრელოს მოზარდი თაობისა. ამ ხნიდან სცენაზე გამოდის კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი იანოვსკი (ტომით პოლონელი) და მისი მარჯვენა ხელი ლევიცკი (ისიც პოლონელი). ლევიცკიმ ჯერ შემოიღო ეგრეთ წოდებული "მუნჯური" მეთოდი სკოლებში, რომლის მიზანი იყო რუსული ენის შესწავლა ჯერ უშუალოდ, დედაენის დაუხმარებლად და მერე სრულიად განდევნა ქართული ენისა საქართველოს სკოლებიდან. ლევიცკის "მუნჯურ" მეთოდს ხმალამოღებული დაუხვდა ჩვენი ნეტარხსენებული პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი და აღმოსავლეთ საქართველოში გასავალი არა ჰქონდა. 

სულ სხვანაირად მიდიოდა საქმე იმერეთში სადაც ლევიცკი სკოლების საგუბერნიო ინსპექტორად იყო. განსაკუთრებით იერიში მიიტანეს სამეგრელოს სკოლებზე. აქ ხელზე დაიხვიეს მეგრულის არსებობა, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს სხვა, განსაკუთრებული ენა არისო. რა თქმა უნდა, ლევიცკებისათვის ხელსაყრელი არ იყო აღიარება იმისა, რომ ეს სხვაობა მხოლოდ გარეგნული იყო და რომ არსებითად ქართულ ენას, როგორც ლიტერატურულს და სამშობლო ენას, უნდა დაეჭირა ადგილი სამეგრელოს სკოლებშ

ი.

ლევიცკიმ ხონის სემინარიის მასწავლებელ პეტროვს მეგრელთათვის ცალკე ანბანიც შეადგენინა, რა თქმა უნდა, რუსული ასოებით და იმავე სემინარიის მუშაკის და შემდეგში "ცნობილი" თადა აშორდიას საშვალებით მეგრული ხალხური ზღაპრები თუ ლექსებიც ჩააწერინა; ეს სახელმძღვანელო უნდა გამხდარიყო სამეგრელოს სკოლებში. თ. აშორდიას კარგი ადგილი მისცეს, მატერიალურად უზრუნველყვეს, თან დაავალეს, ზუგდიდის მაზრაში ქართული ენა, თუკი სადმე არსებობდა ასეთი, სკოლებიდან გამოედევნა და ხელი შეეწყო რუსული ენის განმტკიცებისათვის. 

აშორდიას თავის მხრივ აგენტებიც გაუჩნდნენ და გააჩაღა საქმე; სამეგრელოს სკოლა გადაიქცა ბავშვების დაჩლუნგებისა და გადაგვარების ერთგვარ ქარხნად. ერთი თოფის დაცლით მთავრობამ ორი კურდღლის მოკვლა მოახერხა: სამეგრელოს სამინისტრო სკოლებიდან ქართული გამოდევნა და გარუსების გზაზე შეაყენა სამეგრელოს მკვიდრნი.

სამშობლო ენას, ქართულ ენას თუ კიდევ სული ედგა სამეგრელოში, ისევ სამრევლო სკოლებში. მიზეზი ამისა ის იყო, რომ ღვთისმსახურების ენა ეკლესიებში ქართული იყო და, რაკი სკოლები მრევლში, ეკლესიებთან იყო გახსნილი, ენაც ქართული უნდა ყოფილიყო სახმარად ასეთ სკოლებში. გაიმართა ჯერ ყრუ ბრძოლა სამინისტროს უწყებასა და ადგილობრივ სასულიერო უწყებას შორის ამ ნიადაგზე, მაგრამ გამარჯვებული ჯერჯერობით სასულიერო უწყება რჩებოდა, მხოლოდ დიდხანს არა. ლევიცკიმ გადაწყვიტა სხვა მხრივ მოეარნა საქმისათვის. ამავე აშორდიას ახალი მისია, გიორგი მთაწმინდელობა დააკისრა. აშორდიას უნდა "ეთარგმნა" საღმრთო წერილი ქართულიდან მეგრულად. ეს, ლევიცკის აზრით, განდევნიდა სამეგრელოს სამრევლო სკოლებიდან ქართულ ენას, მაგრამ მთელი სამეგრელო, როგორც ერთი კაცი, ფეხზე დადგა ასეთი უხამსობისა და არამკითხე ჭირისუფლების წინააღმდეგ და ეს კოლექტიური გულისწყრომა და აღშფოთება სამეგრელოს მკვიდრთა გამოიხატა მაშინდელი გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლის დასაბუთებულ მოხსენებაში, რომელშიაც სამეგრელოს წარმომადგენელი ერისკაცნი, სხვათა შორის, ნიკო (დიდი) დადიანი მისთვის ჩვეული ოსტატობით ამტკიცებდა მთელს უგვანობას და უსაფუძვლობას ასეთი განზრახვისას. გრიგოლის მოხსენებას საფუძვლად დაედო მოხსენება ეპისკოპოს ბესარიონისა, რომელსაც, როგორც სამეგრელოს მკვიდრს, მოსთხოვეს თავისი აზრი წარმოედგინა მეგრულად საღმრთო წერილის თარგმნის შესახებ. ეპისკოპოს ბესარიონის მიერ შედგენილ კომისიაში, სხვათა შორის, მუშაობდა ჩვენი ისტორიკოსი თ. ჟორდანია, რომელმაც სავსებით დაასაბუთა მთელი უაზრობა და ზედმეტობა ასეთი ცდისა.
ეპისკოპოს გრიგოლის მოხსენებამ ერთხანს შეაჩერა მეგრულად საღმრთო წერილის მთარგმნელნი და, მაშასადამე, სამეგრელოს სკოლებში ქართული ენაც დარჩა.

მაგრამ, აჰა, საქართველოს საეგზარქოსოს საეპარქიო სკოლათა მეთვალყურედ დაინიშნა დეკანოზი ივ. ვოსტორგოვი. ამჟამად საქართველოს სასულიერო უწყების სწავლა-განათლების საქმეს სათავეში ჩაუდგა ანაფორას ქვეშ ამოფარებული ჯალათი და სულთამხუთავი ჩვენი სულისა, ეს ებრაელთა იროდი ჩვენი ყრმებისა, ეს კარიერისტი და საუკეთესო განმახორციელებელი რუსთა სახელმწიფოს მტარვალური მთავრობის გამარუსებელი და გამანადგურებელი პოლიტიკისა. მაბეზღარობა, ჯაშუშობა, გამცემლობა, მუხანათობა გაჩნდა მასწავლებელთა შორის...

განსაკუთრებით სამეგრელოსათვის შეიქმნა მძიმე დეკანოზ ვოსტორგოვის ფარფაში. იგი თამამად იძახდა - მეგრელები სხვანი არიან, ქართველებთან საერთო არაფერი აქვთ და ამიტომ ქართული ენა მათს სკოლებში არ უნდა ისწავლებოდეს, მის მაგივრად რუსული, სახელმწიფო ენა, ასწავლეთო. ბოლოს იმდენად გაკადნიერდა ეს ანაფოროსანი პოლიტიკანი, რომ პრესაშიაც გაბედა ამის მტკიცება. ალბათ მკითხველს ახსოვს პროფესორ ნ.მარის პასუხიცა; აკადემიკოსმა ნ.მარმა მიწასთან გაასწორა მეტიჩარა, პოლიტიკანობით დაბრმავებული დეკანოზი, რომელმაც ისეთ სფეროში შეტოპა, სადაც არავითარი კომპეტენცია არ ჰქონდა და გამოაჩინა მარტოოდენ უსუსურობა. 
მაგრამ ახლა მეორე მხრიდან მოიტანეს იერიში ქართულ ენაზე. სოხუმის ეპარქიაში მთავრობა რუს ეპისკოპოსებს გვიგზავნიდა. ამ ეპისკოპოსებმა და განსაკუთრებით არსენიმ ბრძანება გასცეს, სამურზაყანოში და მთლიანად აფხაზეთშიც წირვა-ლოცვა რუსულად უნდა ყოფილიყო. სოხუმში ჟანდარმერიის დახმარებით სდევნიდა სასულიერო მთავრობა ყველას, ვინც მრევლის გულისნადების გამომჟღავნებას გაბედავდა და მოითხოვდა წირვა-ლოცვის შესრულებას სამშობლო ენაზე ეკლესიებში. ვინ მოსთვლის, რამდენი ოჯახი აატირეს ამ ნიადაგზე. 

1905 წ. რევოლუციამ ცოტათი შეანელა ჩვენი რუსიფიკატორების გულმოდგინება. რევოლუციის შემდეგ, რეაქციის დაწყებისთანავე, ბნელეთის ძალნი ისევ ამუშავდნენ. 1918 წ. ფოთში მასწავლებელ სტეფანე გაგუას ინიციატივით უკვე თვით მეგრელები გამოვიდნენ ლევიცკი-ვოსტორგოვის მიერ დაწყებული საქმის განმგრძობნი, როგორც მოხალისენი. მაგრამ ყველას ბალღთა ლაღობად მიგვაჩნდა მათი ნაცოდვილი და სერიოზულობაში არ ჩამოგვირთმევია, სანამ 1925 წელს, როცა ყველაზე ნაკლებ მოველოდით ასეთი ავანტიურის გაღვიძებას, ზუგდიდში დაიწყო ავტონომიის ნიადაგის მზადება. მაფალუელთა ჯგუფმა მოსკოვში თხოვნა გაგზავნა: "გვიხსენით საქართველოს სუვერენიტეტისაგან, სამეგრელოს "პროლეტარიატის საცოდაობას ნუღა უყურებთ და უშუალოდ შეუერთეთ რუსეთის პროლეტარიატსო".

მკითხველს ნებას ვთხოვ, მეგრული ანდაზით მოვათავო ჩემი მოკლე საუბარი: "მწევარი კურდღელს მისდევს, მაგრამ კურდღელი რაღას მისდევს? (წიარი კურდღელ მეთხოზუნია, მარა კურდღელი მუს მეთხოზუნია?).

ლევიცკი-ვოსტორგოვები ყველამ იცის, რასაც მისდევდნენ, მაგრამ თქვენ, სამეგრელოს "ავტონომისტებო", თქვენ რაღას მისდევთ?!..
georoyal


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий