четверг, 26 марта 2015 г.

სიტყვა თქმული 6 მაისს, ამაღლებასა ზედა, დაბეზღებისათვის, 1882 წელსა


გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა
ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდენ და გდევნიდენ და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის. მათე 5:11



ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო!
თუმცა დღეს დიდი ქისტიანული დღესასწაულია და ჯერ იყო იმაზედ უბნობა თქვენთანა, გარნა ჩვენ განვიზრახეთ თქმა სიტყვისა სხვა საგანზედ, რომელზედაც ჯერედ ერთხელაც არ გვითქვამს თქვენს წინაშე და რომელზედაც უბნობა ერთობ საჭირო არის.
ერთი დიდი და მავნებელი, შემარცხვენელი ქვეყნისა, სულიერი სენი, ცოდვა და ვნება გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში და მოითხოვს ჩვენგან, მოვალეობისამებრ ჩვენისა, მივაქციოთ მასზედა ყურადღება და ვამხილოთ იგინი, რომელნიც ემორჩილებიან იმას და მით ირცხვენენ თავსა, ადაბლებენ სახელს და პატივს ჩვენი ქვეყნისას. რომელია ეს ვნება ანუ ცოდვა? ეს არის საიდუმლო შესმენა ანუ დაბეზღება კაცისა მთავრობასთან, სიტყვითა და უმეტესად საიდუმლო, უსახელო, ანუ მოგონებული სახელის წერილით. თუ ვისმეს ჩვენში შური და მტერობა აქვს ვისმესთან და უნდა როგორმე მას ავნოს, ხოლო პირდაპირ, განცხადებით ვერაფერს ავნებს და თვითონაც ფარისეველია, ანუ ეშინია, მაშინ საიდუმლოდ მთავრობასთან დააბეზღებს წერილებით, რომელსა შინა სხვა და სხვა ნაირს ბრალს დასდებს მასზედა.
ეს არის ერთობ სასირცხო და საზიზღარი საქმე! იგი გამოაჩენს დაცემულსა და მდაბიოსა ხასიათსა კაცისასა. ერთობ გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში ამისთანა ვნება! ნამეტნავად დაეცა ჩვენი ქვეყანა და მოაკლდა მას უმაღლესი მთავრობისაგან რწმუნება. გაკვირვებულია მთავრობა - რა ხალხია ეს ხალხიო: ერთმანეთს სვრიან, აშავებენ, სჭამენო. მართალია, სხვა ქვეყნებშიაც არის ამისთანა ცოდვა, მაგრამ არა იმ ზომად, როგორც ჩვენს ქვეყანაში. უეჭველია ისიც, რომ ერთი ანუ ორი რომ იყოს ერთ დიდ მხარეში ამისთანა ცუდი საქმის მოქმედი, მთელს ქვეყანას არ უნდა დაედვას ცუდი სახელი. მაგრამ ასეა ქვეყნის ჩვეულება და მიმართულება! ერთი კაცის მიმართულება და მოქმედება მრავალ სხვა კაცს, მის მეზობელს, გაუფუჭებს სახელს. ამისთვის ვსთქვი მე, რომ ჩვენს ქვეყანას გაუფუჭდა სახელი. გარნა, ვინც შეკრულია ამ ვნებით, ვინც შურიანია და ბოროტი გული აქვს, იმას რა ენაღვლება! იგი კმაყოფილია, თუ ვისმეს დაასხა თვისი შხამი, გესლი.
თუ ვინმე ამისთანა საცოდავი კაცი ისმენს ახლა ჩემს სიტყვებს, მას მე ერთს საბუთს მოვუყვან: ნუ ჰკარგავ ტყუილად დროებას და ხარჯს! რისთვის შრომობ? არაფერი გავლენა არა აქვს შენს შესმენას და დაბეზღებას? დიდი ხანია შეიტყო უმაღლესმა მთავრობამ, რა ფასი აქვს შენს დაბეზღებას და სრულიად ყურადღებას აღარ აძლევს მას. შენს თავს დიდს ცოდვაში და ღვთის წინაშე პასუხის გებაში აგდებ და შენს სურვილსაც ვერ აღასრულებ, ესე იგი, არავინ გიჯერებს. დიდ ცოდვაში შესდიხარ მეთქი, და ეს ცხადია: დაბეზღება, შესმენა არის ცილის წამება, ნაყოფი მტერობისა და სიძულვილისა, ხოლო საღმრთო წერილი შურისძიებას, მტერობას და ცილისწამებას დაამზგავსებს და უწოდებს კაცის კვლად. მაშასადამე ამისთანა საშინელ ცოდვას მიიღებს თავის თავზედ დამბეზღებელი, შემასმენელი, და თავის განზრახვას და მიზანს მაინც ვერ მიაღწევს.
გსურსა, ძმანო, მსმენელო, მოგიყვანო ერთი გასაკვირველი მაგალითი იმ აზრისა, რომ დამბეზღებელი თავის თავს ავნებს, ცოდვას იღებს თავის თავზედა და თავის სურვილს და განზრახვას ვერ აღსრულებს?
ოცდასამი წელიწადი ვარ მე ამ სამწყსოში, და ვგონებ, ნამეტანი არ იქნება, რომ ვსთქვა, ორასი მაინც, თუ არა მეტი, დაბეზღება და შესმენა მოუვიდა ჩემზე უმაღლეს მთავრობას. რა ცოდვა და უსჯულოება არ მომაწერეს იმ დაბეზღებაში! მაგალითებრ: კაცის კვლა ერთ დაბეზღებაში პირდაპირ იყო თქმული. რაჭაში, თვით საკურთხეველში, მღვდელი გურგენიძე მოკლაო, რომელიც მე არც კი მახსოვდა, თუ იყო ამ გვარის მღვდელი იქა. მრუშება, მეძაობა, ქურდობა, წმიდათა მპარაობა, ხელმწიფის ღალატობა! პირჯვრის წერა სულ არ ვიცი, უსამართლოცა ვარ, უღმერთო, ანგაარი ვარ, მოქრთამე და კიდევ სხვა მრავალი, ვინ მოიგონებს ახლა, ვის გაახსენდება! და რა გამოვიდა ყოველთა ამ ურცხვთა შესმენათა და დაბეზღებათაგან? სრულიად არაფერი! მთავრობას რომ მართლა დაეჯერებია ერთი მაინც ამათგანი, როგორღა დამაყენებდა აქ! ჭეშმარიტებას ვიტყვი, მე თვით იგინი მეცოდვებიან, რომელნიც ამდენს მაბეზღებენ, არა თუ ვემდური და ვუწყრები მათ! მე კი არ მამტყუნებენ, არამედ თავის თავს ამტყუნებენ; საკუთარის ხელით სიგელს სწერენ თვისი ცოდვისას, რომელიც მათ დღესა სასჯელისასა წარმოუდგება შესარცხვენელად. მე კი არ მავნებენ, იგინი თვის თავს ავნებენ; მე კი არ მაშავებენ, თავი თვისი გააშავეს და თვისი სამშობლო. ღვთის წინაშე დიდ პასუხის გებაში ჩავარდებიან, თუ არ შეინანეს.
ამაზედ უმეტეს რამეს გეტყვი, თუ გინდ არ დაიჯერო: მე კიდეც მიხარია და მადლობელი ვარ მათი, ვინც ასე მდევნის და მასმენს მთავრობასთან. ეს როგორ იქნებაო, იტყვი შენ, რა არის აქ სასიხარულოო? აი რა: ერთ კარგ წიგნში, რომელიც მე მიყვარს და თქვენცა, ესრედ არის დაწერილი: ,,ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ და სთქვან თქვენზედა ყოველი სიტყვა ბოროტი”. აი ეს სიტყვა მანუგეშებს მე. გაამრავლონ ჩემზედ ყვედრება, ცილისწამება, დაბეზღება, - ამით მე იგინი კეთილს მიყოფენ, სხვა რამე კეთილი და სათნო ღვთის წინაშე არაფერი მიქნია. ჩემი დიდი წოდება მე ცოდვილმა ვერ გავამართლე და ყოველთვის მეშინია, რომ არ დავისაჯო ღვთისაგან, გარნა იქნება ამით მაინც შემიწყნაროს ღმერთმა და არ დამსაჯოს, რომ ვითმენ ამას ყოველსა სულგრძელად. არ ვუჩივი მათ ღმერთთან ლოცვაში, არამედ კიდეც ვევედრები: მიუტეოს მათ, გაასწოროს მათი ცუდი ხასიათი. ვინ იცის, იქნება რაითმე შევსცოდე მათ, თუმცა არ მახსოვს, ვის და რით; გარნა, მაინც არ უნდა იქმოდენ ამისთანა საქმეს. უთუოდ ღვთის განგებით არის ეს, რომ ამოდენი ყვედრება, ცილისწამება და სიტყვა ბოროტი დამედვა მე. იქნება ამით ჰსურს ღმერთს განწმენდა ჩვენი ცოდვებისა და ცხონება ჩემი ცოდვილი სულისა.
და ისიც შეიძლება, რომ ჩემთა დამბეზღებელთაგანი და ცილის მწამებელთაგანი არა თუ დაჩაგრული იყოს ჩემგან, არამედ დაჯილდოებულიც: თუ იგი ერის კაცია, უთუოდ ერთი შენდობა მაინც მიუღია ჩემგან, ერთხელ მინც ჯვარი გადავსწერე მას. ესეც კეთილის ყოფაა. გარნა უფრო საფიქრელია, რომ, ის ჩემი მარადის დამბეზღებელი, არის ერთი ვინმე სასულიერო წოდების კაცი. იქნება ჩემგან კიდეც არის დაჯილდოებული და ამაღლებული, და მაინც მემტერება მე და ცდილობს გამაშმაოს - ესეც შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში. მე ღმერთი უფრო შემიბრალებს და მომიტევებს ჩემს ცოდვებს, გარნა იმ საცოდავს უდიდესი ბრალი დაედება. მტერზედაც არ გვაძლევს ნებას უფალი იესო ქრისტე შურის ძიებისა და ცილის წამებისას, და თუ კეთილის მყოფელისა ვინმემ იკადრა ცილის წამება, დაბეზღება და შესმენა, სადღა დაემალება იგი განკითხვასა ღვთისასა? უკანასკნელს შემთხვევაში სწორედ ჩემ ცოდვილ თავზედაც აღსრულდა სიტყვა დავითნისა:
რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე (ანუ მაბეზღებდეს), რამეთუ ვსდევდი (ვეძებდი) სიმართლესა, იყვან ნება უფლისა! ამინ.
The National Library of Georgia




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий