пятница, 7 ноября 2014 г.

გაუგებარი 'რელიგია' ანუ ქართული გონების გასაჭირი





ინდურ კონსტიტუციაში წერია, რომ ინდოეთის სახელმწიფო არის 'დჰარმა-ნირაპესკა', ხოლო ბერძნულში კი თითქმის პირიქითაა, იქ ფიგურირებს 'ეპიკრატუსა თრესკეია'.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ორივეგან რელიგიაზეა საუბარი, რელიგიას ინდურად, ტრადიციულად დჰარმა ეწოდება, ხოლო ბერძნულად - თრესკეია და ეს სიტყვები დღესაც აქტუალურად გამოიყენება, იმდენად აქტუალურად, რომ მათ კონსტიტუციის კარიც კი შეაღეს.

ინდოეთი რელიგიის მიმართ ნეიტრალურია, ხოლო საბერძნეთში უპირატეს რელიგიას აღიარებენ.

მსგავსი მაგალითების გამრავლება შეიძლება, მაგრამ უკვე თვალნათელია, რომ ცნება Religion მის სხვადასხვა ენობრივ ვარიაციებში ევროპული, ევროცენტრული და დანარჩენი მსოფლიოსთვის, თვით თანამედროვე ევროპის შიგნითაც კი, მინიმუმ პირობითი ცნებაა თუ არა თავსმოხვეული საერთოდ.

ამ ცნების შემოტანა ჩვენგანარგავლილი განმანათლებლობის მონაპოვარია და გარკვეულ ევროპულ რეალიებს უკავშირდება. დავიწყოთ თავიდან, რომაული religio, რაც თავიდან ქრისტიანებმაც აითვისეს და 'ვერა' მიამატეს, მალევე უკვალოდ გაქრა, ჩანაცვლდა ისეთი ლექსიკით, როგორიცაა, fides, lex, sectae...თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა და ბერული მოწესეობის აღმნიშვნელ ცნებად იქცა, ამ წესის მიმდევრებს ეწოდებოდათ religiosi...

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ რომაელები 'რელიგიოს' არა ზოგადი დიაპაზონის ცნებად იყენებდნენ, არამედ როგორც ტიპიური რომაული ქვესათნოების(იუსტიციას და პიეტასს დამორჩილებულის) აღსანიშნავად. მოკლედ, სხვა ხალხების რწმენით სისტემას ისინი რელიგიას არ ეძახდნენ.

'რელიგია' რომელიც პირველად ჰოლანდიელმა თეოლოგმა ჰუგო გროტიუსმა  იხმარა, როგორც ზოგადი ცნება 1627 წელს, თავის ტრაქტატში, შედეგია ე.წ. 'ბუნებრივი (და არა ბუნების) რელიგიის' თეორიის ჩამოყალიბება-განვითარების და რელიგიის ევროპული ფილოსოფიის პროდუქტია. ევროპამ, რომელიც იმ დროს რელიგიური ომებით იყო მოწყლული, იპოვა თეორიული გამოსავალი: მართალია ეკლესია, როგორც ფიდესის ინსტიტუტი, ომის და ძალადობის წყაროა, მაგრამ ყოველ ადამიანში, ადამიანის ბუნებაში არის კეთილი რელიგიაც, სათნოება, როგორც ზოგადაადამიანური უნარი, ინსტიქტი თუ განცდა. ესაა რუსოს 'ცივილური რელიგიის' საფუძველი. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ამ თეორიის განვითარებაში, როგორც ყველაფერში, კანტის ღვაწლი, რომელიც იმ წარმოდგენას, რომ სხვადასხვა რელიგიები არსებობენ, დასცინის. არსებობს მხოლოდ ერთი, ადამიანური  რელიგია და სხვადასხვა მიმდევრობები მხოლოდ მისი ვეჰიკელი ანუ სვეტებიაო...მოკლედ, საბოლოოდ მივიღეთ ერთი, ჰუმანური, ბუნებრივად სათნო და ზოგადი "რელიგია", რომელიც სხვადასხვა ისტორიული დჰარმა-თრესკეიებზეც გავრცელდა...

მოკლედ ასეა, სამწუხაროდ აქაური ფორმატი მეტი ახსნის საშუალებას არ იძლევა და არცაა საჭირო. ვისაც ეს ეცოტავება, ვურჩევ წაიკითხოს თენბრუკის ლექტურა: რელიგიის ზოგადი ცნების უქონლობა აზიური განვითარების ისტორიაში და სხვ. 
კანადელმა რელიგიოლოგმა,  Wilfred Cantwell Smith, შემოგვთავაზა, რომ რელიგიის ცნება გავაუქმოთ და შემოვიღოთ მის ნაცვვლად ორი: 'დაგროვებითი ტრადიცია' და 'რწმენა'... ხოლო იტალიელმა სწავლულმა რაფაელო საბატუჩიმ პირდაპირ მოითხოვა 'რელიგიის' საერთოდ დავიწყება და 'კულტურაში' გაზავება. 

ბოლო 100 წელია, რაც რელიგიის ცნების ირგვლივ გაცხარებული კამათი მიდის ევროპულ აკადემიურ სივრცეში, რასაკვირველია ეს კამათი სრულიად უცნობია ჩვენი უნივერსიტეტებისთვის, რადგან ის ინტერდისციპლინარული აკადემიური საგანი, რასაც იქ 'რელიგიის მეცნიერება' ეწოდება, ჩვენთან მრავალი მიზეზის გამო ვერადავერ დაფუძნდა.

ამიტომ რელიგიის, როგორც კომპლექსური, ზოგადკულტურული და მრავალმხრივი ფენომენის შესახებ ცოდნა ჩვენთვის უცხოა. და ეს გაჭირვება ყველაფრიდან ჩანს. რასაკვირველია, რელიგიის რეფლექსიას ან მის მცდელობას ჩვენთანაც გადაეყრებით, მაგრამ სიმპტომატურ დონეზე: 'რელიგია ნევროზია' ან 'კოლექტიური ინტერაქციის აქტი' ...

როდესაც ამასწინათ სკოლებში რელიგიის საგნის სწავლება მოინდომეს, მყისვე გამოჩნდა ეს დიდი აკადემიური ხვრელი ანუ რელიგიის პროფესიონალ მცოდნეთა არარსებობა და მგონი თვითონაც კარგად მიხვდნენ, ფაქტიურად უარი თქვეს ახალი საგნის შემოღებაზე, მიაფუჩეჩეს და ჩვენთან  ასეა თუ ისე ეტაბლირებულ სოციოლოგიაში გადაისროლეს. 

სხვა უფრო დიდი გასაჭირია ჩვენი თუ ჩვენი სამეზობლოს რელიგიური ძალადობის ახსნა და აქ პროფესორებმაც კი ფარ-ხმალი დაყარეს. როგორ, ისლამი ხომ მშვიდობიანი რელიგიაა და ისისი? ხალიფატი? სიკვდილის ცელი?

საქმე კი უბრალოდაა: როდიდანაა ისლამი რელიგია? თვითონ იწოდა თუ ევროპელებმა გააერთიანეს "რელიგიაში"?  ყურანში მას ეწოდება დინ. ესაა იგივე, რაც სჯული, წესი, კანონი... ამ სჯულის პრაქტიკას ყურანშივე ეწოდება ისლამი და ა.შ. იქ 4 თაობის სიტყვებია, მაგ. ისლამის ძირია ასლამ, რაც უხრწნელებასაც ნიშნავს და სპეციალისტებსაც კი უჭირთ ამ ხვეულებში გარკვევა.

ხოლო დინს რატომ უნდა წაუყენო ის მოთხოვნები, ის ზოგადი ცნება,  რაც ევროპულმა განვითარებამ, განმანათლებლობამ, რელიგიის ფილოსოფიამ, რუსომ, კანტმა და თუნდაც შედარებითი ფილოლოგიის წიაღში შობილი რელიგიოლოგიის (= religious studies,   Religionswissenschaft ) მამამ - ფრიდრიხ მაქს მიულერმა მოიტანა?


აცტეკებსაც ჰქონდათ 'რელიგია', თლამანილიტცლის ეძახდნენ, ერთმანეთს ცოცხლად გულებს აცლიდნენ, და ეს სიტყვაც იგივეს ნიშნავს, რაც  არაბული დინ ანუ წესი, ტრადიცია თუ ადათი! 

განა დიდი ხანია ეს 'რელიგია' ჩვენთან ხმარებაშია? 'რელიგიის კრიტიკას' არ შემოყვა? "შჯული", 'რჯული' და 'სჯული' გადაფარა. მაგრამ გახდა ამით ჩვენი რჯული ანუ მართლამდიდებლური ქრისტიანობა მართლაც ის ევროპული ფენომენი,  ცივილიზებული Religion?

ამრიგად, 2 გზაა: 1. ან ვაღიაროთ რომ არც ისლამი არც მართლმადიდებლობა და არცერთი აღმოსავლური ცოცხალი რელიგია არაა 'რელიგია' ანუ Religion. 

ან 2.ვაღიაროთ, რომ რელიგია ამბივალენტური ფენომენია, მას აქვს როგორც სიკეთის, ასევე ძალადობის პოტენცია. ეს რეალურად ისტორიამ დაადასტურა და ძალადობისკენ მოწოდებებს ვერც საღვთო წიგნებში მოვუხუჭავთ თვალს, თუმცა ეგზეგეტები ანელებენ ან ანეიტარლებენ ამ მოწოდებებს  და ა.შ.

რელიგია შეიძლება იყოს "ძალადობის საკრალიზაცია"(ვალტერ ბურკერტი) და ის მუსლიმი თუ ალაგ-ალაგ ქრისტიანი რადიკალებიც, დღეს რომ ათიათასობით იჩეკებიან, სულ არ კითხულობენ არც აიას მეცნიერებას  და არც ერაზმ როტერდამელს.

არ არსებობს კარგი რელიგია. არც ცუდი. რელიგია ამბივალენტურია.






Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий