среда, 8 октября 2014 г.

მილიონები ეკლესიას პოლიტიკური კრიზისების დასაძლევად?

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკა ორი არასამთავრობო ორგანიზაციის გამოკვლევის თემად იქცა. გამოკვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პოლიტიკა მართლმადიდებელი ეკლესიის პრეფერენციისა და აბსოლუტური პრივილეგირების მიდგომას ეფუძნება. რა ტენდენციები გამოიკვეთა გამოკვლევაში? რას ხმარდება სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკლესიისთვის გამოყოფილი მილიონობით ლარი? ირღვევა თუ არა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი?
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა 2013-2014 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, ასევე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან რელიგიური გაერთიანებებისთვის გადაცემული ფინანსური რესურსებისა და სხვა მატერიალური ქონების მასშტაბი და მიზნობრიობა შეისწავლეს.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსების ძირითად ნაწილს საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია იღებს. სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის მატერიალური მხარდაჭერა საკმაოდ მასშტაბურია და, ბიუჯეტიდან დოტაციის წესით მიღებული პირდაპირი დაფინანსების გარდა, სარეზერვო ფონდებიდან და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან თანხების მიღებასა და უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემას მოიცავს.

თამთა მიქელაძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ შესწავლილი დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა ძირითადად დაუსაბუთებელია. მისივე თქმით, გამოკვლევა ნათლად აჩვენებს, რომ პოლიტიკური კრიზისების დროს ეკლესიის დაფინანსება რადიკალურად იმატებს:
„ხელისუფლება, ხშირ შემთხვევაში, სწორედ საკუთარი ლეგიტიმურობის დასაფუძნებლად სარგებლობს ეკლესიის მხარდაჭერით და მისთვის ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. და რიგ შემთხვევაში, სწორედ ეკლესიის მხრიდან ლოიალობის მოპოვების საფუძველი არის დაფინანსება ხელისუფლების მხრიდან. დაფინანსების მოდელი სეკულარული და კანონიერი რეგულაციის ჩარჩოში უნდა მოექცეს და არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები რელიგიურ მიზნებს ხმარდებოდეს“.

2002 წლიდან, სახელმწიფოსთან დადებული საკონსტიტუციო შეთანხმებით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სპეციალური სტატუსითა და პრივილეგიებით სარგებლობდა. იგი  ერთადერთი  რელიგიური გაერთიანება იყო ქვეყანაში,  რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. შეთანხმების საფუძველზე, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს აუნაზღაუროს ეკლესიას მატერიალური და მორალური ზიანი, რომელიც მას მიადგა საბჭოთა კავშირის რეჟიმის დროს და იღებს ვალდებულებას, მოახდინოს ზარალის ნაწილობრივი კომპენსაცია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 25 მილიონი ლარია გამოყოფილი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორის ეკა ჭითანავას თქმით, ამ შეთანხმების მიღების შემდეგ პარიტეტულ საწყისებზე უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც მოამზადებდა შესაბამის ნორმატიულ აქტებს, დაითვლიდა მიყენებულ ზარალს და ა.შ., თუმცა, მისი თქმით, ამგვარი კომისია არ შემდგარა და, შესაბამისად, არ განსაზღვრულა რა რაოდენობის ზარალი მიადგა ეკლესიას და რა ვადებში უნდა მომხდარიყო ზარალის ანაზღაურება და რა მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ეკა ჭითანავა ფიქრობს, რომ ის 25 მილიონი ლარი, რომელიც მართლმადიდებლურ ეკლესიას უკანასკნელი წლების მანძილზე ერიცხება, ვეღარ აღიქმება კომპენსაციად:
„ჩვენ დღემდე არ ვიცით, საბოლოოდ აუნაზღაურდა თუ არა ეკლესიას ის მატერიალური და მორალური ზიანი, რომელიც მათ მიიღეს საბჭოთა კავშირის რეჟიმის დროს. ასევე რთულდება დაფინანსების ფორმის გამართლება და ეკლესიის მხარდაჭერის ამგვარი პრაქტიკა, რომელიც დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებობს, ზოგადად, მათ ურთიერთკავშირს და თანამშრომლობას უფრო აღრმავებს და საფრთხეს უქმნის სეკულარული პრინციპების დაცვას“.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძისთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, ზოგადად მიუღებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება, გარდა ერთადერთი გამონაკლისისა:
„მაგალითად, როდესაც სახელმწიფო აცხადებს ტენდერს რომელიმე სოციალურ საქმიანობაზე, რაც არანაირად არ უკავშირდება რელიგიურ საქმიანობას და ინდოკტრინაციას. ეს შეიძლება იყოს ჯანდაცვის სფერო, ეკოლოგიის საკითხები და ა.შ. ასეთ ტენდერში ხშირად იღებენ მონაწილეობას რელიგიური თემები და თუკი ისინი წარმატებულები იქნებიან, იღებენ დაფინანსებას მხოლოდ და მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებისთვის. მაგალითად, ასეთ საქმიანობაში ძალიან აქტიურია უნგრეთის ბაპტისტური ეკლესია. Hungarian Aid არის ისეთი ძლიერი ორგანიზაცია, რომ როდესაც მსოფლიოში რაიმე ხდება, - ეს იქნება მიწისძვრა, ეკოლოგიური კატასტროფა თუ ომი, - ეს ორგანიზაცია წითელი ჯვრის გვერდით დგას, რადგან სწორედ ასეთი საქმიანობებისთვის იღებენ სახელმწიფოსგან ფინანსურ მხარდაჭერას. ასეთი ურთიერთობა რელიგიურ თემსა და სახელმწიფოს შორის მესმის და სხვა ურთიერთობა არც ეკლესიისთვის არის ჯანსაღი და არც სეკულარული სახელმწიფოსთვის“.
აქვე უნდა ითქვას მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებაც, რომლის თანახმადაც, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ბიუჯეტიდან კიდევ ოთხი  რელიგიური კონფესია დაფინანსდება, ამისათვის კი  ბიუჯეტში 3,5 მილიონი ლარია ნაგულისხმევი. ამ თანხის თანაბრად გადანაწილება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაევალა, რომელიც ასევე მიმდინარე წლის დასაწყისში შეიქმნა.


თუმცა, როგორც სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, აღნიშნული თანხის გადანაწილება უახლოეს მომავალში იგეგმება. რაც შეეხება მართლმადიდებლური ეკლესიის ყოველწლიურად 25 მილიონი ლარით დაფინანსებას, ის აღნიშნავს, რომ თანხა ცალსახად ხმარდება მხოლოდ საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებს:
„პირდაპირ ერიცხებათ ეს დაფინანსება იმ სუბიექტებს, რომლებიც ეწევიან ან საგანმანათლებლო, ან საქველმოქმედო საქმიანობას, ანუ სოციალურ პროექტებს. ეს არის სასულიერო აკადემია და სემინარია, უნივერსიტეტი, სკოლა-გიმნაზიები, დედათა და ბავშვთა სახლები და ა.შ“.
გამოკვლევის ავტორები სწორედ აქ ხედავენ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას. ისინი მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 25 მილიონი ლარის მხოლოდ ერთი პროცენტი ხმარდება სოციალურ საკითხებს, დანარჩენი თანხა კი პირდაპირ მიემართება რელიგიური განათლებისკენ, რაც, თამთა მიქელაძის აზრით, ეწინააღმდეგება სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს.
გამოკვლევის თანახმად, საკმაოდ მაღალია მთავრობის მიერ მართლმადიდებლური ეკლესიისათვის უძრავი ქონების გადაცემის მაჩვენებელიც. 2013-2014 წლებში საქართველოს მთავრობის მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქონების გადაცემის 23 შემთხვევა დაფიქსირდა.

radiotavisupleba

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий