კრიტიკა საპატრიარქოს მისამართით
,,სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი".
პლატონი
უკანასკნელ პერიოდში, საკმაოდ გახშირდა ეკლესიისა და საპატრიარქოს მისამართით არც თუ ისე რბილი და შეიძლება ითქვას მწვავე, გეგმაზომიერი და ამავე დროს თანმიმდევრული კრიტიკა. პირადად მე, მივესალმები საზოგადოებრივ დისკუსიას ნებისმიერ, პრობლემატურ თემაზე და მიმაჩნია, რომ არამც და არამც, არ უნდა არსებობდეს ტაბურირებული და დალუქული საკითხები. ყოველგვარი პათეტიკისა და კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე დემოკრატიულ და ცივილურ სახელმწიფოში დაუშვებელია, რომ ჯავშან-მანტიით სულდგმულობდეს ესა თუ ის ხელშეუხებელი კასტა, რომელსაც დაიცავს შეუვალობისა და დომინანტობის იმუნიტეტი და რომელიც იქნება კანონზე (ამ შემთხვევაში იგულისხმება საეკლესიოც და საერო კანონმდებლობაც) მაღლა, თანახმად წმ. პეტრე მოციქულისა, რომელიც ამბობს: "ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის".
შენიშვნისას, აუცილებელია, რომ ვიყოთ ობიექტურნი და კონსტრუქციულნი. შესაბამისად პირადი სიძულვილისა თუ ბოღმის რაკურსიდან კი არ უნდა მივუდგეთ მოცემულ სატკივარსა და რეალობას, არამედ გულშემატკივრის პოზიციიდან. საჭიროა, რომ შვილობრივი პათოსით განმსჭვალული წუხილიდან განვიხილოთ ყოველი საზრუნავი. ამასთან, კარგი იქნება თუ მრევლი და სასულიერო დასი, რომელიც გულწრფელად განიცდის არსებულ სინამდვილეს, ისაუბრებს პირველ და არა მესამე პირში.
ზოგადად, პროცესის გამჭვირვალობა, ფართო განხილვა და ანალიზი, დარწმუნებული ვარ, რომ დადებით შედეგს გამოიღებს იმ შემთხვევაში თუ მასში კომპეტენტური, კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანები ჩაებმებიან და არა მარგინალური ან კერძოდ დაინტერესებული პირები (ვაი–ლიბერალები, გრანტიჭამია არასამთავრობო ორგანიზაციები და ტყლარწია სნობები), რომელთაც მერკანტილური თუ პოპულისტური (ძირითადად ჩასაფრებული) ზრახვები ამოძრავებთ.
აღსანიშნავია, რომ სანდომიანი და ჯანსაღი რეპუტაციის ადამიანთა მხრიდან იყო და დღესაც არის მზაობა ლოკალურ სივრცეში პრობლემათა გარჩევისა და დაუყონებლივ აღმოფხვრისა, მაგრამ როგორც გამოცდილებამ ცხადჰყო, ასეთი კონსპირაციული და კონფიდენციალური მეცადინეობა აბსოლუტურად უშედეგო და არაფრის მომტანია. აქედან გამომდინარე, ყოველი გულშემატკივარი იძულებული შეიქმნა, რომ მსჯელობის მასშტაბი გაეფართოვებინა და ხმამაღალი შეძახილით მოეცვა საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი.
ვფიქრობ, რომ განსჯა, ღია მსჯელობა, პოზიტიური და ნეგატიური შეფასებების კომბინირება აუცილებელი და დროულია, რამეთუ დიაგნოზდასმული პაციენტის მკურნალობა გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე გაუმჟღავნებელი ავადმყოფისა. ოღონდ არა მრისხანებითა და პირადი ინტერესით, არამედ სიყვარულითა და სიფრთხილით უნდა წარიმართოს ყოველივე, რამეთუ სხვა ამაზე უფრო ლეგიტიმური და სწორი გზა არ არსებობს ბუნებაში.
იერარქიაში გამეფებული უღირსებისა და დარღვევების აღმოფხვრის გზაზე გალაშქრება არ უნდა გადაიზარდოს ეკლესიის, როგორც მისტიური ორგანიზმის, მადლმოსილი წიაღისა და მაცხოვნებელი საღვთო სწავლა–მოძღვრებისადმი მიმართულ წინააღმდეგობად, რაც თავისთავად დემონიზმია და მავანის თავში მოიცავს მხოლოდ დაკნინებული სინდისს გამართლების უბადრუკ მცდელობას.
თუკი მხილება კარგავს თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას და იძენს დისკრედიტაციისკენ მიმართულ მოტივაციას, პირადად ჩემთვის, ასეთი ქაჯობა–მარგინალიზაცია და ჭილყვავური ყრანტალი ყოვლადმიუღებელი და დასაგმობია. აქედან გამომდინარე ბევრად უფრო საინტერესო, ყურადსაღები და გასათვალისწინებელია ეკლესიის სივრცეში მოღვაწე ადამიანთა პრევენციული მოსაზრებები, ვიდრე მის გარეთ მდგომი, დაკომპლექსებული და სარკასტული დიდაქტიკოსების "რჩევა–დარიგებანი", რაც, როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში მარტო ბალღამის ნთეხვასა და ცინიკურ ქილიკს მოიცავს ხოლმე, რასაც კატეგორიულად ვემიჯნები! თუმცა აქვე დავძენდი, რომ თუნდაც მტრისა და მომხვდური ოპონენტის მოსაზრებებიც უეჭველად უნდა მოვისმინოთ და ყოველგვარი აგრესიის გარეშე ჩავუფიქრდეთ (სხვა საკითხია გავიზიარებთ თუ არა).
აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ალექსანდრე კალომიროსი იტყოდა:"ათეიზმი კი არ არის ჩვენი მტერი, არამედ დამახინჯებული ქრისტიანობა". ცოტა უფრო თუ დავწვრილმანდებით, ამგვარად შეგვიძლია ვთარგმნოთ: ღვთის მგმობელები კი არ არიან ჩვენი მტრები, არამედ ქრისტეს სახელს ამოფარებული თვითმარქვიები. ე.ი. ეკლესიისა და მისი სანუკვარი თუ პატიოსანი მსახურების შებღალვას, თავად სამღვდელოების ის ნაწილი ეწევა, რომელიც თავისი ყოფაქცევით საუფლო მცნებების ფაქტობრივი მოღალატე, წოდებისათვის შეუფერებელი და თვისობრივად სადუკეველია.
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სანამ არ განხორციელდება ლუსტრაციის კანონი და არ დაინიშნება "რუის-ურბნისის" განმწმენდელი კრება, მანამდე ყინული არ დაიძრება და ქვაბ–ავაზაკნი კვლავაც კადნიერად იპარპაშებენ წმინდა ეკლესიაში. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საპატრიარქოში და ზოგადად იერარქიაში არსებობს წლების მანძილზე დაგროვილი, შემდეგი სახის ამაზრზენი მანკიერებები: გეი-ლობი, კორუფცია, მრუშობა, უსწავლელობა!!!
უამრავ ეჭვს ბადებს უშუალოდ კათოლიკოს–პატრიარქის შავ-ბნელი გარემოცვა, რომელიც ბურუსითმოცულ, გაურკვეველ საქმიანობას ეწევა თავად ილია II-ის გარშემო და ხელს უწყობს საჭეთმპყრობელის ვაკუუმში ყოფნას. ამ ყოველივეს ერთვის ისიც, რომ ღირსეული თუ პატიოსანი სამღვდელოება ჩრდილშია და იჩაგრება მავანის იქედნური მოქმედებების გამო. აქედან გამომდინარე მოაზროვნე ნაწილი, რომელიც საკმაოდ მცირერიცხოვანია სრულიად დემორალიზირებული და დაქსაქსულია.
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ნაცვლად გახსნილობისა, საპატრიარქოს თვისობრივმა პოლიტიკამ სავსებით არაჯანსაღი სტრატეგია შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც სამგვარი გამოვლინების მახასიათებელი დასჩემდა, ესენია: ყრუ დუმილის, მკაცრი ჩაკეტილობისა და მოიერიშე დომინირების სიმპტომები. სამივე მიმართულება, ეკლესიის სისტემის მნიშვნელოვან გარანტად ითვლება.
ზემოთ ნახსენები მძიმე კონიუქტურული სიტუაციის გათვალისწინებით, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კვლავაც გულამოსკვნით ჰგოდებს წმ, ეფრემ ასური, რომელიც წრფელი პირდაპირობით, თითქოს და დღევანდელობაზე ჩიოდა: "ეკლესიაში დაისადგურა დამღუპველმა უზრუნველობამ".
ვიდრე ხალხი (მრევლი) ასეთი ბრმა რიტუალიზმითა და მონური სულისკვეთებით დაჩიავდება, მანამდე აღნიშნული განუკითხაობა და მორალური დაცემულობა თავხედურად იპარპაშებს ჩვენს გარშემო, რაზედაც პასუხს თითოეული ჩვენგანი უსათუოდ აგებს ყოვლადწმინდა სამების წინაშე.
უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანობა, თავისი მოწოდებით, მადლისმიერ, დაუცხრომლად ქომაგობს, როგორც დოგმატურ უცდომელობას, ისე ზნეობრივ სიწმინდეს. მასზე ზრუნვა კი ნებისმიერ მორწმუნეს ევალება, როგორც პირადი წესიერების მაგალითით, ისე საკუთარ მსოფლშეგნებაში გამოვლენით. უწესივრობისადმი ნელთბილობა და უდარდელობა, მხოლოოდენ ეკლესიის მოქიშპე ძალების წისქვილზე ასხამს წყალს.
სისტემის მიმართ გამოჩენილი კონფორმიზმი და კარიერისტული სულისკვეთებით განმსჭვალული მაამებლობა, თავისთავად სცილდება როგოროც სარწმუნოებრივ, ისე მორალურ და კაცურ პრინციპებს. შესაბამისად იგი ადამიანის სულმდაბლობასა და ჩვეულებრივ ნაძირლობაზე მიუთითებს.
იმათ გასაგონად კი, ვინც არსებულ რეჟიმს მონური დამოკიდებულებით ეგუება, სოლომონ ბრძენის სიტყვებს, ხმამაღლა ვიტყოდი: ,,როდემდის უნდა გიყვარდეთ, ბრიყვებო, სიბრიყვე? როდემდის უნდა ნეტარებდნენ თავქარიანნი თავიანთი თავქარიანობით? როდემდის უნდა სძულდეთ უმეცრებს ცოდნა?" (იგავ. 1,22).
თუკი იესო ქრისტეს გულხმურვალე დიდება და მსახურება გვწადია, თუკი ვეშურებით მარადისობას და წარუვალ სიკეთეს არ ვცვლით დროებით საცდურებზე, მაშინ ნუ დავემსგავსებით ქვიშაში თავჩარგულ სირაქლემას, ნუ მოვიტყუებთ თავებს, ნუ მივაძინებთ მზერას, ნუ მივეცემით ეგოიზმს, ნუ ვიქნებით ინდიფერენტულები, ნუ ავყვებით ნიჰილიზმს, ნუ გამოვძერწავს ნეო–კერპებს, ნუ შეგვეშინდება ადამიანების, არამედ ვძრწოდეთ უფლის წინაშე, ნუ გავახელებთ სიბნელის წყვდიადს, არამედ იბრწყინვოს ჩვენმა ნათელმა კეთილისმყოფელობით, ნუ ვიბრძოლებთ სიცრუით, არამედ დავამოწმოთ სიმართლით!
ვფიქრობ, რომ თუ რეაბლიტაციის პროცესი მალევე არ დაიძრება, ამ შემთხვევაში ეკლესია ინერციით დაკარგავს თავის სამწყსოს, რაზედაც პასუხისმგებლობა მთლიანად შექმნილ სისტემას დაეკისრება.
იმათ კი, ვინც მოცემულ რეალობას არ ან ვერ ხედავს, მოკრძალებით შევახსენებდი ბიბლიურ გაფრთხილებას: ,,ივიშვიშებ ბოლო ჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი. იტყვი: როგორ მძულდა დარიგება და როგორ სძაგდა ჩემს გულს მხილება!" (იგავ.5,11–12).
ბოლოს კი მოვიხმობ მართლმადიდებლობის ბურჯის – წმ. იოანე ოქროპირის საყურადღებო სიტყვებს, რომელიც დღევანდელობას ზედგამოჭრილად ერგება: "რა უნდა იყოს იმაზე უფრო მეტი უსჯულოება, როდესაც უვარგისი და მრავალი მანკიერებით აღვსილი ადამიანები იმისათვის იღებენ პატივს (სასულიერო წოდებას), რის გამოც, ვფიქრობ, სულაც არ უნდა გადაელახათ ეკლესიის ზღურბლი. ამჟამად ცოდვებით ვნებულა ეკლესიის მთავრობა. ათასი დანაშაულით დამძიმებული უსჯულონი კი შემოჭრილან ეკლესიაში, მეიჯარენი ეკლესიის წინამძღვარნი გამხდარან. ამ უწესობამ ერთგვარად კანონიერი ხასიათი მიიღო და განსაკუთრებულად ვრცელდება: თუ ვინმემ შესცოდა და მხილებულია, იმას კი არ ცდილობს, რომ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს, არამედ იმას, რომ თავისი დანაშაულის მოზიარე მონახოს".
P.S. აქვე დავძენ, რომ ვარ ეკლესიის წევრი, სტიქაროსანი, მედავითნე, სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, პროფესიით თეოლოგი და შესაბამისად თავისუფალი ვარ პოლიტიკური ანგაჟირების, მარგინალური განწობებისა თუ მტრული დამოკიდებულებისაგან.
გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი), მწერალი
Комментариев нет:
Отправить комментарий