суббота, 5 апреля 2014 г.

მერაბ მამარდაშვილი – “მითიდან ფილოსოფიისაკენ”



ჩვენ ყველას გვესმის ინტიუიციურად თუ რა არის ფილოსოფია, მაგრამ მისი განმარტება ყოველთვის გვისხლტება ხელიდან. ანუ, ყოველთვის შეგვიძლია ესა თუ ის ტექსტი (ზეპირი თუ წერილობითი) ამოვიცნოთ როგორც ფილოსოფიური, თუ, რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი არის ასეთი, ანუ ფილოსოფიური. მაგალითად: ემანუელ კანტის, ან პლატონისას ტექსტს ყოველთვის გამოვარჩევთ მხატვრული ლიტერატურისაგან, ფიზიკისაგან და ასე შემდეგ და ვიტყვით, რომ ეს ფილოსოფიური ტექსტია. მაგრამ, ძალიან გვიჭირს ვთქვათ, ჩამოვაყალიბოთ თავად ფილოსოფიის განმარტება.
ეს არცაა გასაკვირი, რადგან ფილოსოფია სწორედ ინტუიციაზეა დამოკიდებული, მომდინარეობს მისგან.


ჩვენს ერამდე მე-6 საუკუნეში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც განახორციელეს რაღაც აქტები, რასაც ახლა ვუწოდებთ ფილოსოფიურ აქტებს. ესენი არიან, მაგალითად, ბუდა, ზარატუსტრა, კონფუცი, თალესი და სხვა ბერძნები. არ არის გამორიცხული, რომ იგივე რამ განხორციელდა ჩვენთანაც, საქართველოში, მაგრამ ვერ მიიღო შესაბამისი არტიკულაცია, ვერბალიზაცია, ანუ ვერ ჩამოყალიბდა და გამოითქვა შესაბამისად ან გამოითქვა, მაგარამ მეხსიერებაში ვეღარ შენარჩუნდა როგორც ტექსტი. ეს არაა მთავარი, რადგან ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად დავუშვათ, რომ ასეთმა არ/ვერ შემონახულმა ტექსტებმა (წერილობით ან ზეპირმა) მაინც „იმუშავეს" და ამ გზით და ამგვარად, მოამზადეს ჩვენი წინაპრების ცნობიერება ქრისტიანობის წიაღში ფილოსოფიური აზრის თუ ტექსტებად დაფიქსირებული ფილოსოფიის მისაღებად. ხომ ცნობილია, რომ ქრიტიანობა მიიღეს იმ ხალხებმა, რომლებიც მზად იყვნენ ამისათვის. ასე რომ, შეგვიძლია დავუშვათ: საქართველოს ტერიტორიაზეც იყო ფილოსოფიური აქტები იმავე პერიოდში, რომელსაც ფრანგი მე-20 საუკუნის ექსისტენციალისტი მორწმუნე ფილოსოფოსის იასპერსის მიერ ეწოდება „ღერძული დრო". ეს ის დროა, როდესაც იწყება ისტორია. თუ რას ვგულისხმობთ ამაში, ვნახავთ ქვემოთ...
მაშასადამე, დედამიწის სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად, მაგრამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარმოიშვა ფილოსოფია. ხოლო, ის წარმოიშვა მითის ფონზე. ყველგან ერთი და იგივე პროცესია. ან შეგვიძლია ამას პროცესი არ ვუწოდოთ, რადგან მითიდან ფილოსოფიაში არის ნახტომი, არა ევოლუცია/რევოლუცია, არამედ ნახტომი - ცნობიერების და ცნობიერებაში მომხდარი ნახტომი. ანუ, მითიდან ავტომატურად არ გამომდინარეობს ფილოსოფიური აქტი. შეიძლება არსებობდეს მითის ფილოსოფიასთან მიახლოვების რაღაც პროცესი, მაგრამ ფილოსოფიური აქტი მკაცრად პიროვნული აქტია. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს იმას, რომ ის (პიროვნული აქტი) არაფერზე არ არის დაფუძნებული. თუ ის მოხდა, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვეძებოთ მისი წარმოშობის მიზეზები, მაგრამ არა პირიქით. რა თქმა უნდა ფილოსოფიას აქვს თავის მიზეზები (როგორც ბერძნები იტყოდნენ: „არაფრისაგან არაფერი წარმოიშვება"), მაგრამ, ჩვენ ისინი შეგვიძლია დავინახოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფილოსოფია განხორციელდება როგორც პიროვნული მოვლენა/აქტი. ფილოსოფიის მიზეზების ძიება შესაძლებელია მხოლოდ რეტროსპექტულად. ვერასდროს გამოიყვან ამ მიზეზებიდან ფილოსოფიურ აქტს თუ ეს აქტი თავისთავად უკვე მომხდარი არ არის. აი, მაგალითისათვის: ვერასდროს ვერ განსაზღვრავ წინასწარ, რომ სწორედ ასეთი თუ ისეთი იქნება რომელიმე შემოქმედებითი აქტი, რომელიმე გენიალური პოემა, ვთქვათ „ვეფხისტყაოსანი". მაგრამ, მას შემდეგ რაც ის უკვე დაწერილია, ჩვენ შეგვიძლია ვეძებოთ მისი მიზეზები საქართველოს ეკონომიურ აღმავლობაში, სტაბილურობაში, კულტურულ კავშირებში სხვა ქვეყნებთან, ფილოსოფიის განვითარებაში და, ბოლოს და ბოლოს, იმაში, რომ რუსთაველს თამარ მეფე უყვარდა. მიუხეავად იმისა, რომ ეს სისულელედ მეჩვენება, ვერ გამორიცხავ, რომ მას მეფე თამარი მართლა უყვარდა და იმიტომ დაწერა ამხელა პოემა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს მიზეზთა ძიებაში?! თუმცა, მაინც არის აქ იმის ინტუიცია, რაზეც ვსაუბრობთ. კერძოდ, იმისათვის, რომ მოხდეს აქტი - შემოქმედებითი, ხელოვნების აქტი საჭიროა რაღაც განსხვავებული, რაღაც კონკრეტულად ადამიანური, პიროვნული აქტი. თავად მამარდაშვილი ამბობს, რომ ფილოსოფია და მეცნიერება ისევე როგორც ხელოვნება, არის შემოქმედება არაფრისაგან, ანუ ex nihilo. ამიტომ, ის არის ყოველთვის პიროვნული, თავისუფალი, არაფრისაგან გამომდინარე და არაფრით შეზღუდული აქტი. სწორედ ასეთია სიყვარული, რომელიც ან არის და ან არა, ან შეუყვარდება მავანს მავანი ან არა. ის მუდამ პიროვნულია და თავისუფალი (თუ ის ნამდვილი სიყვარულია). ამიტომაც ალბათ, ხალხმა მოიგონე ეს მითი, რომ რუსთაველს უყვარდა თამარი თორემ სხვანაირად ვერ იქნებოდა ასეთი სრულყოფილი შემოქმედებითი აქტი. ანუ, მხოლოდ პიროვნული აქტია და არაფრისაგან გამომდინარე „ვეფხისტყაოსანი". თუმცა, ახლა შეგვიძლია ვიკვლიოთ მისი მიზეზები...
ასევეა ქრისტიანული „შესაქმის", ბიბლიური სამყაროს დაბადების შემთხვევაში. ღმერთმა, თუ ის ღმერთია, არაფრისაგან უნდა შექმნას სამყარო. ანუ, ნამდვილი თავისუფალი აქტი, ნამდვილი და სრულყოფილი, ღვთაებრივი შემოქმედება არფერზეა დამოკიდებული გარდა საკუთარი თავისა - იგი ქმნის ex nihilo...
ამიტომ, ფილოსოფია, როგორც პიროვნული მოვლენა, ალგორითმებითა და ფორმულებით არ გამოიყვანება მითიდან, ანუ კოლექტიური აზროვნებისაგან. იგი უბრალოდ გაჩნდა. და ეს არის გასაოცარი და საიდუმლო, რადგან მან ერთობლივად იფეთქა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში...
თუმცა, ამ გასაოცარ მოვლენასაც შეიძლება მოეძებნოს სავარაუდო ახსნები. მაგალითად, ვთქვათ იუნგისეული თეორიის მიხედვით, ადამიანების ცნობიერება საერთოა და თუ ერთგან მოხდა რაღაც, მეორეგანაც უნდა ან შეიძლება მოხდეს იგივე.
შეიძლება, არსებობდა რაღაც საერთო განწყობა მე-6 საუკუნეში, რომელიც გადაეცემოდა „ნივთებით", ანუ მოგზაურების, მეომრები მიერ დანახული და აღწერილი ან მათ საქმიანობაში გამოვლენილი სხვა ტერიტორიაზე არსებული ცნობიერების „საგნების" გაცნობით; ეს საგნები შეიძლება იყოს ნებისმიერი კულტურული საგანი: არქიტექტურა, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, მეურნეობა, იარაღი, (დღეს, მობილური, მანქანა, „შმოტკები"  და ასე შემდეგ). ანუ, ცნობიერება „გადამდებია"! თუმცა, ფილოსოფია მაინც პიროვნული აქტია და მთავარი არაა (თუმცა საინტერესოა) ამ აქტის გაჩენის მიზეზების კვლევა. ამიტომაა, რომ ფილოსოფიის სწავლებისას ნაკლები ყურადღება ეთმობა მითიდან ფილოსოფიაში გადასვლის რეტროსპექტულ „პროცესს", როცა ფილოსოფიური აქტი უკვე სახეზე გვაქვს, ანუ, როდესაც ის ხელთ გვაქვს როგორც ტექსტი...
რადგან ფილოსოფიური აქტი პიროვნულია, ამიტომ ფილოსოფია ყოველთვის დაკავშირებულია კონკრეტულ ისტორიულ სახელთან: ჰერაკლიტე, ანაქსიმენე, პლატონი, ბუდა და ასე შემდეგ. ფილოსოფიაა არაა რიტუალური, მითიური, მაგიური - თუმცა ნეოპლატონიზმში და ქრისტიანობაშიც ეს ყველაფერიც ფიგურირებს, მაგრამ უკვე განსხვავებული სახით. ფილოსოფია ავტონომიური, ანუ დამოუკიდებელი თეორიული აქტია - მაში საქმე გვაქვს თეორიებთან, მაგალითად თეორიასთან, რომ სამყაროს პირველპრინციპი წყალია (თალესი), ცეცხლია (ჰერაკლიტე), ლოგოსია (სტოიკოსებთან), რიცხვია (პითაგორასთან) და ასე შემდეგ.
ხოლო, როდესაც საქმე გვაქვს მითთან, მაშინ არ ვსაუბრობთ კონკრეტულ პიროვნებებზე - არ ვგულისხმობ მითიურ პიროვნებებს (მაგ., ზევს, აფროდიტეს) და არც მითის „გამლექსავ" პიროვნებებზე (ჰესიოდე, ჰომეროსი)....
თუკი აქ გაგვჩნდება კითხვა, მაშ რაღა ვუყოთ ტრაგიკოსებს, ანუ ბერძნული ტრაგედიების (ძველბერძნული თეატრალური დადგმის პიესისის) დამწერებს, მაგალითად, ესქილოსს, სოფოკლეს, ევრიპიდეს (ეს ძალიან კარგი და სწორი აზრი-კითხვაა)? ამ შემთხვევაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არისტოტელესათვის, რომელმაც დაწერა კიდეც თეორიულ-ფილოსოფიური ნაშრომი ტრაგედიის შესახებ „პოეტიკა", პოეზია და ტრაგედია არის ერთგვარი ფილოსოფია. ანუ, ტრაგიკოსები, გარკეული აზრით, ფილოსოფოსები არიან.
მაშასადამე, ფილოსოფია არ გამომდინარეობს (მომდინარეობს, მაგრამ არ გამომდინარეობს) ტრადიციისაგან. თუმცა, თავად შეიძლება შექმნას კიდეც ტრადიცია - ფილოსოფიური ტრადიცია, სკოლები, ერთობები და ასე შემდეგ. მაგრამ, ამ ტრადიციებში უკვე აღარ გვაქვს მითი და რიტუალი (გვაქვს, როგორც ვთქვით, მაგრამ სხვა სახის, ანუ „გაფილოსოფიებულად").
ფილოსოფიაში გვაქვს სამყაროს გაგების ისეთი ფორმა, რომელსაც არ იცნობს მითი. მითს „ესმის" სამყაროსი, „გაიგებს" მას, მაგრამ არა იმგვარად, როგორც ფილოსოფოსი და ფილოსოფია. მითისათვის არ არსებობდა სამყარო როგორც პრობლემა. მითს თავის თავში იმთავითვე აქვს უკვე „გაგებული" სამყარო - გაგებული არა კონკრეტულად ვიღაცის მიერ, არამედ როგორც კოლექტიურ აზროვნებას და მოვლენას. მითი არ „გაიგებს", მითმა „იცის" და ამ ცოდნას აზიარებს ინდივიდებს -აზიარებს ნარატივით (თხრობით, ამბავით) და რიტუალით.
მაგრამ, ფილოსოფოსისათვის სამყარო პრობლემაა, საიდუმლოა. ფილოსოფოსი ამ სამყაროს შესახებ სვამს კითხვას და ქმნის თეორიას მის გასაგებად, რადგან სამყარო მისთვის პრობლემაა, საიდუმლოა (მისტერიაა, საკრამენტია)...
და აი, ის, რომ სამყარო დანახულია როგორც პრობლემა, ანუ სამყარო „გაგებულ იქნა" როგორც პრობლემა (მაგ., რატომ არის სამყაროში წესრიგი და არა უწესრიგობა? რატომ არის ის რაც არის და რატომ არაა ის რაც არ არის? ხომ შეიძლება არ ყოფილიყო ის რაც არის?). ანუ, სამყარო თავისთავად „გაუგებარია" და ის უნდა იქნეს გაგებული. როგორ დაესვა ეს პრობლემა ფილოსოფოსებს, არ გამომდინარეობს მითიდან. მაგრამ, სწორედ ამ პრობლემის გაჩენა არის ისტორიული აქტი. მეტიც, ამ პრობლემის გაჩენით იქყება ისტორია - ფილოსოფოსებთან ერთად ჩნდებიან პირველი ისტორიკოსები თუკიდიდე, ჰეროდოტე. ვიცით, რომ მითი არაა ისტორია (თუმცა მოიცავს კიდეც ისტორიიის ელემენტებს, მოვლენებს, მაგრამ ამითიურებს მას). მას არა აქვს დროში წრფივი განვრცობა. იგი ციკლურია: დაბადება-სიკვდილი-დაბადება. მეტიც, იგი მარადიულია - ყველაფერი მეორდება, ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდაა ჩამოყალიბებული, ახალი არაფერი არ მოხდება. ხსნა არაა. „ხსნის" გაგება შემოდის „ხსნის რელიგიებთან" ერთად, რომელიც თავის მხრივ, ისტორიული რელიგიებია, ანუ ისტორიებში აღმოცენებული და, ამდენად, მათ წინ უსწრებთ ფილოსოფია და არა პირიქით. სწორედ ფილოსოფიის წიაღში წარმოიშობა ხსნის, ანუ პიროვნული ხსნის რელიგიები. "ხსნის" იდეა სრული სახით ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისტორიასთან ერთად ისტორიულ ასპარეზზე შემოდის პიროვნება...
გარკვეული აზრით, შეიძლება აქ იმალებოდეს გასაღები ბიბლიური „შესაქმის" (სამყაროს დაბადების) დათარიღების პრობლემისა. ბიბლიური „შესაქმე" არაა მხოლოდ მითიური ნარატივი. ის ისტორიული ტექსტია. ის ლაპარაკობს ღმერთზე როგორც პიროვნებაზე და ადამიანზე როგორც ასევე პიროვნებაზე. ამიტომ, იგი ათარიღებს „შესაქმეს". ანუ, როდესაც შემოდის თარიღი, შემოდის ისტორია და ამასე იწყება ხსნის ისტორია, ჩვენი, როგორც ქრიატიანების, ისტორია. ამიტომა გაჩნდა ტენდეცია დათარიღდეს „შესაქმე". და იგი თარიღდება იმ მეცნიერული მიღწევების მიხედვით, რომლის ეპოქაშიც ცხოვრობს ბიბლიურ შესაქმის ესა თუ ის „დამარიღებელი". მის მიხედვით გამოდის, რომ ადამი და ევა შეიქმნენ 7 ათასი წლის წინ, მაგრამ ამაში არაფერია ცუდი თუ მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რაზეც ვსაუბრობთ. ანუ, მათავარი ხანგრძლივობა, წლების რაოდენობა კი არაა, არამედ დათარიღების ფილოსოფიური იმპულსი და სურვილი...
ჩვენთვის დღეს ჩვეულებრივია, რომ საგნები წარმოადგენენ პრობლემას - მეცნიერულს თუ სხვაგვარს. მაგრამ, მითიური აზროვნებისათვის არ არსებობს საგანი როგორც პრობლემა. მეცნიერებაც შემოდის ფილოსოფიასთან ერთდ და არა პირიქით. დაისმება კითხვა, ანუ გაჩნდება პრობლემა და იბადება ფილოსოფია, ისტორია, ისტორიოგრაფია და მეცნიერებაც...
მითში საგანს უკვე აქვს აზრი, რადგან ეს აზრი დაკავშირებულია მითის პერსონაჟთან: ელვამ დაგვარტყა იმიტომ, რომ ესე უნდა ზევსს - ელავა ზევსის ფიწალია. ანუ, მითიური ცნობიერებისათვის ელვა გასაგებია. ის ზევს კი არ იგონებს იმის გამო, რომ ეშინია ელვის და არ იცოდა ფიზიკა (თუმცა, ფიზიკის ცოდნა არ გვანთავისუფლებს ელვისა და სხვა რამ სტიქიის შიშისაგან), არამედ იმიტომ, რომ ზევსთან შეეძლო რაღაც დამოკიდებულება ჰქონოდა. ეს დამოკიდებულებაა რიტუალური და მაგიური (ამ შემთხვევაში მაგია არის კიდეც მეცნიერეის პირველი საფეხური ისევე, როგორც ალქიმია ქიმიის, ასტოლოგია ასტრონომიის და, გარკვეულ წილად, მათემატიკისაც - პითაგორაც ხომ რიცხვებს უკავშირებდა მნათობთა მოძრაობას?!)...
ამრიგად, მაგიური და მითიურ/რიტუალური სამყარო არის გაგებული და, ამდენად, ათვისებული სამყარო - ამ სამყაროში ადამიანს უკვე შეუძლია იცხოვროს ადამიანურად.
მითიური ღმერთების ანთროპომორფულობაც (ანთროპოს - ადამიანი; მორფი -სახე, გვარი, ფორმა), ანუ ადამიანისმსგავსებურობაც აქედან მოდის. ადამიანს იმისათვის, რომ ესმოდეს ღმერთის, ეს ღმერთი უნდა გავდეს მას რაღაცით. აი, ზევსი გვესვრის ფიწალს. ესე იგი, ზევსი გავაბრაზე და რაღაც უნდა მოვიმოქმედო. ვიწყებ რიტუალს ან მაგიურ ქმედებას, და რადგან ზევსი რაღაცით ჩემნაირია, ისიც შემოდის რიტუალში (და ეს რიტუალის ხომ მოცემულია ჩემთვის მითის ტრადიციაში - ახალს კი არ ვიგონებ). ამით ვაწყნარებ ზევსს. მაგრამ, ზევსი არ შეიძლება სრულად იყოს ჩემი მსგავსი, იგი ხომ ღმერთია - ანუ შეუძლია ის რაც მე არ შემიძლია. იგი აერთიანებს იმას, რასაც ადამიანს არ შეუძლია გააერთიანოს - მაგ., სიკვდილს და სიცოცხლეს...
ანუ, მითიური არსებები აერთიანებენ მიწიერს და ზეციერს და აძლევენ საზრისს ორივეს. ასეთივეა ნახევრად ცხოველი მითიური არსებები. ისინი თავის თავში აერთიანებენ მიწიერ თვისებებს, ადამიანურს და ამავე დროს ისინი არ არიან ბუნებრივნი. მითში ბუნებრივი და არაბუნებრივი (ზებუნებრივი) გაერთიანებულია. ამიტომ, ბუნებრივი მოვლენა თუ თავისთავად გაუგებარია, გასაგებია მითიური ნარატივით, ანუ ღმერთებით, ნახევარღმერთებით და ასე შემდეგ. ადამიანის სიცოცხლე გასაგებია, აზრითაა დატვირთული და მას მხოლოდ სჭირდება რიტუალურ/მაგიური კავშირი მითიურ პერსონაჟებთან. ამ გაგებით თავად ადამიანიც მითიური, მარადიული და უისტორიოა...
მითოსურ ადამიანს ესმის საზრისი და მონაწილეობს მასში. ესაა ადამიანის განსაზღვრება. ესაა ცნობიერება. ანუ, როდესაც მე ვიცი ის რა ვიცი, ჩნდება აზრი და მე შემიძლია ვიცოცხლო თუ ვიცხოვრო. უაზრო არაფერია. ყველაფერი გაგებულია და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, მივიღოთ ამ აზრში მონაწილეობა, ანუ ვიცხოვროთ რიტუალურ/მაგიურ გარემოში, ანუ მითში.
ყოველივე ამან არ უნდა გაგვაკვირვოს. მოვიყვანოთ მაგალითი. ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი მაგალითი მხოლოდ მაგალითია და არა ზუსტი ასლი იმისა, რის ახსნასაც ამ მაგალითით ვცდილობთ. ანუ, მაგალითი ნაწილობრივ „ჩამოხსნის ფარდას" და საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, რთა გავიგოთ მოყვანილი მაგალითით ასახსნელი საგანი.
აი მაგალითიც. დღეს ქართველი (და არა მარტო ქართველი და საქართველოში) აღიარებს წმინდა მამების ავტორიტეტს, ანუ ეკლესიის. როგორ ფიქრობს და აკეთებს ეს ადამიანი? მას სჯერა, რომ გვალვა ცოდვის გამოა. ის მიდის მღვდელთა და ატარებს პარაკლისს კარგი ამინდისათვის. მღვდელს უკვეთავს რიტუალს და მონაწილეობს მასში...
ან, ვთქვათ, რაიმე უბედურება - ახლობლის სიკვდილი. ეკლესია და წმინდა მამები ამბობენ, რომ მიხვალ ტაძარში, ჩაერთვები რიტუალში და ეს კარგია შენთვის და შენი მიცვალებულისათვის. აინტერესებთ ადამიანებს ამაზე მეტი? თუ მოაზროვნე, ესე იგი რაღაცნაირად ფილოსოფიურად განწყობილი ადამიანია, დასვამს კითხვებს: რატომ გაბრაზდა ღმერთი და მოავლინა გვალვა? რაში სჭირდება ღმერთს ეს რიტუალი? და ასე შემდეგ. მაგრამ უმრავლესობა ამ კითხვებს არ დასვამს, რადგან მისთვის ისედაც გასაგების ყველაფერი, რადგან წმინდა მამებმა, ანუ ნახევარღმერთებმა მოგვიტანეს ღმერთისაგან მესიჯი და ჩვენთვის აღქმადია ყველა ის მოვლენა, რომელიც გვაწუხებს. შემდეგ გავაკეთებთ ამას და ამას, რიტუალს, რაღაც მაგიურ ჟესტებს, „შევინანებთ" აღსარების რიტუალში მღვდელთან იმისათვის, რომ ტანს ვიბანთ (ეს ეკლესიის სახელით გამოცემულ „ლოცვანებში"ცოდვების ჩამონათვალში სწერია) და ეს გვაკავშირებს ღმერთთან, ანუ ეს კარგია...
ზემოთ ვთქვით, რომ ადამიანი, როგორც პიროვნება, როგორც ის ჩვენ გვესმის დღეს, როგორც ქრიატიანულ ტრადიციაში მყოფებს, არ გამომდინარეობს ტრადიციისაგან. იგი არ გამომდინარეობს ბუნებისაგანაც, ანუ არც ევოლუციის ნაყოფია. ის, რაც ადამიანს ხდის ადამიანად ეს მისი პიროვნული აქტია, მისი თვითშექმნაა. ეს კანტისეული აზრია, მაგრამ იგი ინტუიციურად ვიცით ჩვენც, როგორც თანამედრვე ადამიანებმა. ანუ, როდის ვაფასებთ ადამიანს ყველაზე მეტად? მაშინ, როდესაც ის იქცევა რაღაც განსაკუთრებულად და მასში ამ საქციელის გამო ვამჩვევთ რაღაც განსხვავებულს ვიდრე სადაგშია ხომ?
ადამიანი თვითქმნადი ცხოველია!
ანუ, ცნობიერი არსებაა, რომელიც მდინარებას კი არ მისდევს, არამედ თავად მონაწილეობს ცხოვრების და მიზეობრიობის მდინარებაში, ცვლის მას, თავისებურ შხტრიხს აძლევს მას...
რა თქმა უნდა, მითოსის ადამიანიც ასეთია. იგიც ჩართულის თავის ხვედრში, მაგრამ მითიურ ნარატივისა და რიტუალ/მაგიის საშუალებით. ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მითოსის ადამიანი არაა ადამიანი?! რა თქმა უნდა არა. მაშასადამე მითში ადამიანი ანხორციელებს თავის ადამიანურობას სხვა ხერეხბით ვიდრე ფილოსოფიის ადამიანი. და, როგორც ვთქვით, ეს ხერხებია, მითი, მაგია, რიტუალი...
ამიტომ, ბუნებასა და კულტურას შორის (კულტურას როგორც ადამიანის შემოქმედების არეს, ანუ იმ არეს, რომელსაც ქმნის თვით ადამიანი ცხოვრობს რა მასში) არსებობს ნაპრალი, „დანახეთქი დიდი" (შდრ. ლუკ 16.28: „და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად"). მითიც კულტურული მოვლენაა - ხომ ვამბობთ, რომ იყო კულტურა მაგ., ძველ საქართველოში (ქრისტიანობამდელს ვგულისხმობ), ან აცკეტური...
რა თქმა უნდა მითიც ადამიანის გამონაგონია, შემოქმედებაა ფანტაზიისა, როგორც შემოქმედების წყაროსი. მაგრამ, ესაა კოლექტიური შემოქმედება გადაჭიმული საუკუნეებზე. იმდენი შრეებია მითში, რომ შეუძლებელია მისი წარმოშობისა და შემოქმედებითი განვითარებისათვის თვალის მიდევნება. მითი ყოვლთვის მოცემულია ტრადიციით და იცვლება ტრადიციაში. მითშიც არის ჩადებული ადამიანური აქტები, რა თქმა უნდა. აი მაგალითად, სიყვარული - მაგ., მშობლის სიყვარული. მშობლის სიყვარული არაა ბუნებითი მოვლენა. ბუნებაში ვხედავთ, რომ ცხოველებს ავიწყდებათ თავიანთი მშობლები. ხოლო მითით და რიტუალით წესიგდება მშობლებთან ურთიერთობა - ხომ შეუძლებელია დაქორწინება მშობელზე ან ნებისმიერი სახის ინცესტი?! აი, ცხოველებში კი შეიძლება. მრავალი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაგ., ძველ ათენელებს სწამდათ, რომ ისინი განსაკუთრებით მოწყალეები იყვნენ და ამას ხსნიდენ თავიანთი მითიური წარმოშობით, ანუ თავის თავზე მითიური წარმოდგენებით...
სხვაგვაად რომ ვთქვათ, ბუნებითი ყველაფერი ექვემდებარება განქარვებას, წახდენას, ჭნობას. არაფერი არაა მუდმივი. მოდის ინდივიდი, საგანი რამ და ქრება. არაფერს არა აქვს საზრისი. ყველაფერი ამაო და განქარვებადია. და აი, სამყაროში რომ იყოს კანონზომიერება, აზრი, რაიმეთი უნდა აიხსნას სამყარო. მითის შემთხვევაში იგი იხსნება ღმერთებით, მარადი კანონებით. მითს შემოაქვს კანონი და წესრიგი სამყაროში. რომ არა მითით მოწესრიგებული სამყარო, იარსებებდა მხოლოდ ქაოსი (ჩვენი თანამედროვე მოაზროვნეების ისიც კი მიაჩნიათ, რომ მეცნიერებაც გარკვეული მითია. ანუ, მას შემოაქვს წესრიგი, მაგრამ მშრალ მეცნიერებას ხომ არ შეუძლია მისცეს საზრისი სიცოცხლეს?! ის, რომ წყალი შესდგება ჟანგბადისა და წყალბადის ატომებისაგან, ეს ხომ არ არის საზრისი?!). მითში სიკვდილი ქაოსს უიგივდება. დროც, ქრონოსიც, სიკვდილის სიმბოლოა. რატომ? იმიტომ, რომ დრო ყველაფერს შთანთქავს და საზრის უკარგავს. ამიტომ შემოაქვთ უკვდავი და მარადიული ღმერთები, რომლებიც აძლევენ ადამიანის სიცოცხლეს აზრს და სამყაროს კი წესრიგს. ხოლო, რიტუალი არის ღმერთების სიცოცხლეში ჩართვა, ანუ მარადიულობაში ჩართვა. ადამიანი რიტუალში იმეორებს ღმერთების სიცოცხლეს. მაგალითად, კოსმოგონია (ბერძნულად კოსმოსი სამყაროა, გონია - დაბადება, კოსმოგონია - სამყაროს დაბადება) და ღმერთების გაჩენა უიგივდება ერთმანეთს. და თუკი შენ რიტუალურად გაიმეორებ იმას, რასაც ღმერთები აკეთებდნენ, მაშინ შენ მონაწილეობ სამყაროს მარად შექმნაში. ასეთი რიტუალია, მაგალითად, ახალი წლის აღნიშვნა, როდესაც ადამიანი ღმერთებთან ერთად დგება სამყაროს დაბადების დასაწყისში. თითიოეული ადამიანი იმეორებს სამყაროს ცხოვრებას და ამდენად ისიც მარადიული ხდება. მარადიული და ღვთაებრივად აზრმიცემული...
ამგვარად: მითოსის ადამიანი იბადება ღმერთთან კავშირში. ანუ, ის რაც ადამიანში ადამიანურია იმას მასში შობს ღმერთი. ღმერთი არა რელიგიური გგებით, არამედ აი ასე, მითიურ/ფილოსოფიური გაგებით. არ ვსაუბრობთ ახლა ბიბლიურ ღმერთზე, იაჰვეზე, თუმცა, მასზეც შეიძლება მითიურ/ფილოსოფიური საუბარი, საშურიც კია ალბათ...
ასეთი ღმერთი შობს ადამიანში მორალს, წესრიგს და ადამიანური თანაცხოვრების შესაძლებლობას, ანუ სინდისს.
მაგრამ, ადამიანები არ არიან „წესიერები", სინდისიანები. გარშემო თუ მიმოვიხედავთ, ყველა ფეხის ნაბიჯზე დავინახავთ არაადამიანობის გამოვლინებებს. ყველაზე ცხადი ამის მაგალითია ომები. მაგრამ, არა მხოლოდ ისინი....
ადამიანი ველურია. „ადამიანი ადამიანის მგელია" (რომაულ/ლათინური ფრაზა), „დიდი თევზი პატარა თევზს ყლაპავს". და ასე შემდეგ...
ასე იყო ყოველთვის - მითოსური აზროვნების ხანაშიც, რა თქმა უნდა. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, მაინც არსებობდა (და არსებობს) სამყაროში წესრიგი და ადამიანებში სინდისი. ყოველთვის არსებობს სინდისისმიერი აქტები. ხოლო, სინდისს ამ შემთხვევაში ვიღებთ, ბერძნული დედნის ორივე მნიშვნელობით. ანუ, ერთის მხრივ, მორალის და, მეორე მხრივ, აზროვნების, გონიერების ასპექტით (ძველქართულად სინდისს ეწოდებოდა „შინაგანი გონება". ანუ, შინაგანი რაღაც გონიერი ხმა, რომელიც აწესრიგებდა ადამიანს და მის გარშემო სოციუმს და სამყაროს: „გადაირჩინე საკუთარი თავი და შენს გარშემო გადარჩებიან მრავალნი"). ესე იგი არსებობდნენ ადამიანები გონიერ/მორალური ცნობიერებით და ქმედებით. და აქ იბადება კითხავა, ანუ დაიბადა კითხვა და მარად იბადება: რატომ არის ესეთი წესრიგი და არა ყველგან უწესრიგობა? ამას არისტოტელე უწოდებს „გაოცებას". სწორედ ასეთი გაოცებიდან, ამბობს ის, იწყება ფილოსოფია, ანუ სიბრძნის სიყვარული. არსებობს ბრძნულად მოწყობილი ადამიანის სამყარო (მიკროსამყარო, მიკროკოსმოსი) და დიდი სამყარო (მეგაკოსმოსი). ადამიანი იწყებს ამ სიბრძნის ძიებას. და ეს არის ფილოსოფიური ძიება და აქტი. თუ რატომ გაოცდა მავანი და რატომ გარკვეულ მომენტში, ეს პიროვნების წამოშობის კითხვაა. ანუ ის, რომ ეს არის პიროვნული აქტი და ის განუსაზღვრელია თავისი შინაარსით (ამაზე ზემოთ ვისაუბრეთ)...
აქ არის კიდევ ერთი მომენტი.
ტერმინი გაოცება ძველბერძნულში უიგივდება ექსტაზს და მანიას. ექსტაზი/მანია კი იყო რიტუალებისა და მითიური მისტერიების კულმინაციური მომენტი. რიტუალების და მისტერიების შესრულებისას ადამიანი ვარდებოდა ექსტაზში ¬- გამოდიოდა თავისი ბუნებრივ/ცხოველური მდგომარეობიდან და გებულობდა რაღაც განსხვავებულს. ეს ძალიან გავს ქართულ სუფრას/ნადიმს. ალკოჰოლის ზემოქმედებისას, რიტუალისა და ცეკვა/სიმღერების მეშვეობით ადამიანი შეიგრძნობს იმას, რაც არ არის ცხოელურ-ბუნებითი. ანუ, მშობლის, ნათესავების, სამშობლოს სიყვარულს, მეგობრობას. „მოქეიფე" უკავშირდება, გრძნობითად იხსენებს წარსულებს და ანხორციელებს თავის თავში რაღაც „არაადამიანურ", „არაბუნებრივ", „ზებუნებრივ" მდგომარეობას. მოქეიფე ცხოვრებისეულად, განცდისეულად სწვდება „ღვთაებრივს"...
და აი სწორედ ასეთ „ზებუნებრივ" მდგომარეობაში გადასვლას, ექსტაზს უწოდებს არისტოტელე გაოცებას. იგი თავის „პოეტიკაშიც", ამბობს ამას, სადაც საუბრობს „ტრაგედიაზე" (როგორც ზემოთ ვთქვით, არისტოტელესათვის ტრაგედია, ანუ ბერძნული თეატრალური დრამა არის ფილოსოფიის ერთგვარი სახე/გვარი/ტიპი/ფორმა):
"რამდენადაც შესაძლებელია, მოქმედება უნდა იყოს თან გარეგნულად კარგად გამოკვეთილი. ყველაზე უფრო დამაჯერებელნი არიან ის პოეტები, რომლებიც ვნებათა დარგში იმავე ბუნების არიან: აღელვებს ის, ვინც თვითონ აღელვებულია და რისხვას იწვევს ის, ვინც უჭეშმარიტესად განრისხებულია. ამიტომაც პოეტის შემოქმედება არის ბუნებისაგან კარგად დაჯილდოებული (εὐφυοῦς, კეთილბუნებოვანი -კ.კ) კაცის საქმე, ან გადარეულის (μανικοῦ). ხოლო ამათგან პირველებს აქვთ უნარი სხვადასხვა ფორმა მიიღონ, ხოლო მეორენი ექსტატიკოსები არიან (ἐκστατικοί)" („პოეტიკა" 1455 a [29-32]).
ამრიგად, მანიაკი და ექსტატიკოსი, არის ერთგვარი ფილოსოფოსი. მაგრამ, „სრული" ფილოსოფოსი არის ის, ვინც იწყებს ამ მდგომარობაზე აზროვნებას და მასზე თეორია/თეორიების შექმნას. ესაა ერთგვარი საფეხური მითიდან (ტრაგედიის სცენარები ყოველთვის იყვნენ მითიური ნარატივებზე, მითების შინაარსზე აღმოცენებულები) ფილოსოფიისაკენ. ხოლო, თუ რატომ იწყებს ერთი ფიქრს და მეორე არა ეს გაურბის ანალიზსს - როგორც უკვე არაერთგზის ავღნიშნეთ.
აქ შემოვიტანოთ კიდევ ერთი ტერმინი, „ტრანსცენდირება". ღმერთები, თავისი განსაზღვრებით, არიან ტრანცენდენტურები, ანუ არიან ადამიანური გამოცდილების მიღმიერი, მიუწვდომლები. მაგრამ, როგორც ვთქვით, ისინი რაღაცნაირად ადამიანურებიც არიან. ადამიანში კი ადამიანური სწორედ ამ ტრანსცენდენტურის გამოვლინება/მოქმედებაა. ამრიგად, ადამიანში ადამიანური ტრანსცენდენტალურია, ანუ ტრანსცენდენტურის ასახვა, „ჩამოყვანაა" ადამიანში. და ფილოსოფია, მაშასადამე, ისტორიაც იწყება მაშინ, როდესაც მავანი იწყებს ამ ტრანსცენდენტურზე ფიქრს, აზროვნებას, ქმნის თეორიებს და ცნებებს.

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий