четверг, 29 августа 2013 г.

ქცევის ტიპობრივი მოდელები: ფარული მოტივების ინტერპრეტაცია


ბევრი ადამიანის ქცევა ერთი და იგივე, თითქოსდა ჩვეულად ქცეული, სცენარით წარიმართება. ასეთი სცენარი წარმოიქმნება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ქცევის, ეტიკეტის წესები და ნორმები ხშირად გრძნობებისა და ნამდვილი სურვილების ღიად გამოხატვას კრძალავს. ამ სცენარებს თუ დავაკვირდებით, შეიძლება გავიგოთ ადამიანის ფარული მოტივები, აგრეთვე ის, თუ რა ტიპის მოტივაციური ფაქტორები სჭირდება ამას.
განვიხილოთ რამდენიმე ტიპობრივი სცენარი იმისათვის, რომ გავარკვიოთ, როგორ უნდა მოვექცეთ ასეთ შემთხვევაში ადამიანს, თუ გვინდა მისი კეთილგანწყობის მოპოვება და მასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება.
ბევრი ადამიანის ქცევა ერთი და იგივე, თითქოსდა ჩვეულად ქცეული სცენარით წარიმართება. ასეთი სცენარი წარმოიქმნება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ქცევის, ეტიკეტის წესები და ნორმები ხშირად კრძალავს გრძნობებისა და ნამდვილი სურვილების ღიად გამოხატვას. ასე, მაგალითად, პატარა ბავშვი შეიძლება მივიდეს დედასთან და სთხოვოს: „შემაქე, ლექსი ხომ კარგად წავიკითხე" ანდა „მომეფერე, მაწყენინეს". მოზრდილი ადამიანი ამას ვერ გააკეთებს, მაგრამ ქვეცნობიერი თავისას მოითხოვს: ის „სიგნალს" სწორედ ასეთი სპეციფიკური „სცენარის" საშუალებით გვაწვდის. თუ ასეთი სცენარი ხშირად მეორდება, შეიძლება იმის გარკვევა, თუ რა სახის მოტივაციური ფაქტორები სჭირდება ამ ადამიანს.
განვიხილოთ რამდენიმე ტიპობრივი სცენარი იმისათვის, რომ გავარკვიოთ, როგორ უნდა მოვექცეთ ადამიანს, თუ გვინდა მისი კეთილგანწყობის მოპოვება და მასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება. ხაზგასმით აღსანიშნავია ის, რომ აქ ლაპარაკი არ არის ქცევის ან აღქმის კორექციაზე.
1. „დრო არაფრისთვის მყოფნის / ძალიან დატვირთული ვარ/ ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია..."
არასწორი და არაპროდუქციული რეაქცია:
• რჩევა დროის დაგეგმვასთან დაკავშირებით, მით უფრო იმის თქმა, რომ არასწორად გეგმავს დღის წესრიგს (ამის თქმა შეიძლება და საჭიროც არის, მაგრამ არა სცენარის გამოვლენის მომენტში);
• თემის განხილვაზე უარი – თქმა იმისა, რომ შენც ძალიან დაკავებული ხარ, მით უფრო შეჯიბრი („შენ რა გეთქმის, მე...").
ეს ძალიან გავრცელებული სცენარია. ზოგჯერ ადამიანი მართლაც ვერ ახერხებს დროის სწორად განაწილებას და ამის გამო გადატვირთულია, ზოგჯერ კი ასეთი მისი დატვირთვა სავსებით ნორმალურია: ეს ყველაფერს შესანიშნავად ართმევს თავს. სინამდვილეში პრობლემა სხვა რამ არის.
სიგნალი, რომელსაც ასეთ შემთხვევაში გვიგზავნის ადამიანი, მდგომარეობს შემდეგში: „მე მართლაც მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ, მე მართლაც სასარგებლო ვარ, ჩემს გარეშე არაფერი გამოვა". ამრიგად, ვიღებთ სიგნალს იმის შესახებ, რომ ამ ადამიანს სჭირდება მისი მნიშვნელობის აღიარება. ყველაზე სწორი რეაქცია იქნება ამ მნიშვნელობის დადასტურება, პერიოდული შექება და აღნივშნა იმისა, რომ აფასებ ყველაფერ იმას, რასაც იგი აკეთებს, აღიარეთ, რომ ამ ადამიანის აზრსა და ქმედებაზე მართლაც ბევრია დამოკიდებული. ძალიან ხშირად ასეთი სცენარი მეორდება, ხდება ჩვეული ისეთ სიტუაციაში, როცა ადამიანი ვერ აღწევს ისეთ კარიერულ წინსვლას, რომელსაც იგი, მისი აზრით, იმსახურებს, ანდა ის ისეთი საქმით არის დაკავებული, რომელიც ასეთი აღიარების საშუალებას არ იძლევა. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში კომპენსირება მის ხელმძღვანელს შეუძლია (და ევალება კიდეც!).
2. „ჩემი არავის ესმის/ვერავინ გამიგო..."
არასწორი რეაქცია:
• თქმა იმისა, რომ ამ ადამიანის ყველა პრობლემა უმნიშვნელოა ანდა ამგვარი პრობლემის გადაწყვეტა ძალიან ადვილია;
• თავად ამ ადამიანის დადანაშაულება;
• შეჯიბრი.
ეს სცენარი იმის ნიშანია, რომ ადამიანს გამძაფრებული აქვს თანაგრძნობის, ემპათიის მოთხონილება.
სწორი რეაქცია იქნება დადასტურება იმისა, რომ ამ ადამიანის ემოციები შენთვის გასაგებია. დაეთანხმეთ, რომ ჩვენი ხშირად მართლაც არ ესმით, რის გამოც ბევრ სიძნელეს გაწყდებით. შეიძლება მაგალითის მოყვანა საკუთარი ცხოვრებიდან, მაგრამ არა შჯიბრის სახით. ამის შემდეგ უკვე შეიძლება საუბრის გადატანა სხვა თემაზე. გასათვალისწინებელია ის, რომ ამ პრობლემაზე დიდხანს საუბარს შეიძლება არაადეკვატური ან დეპრესიული რეაქცია მოჰყვეს. ამ შემთხვევაში მთავარია იმის გარკვევა – ეს მდგომარეობა დროებითი მოვლენაა თუ მუდმივი. თუ დროებითია, შეიძლება თანაგრძნობის დოზის გაზრდა. მაგრამ თუ ეს მუდმივი მდგომარეობაა, ეს, როგორც წესი, იმის ნიშანია, რომ ამ ადამიანს არსებითი კომპლექსები, ცხოვ¬რე¬ბისეული პრობლემები აქვს.
3. „ყველა (ქალი, კაცი, უფროსი და ა.შ. – სიტუაციის მიხედვით) – სალანძღავი სიტყვა (იდიოტი, დებილი, არამზადა, ნაძირალა, კრეტინი და ა.შ.)/ არ მინდა მათთან რაიმე საერთო მქონდეს..."
არასწორი რეაქცია:
• შენ თვითონ...
• რაციონალური არგუმენტები (ამ მომენტში მას სხვა განწყობა აქვს, ის რაციონალურ არგუმენტებს ვერ აღიქვამს);
• ზედმეტად აქტიური წახალისება ამგვარი გამონათქვამებისა და ამ თემაზე ხანგრძლივი საუბარი.
ეს სცენარი მიუთითებს ადამიანის დაცვით პოზიციაზე, რომელიც გარკვეულ სფეროში არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული და ცდილობს წინმავალი ნაბიჯის გადად¬გმას. მაგალითად, ქალი, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის, ხშირად ეხება თემას „ყველა ქაცი არამზადაა". დაცვითი რეაქციის მექანიზმი ძალიან მარტივია: მან წინმავალი ნაბიჯი გადადგა, ამიტომ ახლა შეუძლია ახსნას, მაგალითად, რატომ არ ჰყავს შეყვარებული, ქმარი – მას ეს თვითონ არ უნდა. ზუსტად ასევე ადამიანი, რომელსაც აქვს კომპლექსი თავის სოციალურ სტატუსთან ან შემოსავალთან დაკავშირებით, ხშირად ამბობს, რომ ყველა უფროსი ნაძირალაა, ყველა მდიდარი ადამიანი ქურდი და მექრთამეა. ამით ის იმართლებს თავს – თვითონ კარგია, ისეთი არ არის, როგორც სხვები.
სწორი რეაქცია (ისევ ვგულისხმობთ ადამიანის კეთილგანწყობას, მასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარების შემთხვევას და არა ქცევის ან აღქმის კორექციას) გულისხმობს ნაწილობრივ თანხმობას (დიახ, ასეთი რამ ზოგჯერ ხდება), თანაგრძნობის გამოხატვას იმის გამო, რომ იგი უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა. რაც მთავარია, უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანი თავს იცავს, ამიტომ მისი ეპატაჟი ან აგრესია სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ: ესაა მხოლოდ ემოციური ტრავმის თავიდან აცილების მცდელობა. თუ მსგავსი სცენარი ხშირად მეორდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი საკუთარ თავში (საკუთარ კომპეტენტურობაში) დარწმუნებული არ არის.
4. „მაინც არაფერი გამომივა/ წინასწარ ბოდიშს გიხდით..."
არასწორი რეაქცია:
• განაცხადო, რომ ყველაფერი გამოუვა
• დაადანაშაულო რამის გაკეთების უუნარობაში
• შესთავაზო უარის თქმა თხოვნაზე.
სხვა სცენარის მსგავსად, ეს სცენარიც გასათვალისწინებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ხშირად მეორდება. თუ ადამიანი ამას ამბობს კონკრეტულ, ცალკეულ სიტუაციაში, რაიმე დასკვის გამოტანა არ შეიძლება. გამეორების შემთხვევაში ეს სცენარი ძალიან ჰგავს წინას, მაგრამ მოკლებულია აგრესიას და დამახასიათებელია დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანისათვის. ადამიანი წინასწარ იცავს თავს – იმ შემთხვევისაგან, მართლაც რომ არ გამოუვიდეს, ვერ მოახერხოს ამის გაკეთება.
საუკეთესო რეაქციაა, ვაგრძნობინოთ ამ ადამიანს, რომ ითვალისწინებ მის გაფრთხილებას, აღიარებ, რომ მას მართლაც შეუძლია სწორი პროგნოზის გაკეთება, ამის შემდეგ კი სთავაზობ, რომ მაინც სცადოს; თუ არ გამოვა, არც ეს არის კატასტროფა.
5. „მათ ხომ არ შეუძლიათ..."
არასწორი რეაქცია:
• საკუთარ თავს შეხედე;
• ლოგიკური არგუმენტები – ამან ეს გააკეთა, იმას ეს შეუძლია და ა.შ.
როგორც წესი, ეს სცენარი წარმოიქმნება იმ უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით, რომლითაც ადამიანი განსაკუთრებით ამაყობს. მაგრამ სხვა სფეროში იგი ნაკლებად დარწმუნებულია საკუთარ თავში. ნებისმიერ შემთხვევაში ამ სცენარის ხშირი გამეორება კომპლექსების ნიშანია: სხვების დამცირებით ადამიანი საკუთარ მნიშვნელობას ზრდის.
თუ გსურთ ასეთ მომენტში ამ ადამიანის კეთილგანწყობის მოპოვება, საკმარისი ენთუზიაზმით დაეთანხმეთ და დაადასტურეთ ამ ადამიანის შესაძლებლობები. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც ამ სცენარს ხშირად მიმართავს, საკმაოდ რთულია და ხშირად ნაკლებად შედეგიანი.
6. „ჩვენ დროს.../ჩვენი თაობა..."
არასწორი რეაქცია:
• ლოგიკურ დონეზე „ახალი" და „ძველი" თაობის შედარება;
• ამ ადამიანის წარსული ან ამჟამინდელი დამსახურების დაკნინება;
• განსხვავების დასაბუთება ლოგიკურ დონეზე.
ეს სცენარი დაცვისა და დაურწმუნებლობის ნიშანია, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია არა კონკრეტული უნარ-ჩვევები, როგორც წინა შემთხვევაში, არამედ „სტაჟი". მაგრამ ამ სცენარის ძირითადი მოტივია აღიარების დეფიციტი.
ამიტომ ყველაზე სწორი რეაქცია იქნება ადამიანის მნიშვნელობის, მისი წარსული და ამჟამინდელი დამსახურების დადასტურება. გასათვალისწინებელია ის, რომ ეს ადამიანი წარსულით ცხოვრობს. თუ ეს სცენარი ხშირად მეორდება, ასეთი ადამიანის მხრიდან გამორიცხული არ არის პირდაპირი აგრესია ახალბედას ან ახალგაზრდა ადამიანის მიმართ.
7. „ისედაც ყველაფერი ვიცი (რად მინდა რამის სწავლა, ვის შეუძლია რამე მასწავლოს)/ რა შეიძლება იყოს ამაში ახალი..."
არასწორი რეაქცია:
• არაკომპეტენტურობის დამტკიცების მცდელობა;
• ლოგიკურ დონეზე სწავლის საჭიროებაში დარწმუნება.
ეს სცენარი არის დაცვითი რეაქცია, საკუთარი მნიშვნელობის, კომპეტენტურობის, პროფესიონალიზმის განაცხადი. ძალიან ხშირად ეს სცენარი აქტუალურია სწორედ ისეთი ადამიანისათვის, რომელიც საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული არ არის (საკუთარ თავში დარწმუნებულ და ადეკვატურ ადამიანს ახსოვს, რომ დამატებითი გამოცდილების მიღება ყოველთვის სასარგებლოა).
ასეთ სიტუაციაში უკეთესია ადამიანის კომპეტენტურობის, გამოცდილების დადასტურება და თქმა იმისა, რომ სწავლება, კვალიფიკაციის ამაღლება გულისხმობს, ფაქტობრივად, გამოცდილების გაცვლას, სხვა ადამიანების გამოცდილების ან რაიმე თეორიის შეფასებას. თუ ასეთი სცენარი დომინანტური ხდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს შემდგომი განვითარების პერსპექტივა არ გააჩნია.
8. „უფრო სწრაფად..."
ეს სცენარი უფრო ხშირად ვლინდება არა მარტო სიტყვიერი ფორმით, არამედ მოქმედების სახითაც: ადამიანი ცდილობს ცხოვრების ტემპისა და რითმის დაჩქარებას. ხშირად ამ სცენარს გარკვეული მოუსვენრობა, ფაციფუცი ახლავს.
სწორი რეაქციაა ასეთივე ტემპის დაცვა მსგავს ადამიანთან ურთიერთობისას. მაგრამ და¬საფიქრებელია, ამ გზით რისგან „იმალება", იცავს თავს ეს ადამიანი და რა მოხდება ტემპის შემცირებისას. ჩვეულებრივ, ამგვარი ქცევის სტილი გარკვეული კომპლექსების, შიშის, მომავალში დაურწმუნებლობის „შეფუთვის", „შენიღბის" მცდელობაზე მიუთი¬თებს.
9. „მხოლოდ საქმეზე..."
იგულისხმება სიტუაცია, როცა ადამიანი ყველანაირად არიდებს თავს ისეთ საუბარს, თემას, რომელიც ოდნავ მაინც რაღაც პირადულს ეხება. უკიდურესი გამოვლინების შემთხვევაში ადამიანი არა მარტო თავად არიდებს თავს ასეთ თემასა და საუბარს, არამედ ცდილობს სხვა ადამიანსაც არ მისცეს ამის საშუალება.
ასეთ ადამიანთან ურთიერთობისას უკეთესია საუბარი მართლაც საქმიან საკითხებზე. ეს სიგნალი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადამიანი პირად სფეროში საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ არის. მაგრამ საქმიანი ურთიერთობების თვალსაზრისით ასეთი სცენარი მაინცდამაინც ხელშემშლელი არ არის.
***
ამრიგად, განვიხილეთ რამდენიმე საკმაოდ ტიპობრივი სცენარი, რომელიც ვლინდება პირადი და საქმიანი ურთიერთობისას. მთავარია გვახსოვდეს ის, რომ უმრავლეს შემთხვევაში ეს სცენარი ქვეცნობიერ დონეზე ჩნდება და გვაძლევს ადამიანის ფარული მოთხოვნილებებისა და სუსტი მხარეების გაგების საშუალებას. ეს კი, თავის მხრივ, გვეხმარება ადამიანთან ურთიერთობის დამყარებაში.
კიდევ ერთხელ აღსანიშნავია, რომ ლაპარაკია სცენარის გამეორებაზე, მის აკვიატებულ ხასიათზე. რაც უფრო ხშირად ვლინდება ერთი და იგივე სცენარი, მით უფრო მნიშვნელოვანია ადამიანისათვის ამ სცენარის უკან მდგარი მოტივები, რაც უცილობლად გასათვალისწინებელია. ამასთანავე, ერთი-ორჯერ გამოვლენილი თემა სცენარად ვერ ჩაითვლება და რაიმე დასკვნის გაკეთების საფუძველს არ იძლევა.
ძირითადი იდეა ასეთია: როცა ადამიანი ქვეცნობიერ დონეზე გარკვეულ რეაქციას, პოზიტიურ მორალურ სტიმულს გვთხოვს, ეს სტიმული მას უსათუოდ უნდა მივცეთ. ესაა ამ ადამიანთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარების უცილობელი პირობაა.

doctrina

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий