пятница, 30 августа 2013 г.

რობოტმა შეძლო თანამგზავრის გამართვა: ექსპერიმენტი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე


დილით ადრე 10 მაისს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩატარდა მართლაც ისტორიული ექსპერიმენტი RRM – თანამგზავრის გამართვის სიმულაცია. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურის ეკიპაჟმა Canadarm2 მანიპულატორისა და სპეციალური მოდულის მეშვეობით დაამტკიცა, რომ შესაძლებელია ისეთი რობოტიზირებული სისტემის შექმნა, რომელიც მომავალში შეძლებს თანამგზავრის გამართვასა და მომსახურებას პირდაპირ ორბიტაზე.

ეს არსებითად გააფართოებს თანამგზავრული დაჯგუფების შესაძლებლობებს; მაგალითად, რამდენიმე რიგით გაზრდის კოსმოსური აპარატის ექსპლუატაციის ვადას.
ექსპერიმენტი RRM სულ 5 დღე გრძელდებოდა. მისი მსვლელობისას რობოტიზებულმა მოდულმა წარმატებით „დაამუშავა" თანამგზავრის მაკეტი: გახსნა თბოიზოლაციის „საბანი" და შეასრულა მოსამზადებელი სამუშაოები თანამგზავრის საწვავისა და ელექტრონულ სისტემებში ჩართვამდე. ცხადია, რომ ისეთი ოპერაციები, როგორიცაა სახრახნისისა და ხრახნის შეთავსება, ადამიანისათვის ძალიან მარტივია, მაგრამ ზეინკალს კოსმოსში თითოეულ თანამგზავრთან ვერ გააგზავნი. იმისათვის, რომ რობოტმა შეძლოს კოსმოსში ხრახნის ამოხრახნა, ინჟინრებმა შეიმუშავეს მთელი რიგი მოწყობილობა და პროგრამული ალგორითმი. რობოტიზირებული კომპლექსი RRM აღჭურვილია ვიდეო კამერებით, რომლებიც იძლევა სპეციალური სახრახნისის ძალიან ზუსტად პოზიციონირების საშუალებას. ამოხრახნილ ხრახნებს იჭერდა სპეციალური მახე, შემუშავებული ტელესკოპის, „ჰაბლის", შესაკეთებლად. თავის დროზე ასეთი მოწყობილობის წყალობით ასტრონავტმა, მაიკლ მასიმინომ, შეძლო 111 ხრახნის ამოხრახნა ისე, რომ არცერთი დაუკარგავს.

ექსპერიმენტმა RRM დაამტკიცა, რომ ორბიტაზე თანამგზავრის მომსახურებასთან დაკავშირებული მთელი რიგი ოპერაციების შესრულება შესაძლებელია.

გარდა ამისა, RRM-ის ტესტირების პროცესში მოხერხდა კაბელის გასართავის წარმატებით მოხსნა, რაც აუცილებელია თანამგზავრის ელექტრონულ სისტემაში ჩასართავად მისი დიაგნოსტიკის მიზნით. ეს ოპერაცია ავტომობილის კომპიუტერის მიერ შეცდომების დაფიქსირების მსგავსია. თბოდამცავი „საბნის" გაჭრაც მარტივი ოპერაცია არ არის: ამ ოპერაციამ არა მარტო არ უნდა დააზიანოს თანამგზავრის შიდა სისტემები, არამედ გამორიცხოს კოსმოსის დანაგვიანება მასალის ნარჩენებით. RRM-მა შეძლო თბოიზოლაციის გახსნა ზუსტად ნაწიბურის გასწვრივ.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий