среда, 21 августа 2013 г.

„გუგლის“ სათვალე - პროგნოზი და რეალობა


საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება ინტერნეტ-ძიების გიგანტის, „გუგლის“ ახალი სათვალის გამოშვებას. კომპანიამ მისი გამოცდა უკვე დაიწყო და დაბეჯითებით აცხადებს, რომ რევოლუციური სიახლე დიდ გავლენას მოახდენს ადამიანების, თუ ადამიანს და გარემოს შორის ურთიერთობის აქამდე არსებულ ფორმებზე. როგორც მკვლევარები ამბობენ, სმართფონს ადამიანი დღეში საშუალოდ 150-ჯერ ხმარობს. „გუგლის“ სათვალის საშუალებით კი ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფი, ეფექტური და ინტენსიური გახდება. მოდით, ერთად შევავლოთ თვალი, თუ რა სიახლეს გვთავაზობს „გუგლი“ და რა ფუნქციები ექნება მის კომპიუტერიზებულ სათვალეს.
საქმე იმაშია, რომ ექსპერტების საერთო მოსაზრებით, ტექნოლოგიების უმეტესი ნაწილი, რომელიც „გუგლის“ სათვალეშია, სმარტფონებშიც  გვაქვს. მაგრამ კომპანიის მკვლევარები მათი გამოყენების უპრეცედენტო გზას გვთავაზობენ. და მაინც, რით გამოირჩევა და რატომ მიიჩნევენ რევოლუციურად „გუგლის“ სათვალეს?
კრის დეილის, „გუგლის“ სათვალის კომუნიკაციების გენერალური მენეჯერის განმარტებით, „ეს არის მინიატურული კომპიუტერი, რომელიც სათვალის მსუბუქ ჩარჩოშია მოთავსებული. თვალთან ახლოს მდებარე მოწყობილობა სამყაროს აღქმას და გაზიარებას ბევრად უფრო აიოლებს“.
მინი-კომპიუტერი ფოტო და ვიდეო აპარატებითაა აღჭურვილი, რომელიც ინტერნეტით სმარტფონს უკავშირდება. რამდენად პრაქტიკული შეიძლება იყოს ასეთი სათვალე ყოველდღიური ხმარებისთვის, ვეკითხებით კრის დეილს.
„მილიონდოლარიან შეკითხვას მაძლევთო“- გვპასუხობს ის. როგორც ირკვევა, სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად და იმის გასარკვევადაც, თუ როგორ შეიძლება სიახლის ტექნოლოგიურად დახვეწა, „გუგლმა“ პროდუქტის ბაზარზე გატანამდე, მისი საექსპერიმენტო გამოცდა გადაწყვიტა და მოხალისეებს მცირე რაოდენობით სათვალის სამუშაო ვერსია 1 500 დოლარად მიჰყიდა. კომპანიას რამდენიმე მიზნის ერთდროულად მიღწევა სურს. „გუგლს“ გამომგონებლების მოხიბლვაც უნდა და მათგან ახალი, საინტერესო აპლიკაციების მოლოდინშია.
კრის დეილი ამბობს, რომ „გუგლის“ სათვალეს ისინი „კომპიუტერულ ტექნოლოგიებში სრულიად ახალ პლატფორმად“ აღიქვამენ. მისი თქმით, სათვალის საშუალებით, მომხმარებლისთვის, რომელიც სმარტფონს დღეში საშუალოდ 150-ჯერ ხმარობს, ეს პროცესი ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტური გახდება.
როგორ ფუნქციონირებს „გუგლის“ სათვალე?
ის სიტყვიერი განკარგულებით იმართება. მისი ჩართვა თითის ერთი მიდებით ხდება. შემდეგ სათვალეზე ჩნდება რამდენიმე ფუნქცია, რომელიც ნებისმიერ კომპიუტერს, თუ სმარტფონს ისედაც დიდი ხანია აქვს. მათ შორის: ინტერნეტ-ძიება, ფოტოს, ან ვიდეოს გადაღება, გზამკვლევი, თუ შეტყობინების გაგზავნა. მენიუში ნავიგაცია თითის სათვალის ჩარჩოზე გასმით ხდება. რაც შეეხება ხარისხს, სათვალის ფოტოაპარატი დაახლოებით 5-მეგაპიქსელიანია. ბგერის აღქმა ვიბრაციის საშუალებით ხდება. ეკრანის გამოსახულების ხარისხი კი დაახლოებით ისეთივეა, როგორც „აიფოუნის“ ბოლო მოდელზე.
სეტ როზენბლატი, „სი-ნეტის“ ტექნოლოგიური სიახლეების მიმომხილველი, ამბობს, რომ მისთვის პირადად, ძალიან საინტერესო იყო ინტერნეტის აქტიური გამოყენება ისე, რომ ხელში არაფერი ეჭირა. თავად სათვალე კი ქუჩაში გამვლელთა ძალიან დიდ ყურადღებას იქცევდა.
ტექნოლოგიურად ძალიან საინტერესო სიახლეა, თუმცა სოციალური კომუნიკაციის მხრივ პროდუქტი ჯერ კიდევ დასახვეწია“ - აღნიშნავს „სი-ნეტის“ მიმომხილველი. მისი აზრით, ბოლოს და ბოლოს, გადამწყვეტი მაინც მომხმარებლის აზრი იქნება:
„მისი რეალური პოტენციალის გარკვევა ბაზარზე გატანის შემდეგ მოხდება. საინტერესოა, როგორ მიეჩვევა ხალხი, სათვალის მატარებელ ადამიანთან ურთიერთობას“.
სათვალის გამოცდა, გამოცდილების გაზიარება და მის ტექნოლოგიურ სრულყოფაზე მუშაობა გრძელდება. „გუგლს“ გარეგნული ფორმის და სტილის დახვეწაც სურს და გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია „ვარპი პარკერთან“ ერთად მისი დიზაინის გაუმჯობესებაზეც ზრუნავს. ბაზარზე ინოვაციის გატანას მომავალი წლის გაზაფხულზე ელოდებიან. მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ ის დაახლოებით იმდენივე ეღირება, რაც სმართფოუნები.
რამდენად რევოლუციური გამოდგება „გუგლის“ სათვალე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით, ამას მომავალი გვიჩვენებს. ინტერნეტ-ფორუმები და „იუ-თუბი“უკვე გაივსო მოხალისეთა მიერ გაკეთებული კომენტარებით და გადაღებული ვიდეოებით. ზოგი შეშფოთებასაც გამოთქვამს იმის გამო, რომ მალე სრულიად შეუძლებელი გახდება იმის კონტროლი, თუ ვინ გიღებს ვიდეოკამერით, შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ადამიანიც კი იყოს. არიან ტექნოლოგიური სიახლეების ისეთი ფანებიც, რომლებიც სათვალეს სულმოუთქმელად ელოდებიან და ნებისმიერ შემთხვევაში შეიძენენ.
„გუგლმა“ ექსპერიმენტში 5 სახელგანთქმული კინოსკოლაც ჩასვა, რომელსაც სათვალე 2013 წლის ზაფხულის და შემოდგომის სემესტრში სწავლებისთვის შესთავაზა. ესენია: ამერიკული ფილმის ინსტიტუტი, კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტი, როდ აილენდის დიზაინის სკოლა, კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს ანჯელესის ფილიალი და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი. ასე რომ, 2014 წლის იანვრამდე „გუგლის“ სათვალით გადაღებულ ათეულობით სტუდენტურ ფილმსაც უნდა ველოდოთ.
ერთი რამ შეიძლება უკვე გარკვევით ითქვას: მოგზაურობის და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებში ის გამოშვებისთანავე დაიმკვიდრებს ადგილს. როგორც ექსპერიმენტის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავენ, სათვალის ფუნქციებს შორის ყველაზე პრაქტიკული და მოსახერხებელი მათთვის ძიების ფუნქცია, გზამკვლევის აპლიკაცია, ვიდეო და ფოტო აპარატებია.

სიუჟეტი გადაცემიდან "ვაშინგტონი დღეს"


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий