იდეები და რწმენები
რწმენა და წარმოდგენა
იდეები აქვთ. რწმენაში იმყოფებიან.
,,წარმოდგენა საგნების შესახებ“ და ,,მათდამი ანგარიშის გაწევა“
როდესაც ადამიანის, ან მისი ცხოვრების გაგება გვსურს, პირველ რიგში, მის იდეებს ვიკვლევთ. მას შემდეგ, რაც ევროპელმა ირწმუნა, რომ ,,ისტორიული ცნობიერება“ გააჩნია, მის უპირველეს მოთხოვნილებად იქცა იმის კვლევა, თუ როგორ არ უნდა იქონიონ ზეგავლენა ადამიანის არსებობაზე საკუთარმა და მისი დროის იდეებმა. არადა, უდავოა, რომ უნდა იქონიონ. თუმცა, შესაძლებელია, არც ასე იყოს და, ჩემი აზრით, არასაკმარისი გარკვეულობა იმისა, თუ რას ვსწავლობთ, როდესაც ადამიანის, ან ეპოქის იდეებს ვიკვლევთ, ხელს გვიშლის ადამიანის ცხოვრების გამოკვლევაში.
,,ადამიანის იდეების“ ქვეშ ფრიად განსხვავებული საგნები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მაგალითად, ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ მისი შეხედულება, ან მისი მახლობლის შეხედულებები, რომლებსაც ის იმეორებს და ითავისებს. ეს აზრები ჭეშმარიტებას განსხვავებული დოზით შეიძლება მოიცავდეს. ისინი ,,სამეცნიერო ჭეშმარიტებაც“ კი შეიძლება იყოს. მსგავსი განსხვავებები, უდავოდ, ნაკლები მნიშვნელობის მქონეა, და თუ მაინც რაიმე ღირებულება გააჩნიათ, უფრო მეტად რომელიმე კონკრეტული საკითხის დროს, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ. ეს კი იმიტომ, რომ ისინი ყოველდღიურ აზრებს, ერთგვარ მკაცრ ,,სამეცნიერო თეორიებს“ მიეკუთვნება და იმას შეეხება, რაც ადამიანში აღმოცენდება, რაც მასში შობილი, ან მახლობლის მიერ არის შთაგონებული. თუმცა, ეს უკანასკნელი მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი იქამდე არსებობდა, ვიდრე გაჩნდა ან გათავისდა იდეა. იდეა აღმოცენდება, ერთგვარად თუ სხვანაირად, იმ სიცოცხლის ფარგლებში, რომელიც მის გაჩენამდე არსებობდა.
ცნობილია, რომ არ არსებობს ადამიანის ცხოვრება, რომელიც არ იქნებოდა შემდგარი ძირითადი რწმენებისგან, ასე ვთქვათ, არ იქნებოდა მათზე დაფუძნებული. ცხოვრება ნიშნავს იძულებული იყო ანგარიში გაუწიო რაიმეს – სამყაროს თუ საკუთარ თავს. სამყარო და ,,საკუთარი თავი“ კი იდეების გარკვეულ ინტერპრეტაციას წარმოადგენენ, ,,იდეებისას“, რომლებიც შეეხება სამყაროსა და საკუთარ თავს.
აქ კი ვეხებით იდეათა კიდევ ერთ შრეს, რომელიც ადამიანს გააჩნია. რა დიდად განსხვავდება ისინი მათგან, რომელსაც ადამიანი ხვდება და ითავისებს! ეს ძირითადი ,,იდეები“, რომელთაც მე რწმენას ვუწოდებ და ახლა ავხსნი თუ რატომ, არ ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში გარკვეულ დღესა თუ საათზე, არ ჩნდება გარკვეული ფიქრის საფუძველზე, არ არის ჩვენი ფიქრის შედეგი, არც ლოგიკური აზროვნების შედეგია, რასაც დანასკვს ვუწოდებთ. ეს იდეები, რომლებიც სინამდვილეში არის რწმენა, ჩვენი ცხოვრების ნაწილს შეადგენს და სწორედ ამიტომ არ გააჩნიათ მათ კონკრეტული მნიშვნელობები. ისინი არის არა იდეები, რომლებიც გვაქვს, არამედ იდეები, რომლებისგანაც ჩვენ ვართ აგებული. უფრო მეტიც: ისინი არის რადიკალური რწმენა, რის გამოც ისინი თავად რეალობაში გვერევა – ისინი ჩვენი სამყარო და ჩვენი ყოფაა, – ამით კი კარგავენ იდეათა ხასიათს, ჩვენი აზროვნების ხასიათს, აზრების, რომლებიც თავში მოგვდის და შეიძლება არც მოგვსვლოდა.
როდესაც განვასხვავებთ იდეათა ამ ორ შრეს ერთმანეთისგან, მაშინ გამოიკვეთება ის განსხვავებული როლი, რომელსაც ისინი ჩვენ ცხოვრებაში ასრულებენ. ეს უკანასკნელი კი მათ განსხვავებულ ფუნქციასაც გამოავლენს. იდეა–ხდომილობის შესახებ, რომელთა რიცხვსაც მე ყველაზე მყარ სამეცნიერო ჭეშმარიტებებს მივაკუთვნი, – შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ჩვენ ვქმნით, ვიცავთ, განვიხილავთ, ვავრცელებთ, ვიბრძვით მათ დასაცავად და მათთვის სიკვდილიც კი შეგვიძლია. ერთადერთი, რაც არ შეგვიძლია, არის… მათი დახმარებით ცხოვრება. ისინი ჩვენი შემოქმედებაა, ამიტომაც განაპირობებენ ჩვენს ცხოვრებას, რომელიც ეფუძნება იდეა–რწმენებს, რომელსაც ჩვენ არ ვქმნით, არც ვაყალიბებთ, განვიხილავთ, ვავრცელებთ ან ვიცავთ. რწმენებს კი არ ვეხებით, არამედ მათში ვიმყოფებით; ხოლო ის, რაც არასდროს არ გვემართება, ფრთხილად რომ გამოვთქვათ, სწორედ ისაა, რაც ჩვენ შეგვემთხვევა ხოლმე. სასაუბრო ენამ ზუსტად გამოთქვა: იყო რწმენაში. მართლაც, ჩვენ რწმენაში ვიმყოფებით, ხოლო შემთხვევა კი გვაქვს და მას ვიცავთ; რწმენას კი პირიქით: მას ჩვენ ვყავართ, ის ჩვენ გვიცავს.
ამრიგად, არსებობს იდეები, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით – ამიტომ მას ვუწოდებთ შემთხვევებს, და არის იდეები, რომლებშიც ჩვენ ვიმყოფებით, რომლებიც იქამდე არსებობდა, ვიდრე ჩვენ მათზე ფიქრს დავიწყებთ.
საინტერესო კი ის არის, რომ ერთსაც და მეორესაც ერთი სახელი – იდეა ეწოდება. სახელის იდენტობა ერთადერთია რაც აფერხებს ამ ორი საგნის ერთმანეთისგან გამიჯვნას, რომელთა განსხვავებულობა იმდენად ნათელია ჩვენთვის, რომ აუცილებელი ხდება ორი ტერმინის განსხვავებული გამოყენება: რწმენა და შემთხვევითობა. ამის მიუხედავად, შეუსაბამო ქცევა, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ, როდესაც ვაძლევთ ერთ სახელს ორ განსხვავებულ საგანს, არ არის შემთხვევითობის, ან უყურადღებობის, შედეგი. იგი უფრო ღრმა შეუსაბამისობიდან მომდინარეობს: ორი რადიკალურად განსხვავებული სირთულის ერთმანეთში არევიდან, რომლებიც აზროვნებისა და სახელდების ორ სახეს განაპირობებენ.
ამ საკითხის განხილვა გადავდოთ, რამეთუ იგი საკმაოდ ბუნდოვანია. საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ ,,იდეა“ ფსიქოლოგიური ტერმინია, ხოლო ფსიქოლოგია კი, სხვა კერძო მეცნიერებების დარად, დაქვემდებარებული სტატუსის მქონეა. მისი კონცეპტების ჭეშმარიტება პირობითი ბუნებისაა და მხოლოდ იმ თვალსაზრისს ამართლებს, რომელსაც ეს შეხედულება ქმნის და საზღვრავს. მაგალითად, როდესაც ფსიქოლოგია რაიმეს ,,იდეას“ უწოდებს, არ ცდილობს უფრო მეტად განსაზღვროს იგი, უფრო ნათლად გამოხატოს სათქმელი. ერთადერთი შეხედულება, რომელიც არ არის კონკრეტული და რელატიური არის შეხედურება ცხოვრების შესახებ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა სხვა შეხედულება მის შემადგენლობაში განიხილება და მის საკუთრივ ფორმებს წარმოადგენს. როგორც ცხოვრებისეული ფენომენი, წარმოდგენა არ ჰგავს ხდომილობას, მისი ფუნქცია ჩვენს ყოფაში სრულიად განსხვავებული და, გარკვეულწილად, ანტაგონისტურია. რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს იმ ფაქტს, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ორივე მათგანს ეწოდა ,,იდეა“ და არა გრძნობა, მნებელობის აქტი, ან კიდევ რაიმე სხვა?
ამიტომაც აჯობებს გადავდოთ ტერმინ ,,იდეის“ განხილვა და აღვნიშნოთ მისით ყოველივე ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში ინტელექტუალური ქმედების შედეგად წარმოიქმნება. რწმენები კი წარმოგვიდგება როგორც საპირისპირო ხასიათის მქონე – ჩვენ მას ვაღწევთ არა გონებრივი მოქმედებით, არამედ ისინი ჩვენში უკვე მოქმედებენ როდესაც რაიმეზე ფიქრს ვიწყებთ. ამიტომაც ჩვენთვის მათი ფორმულირების აუცილებლობა არ არსებობს და ვკმაყოფილდებით მათი დამოწმებით, ვექცევით მათ ისე, როგორც არამატერიალურს. თეორიები კი, პირიქით, ყველაზე სარწმუნოა, ისინი მხოლოდ მაშინ არსებობენ, როდესაც მათზე ფიქრობენ, ამიტომაც აუცილებელი ხდება მათი ფორმულირება.
ეს კი იმას ავლენს, რომ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვიწყებთ ფიქრს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პრობლემურ რეალობას წარმოადგენს და ჩვენს ცხვრებაში მეორეხარისხოვან ადგილს იკავებს. ჩვენ რწმენებზე არ ვფიქრობთ, არც ახლა და არც შემდეგ: მათდამი ჩვენი დამოკიდებულება უფრო მეტია და მდგომარეობს… მათდამი ანგარიშის გაწევაში, ყოველთვის და უწყვეტად.
პირველადი მნიშვნელობისა მგონია ადამიანის ცხოვრებაში ამ კონტრაპოზიციის – ფიქრსა რაიმე საგანზე და მისდამი ანგარიშის გაწევაში – სტრუქტურული განსხვავება. ინტელექტუალიზმმა, რომელიც ამდენი ხანი, თითქმის უწყვეტად, ავიწროებდა ფილოსოფიის წარსულს, აფერხებდა ჩვენთვის გასაგები გამხდარიყო ეს ტერმინები და საპირისპირო მნიშვნელობასაც კი ანიჭებდა მათ. აი, რას ვგულისხმობ.
მოდით, რომელიმე ჩვენი საქციელი გავაანალიზოთ, თუნდაც ყველაზე მარტივი. ვთქვათ, სახლში ვართ და, ამა თუ იმ მიზეზით, გადავწყვიტეთ შინიდან გავიდეთ. რა იქნება ამ ქცევაში ის, რაც ნაფიქრი იქნება, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, ანუ რა იქნება რაიმეს შედეგი? ჩვენ ვაანალიზებთ მიზნებს, მიღებულ გადაწყვეტილებას, მოძრაობების შესრულებას სიარულის დროს, კარის გაღებას, კიბეზე ჩასვლას. მაგრამ ეს უკეთეს შემთხვევაში. ამ შემთხვევაში კი, რამდენიც არ უნდა ვეძიოთ ჩვენს ცნობიერებაში, ვერ მივაკვლევთ აზრს იმის შესახებ, მართლა არსებობს თუ არა ქუჩა. ჩვენ ერთხელაც არ ვსვამთ კითხვას: არსებობს ქუჩა? რატომ არ ვკითხულობთ ამას? იმიტომ, რომ ქუჩაში გასასვლელად აუცილებელი პირობაა ქუჩის არსებობა. სინამდვილეში, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა ჩვენს შემთხვევაში, ვიდრე ყველა სხვა ფიქრი. ამის მიუხედავად, სწორედ ამაზე არ ვფიქრობთ, არც მის დადასტურებაზე ვფიქრობთ და არც უარყოფაზე. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ქუჩის არსებობა, ან არარსებობა, უმნიშვნელოა ჩვენი ქცევის განხორციელებისთვის? ცხადია, არა. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ კართან მისვლისას აღმოვაჩენთ, რომ ქუჩა გამქრალა, მიწა დასრულებულა ჩვენის სახლის ზღურბლთან და რომ სახლის წინ არის უფსკრული. მაშინ ჩვენს ცნობიერებაში წარმოიქმნება ნათელი და მკვეთრი გაოცება. რისგან? იმისგან, რომ არ არის ქუჩა. მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ამაზე არ გვიფიქრია. ეს გაოცება იმას ადასტურებს, თუ რა დოზით მოქმედებს ჩვენს მდგომარეობაზე ქუჩის არსებობა, ანუ თუ რა დონემდე ვითვალისწინებდით მისი არსებობის ფაქტს, იმის მიუხედავად, რომ მასზე არ ვფიქრობდით და სწორედ იმიტომაც, რომ მასზე არ ვფიქრობდით.
ფსიქოლოგი იტყოდა, რომ ეს არის ჩვეული აზროვნება და ამიტომ არ ვაცნობიერებთ მას, ან გამოიყენებდა ქვეცნობიერის ჰიპოთეზას, და ა.შ. ეს ყველაფერი მეტად სადავოა და, ჩვენ შემთხვევაში, უმნიშვნელოა. ყოველთვის იქნება რაღაც, რაც ჩვენ ქცევაზე გადამწყვეტად იმოქმედებს, რაც იქნება მისი ძირითადი წინაპირობა, რაც არ იყო ნაფიქრი და გააზრებული ჩვენი ცნობიერის მიერ. იგი ჩვენში იყო, მაგრამ გაუცნობიერებლად, როგორც ჩვენი ცნობიერის ან აზროვნების ფარული მნიშვნელობა. სწორედ ამას ვუწოდებ მე, როდესაც არ ხდება გააზრება, ,,რამისთვის ანგარიშის გაწევას“, სწორედ ეს არის ჩვენი ეფექტური რწმენის მახასიათებელი.
ინტელექტუალიზმი, როგორც აღვნიშნე, ტერმინთა მნიშვნელობებს აუკუღმართებს. ახლა ავხსნი თუ რატომ. ინტელექტუალიზმი ჩვენ ცხოვრებაში ყველაზე ეფექტურად იმას მიიჩნევს, რაც ყველაზე ცნობიერია. მოყვანილი მაგალითი კი გვიჩვენებს, რომ სინამდვილეში პირიქითაა. ჩვენი ქცევისთვის ყველაზე მეტად ეფექტურია ჩვენი ინტელექტუალური აქტივობის ფარული მნიშვნელობები, ის, რასაც ანგარიშს ვუწევთ და რაზეც არ ვფიქრობთ.
ახლა კი გასაგები ხდება, თუ რა დიდ შეცდომას ვუშვებთ, როდესაც გვსურს ადამიანის ცხოვრება ან ეპოქა მისი იდეოლოგიით შევისწავლოთ, ანუ მის აზროვნებაზე დაყრდნობით, იმის ნაცვლად, რომ უფრო ღრმად ვიკვლიოთ, ვიდრე არ მივაკვლევთ მისი რწმენების მეტ–ნაკლებად გამოხატულ შრეს, იმ საგნებს, რომლებსაც ანგარიშს ვუწევთ. ამგვარად შესაძლებელი გახდება ისტორიის კონსტრუირება, სიცოცხლის ახსნა მისი წიაღიდან.
II
ჩვენი ეპოქის მღელვარება. გვჯერა გონების და არა მისი იდეების. მეცნიერება თითქმის პოეზიაა
შევაჯამოთ ნათქვამი: როდესაც ვცდილობთ განვსაზღვროთ ადამიანის, ან ეპოქის იდეები, ერთმანეთში ვურევთ ორ რადიკალურად განსხვავებულ საგანს: მის რწმენებსა და ხდომილობებს, ან ,,ფიქრებს“. სინამდვილეში, მხოლოდ ამ უკანასკნელს უნდა ერქვას ,,იდეები“.
რწმენები ჩვენი ცხოვრების საფუძველია, ის ნიადაგია, რომელზეც ცხოვრება ვითარდება, რამეთუ რწმენები რეალობის წინაშე გვაყენებს. ნებისმიერი ჩვენი ქცევა, მათ შორის ინტელექტუალურიც, ჩვენი აუთენტური რწმენების სისტემაზეა დამოკიდებული. რწმენებში ,,ვცხოვრობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ“. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ ვერ ვაცნობიერებთ, მათზე არ ვფიქრობთ, ისინი ფარულად მოქმედებენ, როგორც მნიშვნელობები, როდესაც ვმოქმედებთ ან ვფიქრობთ. როდესაც რაიმე საგნის ჭეშმარიტების გვჯერა, მის შესახებ ,,იდეა“ არ გაგვაჩნია, არამედ მხოლოდ ანგარიშს ვუწევთ მას.
პირიქით, იდეები, ანუ წარმოდგენა საგანთა შესახებ, რომლებიც გვაქვს, იქნება ეს ჩვენი საკუთარი თუ შეძენილი, ჩვენს ცხოვრებაში რეალობის მნიშვნელობის მქონე არ არის. ისინი ცხოვრებაში მოქმედებენ მხოლოდ როგორც ჩვენი ფიქრები. ეს ნიშნავს, რომ მთელი ჩვენი ,,ინტელექტუალური ცხოვრება“ მეორადია ჩვენ რეალურ, ანუ ჭეშმარიტ ცხოვრებასთან შედარებით და მასში მხოლოდ ვირტუალურ ან გამოგონილ განზომილებას წარმოადგენს. მაშინ ჩნდება კითხვა: რაში მდგომარეობს იდეათა, თეორიათა ჭეშმარიტება? ვპასუხობ: იდეის ჭეშმარიტება ან სიმცდარე ჩვენი იდეების გამოგონილი სამყაროს ,,შიდა პოლიტიკის“ საკითხია. იდეა ჭეშმარიტია, როდესაც შეესაბამება იმ იდეას, რომელიც რეალობის შესახებ გვაქვს. მაგრამ ჩვენი იდეა რეალობის შესახებ არ არის ჩვენი რეალობა. ეს უკანასკნელი იმას მოიცავს, რასაც ანგარიშს ვუწევთ ცხოვრებაში; ხოლო მათგან უმრავლესობაზე რასაც ანგარიშს ვუწევთ, მცირედი იდეაც კი არ გვაქვს და თუ გვაქვს – ესეც მაშინ, როცა საკუთარ თავზე ბევრს ვფიქრობთ, – იგი ინდიფერენტულია, რადგან იგი რეალურია არა როგორც იდეა, არამედ, პირიქით, იდეაა იმ თვალსაზრისით, რომ არ არის ჩვენთვის მხოლოდ იდეა, არამედ არის ინფრაინტელექტუალური რწმენა.
ალბათ არ არის ჩვენი ეპოქისთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე განისაზღვროს ადამიანის ცხოვრებაში ინტელექტუალიზმის როლი და ადგილი. არის ეპოქები, რომლებიც დიდი ღელვებით ხასიათდება. სწორედ მათ რიცხვშია ჩვენი ეპოქაც. ამ ეპოქათაგან თითოეული განსხვავებულად და სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ღელვით ხასიათდება. ჩვენი თანამედროვეობის ღელვა მომდინარეა რამდენიმე საუკუნის ინტელექტუალური პროდუქციის სიჭარბისგან და მისდამი გამოჩენილი დიდი ყურადღებისგან, რის გამოც ადამიანმა არ იცის, თუ როგორ უნდა მოეპყროს იდეებს. მან იცის, რომ ვერ ფლობს მათ, რომ ცხოვრებაში მათი როლი განსხვავებულია ისტორიული როლისგან, ასევე არ იცის, თუ რაში მდგომარეობს მათი ჭეშმარიტი დანიშნულება.
ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ,,ინტელექტუალური ცხოვრების“ გამიჯვნა – რაც არ არის ცხოვრება როგორც ასეთი, – ცოცხალი, რეალური ცხოვრებისგან, ჩვენი ყოფისგან. როდესაც ამას ერთხელ წარმატებით განვახორციელებთ, მაშინ დღის წესრიგში სხვა საკითხები დადგება: რა ზიარ დამოკიდებულებაში მოქმედებენ იდეები და რწმენები? საიდან მომდინარეობენ, როგორ ყალიბდებიან რწმენები?
წინა ნაწილში აღვნიშნე, რომ არასწორია განურჩევლად ვუწოდოთ სახელი იდეებს, რწმენებსა და ხდომილობებს. დავამატებ, რომ იგივე ზიანის მომტანია საუბარი, თუ არ გავმიჯნავთ რწმენებს, შეხედულებებსა და სხვა მსგავს საგნებს. მართლაც შეცდომაა უწოდო რწმენა ასოციაციას, რომელსაც ჩვენ გონებაში ბადებს ნებისმიერი სახის ინტელექტურალური კომბინაცია. მაგალითისთვის ავიღოთ უკიდურესი შემთხვევა, როგორიც არის ყველაზე ზუსტი სამეცნიერო აზროვნება, რადგან იგი ეფუძნება მტკიცებულებებს. ამ შემთხვევაშიც კი, სერიოზულად ვერ ვისაუბრებთ რწმენაზე. ცხადი, რამდენად ცხადიც არ უნდა იყოს ის, არ არის რეალობა ჩვენთვის, მისი არ გვჯერა. ჩვენი გონება ვერ აღიქვამს მას ჭეშმარიტებად; მისი მისაღებობა არის ავტომატური, მექანიკური. მაგრამ, სწორედ გამიგეთ, ეს მისაღებობა, ეს აღიარება ჭეშმარიტებისა ერთ რაიმეს ნიშნავს: თემაზე საფიქრალად განწყობის დროს ჩვენთვის მიუღებელია განსხვავებული ან საპირისპირო აზრი, გარდა იმისა, რაც ცხადად გვეჩვენება. მაგრამ… საქმეც ამაშია: მენტალური მისაღებობის პირობაა, რომ ჩვენ იმაზე ვფიქრობთ, რაც გვსურს. ეს საკმარისია მთელი ჩვენი ,,ინტელექტუალური ცხოვრების“ არარეალური შემადგენლის აღსანიშნად. მოცემული აზრისადმი ჩვენი მისაღებობა არის, ვიმეორებ, გარდაუვალი; მაგრამ რადგან ჩვენზეა დამოკიდებული ვიფიქრებთ მასზე თუ არა, ეს მისაღებობა იმდენად გარდაუვალია, რომ წარმოგვიდგება როგორც ყველაზე მბრძანებლური რეალობა, გარდაიქმნება იმად, რაც დამოკიდებულია ჩვენს ნებაზე და ამიტომ აღარ არის ჩვენთვის რეალური. რამეთუ რეალობა სწორედ ისაა, რასაც, გვინდა ეს თუ არა, ანგარიშს ვუწევთ. რეალობა არსებობს ჩვენი ნების საპირისპიროდ, მას ჩვენ არ ვადგენთ; მას ვეჯახებით.
გარდა ამისა, ადამიანს ნათელი წარმოდგენა აქვს იმაზე, რომ მისი ინტელექტი დაკავებულია მხოლოდ საეჭვო საკითხებით, რომ იდეათა ჭეშმარიტება საზრდოობს მისი სადავოობით. ამიტომ, ეს ჭეშმარიტება იმის დამტკიცებაში მდგომარეობს, რაზეც ჩვენ გვაქვს პრეტენზია. იდეას ისევე ჭირდება კრიტიკა, როგორც ფილტვს ჟანგბადი; იგი ეყრდნობა და მტკიცდება სხვა იდეებით, ისინი, თავის მხრივ, სხვებზე და ასე იქმნება გარკვეული მთლიანობა ან სისტემა. ამგვარად, რეალური სამყაროს მიღმა ყალიბდება იდეების სამყარო, რომლებსაც ქმნის და რომელზეც პასუხს აგებს ადამიანი. ყველაზე მტკიცე იდეის სიმტკიცე სხვა იდეებთან კავშირის სიმტკიცეზე დაიყვანება. არც მეტი და არც ნაკლები. შეუძლებელია იდეის გასინჯვა, თითქოს ის იყოს მონეტა, რეალობის საპირისპიროდ მასზე დარტყმა, თითქოს სასინჯი ქვა იყოს. უმაღლესი ის ჭეშმარიტებაა, რომელიც ცხადი არის, მაგრამ თავად სიცხადის ღირებულება არის, თავის მხრივ, წმინდა თეორია, იდეა და ინტელექტუალური კომბინაცია.
შესაბამისად, ჩვენსა და ჩვენს იდეებს შორის ყოველთვის არის დაუძლეველი მანძილი: ის, რომელიც მდებარეობს რეალობიდან წარმოსახვითამდე. და პირიქით, ჩვენ რწმენებთან განუყოფელნი ვართ. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რწმენებისგან ვართ აგებული. მეტ–ნაკლებად დამოუკიდებლები ვართ ჩვენი წარმოდგენებისგან. რა დიდიც არ უნდა იყოს მათი ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე, ყოველთვის შეგვიძლია მათი შემცირება, ჩვენი თეორიებისგან თავის დაღწევა. მეტიც, სინამდვილეში, ჩვენგან ყოველთვის საჭიროა სპეციალური ძალა, რომ ისე მოვიქცეთ, როგორც ვფიქრობთ, ანუ, სერიოზულად აღვიქვათ იგი – ეს კი იმას ავლენს, რომ ჩვენ მათი არ გვჯერა, რომ ჩვენი იდეების რწმენა ჩვენთვის რისკის შეგრძნების მატარებელია, იმ დონემდე, რომ მათ მიხედვით გვემოქმედა და ისე მოვეპყრობოდით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცხოვრებას საკუთარ იდეებთან შესაბამისობაში ჩვენ შევაფასებდით როგორც უაღრესად გმირულს.
ამის მიუხედავად, არ შეიძლება უარვყოთ, რომ ჩვენთვის არ არის ნორმალური ვმართოთ ჩვენი ქცევა მრავალი ,,სამეცნიერო ჭეშმარიტებების“ მიხედვით, ისე, რომ არ მივიჩნიოთ ის გმირულად. ჩვენ ვიძენთ უნარ–ჩვევებს, ვიყენებთ ინსტრუმენტებს, რომლებიც, სინამდვილეში, ჩვენ საშიშად გვეჩვენება, და რომლის უსაფრთხოებასაც არ აქვს მეტი გარანტია, ვიდრე სამეცნიერო. ახსნა მარტივია და მკითხველისთვის სასარგებლო იქნება ზოგი სირთულის ასახსნელად, რომელიც იგი ამ ესეს კითხვისას ხვდება. საქმე ეხება მკითხველისთვის იმის შეხსენებას, რომ თანამედროვე ადამიანის რწმენებს შორის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია მისი რწმენა ,,გონებაში“, ინტელექტში. ახლა არ დავაზუსტებთ იმ ცვლილებებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განიცადა ამ რწმენამ. როგორიც არ უნდა იყოს ისინი, უდავოა, რომ უმნიშვნელოვანესი ამ რწმენაში არის მისი გაგრძელება, ანუ რომ ადამიანი კვლავ ანგარიშს უწევს მისი ინტელექტის პროდუქტიულობას როგორც ერთ–ერთ არსებულ რეალობას, რომელიც შეადგენს მის ცხოვრებას. მაგრამ, გთხოვთ განასხვაოთ, რომ ერთია რწმენა ინტელექტში და სულ სხვაა ირწმუნო განსაზღვრული იდეები, რომელსაც ეს ინტელექტი ძერწავს. ამ იდეებისადმი პირდაპირი რწმენა არ არსებობს. ჩვენი რწმენა შეეხება საგანს, ინტელექტს, მაგრამ ეს არ არის რწმენა ინტელექტის შესახებ. შეადარეთ ამ რწმენის სიზუსტე ინტელექტისადმი იმ არაზუსტ იდეას, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს გააჩნია ინტელექტის შესახებ. გარდა ამისა, როგორ გასწორდება ის, თუ არ გააბათილებს მის იდეებს და გუშინდელი სიმართლე ჩანაცვლდება დღევანდელით, თუ ჩვენი რწმენა ინტელექტში იქნებოდა შემდგარი პირდაპირ იდეების რწმენისგან, მათი შეცვლა მოგვიტანდა ინტელექტისადმი რწმენის დაკარგვას. ახლა კი ყველაფერი პირიქით ხდება. ჩვენმა რწმენამ გონებაში გაუძლო მშვიდად მისი თეორიების ყველაზე სკანდალურ ცვლილებებს, მათ შორის ღრმა ცვლილებებს იმის შესახებ, თუ რა არის თავად გონიერება. ამ უკანასკნელმა ზეგავლენა იქონია, უდავოდ, ამ რწმენის ფორმაზე, თუმცა ეს რწმენა მოქმედებდა თამამად ამათუიმ ფორმით.
ეს ფენომენი უნდა გახდეს ისტორიის ინტერესის საგანი. მნიშვნელოვანია ისტორიით დაინტერესება, როდესაც ის გარდაიქმნება მეცნიერებად, მეცნიერებად ადამიანის შესახებ. იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ ,,ისტორიის“ შექმნაზე ვწუხდეთ – ანუ თანმიმდევრობების კატალოგიზაციაზე, – იდეების შესახებ ფიქრის თაობაზე დეკარტედან ჩვენ დრომდე, უკეთესი იქნებოდა თუ ვეცდებოდით ზუსტად განგვესაზღვრა როგორი იყო რწმენა ინტელექტისადმი, რომელიც სინამდვილეში მოქმედებს ყველა ეპოქაში, და, ასევე, თუ რა შედეგი მოუტანა მან ადამიანის ცხოვრებას. რადგან ნათელია, რომ სიცოცხლის დრამის სიუჟეტი განსხვავებულია იმის მიხედვით, გვჯერა ყოვლისშემძლე და მოწყალე ღმერთის არსებობის იდეის თუ არა. ასევე, განსხვავებულია მათი ცხოვრება, თუმცა სხვაობა იქნება ნაკლები, ვისაც სჯერა გონების აბსოლუტური უნარისა აღმოაჩინოს რეალობა, როგორც ეს სწამდათ მე–17 საუკუნის მიწურულს საფრანგეთში, მათგან, ვისაც სჯერა 1860–ელ პოზიტივისტთა დარად, რომ გონება არის ბუნებით რელატიური ცოდნა.
წინამდებარის მსგავსი შესწავლა საშუალებას მოგვცემს ნათლად დავინახოთ ცვლილება, რომელიც განიცადა ჩვენმა რწმენამ გონებაში ბოლო ოცი წლის მანძილზე, რაც გასაოცრად მოჰფენდა ნათელს თითქმის ყველა უცნაურ საგანს, ჩვენ დროს რომ ხდება.
ახლა კი არ მრჩება სხვა გზა გარდა იმისა, რომ მკითხველმა გაიგოს, თუ რა ურთიერთობა გვაქვს იდეების, ინტელექტუალური სამყაროს მიმართ. ეს ურთიერთობა მათ რწმენას არ გულისხმობს; საგნები და თეორიები, რომლებზეც ვფიქრობთ, თეორიები, რომლებსაც გვთავაზობენ, არ არის რეალობა, არამედ ზუსტად და მხოლოდ… იდეებია.
უკეთესად ვერ გაიგებს მკითხველი თუ რა არის, როცა არ არის მხოლოდ იდეა და არა რეალობა, თუ არ შევთავაზებ გაეცნოს იმას, რასაც ,,ფანტაზიები, წარმოდგენები“ ეწოდება. მაგრამ ფანტაზიის, წარმოდგენის სამყარო არის პოეზია. კარგად რომ გავიგოთ, თუ რა არის იდეა, მისი პირველადი როლი ცხოვრებაში, უნდა მეტად დავაახლოვოთ მეცნიერება და პოეზია, ვიდრე აქამდე იყო. ასე ვიტყოდი, თუ იმის შემდეგ, რაც ვთქვი, ჩემი გაგება გსურთ, მეცნიერება უფრო ახლოსაა პოეზიასთან, ვიდრე რეალობასთან, რომ მისი ფუნქცია ჩვენი ცხოვრების ორგანიზმში მეტად ჰგავს ხელოვნებისას. უდავოა. რომ ლიტერატურასთან შედარებით, მეცნიერება თავად რეალობას ჰგავს. მაგრამ აუთენტურ რეალობასთან შედარებით, ყურადღებას იპყრობს ის გარემოებაა, რომ მეცნიერებას აქვს საერთო ლიტერატურასთან, ფანტასტიკასთან, მენტალურ კონსტრუქციასთან, გამოგონების შედეგთან.
III
ეჭვი და რწმენა. ,,ეჭვის მორევი“. იდეათა ადგილი
ადამიანი, თავისი არსით, არის მიმნდობი, ან, რაც იგივეა, ჩვენი ცხოვრების ყველაზე ღრმა შრეა, რომელიც იცავს ან ამოქმედებს ყველა სხვას. ადამიანი აგებულია რწმენებისგან. სწორედ იდეებია ის მყარი ნიადაგი, რომელზეც ჩვენ ვდგავართ (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეტაფორა წარმოიქმნება ერთ–ერთ ყველაზე ელემენტალურ რწმენაზე, რომელიც გაგვაჩნია და რომლის გარეშეც, ალბათ, ვერ ვიცხოვრებდით: რწმენა იმის შესახებ, რომ მიწა მყარია, იმ მიწისძვრების მიუხედავად, რომლებიც ზოგჯერ მის ზედაპირზე ხდება. წარმოიდგინეთ, რომ ხვალ, ამათუიმ მიზეზით, ეს რწმენა შეირყეს. იმ რადიკალური ცვლილების ძირითადი ხაზების გამოკვეთა, რომელსაც ადამიანის ცხოვრების ფიგურაში ამ იდეის გაქრობა გამოიწვევდა, იქნებოდა კარგი ვარჯიში ისტორიული აზროვნებისთვის).
მაგრამ ჩვენი რწმენების ძირითად შრეებში იხსნება, აქა–იქ, ჭების მსგავსად, ეჭვების დიდი უფსკრულები. ამ დროს უნდა ითქვას, რომ ეჭვი, ჭეშმარიტი ეჭვი, რომელიც არ არის მხოლოდ მეთოდური ან ინტელექტუალური, რწმენის ხერხია და იმავე შრეს მიეკუთვნება ცხოვრების არქიტექტურაში, რომელსაც რწმენები. როგორც რწმენაში, ასევე იმყოფებიან ეჭვშიც. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ყოფნას შემაშინებელი ხასიათი აქვს. ეჭვში ყოფნა უფსკრულში ყოფნის ტოლფასია, როცა ეცემი. ეჭვი სტაბილურობის უარყოფაა. უცებ შეიგრძნობთ, რომ ჩვენი სართულის ქვეშ სიმყარე აღარაა და ვეცემით, ვეცემით სიცარიელეში ისე, რომ ვერ ვჩერდებით, ვერაფერს ვაკეთებთ თავის შესაკავებლად, გადასარჩენად. ეჭვი ჰგავს სიკვდილს, ცხოვრების შინაგან არსს. ამის მიუხედავად, ეჭვი იღებს რწმენისგან თვისებას იყოს რაიმე, რაშიც იმყოფებიან, ანუ რასაც არ ვაკეთებთ, ან ვქმნით ჩვენ. ეს არაა იდეა, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ, ან არ ვფიქრობთ, რომელსაც ვიცავთ, ვაკრიტიკებთ, ვაყალიბებთ, არამედ მისგან შევდგებით. იგი არ მიიჩნევა პარადოქსად, თუმცა მგონია, რომ მეტად რთულია ჭეშმარიტი ეჭვის აღწერა, თუ არ ვიტყვით, რომ გვჯერა ჩვენი ეჭვის.
ასე რომ არ ყოფილიყო და ჩვენს ეჭვში ეჭვი რომ შეგვქონდეს, იგი იქნებოდა უვნებელი. ცუდი ისაა, რომ იგი მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაში ზუსტად ისე, როგორც რწმენა და იმავე შრეს ეკუთვნის, რომელსაც რწმენა. რწმენასა და ეჭვს შორის სხვაობა არ მდგომარეობს რწმენის ქონაში. ეჭვი არ არის ,,რწმენის არარსებობა“ რწმენის საპირისპიროდ, არც არის ,,გვჯეროდეს რომ არა“ ,,გვჯეროდეს რომ კი“–ს საპირისპიროდ. განსხვავება მდგომარეობს იმაში, თუ რისი გვწამს – რწმენა იმაში, რომ ღმერთი არსებობს, ან არ არსებობს. ამგვარად, ჩვენ აღმოვჩნდებით რეალობაში, დადებითში ან ,,უარყოფითში“, მაგრამ შეუმცდარში, და, ამიტომ, მასში ყოფნით ჩვენ ვგრძნობთ თავს სტაბილურად.
ის, რაც ჩვენ ხელს გვიშლის ჩვენს ცხოვრებაში არსებული ეჭვის როლის გასარკვევად, არის იმის ვარაუდი, რომ ჩვენ არ გვამყოფებს რეალობის წინაშე. ეს შეცდომა კი მომდინარეობს, თავის მხრივ, იმის უცოდინრობისგან, რაც ეჭვს გააჩნია რწმენისგან. იქნებოდა მეტად მოსახერხებელი, არ გვეეჭვა რაიმეზე, და მაშინ ის გაქრებოდა ჩვენთვის, როგორც რეალობა. მაგრამ მსგავსი რამ არ ხდება, არამედ ეჭვი ჩვენ საეჭვოს წინაშე გვაყენებს, ისეთი რეალობის წინაშე, რომელიც რწმენაზე აღმოცენდება, მაგრამ რომელიც ორაზროვანია, ორთავიანია, არასტაბილურია, რომლის წინაშეც არ ვიცით რას მოვეჭიდოთ, ან რა ვაკეთოთ. ეჭვი, რომ შევაჯამოთ, არის ყოფნა არასტაბილურობაში: ეს არის ცხოვრება მიწისძვრის მომენტში, უწყვეტ და განსაზღვრულ მიწისძვრაში.
ამ თვალსაზრისით, როგორც ადამიანის ცხოვრების სხვა მახასიათებლების განსაზღვრის შემთხვევაშიც, ძირითად ახსნას არა სამეცნიერო აზროვნებიდან, არამედ სასაუბრო ენიდან ვიღებთ. მოაზროვნენი, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ ცდილობდნენ მოეთვინიერებინათ, ტორეადორების დარად, ის რადიკალური რეალობა, არამედ ზურგს აქცევდნენ მას. პირიქით, არამოაზროვნე ადამიანი, უფრო გამზადებული გადამწყვეტისთვის, გამჭრიახად უმზერდა საკუთარ არსებობას და, ამის შედეგად, მან დატოვა მშობლიურ ენაში ამ ბუნდოვანი ხედვის ნალექი.
ჩვენ გვავიწყდება, რომ ენა უკვე აზროვნებაა, დოქტრინაა. როდესაც მას ვიყენებთ ინსტრუმენტად ყველაზე რთული იდეოლოგიური კომბინაციებისთვის, სერიოზულად არ ვეკიდებით იმ პირველად იდეოლოგიას, რომელსაც ენა გამოხატავს, რომელიც ის თავად არის. როდესაც, არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რისი თქმაც გვსურს ენაში დამკვიდრებული კონსტრუქციების საშუალებით და მხედველობაში ვიღებთ იმას, რასაც ისინი საკუთარი შეხედულებებით გვეუბნებიან, ჩვენ გვაოცებს ენის სიმკვეთრე, რეალობის თვალმახვილად აღწერის მისი უნარი.
ყველა სასაუბრო გამონათქვამი, რომელიც ეჭვს შეეხება, იმაზე მეტყველებს, რომ მათში შეიგრძნობა ადამიანი, რომელიც ჩაძირულია მყარ, უხსნად ელემენტში. ეჭვიანობა თხევადი რეალობაა, რომელსაც ადამიანი ვერ ეყრდნობა და, შედეგად, ეცემა. აქედანაა ნაწარმოები გამონათქვამი ,,ეჭვის მორევში ყოფნა“.
რწმენის ელემენტის საწინააღმდეგოა მყარი მიწა. ენა ჩვენ გვესაუბრება ეჭვზე, როგორც ფლუქტუაციაზე, ტალღების რწევაზე. უდავოდ, ეჭვის სამყარო ზღვის პეიზაჟია და შთააგონებს ადამიანს გემის დაღუპვის ვარაუდს. ეჭვი, აღწერილი როგორც ფლუქტუაცია, რწმენის საზღვარზე მიგვითითებს. ასეც არის, იგი მეორადად შობს რწმენას. ეჭვიანობა ხდება ორ ანტაგონისტურ რწმენაში ყოფნის გამო, რომლებიც ერთმანეთს ეჯახება და ჩვენ ერთიდან მეორისკენ გვიბიძგებს, ფეხქვეშ მიწას გვაცლის. ამ ორი საპირისპირო რწმენის თანაარსებობა ქმნის თანააზრს.
ამ უფსკრულში ჩავარდნის შეგრძნებით, რომელიც იხსნება მისი რწმენის მტკიცე ნიადაგზე, ადამიანი ენერგიულად რეაგირებს. მაგრამ, როგორ? ეჭვს ახასიათებს ის, რომ მის წინაშე უძლურნი ვართ. მაშ რა უნდა ვქნათ, როცა ის გვემართება, რაც ვიცით რა მოვიმოქმედოთ, რადგან სამყარო – ანუ მისი ნაწილი, – ჩვენთვის ორაზროვანია?
მას ვერაფერს დავაკლებთ. ამ ვითარებაში ადამიანს ეუფლება უცნაური განცდა – იგი იწყებს ფიქრს. რაიმეზე ფიქრი სწორედ ისაა, რაც შეიძლება გავაკეთოთ. ეჭვს არ ვეხებით, არ ვახორციელებთ გარკვეულ მოძრაობებს. იმის მიუხედავად, რომ ეჭვში ყოფნის დროს ირგვლივ ყველაფერი გვეშლება, გვრჩება მედიტაციის უნარი იმაზე, რაც გვაკლია. ინტელექტი ყველაზე ხელმისაწვდომი აპარატია, რომელსაც ადამიანი ანგარიშს უწევს. მას ყოველთვის ხელთ აქვს ინტელექტი. თუმცა, როცა სწამს, ინტელექტს ვერ იყენებს, რადგან ეს მტანჯველი მოქმედებაა მისთვის. მაგრამ ეჭვში ჩავარდნისას მას მიმართავს, როგორც მაშველ რგოლს.
ამიტომ ჩვენი რწმენის სიცარიელეები არის სასიცოცხლო ადგილები, სადაც მოქმედებენ იდეები. ამ ღრუებში ხორციელდება არასტაბილური, ორაზროვანი, ეჭვის მქონე სამყაროს ჩანაცვლება იმ სამყაროთი, სადაც არ არის ორაზროვნება. როგორ მიიღწევა ეს? ფანტაზიებით, სამყაროთა გამოგონებით. იდეა არის წარმოსახვა. ადამიანს არ გააჩნია განსაზღვრული სამყაროები. მას აქვს მხოლოდ ცხოვრებისეული ტანჯვა და სიხარული. მათ მიერ ორიენტირებული, იგი იძულებულია სამყარო გამოიგონოს. მისი დიდი ნაწილი მან მემკვიდრეობით მიიღო წინაპრებისგან და საკუთარ ცხოვრებაში მოქმედებს მტკიცე რწმენების სისტემის დარად. მაგრამ თითოეული ადამიანი თავად ქმნის მას ეჭვთან ერთად, ყველაფერთან ერთად, რაც კითხვას ბადებს. ამ მიზნით იგი ქმნის სამყაროს გამოგონილ ფიგურებს და საკუთარ შესაძლებელ ქცევას. მათ შორის, ერთნი მას იდეალურად მყარად მიაჩნია, რასაც ჭეშმარიტებას უწოდებს. მაგრამ აღვნიშნავ, რომ ჭეშმარიტი, სამეცნიეროდ ჭეშმარიტი, სხვა არაფერია თუ არა ფანტასტიკურის კონკრეტული გამოვლენა. არსებობს ზუსტი ფანტაზიები. მეტიც: ფანტასტიკური მხოლოდ ზუსტი შეიძლება იყოს. ადამიანის გაცნობის საუკეთესო გზა არის იმის აღიარება, რომ მათემატიკა იმავე საფუძველზე ვითარდება, რაზეც პოეზია: წარმოსახვის უნარის საფუძველზე.
ესპანურიდან თარგმნა ვლადიმერ ლუარსაბიშვილმა
Комментариев нет:
Отправить комментарий