ფროიდიანულ ფსიქოლოგიაში გამოიყოფა პიროვნების სტრუქტურის სამი განსხვავებული დონე: იდი, ეგო და სუპერეგო.
იდი ადამიანში არსებული ცხოველური, უკონტროლო საწყისია, რომელიც მიმართულია მაქსიმალური სიამოვნების მიღებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ. იგი მძლავრ იმპულსებს იძლევა და ხშირად გაუცნობიერებლად წარმართავს ადამიანის ქცევებს. მაგალითად რაიმე ნივთის მოწონების შემთხვევაში იდი პიროვნებას კარნახობს: „მე მსურს! მე უნდა მქონდეს ის!“.
სუპერეგო ცნობიერების მესამე დონეა და იგი შეგვიძლია გარკვეულწილად განვიხილოთ, როგორც სინდისი. სუპერეგო სოციალიზაციის პროცესთან ერთად ფორმირდება და ადამიანში შედარებით გვიან, საშუალოდ 5 წლის ასაკში ავლენს თავს. იგი იდის დამთრგუნავი მექანიზმია და ცდილობს გაცხოველებული სწრაფვები შეცვალოს და გახადოს მორალური.
ეგო ცნობიერების მეორე და ამასთან შუამავალი დონეა სუპერეგოსა და იდს შორის. ეგო ცდილობს შეინარჩუნოს ბალანსი ორ ზემოთ თქმულ დონეს შორის და ერთის მხრივ არ დათრგუნოს მოთხოვნები და მეორეს მხრივ არ უკუაგდოს სინდისი. აქედან გამომდინარე ეგო სურვილებს, როგორიც არ უნდა იყოს იგი ცდილობს უპოვოს სოციალური მექანიზმი, რომლითაც მძაფრ სურვილს ახსნის და განახორციელებს კიდეც ისე, რომ შემდგომში ამის გამო სინდისისაგან უარყოფით განცდებს აირიდებს.
აღსანიშნვია ის, რომ იდისა და სუპერეგოს ზეგავლენები ეგოზე პერიოდულად იცვლება, თუმცაღა ზოგადად იდიდან წამოსული იმპულსები ხშირ შემთხვევაში უფრო მძლავრია, ვიდრე სუპერეგოს შემაკავებელი ფაქტორი, მაგრამ იდის იმპულსის შეუცვლელად განხორციელება ზოგ შემთხვევაში სუპერეგოს უკმაყოფილებასა და ე.წ. სინდისის ქენჯნას იწვევს. აქედან გამომდინარე ეგო წარმოადგენს ორი საწყისის შეჯახების მთავარ არეს, რომელიც მთავარი მარეგულირებელი ძალა ხდება. სწორედ მის ფუნქციონირებასა და სურვილთა მოდიფიცირებაზეა დამოკიდებული რამდენად დაკმაყოფილებული იქნება ერთის მხრივ ძლიერი და მძაფრი სწრაფვები და მეორეს მხრივ სუპერეგო, როგორც სოციალური „მე“.
გიორგი კობერიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий