понедельник, 1 июля 2013 г.

რელიგიათა საბჭო 17 მაისს განხორციელებულ ძალადობას გმობს




სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, 17 მაისს განხორციელებული ძალადობის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ყველა რელიგიური გაერთიანება მოწოდებული უნდა იყოს დაგმოს ფუნდამენტალიზმი და შეუწყნარებლობა და ძალადობა ნებისმიერი ადამიანის მიმართ მისი განსხვავებული იდენტობის, შეხედულებებისა და ცხოვრების წესის საფუძველზე!
მიუხედავად იმისა, თუ როგორ აფასებს ესა თუ ის რელიგიური გაერთიანება ჰომოსექსულობას, ის ძალადობა, რომლის მოწმენიც გავხდით 17 მაისს, დაუშვებელია იყოს გამართლებული!
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ადამიანი სძულთ რელიგიის სახელით, როცა, რელიგიური მოღვაწეები ადამიანისადმი სიყვარულისა და თანაგრძნობის ქადაგების ნაცვლად, მოუწოდებენ ძალადობისაკენ და თავადაც ძალადობენ.
ტრაგიკული და შემაძრწუნებელია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ყოველივე ეს 17 მაისს, თბილისის ქუჩებში თვალნათლივ ვიხილეთ! განხორციელებული მასშტაბური ძალადობა და ექსტრემიზმი უკიდურესად დაშორებულია არა მარტო რელიგიურ მორალურ ნორმებს, არამედ, მოკლებულია ყოველგვარ ჰუმანურობას!
17 მაისს, ფიზიკური თავდასხმების შედეგად, დაშავდნენ და შეუწყნარებლობის მსვერპლად იქცნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ მებრძოლნი, მაგრამ, გარდა ამისა, ძალადობის ამ უპრეცედენტო აქტმა საფრთხე შეუქმნა თითოეულ ჩვენგანსა და ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს - საქართველოს განვითარებას, კონსტიტუციურ წყობას, კანონის უზენაესობას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და საქართველოს დემოკრატიულ სამყაროსთან ინტეგრაციას.
17 მაისს ჩვენ დავინახეთ, რომ ფუნდამენტალისტური ტირანიის საფრთხე სავსებით რეალურია!
ყოველივე აქედან გამოდინარე, ჩვენ, რელიგიათა საბჭოს წევრები, ერთობლივი ხმით და კატეგორიულად ვგმობთ ძალადობასა და მისი გამართლების ნებისმიერ მცდელობას!
ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ იყოს რეალური გარანტი საქართველოში ადამიანის თავისუფლებებისა და უფლებების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და სახელმწიფოს საერო ხასიათის განუხრელი დაცვისა! საქართველო აღარასოდეს უნდა დაუბრუნდეს ანტისახელმწიფოებრივ ქაოსსა და დაუსჯელი ძალადობის ეპოქას.
გვინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ 17 მაისს ლგბტ პირებისა და მათი მხარდამჭერი მოაქალქეების, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ორგანიზატორებმა, წამქეზებლებმა და თავად მოძალადეებმა პასუხი აუცილებლად უნდა აგონ კანონის წინაშე - განურჩევლად იმისა, არიან ისინი სამოქალაქო პირები თუ მიეკუთვნებიან სასულიერო წოდებას!
საქართველოს ხელისუფლების უმოქედობისა და დამნაშავეთა დაუსჯელების შემთხევვაში კი, სავსებით რეალურია ძალადობის ესკალაცია და მისი არეალის გაფართოება! ჩვენ მეტისმეტად კარგად ვუწყით, რომ განსხვავებული შეხედულებებისა და უმცირესობათა ნებისმიერ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანები, არადემოკრატიულ გარემოში, იქ, სადაც სახელმწიფო უძლურია დაიცვას კანონი, სამომავლოდ, შესაძლოა, ტოტალური დისკრიმინაციისა და ძალადობის ობიექტებად იქცნენ!
ჩვენ, განცხადების ხელისმომწერნი, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიურ გაერთიანებას, განსაკუთრებით კი, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც მოქალაქეების უმრავლესობა მიაკუთვნებს თავს, იტვირთონ პასუხისმგებლობა მშვიდობაზე და კანონისა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. ყოველივე ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის.
აქვე, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ეს სულისკვეთება იყო გაზიარებული ინტერრელიგიური ჯგუფის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც 15 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიწვევით შეიკრიბა. ჩვენ ვაპროტესტებთ ამ განცხადების საფუძველზე 17 მაისს განხორციელებული ძალადობის გამართლების ნებისმიერ მცდელობას", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო 
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო 2005 წლის 21 ივნისს დაარსდა. საბჭოს საქმიანობის ამოსავალი პრინციპებია რელიგიის თავისუფლების დაცვა, რელიგიურ ჯგუფებს შორის მრავალმხრივი დიალოგის წახალისება, ტოლერანტული და თანასწორუფლებიანი, მშვიდობიანი გარემოს დამკვიდრებაზე ზრუნვა, სოციალური პასუხისმგებლობის ერთობლივი გაზიარება, რელიგიურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ჩაბმა.

რელიგიათა საბჭო სახალხო დამცველსა და სხვადასხვა კონფესიებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შექმნილი ფორუმია, რომელშიც ნებაყოფლობით არიან გაწევრიანებული რელიგიური გაერთიანებები. ამჟამად რელიგიათა საბჭოს წევრია 23 კონფესია და ორგანიზაცია. საბჭოსთან მოქმედებს სოციალურ-ჰუმანიტარული, კულტურულ-საგანმანათლებლო, ანალიტიკურ-საინფორმაციო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები. რელიგიათა საბჭოს სხდომებზე რელიგიურ გაერთიანებათა წინაშე არსებული სირთულეები და მათი გადალახვის გზები განიხილება. საბჭო აგრეთვე ცდილობს ერთობლივად წარმართოს სოციალურ-ჰუმანიტარული საქმიანობა, გამოეხმაუროს საზოგადოებრივ პრობლემებს, რეკომენდაციები მიაწოდოს ხელისუფლებას.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий