დაბალი ღობე ერთა შორის
"მზე და მთვარე რომ ჩემსკენ იყვნენ, ვარსკვლავებს სულაც არ შევეპოვებიო", ძველად უთქვამს ჩვენს ქართველებსა და თავისი ცხოვრებაც თანახმად ამ ანდაზისა მოუწყვიათ. წინანდელი ქართველი არც ერთს ვარსკვლავს ნებას არ მისცემდა წაერთმია მისთვის რომელიმე უფლება, მზისა და მთვარისაგან მონიჭებული. რასაც-კი მას ხელმწიფე და კანონი არგუნებდა, მტკიცედ, შეუპოვრად იცავდა, თუნდა მთელი გუნდი მოხელეებისა მოწადინებული ყოფილიყო ხელიდგან გამოეგლიჯა მინიჭებული უფლება და დაებრიყვებინა.ახლა რაღასა ვხედავთ? სრულიად წინააღმდეგს სურათსა: ყოველს ბჟუტა ვარსკვლავს შეუძლიან ხმა ამოუღებლივ წაართვას ჩვენის დროის ქართველს უფლება, ნაბოძები მზისა და მთვარისაგან, დაიბრიყოს იგი, დაბალ ღობედ გახადოს და ქელოს. და განა მარტო ვარსკვლავსა? რომელსამე უკანასკნელს ცთომილსა, მოკლებულს საკუთარს სინათლესა და ძალასა, ადვილად შეუძლიან ესევე ოინი დაგვიწიოს.
როცა რომელიმე უფლება უმაღლესი სახელმწიფოს ძალის მიერ ჩამორთმეული აქვს ადამიანსა, ან მთელს ერსა, და ესენი იძულებულნი არიან დაემორჩილნონ თავისს ბედსა, ეს უძლურებას და არაფრობას მორჩილისას როდი მოასწავებს, თუნდაც ეს ჩამორთმევა უსამართლოდ მომხდარიყოს. მოგეხსენებათ, რომ ძალა აღმართსაცა ხნავსო და ლომსაც ჰბოჭავსო. გარნა ამის გამო არც აღმართი იქცევა დაღმართად, არც ლომი – კურდღლად. მაგრამ თუ ადამიანი, ან ხალხი სიტყვა-ამოუღებლივ, ქედ-მოდრეკით ემორჩილება დაბალი ღობის ბედსა, რადაც, წინააღმდეგ კანონისა, გაუხდიათ იგი წვრილ-ფეხობა მოხელეებსა, ეს იმისი უტყუარი ნიშანია, რომ მონობას, ყურმოჭრილს ყმობას შეუპყრია საზოგაროების სული და გული, ამაზედ მომაკვდინებული სენი აღარ იქმნება ერისათვის, ეს სწორედ განგრენაა, მჭამელაა, საშინელი შინაგანი ავადმყოფობა, რომელიც ხალხს ათანასწორებს წირით შეპყრობილ პირუტყვ-ნახირთანა, და ემუქრება გაუქარწყლოს მას ყოველი მომავალი.
თუ ხალხს სადმე მკურნალნი მოეპოვება, ამ სენის განკურნას უნდა მოანდომონ მათ თავისი მთავარი ცოდნა და ძალა. თუ გულშემატკივარნი, გულ-მხურვალე მოღვაწენი ჰყავს, ამ დამღუპველის ნაკლის მოსპობაზედ უნდა ზრუნავდნენ უპირველესად ყოვლისა. თუ ერს ჰყავს მწერალნი, გულისა და ჭკუის პატრონნი, მათ დაუძინებლივ უნდა გამართონ ღაღადება ამ საშინელის სატკივრის წინააღმდეგ.
რას სჩადიან ჩვენი ერის მკურნალნი, მოღვაწენი, მწერალნი? იქცევიან ისე, როგორც შეჰფერის გულ-მხურვალე და გაბედულ მოღვაწეთა, თუ იგინი მოგვაგონებენ საარაკო ყვავსა და ახირებულს სკვითსა. ყვავს თურმე თვალებსა სთხრიდნენ და ის წამწამებსა ნანობდა, თვალის ჩინს კი არ სჩიოდა, წამწამების გადარჩენას ევედრებოდა. სკვითს თავს აგდებინედნენ და მდუღარე ცრემლსა ღვრიდა, რაზედ? თავზედ? სრულიადაც არა. მას გულს უკლავდა მხოლოდ თმების დაკარგვა, თავი კი სრულიადაც არა. ამას გულს უკლავდა მხოლოდ თმების დაკარგვა, თავი კი სრულიად დავიწყებული ჰქონდა.
ჩვენი მოქმედნი დასნი მოგაგონებთ სწორედ ამ ყვავსა და სკვითსა, მათ საარაკო საქციელსა. უმთავრესნი ნაკლნი ჩვენის არსებობისა, დამჩაგვრელნი პირობანი ჩვენის ცხოვრებისა, დიდნი ნაღველნი მივიწყებულნი არიან, უყურადღებოდ დატოვებულნი, ზურგ-შექცეულნი. ჩვენი უნარი, ნიჭი და ძალა უნდება წვრილმანს რამეებსა, უმნიშვნელო საგნებსა, ჩინჩხვარ-მინჩხვარსა. ნამდვილი მიზეზები ჩვენის დამხობისა ხელშეუხებელნი რჩებიან, - წვრილმანს შედეგებს, და მხოლოდ მათ, მიუპყრიათ ჩვენი ყურადღება. შიგნეული ავადმყფობა და მისი წამლობა არავის არ აფიქრებს, არავის არ აწუხებს; გარეგანი ძიძიბოები და მათზედ მალამოს წაცხება – აი ჩვენი უმთავრესი საქმე, ჩვენი დიდი ღვაწლი. საითკენაც უნდა მიიხედო, ყოველი მხრიდგან თვალში გეჩხირება გულსაკლავი ჩხირ-კედელაობა, ნაცარ-ქექიობა. და ყველაზედ სავალალო ის არის, რომ ამ ნაცარ-ქექიობას და ჩხირ-კედელაობას დიდს საქმეთა ვსთვლით, დაუფასებელ ღვაწლადა ვრაცხთ სამშობლოს წინაშე...
ჩვენ ვითმენთ ხმა-ამოუღებლივ, ლაჩრად, ამისთანა მდგომარეობას ბევრის მხრივ, რომლის მსგავსი მთელს ხმელეთზედ ძვირად მომხრადა და იშვიათად გაგონილა. ვითმენთ მაშინ, როდესაც შეგვეძლო მათი თავიდან აცილება, რადგანაც, ვიმეორებ, ჩვენი დამჩაგვრელი გარემოებანი უმთავრესად დაბადებულან და არსებობენ ხელმწიფისა და კანონის წინააღმდეგ.
სად თქმულა და გაგონილა, რომ ხალხს, რომელიც თავისივე ფულით თხოულობს სასულიერო პურსა და გონებრივს ნათელსა, აჩეჩებდნენ ხელში ქვასა და სიბნელესა, აშორებდნენ ღმერთსაცა და განათლებასაცა, არჩენდნენ მას ორ-წყალ შუა და აველურებდნენ, წინააღმდეგ პირდაპირი კანონისა. გადაიკითხეთ უმთავრესი წესდებულება შესახებ სახალხო სკოლების მოწყობილობისა რუსეთის იმპერიაში უცხო ტომთა შორის, რომელიც კანონად სდებს მშობლიო ენაზედ სწავლებას ყველა საგნებისას პირველ დაწყებითს სკოლებში, გაიხსენეთ კავკასიური სამოსწავლო გეგმა, შედგენილი ადგილობრივი მზრუნველისაგან და დამტკიცებული ნამესტნიკისაგან, წაიკითხეთ სასკოლო გეგმა, გამოცემული უწმინდესის სინოდისაგან ქართულის სამრევლო სკოლებისათვის, შემდეგ ინახულეთ რავდენიმე საერო და სამრევლო პირველ-დაწყებითი სკოლები, მიაქციეთ ყურადღება, თუ ერს, რა ენაზედ და როგორ ასწავლონ, და თქვენ დარწმუნდებით, რომ კანონის სურვილი, რათა ხალხს, თანახმად მისსივე მოთხოვნილებისა და კანონისა, ეძლეოდეს გონებრივი პური, არა სრულდება და ნაცვლად ამ პურისა, ჩინოვნიკურს წვრილფეხობას ხალხთან მოაქვს მოუნელებელი ქვა და ჰხდის ამ ხალხს სულის სიმშილის მსხველპლად.
სად თქმულა და სად გაგონილა, რომ სახელმწიფოში ყველა ჯურის სარწმუნოება, ყველა გვარი ეკლესია, ქრისტიანული, თუ არა ქრისტიანული, სარგებლობდეს სრული თვითმართველობით და მწყემსებად ჰყავდეს თავისივე ღვიძლი შვილნი, ხოლო ამ უფლებას მოკლებული იყოს მთელს სახელმწიფოში მატრო ერთად ერთი ერი, ნებაყოფლობით შეერთებული სახელმწიფოსთან, ერთმორწმუნე მთავარ-ხალხის, და ერთგული მიმდევარი პოლიტიკურის ერტობისა. ჩავიდეთ ქვევით. რომელ ენაზე ისწავლება საღმთო სჯული მთელს რუსეთის საბრძანებელში ქრისტიანთა და არა ქრისტიანთა შორის? მიუცილებლად დედა-ენაზე გამოუკლებლივ. ვინ არიან აქ მომძღვარნი? ღვიძლი შვილები იმ ერისა, რომლის ძენი და ასულნი იზრდებიან ამ სასწავლებლებში. ჩვენში? საღმთო სჯულს ასწავლიან სლავიანურს-რუსულს ენაზე და ასწავლიან იმისთანა უცხო პირნი, რომელნიც მოკლებულნი არიან ყოველს კავშირს საქართველოს ერთან. და ამ უკიდურესი უსამართლობის წინააღმდეგ როდისმე აღიმაღლოს ხმა ან ჩვენებურმა ეპისკოპოზებმა და სამღვდელოებამ, ან თავად-აზნაურობამ და ან ქართველმა ოჯახობამ? არასოდეს, რატომ? ეწყინებათო.
სად მომხდარა, თქვენი ჭირიმე, ამისთანა მასხარად აგდება ენისაცა და ერისაცა, რომ ს ა შ უ ა ლ ო ს ა ს წ ა ვ ლ ე ბ ე ლ ში მშობლიო ენის ერთად ერთს სახელმძღანელოდ იყოს ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი? თვრამეტის წლის განვითარებულს ვაჟკაცებს ასწავლიდნენ, აღეჭვინებდნენ იმ პირველ დაწყებითს წიგნსა, რომელიც მათ გაუთავებიათ, როცა შვიდი-რვა წლის ბაღანანი ყოფილან? ხომ ყოვლად მოუფიქრებელი ამბავია? აბა ეხლა მიბრძანდით მოსე ხონელის სამშობლოში, შედით იქაურს საოსტატო სემინარიაში, დაესწარით ქართულის ენის გაკვეთილებსა და თქვენ დარწმუნდებით, რომ ერთად-ერთი ქართული წიგნი, რომელიც იქ იხმარება ყველა კლასებში, არის "დედა-ენა" და ესეც თურმე ებევრებათ, ერთი ორად უნდა შემოკლდესო. და ამ სამარცხვინო სისტემის განმახორციელებელი გახლავთ არა რომელიმე გადამთიელი, არამედ ნიჭიერი და განვითარებული ქართველი ბ-ნი უთურგაური, რომელიც ბოლოს წლებში სავსებით გაიჟღინთა ჩინოვნიკური ზედ-მეტი ერთგულებით და გახდა ყურმოჭრილი ყმა სამოსწავლებო ბიუროკრატიისა?
და სად თქმულა და გაგონილა, რომ დროებითი დამოკიდებულება გლეხთა და მემამულეთა შორის დაუსრულებლად დამოკიდებულად გადაქცეულიყოს, ორივე მხრის სატანჯველად, საზარალოდ და ერთმანეთის მტრობის გასაძლიერებლად? ჩვენში კი ამას ვხედავთ 1864 წლიდან, წინააღმდეგ ხელმწიფის სურვილისა და კანონის მოთხოვნილებისა.
სად მომხდარა და სად ნახულა, რომ ღირსეული პასუხით უკუქცეულ არ ყოფილიყოს ამისთანა ბრიყვული იერიში რომელისამე ერის წინააღმდეგ: წარსულს წელში რუსეთიდან ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში ოფროსი მღვდელი სამხედრო ნაწილისა მ. ჟელიაბოვსკი. როცა პეტერბურგში დაბრუნდა, მოახდინა კრება სამხედრო სამღვდელოებისა და უთხრა: უმთავრესი ნაკლი კავკასიის სამხედრო სამღვდელოებისა ის არის, რომ მათ შორის ქართველი მღვდლებიც ურევიანო. მართალია იგინიც ჩვენი სარწმუნოებისანი არიან, მაგრამ თავისი საკუთარი თვისებანი აქვთ, იქმნება არა ცუდნიცა (დახეთ თავაზიანობასა!), მაგრამ, ყოველს შემთხვევაში, ჩვენი ფარიდგან არ არიან (”не из нашего стада”). ამიტომ, უპირველესად ყოვლისა ეს შეცდომა უნდა იქმნას გასწორებული, ქართველი მღვდლები დათხოვნილნიო. ეს სიტყვა დაბეჭდილ იქმნა სამხედრო სასულიერო ჟურნალში და იქიდგან დაიბეჭდა სხვა რუსულს პერიოდულს გამოცემებში, მაგალითად: ”Церковныя Ведомости”. დაუპირდაპირეთ ამას სხვა-და-სხვა დროს წარმოთქმულნი უზენაესნი სიტყვანი, მეტადრე საბადურის სიტყვა, რომელშიაც თვითმპყრობელმა აღიარა, რომ მისს გულში რუსებსა და ქართველებს სწორი ადგილი უჭირავთ და მათ ერთმანეთში არ არჩევს, და შეიგნეთ, რომ მღვდელი ჟელიაბოვსკი თამამად და კადნიერად გვართმევს მას, რაც უზენაესს ნებას მოუნიჭებია ჩვენთვის.
სად თქმულა და გაგონილა, რომ დაბალმა მოხელეებმა ერს მოჰგლიჯონ ღვიძლი ნაწილი, მთელი მხარე, გაჰყარონ შეხორცებულნი ერთად ღვთისა და ბუნების ნებით, გასწყვიტონ ათასის წლის ძმური კავშირი, ორივ მხრის შესასუსტებლად და ჩასაყლაპავად, და უბრძანონ მთელს მხარესა, კარგა ბლომს ნაწილს ქვეყნისასა: აღარ გაიხსენო შენი ნათესაური დამოკიდებულება და ძმური ურთი-ერთობა დედა-ქვეყანასთანა, ილაპარაკე მხოლოდ შენს შინაურს კილოზედ, ზურგი შეაქციე შენს მთავარს დედა-ენასა, და დაივიწყე იგი, გადააგდე იქით მშობლიური ანბანი, შენი მონაწილეობით მოგონილი, უარჰყავ სამშობლო ლიტერატურა, რომლის სალაროში არც ერთს ძმაზედ შენ ნაკლები არ შეგიტანია, გააუქმე შენი საღმთო მეტყველება, რომელთანაც შეხორცებულია შენი სარწმუნოება, დაივიწყე შენი ათასის წლის ისტორიული არსებობა და გადაიქეც ველურ ხალხად, რომელმაც ყველაფერი თავიდგან უნდა დაიწყოსო. განა უმაგალითოა და ყოვლად შეუძლებელი სხვაგან სადმე ეს ამბავი? ჩვენში? გაიხსენეთ, რაც შავი ზღვის პირად სამეგრელოში ხდება ეს რავდენიმე წელიწადია და შეუძლებელი სხვაგან ჩვენ შორის განხორციელებული ამბავი გამოდგება.
სად თქმულა და გაგონილა... მაგრამ სად ჩამოვთვალოთ ყოველგვარი ჩვენი დაბრიყვება, ქელვა, მიწასთან გასწორება, კადნიერად ჩამორთმევა და გაქარწყლება ბევრის ჩვენის კანონიერის უფლებისა?!
ჭირს მოვლა უნდა, დაბრიყვებას ღირსეული კანონიერი წინააღმდეგობა, შავს ბედს ბრძოლა. მაგრამ სად არის ფხიზელი და მოუღალავი დაცვა დათრგუნული უფლებებისა ქართველთა მოღვაწეთა მიერ? სად არის მხურვალე და დასაბუთებული ღაღადება ჩვენს მწერლობაში? სად არის ხმა-ამაღლებული ქადაგება, მიმართული დასაკმაყოფილებლად ჩვენთა უმთავრესთა მოთხოვნილებათა?
არსად.
მხდალი, დაძაბუნებული მონებივით შევსცქერით ჩვენს დამცირებასა, ჩვენს აბუჩალაკად აგდებასა, ჩვენს დაბალ-ღობედ გადაქცევასა. მართალია, ვსჩივით, ხშირად ვსჩივით, მაგრამ სად? ჩვენს გულში და ოთხკედელ შუა. როგორ? ჩურჩულით, ტუტუნით და დიდი სიფრთხილით, რომ ჩვენ კანონიერს ჩურჩულს არავინ მოჰკრას ყური და მორჩილი მონის მაგიერად ადამიანად არ ჩაგვთვალოს.
მეკალმენი რაღას ჩავდივართ? იმასვე. ან არაფერსა ვსწერთ, და თუ ვსწერთ, წვრილმან რამეებზედ, უმნიშვნელო საგნებზედ. უმთავრესნი ჩვენი მოთხოვნილებანი, დიდნი ვარამნი, ან სრულიად მივიწყებული გვაქვს, ან შევეხებით ხოლმე მხოლოდ ხანდახან, როცა ბრმა შემთხვევა მოიტანს, ისიც შევეხებით ხოლმე გაკვრით და კილოკავად. წამწამებზედ და თმებზედ დაუსრულებელი ბაასის გაბმა ვიცით, ხოლო თვალები და თავი კი მუდამ გვავიწყდება. და არც კი გვრცხვენიან, რომ ამ გვარი ჩვენი ყვავური, თუ სკვითური, ქცევით ჩვენ საზოგადოებას-კი არ ვაფხიზლებთ, უფრო მეტად ვაძინებთ, ვაუძლურებთ.
და ამ გვარს ჩვენს სამარცხვინო და დამღუპველს ქცევას როდი ვაბრალებთ ჩვენს სილაჩრეს, ჩვენის გრძნობისა და აზრის სიუძლურეს, უნარის უქონლობას. ეს მართალი იქნებოდა და სიმართლე კი ჩვენ თვალებსა გვწვავს. თავზედ ვახვევთ ჩვენს საკუთარს ბრალს სხვა რასმე, სახელდობრ-ესრედ წოდებულს ჩვენზედ დამოუკიდებელს გარემოებასა. კაი სამსახურს გვიწევს ეს “გარემოება”. სწორედ გასაძევებელ თხად გვყავს გადაქცეული. როგორც ძველი ურიები ამორჩეულს მამალს თხას მიაყრიდნენ ხოლმე ტყეში, რომ იგი მგელს, მათ მაგივრად, დაესაჯა, ისე ამ “დამოუკიდებელს გარემოებას” ვახვევთ თავზე ჩვენს სიგლახეს და სილაჩრესა. ცბიერებაა, მოტყუებაა. ღირსეულს და დასაბუთებულს დაცვას რომელიმე კანონიერის უფლებისას არას დროს წინ ვერ გადაეღობება ეს “ დამოუკიდებელი მიზეზი”, და თუ გადაეღობება, მისი თავიდან აცილება და გზის გაკვლევა არც ისე ძნელია თავისი ერის უფლების მარჯვე დამცველისათვის.
გნებავთ ამისი შეუვალი და შეურყეველი საბუთი წარმოგიდგინოთ? ჩვენდა სამარცხვინოდ და სავალალოდ, ჩვენში ბლომად მოიპოვებიან ქვეშმძრომნი სულიერნი, რომელნიც ჩვენს წინაშე მხურვალე მამულიშვილის, 96 პრობის პატრიოტის როლსა თამაშობენ, და სხვაგან კი ყოველს ჩვენს საუნჯეს, ყოველს ჩვენს ეროვნულს უფლებას ძირს უთხრიან, ჩინების და ჯილდოს გულისათვის. და როდესაც ეს საძაგელნი არსებანი ჩვენთან მოდიან და როსკიპული ღრეჭით ხელს გვაწვდენენ, მათ სულ-მოკლე მონასავით ხელს ვართმევთ და მეგობრულად ვექცევით. ამით ჩვენ ხელებს ვიტალახიანებთ, თავს ვიმცირებთ და ვირცხვენთ. ქვემძრომებს ვაქეზებთ მოღალატეობაში, პატიოსან მოღვაწეთ გულს ვუკლავთ და საზოგადოებას გახრწნილებაში ვაგდებთ. რომელი ჩვენზედ დამოუკიდებელი მიზეზი გვეღობება წინა, რომ ამ ქვემძრომებს მივუწყოთ ის, რისაც ღირსნი არიან: ხელი კი არ მივსცეთ, მოვატრიალოთ, ჯერვანი პანჩურებით დავასაჩუქროთ და ჩვენი წრიდგან სამუდამოდ გავაზეოთ ეს საზიზღარი კეთროვანნი. ვიმეორებ, რომელი დამოუკიდებელი გარემოება გვიშლის აქ ღირსეულად, ადამიანურად მოვიქცეთ?
დროა, დიდი ხანია დროა, ბოლო მოეღოს ამ ფრიად სათაკილო და დამამხობელს ჩვენს მდგომარეობასა. დროა, მონურს ლაჩრობას ზურგი შევაქციოთ და ადამიანური უნარი გამოვიჩინოთ. დროა გავაჩაღოთ დაუღალავი, ფხიზელი დაცვა ყოველის ჩვენის დათრგუნულის უფლებისა, საარსო მოთხოვნილებისა, გავაჩაღოთ არამარტო ჩვენს ენაზედ, არამედ სახელმწიფო ენის ლიტერატურაშიაც, გავაცნოთ ჩვენი გაჭირვებული მდგომარეობა დაწინაურებულს დასს რუსეთისას, დავიხმაროთ იგი და დავიბრუნოთ ღირსეული სახელი და ადგილი კავკასიონის ერთა შორის. დროა დაბალი ღობის მდგომარეობა სამარცხვინოდ მივიჩნიოთ ყველამ და მაღალ ღობედ ჩვენს გადაქცევას მხნედ და გაბედვით ვემსახუროთ.
დროა, თორემ ზეგ და მაზეგ გვიან-ღა იქმნება.
გოგებაშვილი იაკობ: რჩეული თხზულებანი ხუთ ტომად: ტ. 2: თბ. "განათლება" 1990: გვ. 102-109
წყარო: Liberalis
Комментариев нет:
Отправить комментарий