თინა ყიფშიძე
28.02.2013
საქართველოს სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებებში მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ბავშვთა და ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზიკური შეზღუდვის ფაქტები, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მომსახურების შეზღუდვა და სხვა, არანაკლები სიმძიმის დარღვევებს თითქმის ყველა დაწესებულებაში ჰქონდა ადგილი.
“განსაკუთრებით მძიმე დარღვევები დაფიქსირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის კუთხით. მათ შორის აღსანიშნავია ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მქონე ბავშვთათვის სამედიცინო ჩარევასა და პალიატიურ ზრუნვაზე უარის თქმა. ფაქტობრივად არც ერთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არ ეძლევა შესაძლებლობა განივითაროს ფუნქციური უნარები და დამოუკიდებელი ცხოვრების ჩვევები.” - წერია ანგარიშში.
დაწესებულებეში მცირეა პერსონალის რაოდენობა, ნაკლებია პროფესიული მიდგომები და კვალიფიციური ცოდნა, რაც ბენეფიციარებს შორის ძალადობის შემთხვევების პრევენციასა თუ აღმოფხვას ვერ უზრუნველყოფს.
გარდა სამეციდინო დახმარების ხელმისაწვდომობის შეზღუდვისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ აქვთ როგორც სამართლებრივი დახმარების, ისე პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. ისინი ვერ ახერხებენ შეინარჩუნონ კავშირები საკუთარ შვილებთან და ოჯახის სხვა წევრებთან.
მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს ბავშვის აღზრდა თავად სურთ, ხშირია შემთხვევები, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შვილები ზესტაფონის წმ. ბარბარეს სახელობის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში გადაყავთ. წმ. ბარბარეს სახელობის ბავშვთა სახლი ადგილობრივი სასულიერო პირის მმართველობის ქვეშაა და ბავშვთა ზრუნვის სისტემის გარეთ არსებობს.
ბავშვთა დიდი სახლების არსებობა საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევაა, ისინი ვერ ახერხებენ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნას, ამიტომაც 2005 წლიდან ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალზიაციის პოლიტიკა დაინერგა, რაც დიდი ზომის ბავშვთა სახლების დახურვასა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებით და მინდობით აღზრდით ჩანაცვლებას გულისხმობს.
ბავშვთა დიდი სახლების შემცირების კვალდაკვალ დეისტიტუციონალიზაცია არ შეხებია არც ერთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაწესებულებას. სახელმწიფოს ასევე არ მოუხდენია მათი ინკლუზია უკვე არსებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მონიტორინგის მომენტისთვის არ იყო დახურული არც ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულება, დეინსტიტუციონალიზაცია არ შეხებია არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრულ პირებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირები რეფორმის მიღმა არიან დარჩენილები.
სახალხო დამცველი ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დეისტიტუციონალიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.
ანგარიშში მოხვედრილი დაწესებულებების ბენეფიციართა მონათრობები:
ჭიათურის მე-12 საჯარო სკოლა
ჭიათურის დაწესებულებაში დირექტორისა და პერსონალის მხრიდან ბენეფიციარებზე და ასევე ბენეფიციართა შორის ძალადობის არაერთი ფაქტი გამოვლინდა.
13 წლის მოზარდმა განაცხადა: “მირტყამენ ეს მასწავლებლები, ნ. ქვია ამ ქალს. ლ. მასწავლებელიც ცემს ბავშვებს. დირექტორი ცემს ბავშვებს, ხელით ცემს, აი ასე,” – გვანახა გაშლილი ხელი. “ბავშვებს ეშინიათ დირექტორის. თუ რამე დააშავე, საჭმელი შეიძლება არ გაჭამონ, ოთახში ჩაგკეტონ, ლ. და ნ. კეტავენ.”
12 წლის მოზარდის განცხადებით, “სამი დღის წინ ვერ გაგვაჩერეს, ისე ვცემეთ ერთმანეთი”. პერსონალის მიერ ბენეფიციარებზე ძალადობაში ამხელს თ-ს და ნ-ს, - “ბიჭებს ურტყამს თ., როცა გააბრაზებენ, თ. და ნ., გოგოებსაც ურტყამენ”, - იგივე მოზარდი ძალადობაში ამხელს ასევე დაწესებულების დირექტორს - “დირექტორი თუ გაბრაზდა მტრისას, სილებს ურტყამს როცა გააბრაზებენ, გოგოებსაც ურტყამს.”
“თვითონ სვამს არაყს და ღვინოს, მოაქვთ ხოლმე გარედან, მისი ძმაკაცებიც სვამენ, რომ თვრებიან ერთმანეთს ურტყამენ-ხოლმე.”- ამბობს ერთ-ერთი ბენეფიციარი.
ადგილი აქვს ასევე ბენეფიციარების შრომის გამოყენებასაც – “მაცხოვრებელს შეშას ვუპობ,” მანქანას ურეცხავენ დირექტორს, დირექტორს დაჰყავს მის მამასთან სოფ. ბუნიკურში, “ერთხელ ტყეში შეშა დავჭერით, შემდეგ დავჩეხეთ და ჩამოვიტანეთ დირექტორთან სახლში. დირექტორს სამუშაოდ გოგოებიც დაჰყავს ხოლმე სახლში.”- აღნიშნავს სხვა ბენეფიციარი.
თბილისის # 202 საჯარო სკოლა
სკოლის მოსწავლეების გადმოცემით, დაწესებულებაში ამჟამად ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები აღარ ხდება: 18 წლის მოზარდის განცხადებით: “ადრე მიჭირდა აქ ყოფნა, მასწავლებელი თმებს მწიწკნიდა, მეორე მჩქმეტდა ხოლმე, ახლა ესენი აღარ მუშაობენ.” თუმცა, სერიოზულ პრობლემად სახელდება ადმინისტრაციის მიერ ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება სამუშაო საათებში და დაწესებულების ტერიტორიაზე.
15 წლის მოზარდის განცხადებით, “მასწავლებლები და ბავშვები ერთად ქეიფობენ”. ნასვამ მდგომარეობაში ასევე ხშირად იმყოფება დაწესებულების დარაჯი.
თბილისის # 200 საჯარო სკოლა
ბენეფიციარების განცხადებით, დაწესებულების ზოგიერთი თანამშრომელი ახორციელებს მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხასიათის ზეწოლას. 9 წლის მოზარდის განცხადებით, დაწესებულების თანამშრომლები, ვინმე “ი. და ნ., სცემენ ბავშვებს, როცა მათ აბრაზებენ”, ზოგჯერ “ი. ეძახის ნ.-ს ჩამოდი და დამაწყნარებინე ბავშვებიო”. ბავშვები დეტალურად აღწერენ სადამსჯელო საშუალებას: “ი. სახაზავით ცემს, სახაზავი მწარეა, პლასტმასისაა, გამჭვირვალეა,” ზემოაღნიშნული პერსონალი ბავშვებს ურტყამენ თავში, სახეში, ხელებში, ძირითადად ხელით, ასევე სახაზავით, წიწკნიან თმას. იმავე ბენეფიციარის განცხადებით, მასწავლებლები, როცა მათ “ბავშვები აბრაზებენ, გარეთ კარიდორში აყენებენ დიდხანს.” ბავშვის გადმოცემით, “თუ დაუკითხავად გახვედი კლასიდან, კუთხეში დაგაყენებენ “ერთი ჭამიდან მეორემდე,” (კვებებს შორის დროის შუალედი 2.5-3 საათია). ბენეფიციარის განმარტებით, ხშირად ცემენ 10 წლის ბავშვს, რომელიც “არ იძინებს ხოლმე. ხ.-ს რომ ურტყამენ, ჩვენ ვიძინებთ ხოლმე.”
ერთ-ერთმა ბენეფიციარმა (ვერ დაასახელა საკუთარი ასაკი) ინტერვიუსას განაცხადა: “მასწავლებლები არ გვიბრაზდებიან, არ გვცემენ.” შემდეგ ჩვენი შეკითხვის გარეშე მოგვმართა - “ეხლა მკითხეთ სკოლაში რა ხდება.” კითხვაზე, თუ საიდან იცოდა, ჩვენ რის კითხვას ვაპირებდით მისთვის, მან განაცხადა, რომ “მასწავლებლებმა დაარიგეს”.
თბილისის # 203 საჯარო სკოლა
13 წლის მოზარდი აცხადებს, რომ ხშირია კონფლიქტი ბენეფიციარებს შორის, არიან “ყოჩებიც”, რომლებსაც დაძაბული ურთიერთობა აქვთ მასწავლებლებთან. მასწავლებლები ბავშვებს თმას წიწკნიან, ყურებს უწევენ, წამოარტყამენ ხოლმე.
9 წლის ბავშვთან გასაუბრებით გაირკვა, რომ „სამი ძიძიდან 2 ბრაზიანია, ისინი ბავშვებს ცემენ, თმებს წიწკნიან“; ერთ–ერთი ძიძა, რომლის სახელიც ვერ დაგვისახელა, დიდ ჯოხს ურტყამს ბავშვებს, როდესაც ისინი არ იძინებენ და, რომ ეს ჯოხი არის პლასტმასის, თეთრი და გრძელი. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ჯგუფის ექსპერტებმა დაათვალიერეს ჯოხის სავარაუდო ადგილსამყოფელი – ბიჭების საძინებელი განყოფილება, სადაც მიაგნეს კიდეც ერთ–ერთ ოთახში დადებულ ზემოაღწერილ “ჯოხს” – გრძელ თეთრ წყლის პლასტმასის მილს. მოგვიანებით, ფოტოსურათზე იმავე ბავშვმა ამოიცნო მის მიერ დასახელებული “ჯოხი”.
ახალციხის #7 საჯარო სკოლა
8 წლის ბავშვის განცხადებით, ე. ძიძა ურტყამს ხოლმე თავში ხელს, „მ. ძიძაც მირტყამს”.
სცემენ უფროსი ბავშვებიც – “მერაბომ სისხლი მადინა ცხვირიდან, ცუდი სიტყვები ვუთხარი”.
13 წლის ბავშვის განცხადებით, არ უყვარს ე., „სულ ყვირის ხოლმე, ტელევიზორს არ გვაყურებინებს, ეგრევე ლოგინში გვაგდებს, თმებს ქაჩავს ხოლმე მას, ცელქ ბავშვებს სცემს, ალიკას, აჭარლებს. ნ. (სხვა ძიძა) ეუბნება, ნუ სცემ ბავშვებს, არ შეიძლება, დირექტორი დაგითხოვსო“.
14 წლის ბენეფიციარი: „მ. სცემს ბავშვებს, სასმელს სვამს, მაისში ე. მასწავლებლის დედის ქელეხში დალია და რომ მოვიდა, მასწავლებლებს ეჩხუბა, ექთანმა ძალით დაალევინა საძილე წამალი და დააწვინეს.” დირექტორი ცოტ-ცოტას ასმევს ხოლმე დიდ ბიჭებს, ღვინო აქ ინახება, პადვალში.”
ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი
ერთ-ერთი ბენეფიციარის განცხადებით, დილიდან, სანამ ჯერ კიდევ ბნელა, მას ძალით აყებენენ ლოგინიდან, ეჩხუბებიან; ამის გამო თანამშრომელმა ო.-მ დაარტყა მუცელში, ა.-ც ეჩხუბება და ურტყამს. ნ. ა. ცემს ბენეფიციარებს “როცა ისინი ჩაისვრიან.” სანიტრები ძალით ამუშავებენ და ემუქრებიან – “ჩქარა გააკეთე თორემ მოგჟეჟავო”. აღნიშნული ბენეფიციარი ნ. ა.-ს მიყვება სახლში სამუშაოდ (ნ.ა.-ს მის გარდა სხვა ბენეფიციარებიც მიჰყავს), გვის, იატაკს ურეცხავს, რის სანაცვლოდაც ნ. ა. საჭმელს აჭმევს ხოლმე.
კიდევ ერთმა ბენეფიციარმა, კითხვაზე - მის მიმართ ჰქონდა თუ არა ძალადობას ადგილი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან - უპასუხა: “რომ გითხრათ, წახვალთ და გამლახავენ, ცემა იციან”, თუმცა შემდეგ დაგვთანხმდა საუბარზე და იმავე თანამშრომელზე, რომელზეც სხვა ბენეფიციარების საუბრობდნენ, განაცხადა: “ო.-მ გამლახა და აღარ ვცემ ხმას, თემური (დირექტორი) გაუბრაზდა, როცა ვუთხარი გამლახა-თქო”, “სანიტრები ღირსები არ არიან რომ მიეხმარო, ჩხუბობენ, ყვირიან და ხელს ურტყამენ”.
სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლი
14 წლის ბენეფიციარის განცხადებით, “11 წლის მოზარდს, რომელიც თვითონ გიჟდება-ხოლმე, ძიძები – მ., ა. და ნ. ურტყამენ. სხვა ბავშვებს, როცა აბრაზებენ ძიძებს, თმებს წიწკნიან”.
13 წლის მოზარდის განდმოცემით, ზოგიერთ ბენეფიციარს ძიძები რომ ვერაფერს აგებინებენ, მათ სხვა ბენეფიციარები უსწორდებიან, რასაც ძიძები ხელს არ უშლიან: ორი გოგონა სხვა გოგონებს სცემს თმებს ჩეჩავს, წამოარტყამენ ხოლმე, აყენებენ კუთხეში.
მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი
5 წლის ბენეფიციარის განცხადებით, “ნ., მ., და მ. ცემენ ბავშვებს, ნ.-მ მეც გამლახა”, 7 წლის ბენეფიციარის განცხადებით “ნ. უყვირის ბავშვებს,” .
5 წლის ბავშვმა ოთახში შემოსვლისთანავე განაცხადა, რომ “მას ყველა უყვარს,” თუმცა, ამის შესახებ მისთვის არავის უკითხავს. ასევე, სხვა 5 წლის ბავშვმა საუბრისას აღნიშნა, რომ “აღმზრდელებმა უთხრეს ეთქვა, რომ მას არავინ არ ცემს.
Комментариев нет:
Отправить комментарий