კრიტიკული აზროვნება აზროვნების მაღალი დონეა, რომელიც თანდაყოლილი უნარი არ არის და ვითარდება პედაგოგის დახმარებით. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანით მანიპულირება თითქმის შეუძლებელია. ამდენად, კრიტიკული აზროვნების უნარი ადამიანისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. განათლების სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ XXI საუკუნის ადამიანისათვის ის, უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია. საქმე ისაა, რომ ინფორმაციული ინდუსტრიის ეპოქაში ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. „შავი" და „თეთრი" რიტორიკის შემცველი ინფორმაციის შემოტევის პირობებში ეს პროცესი ლოკალური ან კერძო ხასიათისაა. რამდენადაც თითოეულ მოქალაქეს პერმანენტულად უწევს სწრაფად ცვალებად გარემოში არჩევანის გაკეთება, ბუნებრივი იქნება, საზოგადოება დაინტერესდეს, როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილებები. მრავალრიცხოვანი ფაქტები ჩვენი რეალობიდან ადასტურებს, რომ სწავლების ისეთი ფორმების არსებობა, რომლებიც დაეხმარება ადამიანს, უფრო პროდუქტიულად იაზროვნოს, დღევანდელობის გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს.
საერთაშორისო კვლევები წიგნიერებაში, რომლებშიც საქართველომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა, გვაჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა, მოსწავლეებში წიგნიერების, ანუ წერისა და კითხვის უნარების განვითარების მონაცემებით, მსოფლიოს ქვეყნების ჩამონათვალის ბოლო ათეულშია. ამ ფაქტზე აქტიურად დაიწყო მსჯელობა მასმედიამ, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან წიგნიერების დონე მხოლოდ წაკითხული წიგნების რაოდენობით არ განისაზღვრება, როგორც ზოგადად გავრცელებული აზრია. მნიშვნელოვანია კითხვის სტრატეგიების დაუფლება, რომლების არცოდნაც მეთოდური პრობლემაა. ჩვენ ვაკლებთ ახალგაზრდებს განათლების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს. ვერ ვუყალიბებთ მათ კრიტიკული აზროვნების უნარს. თუკი ეროვნული და საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების დასკვნები საკმარისი არ აღმოჩნდა კრიტიკული აზროვნების სწავლების აუცილებლობაში დასარწმუნებლად, მაშინ სხვაგვარად შევხედოთ საკითხს _ მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებით, როგორც ამას კრიტიკული აზროვნების ფსიქოლოგიის მკვლევარი დ. ჰელპერნი გვთავაზობს. ცნობილია, რომ "ადამიანების უმრავლესობა ასრულებს ოფიციალურ განათლებას 18-დან 22 წლამდე. დავუშვათ, რომ დღევანდელი ახალგაზრდების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე დიდია კაცობრიობის ისტორიაში: მათი უმრავლესობა, სავარაუდოდ, 70 წელზე მეტს იცოცხლებს. წარმოსადგენადაც კი ძნელია, როგორი იქნება რეალობა 2080 _ 2090 წლებში. ეს სწორედ ის ეპოქაა, რომელშიც იცხოვრებს ამ სტატიის მკითხველთა უმრავლესობა. დარწმუნებით შეიძლება ერთი რამ ითქვას: უმეტესობას, ვინც დღეს ახალგაზრდაა, მოუწევს იმგვარი სამუშაოს შესრულება და იმგვარი ტექნოლოგიებით სარგებლობა, რომლებიც არც კი დაესიზმრებათ თანამედროვე მეცნიერ-ფანტასტებს. მაშ, როგორი ცოდნის მიღებაა აუცილებელი სიცოცხლის პირველ საფეხურზე, რომ მშვიდად გრძნობდე თავს შემდეგი 50 წლის განმავლობაში?"
მეცნიერები თანხმდებიან, რომ გამოსავალი პერსპექტივაზე გათვლილ განათლებაშია, რომელსაც საფუძვლად უნდა ედოს ორი პრინციპი: 1. ინფორმაციის მზარდ ნაკადში სწრაფი ორიენტაციისა და საჭირო მასალის მოძიების უნარი; 2. უნარი, სწორად იქნას გააზრებული და გამოყენებული მიღებული ინფორმაცია. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ინფორმაციის გაცხრილვა, წესრიგში მოყვანა: მნიშვნელოვანის გამოყოფა მეორეხარისხოვანისაგან, ანალიზი, ინტერპრეტაცია და გათავისება. თუკი ჩვენ არ შეგვწევს უნარი, გავერკვეთ საკითხების მრავალფეროვნებაში, მაშინ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მივიღებთ პასუხებს შეკითხვებზე, მაგრამ ვერ მოვახდენთ მათზე რეფლექსიას.
დღემდე მოსწავლე-ახალგაზრდობის მიმართ ტრადიციული მოთხოვნაა, რომ დაისწავლონ, დაიმახსოვრონ, გააანალიზონ ფაქტები, გადაჭრან დასმული ამოცანები, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, არ ხდება იმის შეფასება, რამდენად შესწევთ ახალგაზრდებს ამ ცოდნის გამოყენების უნარი სხვადასხვა კონტექსტში, ან როგორ უნდა გააკეთონ ეს. XX საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდა საერთოO მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა უნდა იყოს განათლების არსი. ურთიერთშეთანხმება მიღწეულ იქნა ლიბერალური განათლების მომხრეთა პოზიციებზე დაყრდნობით. ახალი კონცეფციის მიხედვით, განათლების არსს, პირველ რიგში, უნდა წარმოადგენდეს: ინფორმაციის განხილვა, გააზრება, ათვისება და არა არასისტემატიზებული უნარ-ჩვევებისა და სწრაფად დაძველებადი ცნობების დაგროვება. უკვე ათწლეულის ბოლოს საშუალო და უმაღლესი განათლების დაწესებულებების სასწავლო გეგმებში კრიტიკული აზროვნების (კა) დანერგვის პროცესი საკმაოდ სწრაფი ტემპით განვითარდა. ამ ტენდენციის კვალდაკვალ, რეფორმა განხორციელდა საქართველოშიც, თუმცა _ მძიმედ. სიახლე სერიოზულ სირთულეებს წააწყდა იმპლემენტაციის პროცესში. ამის ერთ-ერთი მიზეზი _ მასწავლებელთა პროფესიული მომზადების არასათანადო დონე _ დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, რაც აისახა კიდეც მოსწავლე-ახალგაზრდობის კრიტიკული აზროვნების განვითარების ხარისხზე. საქმე ისაა, რომ პედაგოგი, რომელიც თავად არ არის კრიტიკულად მოაზროვნე, ვერც ახალგაზრდებში შეძლებს ამ უნარის განვითარებას.
ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მასწავლებლებს სპეციალური პროგრამები, რომლებიც მეტ-ნაკლებად გააცნობს მათ კრიტიკული აზროვნების დიდაქტიკურ საფუძვლებს. კრიტიკული აზროვნების განვითარება უწყვეტი პროცესია, რაზედაც ადამიანი დაუსრულებლად ზრუნავს. მასწავლებელი თავად უნდა ცდილობდეს პედაგოგიური ტექნოლოგიების გამდიდრებას კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიებით. ამ მხრივ, უნივერსიტეტებს შეუძლიათ სკოლებს სერიოზული დახმარება გაუწიონ (ერთობლივი სემინარების მომზადება, პრაქტიკული კვლევების ჩატარება, ტრენინგები, კითხვის ასოციაციების ჩამოყალიბება და სხვა). პრობლემის დასაძლევად კი, პირველ რიგში, განათლების სპეციალისტები უნდა შეთანხმდნენ რამდენიმე საკვანძო საკითხზე:
1. კონკრეტულად რა უნარები და მახასიათებლები გამოარჩევს კრიტიკულ აზროვნებას? 2. კრიტიკული აზროვნების სწავლების რა ეფექტური მეთოდები არსებობს? 3. როგორი ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულად მოაზროვნედ?
სწორი იქნება, კონსტრუირების "ტექნიკური” ეტაპების განხილვამდე საკვანძო თეორიულ წინაპირობებზე შევჩერდეთ.
რა არის კრიტიკული აზროვნება?
კრიტიკული აზროვნების თემის საკვანძო კატეგორიას წარმოადგენს ცნება "კრიტიკული აზროვნება”. ექსპერტები გამოყოფენ კრიტიკული აზროვნებისათვის დამახასიათებელ კონკრეტულ კოგნიტიურ უნარ-ჩვევებს. ისინი თითქმის ერთსულოვნად ასახელებენ ძირითადი უნარ-ჩვევების რიცხვში ანალიზის, შეფასებისა და დასკვნების ფორმულირების უნარს. მათი უმრავლესობა ამატებს ამ ჩამონათვალს ინტერპრეტაციის, განმარტებისა და თვითრეგულაციის უნარს. კრიტიკული აზროვნების ცნობილი მკვლევარი დ. კლუსტერი განსაზღვრავს კრიტიკულ აზროვნებას 5 ძირითადი პრინციპით:
1. კრიტიკული აზროვნება არის დამოუკიდებელი აზროვნება. ამგვარად, აზროვნება შეიძლება იყოს კრიტიკული მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ინდივიდუალურია;
2. ინფორმაცია წარმოადგენს კრიტიკული აზროვნების საწყის და არა საბოლოო პუნქტს. ცოდნა აჩენს მოტივაციას, რომლის გარეშეც ადამიანს არ შეუძლია იაზროვნოს კრიტიკულად;
3. კრიტიკული აზროვნება იწყება საკითხის წამოჭრითა და გადასაჭრელი პრობლემის გააზრებით;
4. კრიტიკული აზროვნება მიისწრაფვის სარწმუნო არგუმენტაციისკენ. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი პოულობს პრობლემის გადაჭრის საკუთარ გზას და ამყარებს საკუთარ გადაწყვეტილებებს გონივრული არგუმენტებით, საფუძვლიანი მოსაზრებებით. არგუმენტაციის სტრუქტურული ელემენტებია: მოსაზრება, მტკიცებულება, დასაბუთება და საფუძველი. ეს უკანასკნელი ყველა დანარჩენი ელემენტის ათვლის წერტილია. საფუძველი – ეს ის წანაპირობაა, რომელიც საერთოა ორატორის ან მწერლის და მათი აუდიტორიისათვის. საფუძველს ეყრდნობა მთელი არგუმენტაცია.
5. კრიტიკული აზროვნება სოციალური მოვლენაა, რამდენადაც ყოველი მოსაზრების გამოცდა და დახვეწა ხდება მაშინ, როდესაც მას ვუზიარებთ სხვებს, ან როგორც ფილოსოფოსი ჰანა არენდტი წერს: "სრულყოფილება მიიღწევა მხოლოდ ცოცხალ ურთიერთობაში, ვისიმე თანდასწრებით”.
კრიტიკული აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კონცეფცია ეკუთვნის ამერიკელ პედაგოგს, რ. ენისს. მან ერთ-ერთმა პირველმა დაამუშავა კრიტიკული აზროვნებისათვის მზაობის, განწყობის ან, სხვაგვარად, შინაგანი მოტივაციების სისტემა, რომელიც აზროვნების "ხარისხს” განაპირობებს. რ. ენისის კონცეფციის თანახმად, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი უნდა:
1. ზრუნავდეს იმაზე, რომ მისი შეხედულებები და გადაწყვეტილებები იყოს დასაბუთებული. ამისათვის მას სჭირდება:
· წყაროებისა და დასკვნების ალტერნატიული განმარტებების, ახალი ჰიპოთეზების მოძიების უნარი;
· ინფორმირებულობის მაღალი ხარისხი;
· საკუთარისაგან განსხვავებული თვალსაზრისების განხილვის უნარი;
· მისწრაფება მრავალმხრივი ცოდნისა და საკუთარი თვალსაწიერის მუდმივი გაფართოებისაკენ;
2. ფლობდეს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი პოზიციის ნათლად წარმოდგენის უნარს;
· ნათლად და ზუსტად ესმოდეს ნათქვამისა და დაწერილის არსი, სიტუაციის თავისებურებების გათვალისწინებით;
· ახერხებდეს კონცენტრაციას საკითხსა და დასკვნებზე, ცდილობდეს, არ ასცდეს ძირითად თემას;
· ეძებდეს და წარმოადგენდეს დასაბუთებულ მოსაზრებებს;
· ითვალისწინებდეს სიტუაციას მთლიანობაში;
· კარგად იაზრებდეს საკუთარ პოზიციას;
3. პატივს უნდა სცემდეს თანამოსაუბრის აზრსა და ღირსებას, ე.ი.:
· შეეძლოს სხვების მოსმენა და გაგება.
მოცემული უნარების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებასა და სასწავლო პროცესში ხდება დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე. კრიტიკული აზროვნება არის თავისებური "აზროვნება ცოდნაზე”, რომელიც საშუალებას იძლევა "იმისა, რომ შეიქმნას რაღაც ახალი, გამოყენებულ იქნას ადრე მიღებული ცოდნა”. ამასთან ერთად, ცნება "ცოდნა” გამოიყენება ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით.
ცოდნა და აზროვნება
თანამედროვე გაგებით, ცოდნა არასტატიკურია. ის არ შეიძლება გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს ისე, როგორც შეიძლება გადავასხათ რაიმე სითხე ჭურჭლიდან ჭურჭელში. ის დინამიკურია. ცხადია, მცდარი იქნება, ვიფიქროთ, რომ ყველამ უნდა დავიწყოთ ნულიდან და თავიდან გამოვიგონოთ ბორბალი. კოგნიტიურ ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ჩვენ ვეყრდნობით ვიღაცის მიერ შექმნილ ცოდნას იმისათვის, რომ შევქმნათ რაღაც ახალი. ჩვენ ვქმნით ცოდნას ყოველ ჯერზე, როდესაც ვეცნობით ახალ ცნებებსა და იდეებს. ახლად მიღებული ინფორმაცია გამოიყენება ჩვენი საკუთარი ცოდნის შინაგანი სტრუქტურის შესაქმნელად (ცოდნის სტრუქტურა – ეს ტექნიკური ტერმინის მსგავსი ცნება გამოიყენება კოგნიტიური ფსიქოლოგიის მიერ ყველა ურთიერთდაკავშირებული წარმოდგენის აღსაწერად, რაც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს ყველა განსხვავებულ საგანსა და მოვლენაზე). ცოდნა – ეს "გაგების მდგომარეობაა”, რომელიც ახასიათებს მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ცნობიერებას, რაც ურთიერთობის პროცესში შეგვიძლია გავუზიაროთთ სხვა ადამიანებს. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ცოდნას ახალი ინფორმაციის გასააზრებლად. ამგვარად, ცოდნის შეძენა წარმოადგენს აქტიურ ფსიქიკურ პროცესს. ყოველი ადამიანი აგებს "ცოდნის მუდმივად გაფართოებად სტრუქტურას”, რომელიც აკავშირებს ახალ იდეებს უკვე არსებულთან. ამიტომ ცოდნა ყოველთვის პიროვნულია და გარკვეული თვალსაზრისით _ უნიკალური. ცოდნის ეს სტრუქტურები ან სქემები სამყაროს ჩვენეული მოდელია.
სამეცნიერო ლიტერატურაში ვხვდებით განსხვავებულ მიდგომებს კრიტიკული აზროვნების ცოდნის კომპონენტის განსაზღვრებისადმი. ასე, მაგალითად, მ. მეისონი მას ახასიათებს, როგორც "ცოდნის გარკვეულ მოცულობას, იქნება ეს კრიტიკული აზროვნების ძირითადი ცნებების ცოდნა, ან ამა თუ იმ მეცნიერული დისციპლინის ცოდნა, რომლისთვისაც მოგვიანებით შეიძლება გამოყენებულ იქნას კრიტიკული აზროვნება”. რ. ენისი თვლის, რომ კრიტიკული აზროვნება, როგორც დისციპლინათშორისი და ზესაგნობრივი კატეგორია, ატარებს დედუქციურ ხასიათს: მოსწავლე იძენს კრიტიკული აზროვნების ინტელექტუალურ უნარებს კონკრეტული დისციპლინის გარეშე და შეუძლია გამოიყენოს ისინი ცოდნის განსხვავებულ სფეროებში. ჯ. მაკ პენი ყურადღებას ამახვილებს კრიტიკული აზროვნების ინდუქციურ ხასიათზე: იგი თვლის, რომ კრიტიკული აზროვნება კონკრეტული მეცნიერული სფეროსაგან განუყოფელია. ამა თუ იმ მეცნიერული დისციპლინის პრობლემების კრიტიკული განხილვის აუცილებებლი პირობაა ამ დისციპლინის სიღრმისეული ცოდნა. "ჩვენ არ შეგვიძლია კრიტიკულად განვიხილოთ ბირთვული ფიზიკის პრობლემები, თუკი არაფერი გაგვეგება ბირთვულ ფიზიკაში”, _ წერს ის.
იმისათვის, რომ პრობლემებს კრიტიკულად მივუდგეთ, აუცილებელია, განვიხილოთ განსხვავებული მოსაზრებების სუსტი და ძლიერი მხარეები, ღირსებები და ხარვეზები.
ვინ არის კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი?
კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ყოველთვს ღიაა სიახლის მიმართ, აღიქვამს სამყაროს მთელი თავისი მრავალფეროვანებით და პრინციპულად იცავს საკუთარ ღირებულებებს. კრიტიკულად მოაზროვნენი აცნობიერებენ მათთვის უცნობ იდეებზე მსჯელობის უსამართლობასა და აბსურდულობას ამ იდეების სიღრმისეული გააზრების გარეშე ("მე არ მაინტერესებს, შენ რას ფიქრობ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, რასაც ამბობ, არასწორია”). კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ემიჯნება ეგოცენტრულობასა და სოციოცენტრიზმს.
ეგოცენტრულობა – ეს რეალობის ჩანაცვლებაა პიროვნული აღქმით. ის თავს ამჟღავნებს, როგორც ყველა იმ თვალსაზრისის, იდეისა თუ ფაქტის გაანალიზებისა და მიღების უუნარობა (ან სურვილის არქონა), რაც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებასთან. მისი უკიდურესი ფორმა ხასიათდება პრეტენზიით, "იყოს მართალი ყველაფერში”; თანმიმდევრულობისა და სიცხადისადმი არასაკმარისი ინტერესით; "ყველაფერი ან არაფერი” – დამოკიდებულებით ("მე მართალი ვარ 100%-ით, თქვენ 100%-ით ცდებით”); საკუთარი სააზროვნო პროცესისადმი კრიტიკული დამოკიდებულების უქონლობით. ეგოცენტრული ინდივიდი უპირატესად მიმართულია, ზოგადად, სიმართლისა და სამართლიანობის ძიებისაკენ და ნაკლებად ისწრაფვის, თავად იყოს პატიოსანი და სამართლიანი. ეგოცენტრულობა კრიტიკული აზროვნების საპირწონეა.
ვინაიდან ყველა ადამიანი სოციალიზებულია, ეგოცენტრულობა ნაწილობრივ ვითარდება სოციოცენტრულობის ჩარჩოებში. ინდივიდი შეუმჩნევლად გადადის განცხადებიდან "მე მართალი ვარ” განცხადებაზე "ჩვენ მართლები ვართ”.
თუკი ეგოცენტრულობა და სოციოცენტრულობა სენია, მაშინ თვითშეგნება მისი წამალია.
ჩვენი თავდაჯერებულობა ადვილი შესანარჩუნებელია იმიტომ, რომ მონდომებით ვხუჭავთ თვალს საკუთარი აზროვნების შეცდომებზე. თითქმის ავტომატურად ვუმალავთ ჩვენს ეგოცენტრულობას საკუთარ თავს. ძნელად ვამჩნევთ, როდის ეწინააღმდეგება ჩვენი ქცევა ჩვენს წარმოდგენას საკუთარ თავზე. ჩვენი რწმენა ეფუძნება მცდარ ვარაუდებს, რომელთა წარმომავლობის შესახებ არაფერი ვიცით. არ შეგვიძლია გამოვყოთ რელევანტური განსხვავებები, თუმცა სხვა სიტუაციაში ვიცით, როგორ შევქმნათ ისინი და არ გვიჭირს ამის გაკეთება (მაგალითად მაშინ, როდესაც ამგვარი განსხვავებების გამოყოფა არ გვიშლის ხელს მივიღოთ ის, რაც გვინდა). ჩვენ უარვყოფთ ან "ვივიწყებთ” ფაქტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებებს. არასწორად განვმარტავთ ან ვამახინჯებთ იმას, რაზეც საუბრობენ სხვები.
საკითხის გადაწყვეტა გულისხმობს იმას, რომ ვიფიქროთ საკუთარ რწმენასა და ქცევაზე; გავხადოთ ვარაუდები ზუსტი, არაორაზროვანი, კრიტიკულად გავაანალიზოთ ისინი და როდესაც ჩვენი პოზიცია მცდარია, შევწყვიტოთ მისი მტკიცება; შევაფასოთ როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვები ერთი პოზიციიდან; განვიხილოთ ყოველი რელევანტური ფაქტი და გამოვიტანოთ დასკვნები მხოლოდ მათზე დაყრდნობით. მთავარია, შეგვეძლოს ყურადღებით და უარყოფითი განწყობის გარეშე მოვუსმინოთ მათ, ვისაც არ ვეთანხმებით. ჩვენ შევძლებთ შევცვალოთ ეგოცენტრული ტენდენციები, თუკი გავაცნობიერებთ მათ ობიექტურად. მაშინ დავინახავთ, რომ ასეთი ტენდენცია ირაციონალური და დაუსაბუთებელია. ამგვარად, ადამიანის მიერ ეგოცენტრული და სოციოცენტრული აზროვნების სპეციფიკის გაგება კრიტიკული აზროვნების ათვისების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий