среда, 8 октября 2014 г.

“უცნობია, რა მიზნით ხარჯავს ეკლესია მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული თანხის ნახევარზე მეტს”



2013 წელს ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მართლმადიდებელი ეკლესია მთლიანობაში 29 220 349.7 ლარით დააფინანსა.
მონაცემები ეკლესიის“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა” (TDI) და “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) მიერ მომზადებულ კვლევაში- "ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკა" არის თავმოყრილი.

კვლევის მიხედვით, აქედან ყველაზე დიდი ოდენობის თანხას, 25 მლნ ლარის ოდენობის ტრანსფერს, საპატრიარქო ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იღებს. ამ ტრანსფერის უდიდეს ნაწილს, 75%-ს, ეკლესია განათლებაზე ხარჯავს. კვლევაში ნათქვამია, რომ  საქართველოს საპატრიარქო ასევე იღებს პირდაპირ დაფინანსებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტიდან.

“კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტებისა (59) და თვითმმართველი ქალაქების მერიების მიერ, 2013 წელს, მართლმადიდებელი ეკლესიებისა და ეპარქიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა მთლიანობაში 3 864 871 ლარს შეადგენს. აქედან, მუნიციპალიტეტების გამგეობებმა გამოყო 2 198 336 ლარი; 1 666 534.9 ლარი კი თვითმმართველმა ქალაქებმა - თბილისი, რუსთავი და ქუთაისი,”– ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო თანხა ძირითადად შემდეგი მიზნებისთვის იხარჯება - ტაძრების მშენებლობა / რეკონსტრუქცია/კეთილმოწყობა; რელიგიური დანიშნულების ნივთები და რელიგიური ღონისძიებები; კომუნალური ხარჯები; არარელიგიური დანიშნულების ნივთები; რელიგიური სასწავლებლების და სკოლა-პანსიონების დახმარება და სოციალური მსახურება.

“მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული თანხის ნახევარზე მეტი, 52% (1 151 230 ლარი), უცნობია, კონკრეტულად რა მიზნებისთვის იხარჯება. ასეთ შემთხვევებში, გამგეობას ძირითადად მითითებული აქვს - „სუბსიდია“ ან „ფინანსური დახმარება”, – ნათქვამია კვლევაში.

მუნიციპალიტეტების მიერ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გაცემული თანხის მიზნობრივი კატეგორიები
მუნიციპალიტეტების მიერ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გაცემული თანხის მიზნობრივი კატეგორიები

კვლევის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს შორის საპატრიარქოს დაფინანსების ყველაზე დიდი მოცულობა ფიქსირდება შერეული რელიგიური კომპოზიციის მუნიციპალიტეტებში, ბოლნისსა და მარნეულში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არამართლმადიდებელია.

“მაგალითად, მარნეულის მუნიციპალიტეტმა, სადაც რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები უმრავლესობაში არიან, 2013 წლის ბოლოს მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიისთვის 138 652 ლარის ღირებულების ნივთები შეიძინა. ნივთების ჩამონათვალში შედის ელექტროტექნიკა - კონდიციონერები, ტელევიზორი, ლაზერული პრინტერი, ლეპტოპები, მტვერსასრუტი, ჩაიდანი, ტოსტერი, ყავის აპარატი, მულტი-რობოტი და ა.შ; ავეჯი - წაბლის ხეში ნაკვეთი სამეუფეო სავარძელი, საოფისე ინვენტარი, რბილი ავეჯი, საძინებელი, მაგიდები, სკამები, კარადები; საყოფაცხოვრებო ნივთები - საძინებლის კომპლექტი, ბალიშები, ლეიბები, პლედები, შპს „ბელუქსის“ ჭურჭელი, კბილის ჯაგრისები და ა.შ.; ფუფუნების საგნები - ზეთისხილის მოოქროვილი ჭურჭელი, აკვარიუმი აქსესუარებითურთ და სხვ.”– ნათქვამია კვლევაში.

კვლევა "ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკა" შესწავლის 2013 წელსა და 2014 წლის დასაწყისში (იანვარი-აპრილი) სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანებებისთვის, მათ შორის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, გადაცემული ფინანსური რესურსების, უძრავი და მოძრავი ქონების მასშტაბებსა და მიზნობრიობას.

საუბარი რელიგიაზე ( გადაცემა )


netgazeti


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий