четверг, 19 июня 2014 г.

პატრიარქალური ოჯახის სიწმინდე და ფემინიზმი, თუ (და/ან) ჰუმანიზმი? (ნაწილი II)


„ევას ისტორიამ მთელ დასავლურ ცივილიზაციაში ჩამოაყალიბა ქალის კონცეფცია. ის, ისევე როგორც ყველა ქალი, კულტურისა და სოციალური ისტორიის ცოცხალი ნაწილია (...) თუ მის კვალს გავყვებით, აღმოვაჩენთ, რომ მთელ დასავლურ, პატრიარქალურ კულტურაში ქალის ცნება და იდენტობა ევასას უთანაბრდება“, - წერს ჯონ ფილიპსი წიგნში ,,ევა: იდეის ისტორია’’ (Phillips. J.A, 1984, Eve: The History of Idea, San Francisco: Harprer and Row).
სიმონ დე ბოვუარის მტკიცებით, ევას ,,შეცოდების’’ მითი თითქმის ყველა თეოლოგიური მოძღვრების ერთგვარი საფუძველიც კია; ლილითისა და მარიამის, ან კიდევ, ევასა და მარიამის რადიკალური დიქოტომია სწორედ ამ მიზოგინიური იდეოლოგიის წისქვილზე ასხამს წყალს; განურჩევლად ყველა რელიგია მკვეთრად ანტიქალური კონცეფციებითაა გაჟღენთილი. ამის დასტურად, ფემინისტ ფილოსოფოსს ვრცელი მონაკვეთები მოაქვს ძველი აღთქმიდან, ყურანიდან, იშველიებს პავლე მოციქულის, ტერტულიანეს, თომას აქვინელის, ნეტარი ავგუსტინესა და სხვათა სიტყვებს. ბოვუარის აზრით, რელიგიამ ქალები დააკნინა და დააჩლუნგა. ყველა თეოლოგიური მოძღვრება ანდროცენტრულია და, შესაბამისად, ყალბი. წმინდა, უბიწო და სათნო მარიამი ბილწ ევას უპირისპირდება (ასევე, ქრისტიანულ ესქატოლოგიაში, ანტიქრისტეს ებრაელი მეძავი ქალი შობს, მაგრამ მას ქრისტე და წმინდა მარიამი ანადგურებენ. წმინდა ქალი VS ზნედაცემული), მაგრამ სამაგიეროდ, იგი უყოყმანოდ ემორჩილება პატრიარქალურ წესრიგს და ამბობს: ,,აჰა, უფლის მხევალი ვარ. მეყოს მე შენი სიტყვისამებრ.’’ ღვთისმშობლის ადგილი წმინდა სამებაში არაა; მამაკაცთან შედარებით, დაბალ იერარქიულ საფეხურზე დგას; სამყაროს შემოქმედის, ადამიანთა მოდგმისათვის წეს-კანონის დამდებლისა და უზენაესი მსაჯულის ფუნქცია მისთვის არავის მიუნიჭებია; ის არ განსჯის ბრალიანსა და უბრალოს, ცოდვილსა და უცოდველს; ღვთიურ სამსჯავროზე წარდგომილი სულის  სიკეთესა და ბოროტებას არ „წონის’’; ის მხოლოდ წმინდა ჭურჭელია, რომელმაც მესია უნდა შვას. „ქალი შვილთა სიმრავლით ცხონდება“. ერთადერთი ქალი, ლილითი, რომელიც ქმარსა და ზოგადად, კაცთა ტირანიას აუმხედრდა, ქრისტიანულმა თეოლოგიამ ბოროტების სიმბოლოდ, ავ, შესაზიზღარ და სამარადისოდ დაწყევლილ დემონად აქცია, მორჩილ ქალს კი ნეტარმა ავგუსტინემ ხოტბა შეასხა: ,,მამაკაცო, შენა ხარ მბრძანებელი, ქალი კი შენი მონაა. უფალმა ასე ინება. წმინდა წერილი ამბობს, რომ სარა ემორჩილებოდა აბრაამს და მბრძანებელს უწოდებდა. დიახ, ქალები თქვენი მონა-მორჩილნი არიან, თქვენ კი ბატონნი’’ (Saint AUGUSTIN (354-430), Sermon 322)’’
„ის რელიგია, რომელმაც საუკუნოდ დაწყევლა ადამიანის სხეული და ხორციელი სიამე შეაჩვენა, ეშმაკის ყველაზე საშიშ და სულწარმწყმედ საცდურად ქალს მიიჩნევს. ტერტულიანე ამბობს: „ქალო, შენა ხარ ეშმაკის სამფლობელოს კარიბჭე. შენ თავგზა აურიე იმას, ვისთან შერკინებას თვით ეშმაკი ვერ ბედავდა. სწორედ შენ გამო აწამეს და მოკლეს ძე ღვთისა. დღემუდამ ძაძა უნდა გემოსოს’’, - ვკითხულობთ ბოვუარის „მეორე სქესში“.
ამ არგუმენტების გასამყარებლად ფრანგ მწერალს, ფილოსოფოსს, ისტორიკოსს, ღირსების ორდენის კავალერსა და სიმონ დე ბოვუარის სახელობის პრემიის ლაურეატს, მიშელ პეროს, ნაშრომში „ქალთა ისტორია“ (Perrot, Michelle, 1992, Histoire des femmes, Tome III, Editions Plon, p. 31 – 54), მოაქვს მრავალი ციტატა მეთორმეტე და მეთხუთმეტე საუკუნეებში მოღვაწე ღვთისმსახურებისა და ბერების ტექსტებიდან:
„ამ ბინძურმა სქესმა მოწამლა, წაბილწა და მოკლა ჩვენი მშობელი (...) სამსონი სასიკვდილოდ გაიმეტა და ჩვენი მაცხოვარიც კი დაღუპა. მას რომ არ შეეცოდა, იესო ქრისტეს ჯვარცმისა და სიკვდილის წყალობით არ მოუწევდა კაცობრიობის ხსნა. ღმერთმა უბედურება და ტანჯვა-წამება არ მოაკლოს ამ საზიზღარ სქესს, რომლისთვისაც უცხოა შიშიც, სიკეთეც, მეგობრობაცა და სიქველეც. ქალი მაშინ უფრო სახიფათოა, როცა გიყვართ, ვიდრე მაშინ - როცა გძულთ“.
”ქალი, - ეს მყიფე, უსახური ნივთი, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქცევა კლდესავით უდრეკ და მტკიცე არსებად, როცა საზარელი დანაშაულის ჩადენას განიზრახავს. ადამიანთათვის მარტოოდენ უბედურება, ტკივილი, ტანჯვა-ურვა და ვნება მოაქვს; ეს ჯოჯოხეთური ცეცხლი ყოველივეს ხარბად ნთქავს და კაცთა სამარადისო დაცემითა და იავარქნით ტკბება. ქალი თავაწყვეტილი, აღვირახსნილი სიგიჟეა (...) ეს ნივთი ყველამ დაუნანებლად უნდა გამოიყენოს, მერე კი შორს მოისროლოს; ქალი, - ეს მატყუარა, ფლიდი, ხარბი და ცბიერი ქმნილება, მხოლოდ იმისთვის მოვლენია ქვეყნიერებას, რომ მამაკაცს თვალისჩინი წაართვას, გააბრიყვოს და დაღუპოს. როგორც კი რამე დანაშაულს ჩაიდენს, ისეთი სიამაყით აღივსება, თითქოს, ბრწყინვალე გამარჯვება მოეპოვებინოს“.
ბოვუარის თქმით, ქალის დამცირებაში რელიგიას იურისპრუდენციამაც აუბა მხარი. ერთ ფერხულში ჩაბმული სახელმწიფო და ეკლესია ყოველთვის სასტიკ აკრძალვებს უწესებდნენ მათ. ყველა ქვეყნის სამართალი უპირობო ავტორიტეტს კაცს/მამას/ქმარს/ვაჟიშვილს ანიჭებდა. სხვადასხვა ნიადაგზე აღმოცენებული კანონმდებლობა ოჯახის ერთსა და იმავე სტრუქტურას აღიარებდა. საერო ცხოვრებაშიც კი ქმარი, ძმა, ან მამა მიიჩნეოდა ერთგვარ მონოთეისტურ ღმერთად, რომელსაც ყველა უსიტყვოდ ემორჩილება. ამ Pater familias-ს, რომელიც რომის სამართალშია მოხსენიებული, განუზომელი ძალაუფლება ჰქონდა; შეეძლო, ცოლ-შვილი ხელაღებით დაეხოცა. ,,Imbecilitas Sexus’’ (ბრიყვი სქესის) წარმომადგენლები, ცხადია, ქალები გახლდნენ. აი, როგორ ეთანხმება მიშლინ დიუმონი ბოვუარს თავის ნაშრომში, ,,ოჯახში ძალადობის უსასრულო ფესვები და ქალთა ამბოხება’’ (Dumont, Micheline, 2005, les longues racines de la violence conjugale et la riposte des femmes):
„ძველ სამოქალაქო კოდექსებში არსებობდა მუხლები, რომლებიც მამაკაცს ცოლის „გამოსწორების“ უფლებას აძლევდა: „ქმრის ვალია, ცოლი სცემოს (თუმცა არ უნდა მოკლას და არ დაასახიჩროს), როცა ის აბუჩად იგდებს“ (ბოვეს ქალაქის კოდექსი). „ოჯახის უფროსს უფლება აქვს, მკაცრად დასაჯოს თავისი ცოლ-შვილი და მას ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს“. ამას მოწმობს მრავალი ხალხური ანდაზაც: „უმიზეზოდ ნუ აწამებს შენს ცოლს. თუკი ფეხს დაგაბიჯებს, საკადრისად დასაჯე, თორემ ის ბინძური კახპა ხვალ თავზე დაგადგამს ფეხს“; „კარგ და ცუდ ცხენებს აღვირ-ლაგამი სჭირდება, კარგ და ცუდ ქალებს კი როზგი“. ეკლესია ოჯახს ერთგვარ ზეციურ მონარქიად მიიჩნევდა, სადაც კაცი მეფობს. პავლე მოციქული ქალებს უბრძანებდა, რომ ქმრებს დამორჩილებოდნენ“.
ეკლესია მხოლოდ და მხოლოდ წიგნის ფურცლებზე საუკუნოდ „დავანებულ“ ქალთმოძულეობას არ გვაკმარებს და ყოველდღიურად შეგვახსენებს „სუსტი“ სქესის მოვალეობებს. მტვერწაყრილი საკრალური ლიტერატურა ანტიქალური იდეებითა დახუნძლული, მაგრამ მიზოგინიის ცეცხლს მუდმივად ,,შეკეთება’’ და გაღვივება სჭირდება, რათა კიდევ უფრო ძლიერად აგიზგიზდეს, კაცობრიობის „მეორე ნახევარი“ დაშანთოს, „გონზე მოიყვანოს“ და შვებით ამოსუნთქვის უფლება არ მისცეს. მამა შიო ქალის სიბინძურეზე დიდის რიხით ქადაგებს: „ყველა ქალი პოტენციური დედაა. მხოლოდ დედობა გიყვარს, თუ არა ქალი კი არ გიყვარს მათში და სიბინძურე კი არ გიყვარს“; პატრიარქი კი ამბობს, რომ ცოლმა ქმარს ფეხები უნდა დაბანოს. რატომღაც, ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს არასოდეს უსაუბრია მამაკაცის (მათ შორის, რეპროდუქციულ) მოვალეობებზე; ერთხელაც კი არ აღუნიშნავს, რომ ცოლზე ძალადობა „ცუდია“. ჯოხი მხოლოდ ქალზე, - დაბალ იერარქიულ საფეხურზე მდგარ არსებაზე ტყდება. ეკლესია მათ არასოდეს ეტყვის, რომ არსებობენ ქალები, რომლებსაც შვილების გაჩენა სულ არ სურთ და რომელთათვისაც ესოდენ ნაქებ-ნადიდები, შარავანდედით შემოსილი დედობა მხოლოდ მძიმე ტვირთი და აუტანელი ტანჯვა-წამებაა. პირიქით: მათი თქმით, შვილოსნობის უნარი დიდ წყალობას უტოლდება. ქალმა საკუთარი ნებითვე უნდა დადოს თავი სისხლით მორწყულ სამსხვერპლოზე და ღმერთს (კაცს) მადლობა შესწიროს, ასეთი წყალობა რომ მოიღო ევას ცოდვილ მოდგმაზე (მართალია, კაციც ცოდვილია, მაგრამ ქალს ერთი „ზედმეტი“ ცოდვაც აწევს - ვაშლის დაგემოვნება).
მიუხედავად ყველაფრისა, ეკლესიის, როგორც უნივერსალური ფალოკრატიის სიმბოლოს ერთ-ერთი ინსტიტუციონალურ-იდეოლოგიური ფუნქციაც სწორედ ისაა, რომ ქალს - უსუსურ, უმწეო და უტვინო არსებას, „შეუნდოს“ და „მიუტევოს“. ქრისტიანობაში, მარიამ მაგდალინელი სწორედ ამ „მოთვინიერებული“, „მორჯულებული“ და „მოქცეული“ ქალის სიმბოლოა. ის ოდინდელი „სიბინძურისა და სიბილწისაგან იწმინდება“, ცრემლითა სინანულისაით ტირის, კაცს თმით უმშრალებს ფეხებს, მის წინაშე ქედს იხრის, საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებს უარყოფს და ფალოკრატიულ აკრძალვებსა და ნორმებს ემორჩილება. რაც მთავარია, თავის ძველ პროფესიას ვეღარასოდეს მიუბრუნდება. ამგვარად სცადა ქართულმა პატრიარქალურმა კულტურამ „ბოზი“, „უთვისტომო“ და „გადამთიელი“ შერონ სტოუნის „მოქცევა“ და „გამაგდალინელება“: ცხარე ცრემლით ტირილით, ხატების ჩუქებით, მწარე ქვითინით, საგალობლების მოსმენით, „სუსტი“, ქალური ატრიბუტის - თეთრი ცხვირსახორცის ფრიალითა და უწმინდესთან, - მამაკაცური ძალაუფლების უმაღლეს მწვერვალთან შეხვედრით. ამ აღვირახსნილმა ქალმა, რომელმაც მაიკლ დუგლასს „სასირცხვო ბაგეებიც“ უჩვენა და კიდევ ბევრი „ქალური ატრიბუტიც“, თავისი „ბოზური“ წარსული უნდა შეინანოს და გაბრწყინებული, ჯერ კიდევ ბნელი, თუ სულ მალე გასაბრწყინებელი ივერიის დირექტივებს დანებდეს. მას არ ჰქონდა გენიტალიების ასე ურცხვად დემონსტრირების უფლება. ამგვარი ეგზიბიციონიზმი მხოლოდ და მხოლოდ ჩოხაში გამოწყობილი, ხანჯალშემართული,  „კუტუკვერცხებიანი“, „პასპორტიანი“ ბიჭის მამის პრეროგატივაა. ის საახლობლო-საძმაკაცო-სანათესაოს სიამაყით უჩვენებს თავისი ნაშიერის „ღირსებას“ და მისი გადაფსმის სიგრძე-სიგანე-პერიმეტრსაც კრძალვითა და რუდუნებით მონიშნავს. შერონმა კი კეთილი უნდა ინებოს და თავისი ბინძური საშო (რომელსაც წმიდათაწმიდა მოვალეობა არ აღუსრულებია - შვილი არ უშვია და ვინ იცის, ვის აღარ უხმარია) დამალოს, მოკრძალებული სამოსის საპყრობილეში გამოამწყვდიოს, ქართულ, საკრალურ პრინციპებს დაუქვემდებაროს და მაგდალინელისეული თავმდაბლობით ეახლოს მას, ვინც ცოდვებს შეუნდობს, ააქვითინ-ააზლუქუნებს, ღვთისმშობლის ხატსაც აჩუქებს და ამ ჟესტით მიანიშნებს, რომ „ნადვილი ქალი“ წმინდა მარიამივით სათნო, მშვიდი, თავმდაბალი და მორჩილი უნდა იყოს. შერონი ბოზია, ფეხმსუბუქი, უფრო სწორად, ფეხის ამწევი, კურტიზანი, სიძვის დიაცი და ამერიკელი ასპაზია. ის ვერასოდეს გახდება გმირი ივდითი, ქალი, რომელმაც სამშობლო იხსნა. იგი განწირულია „მედეობისათვის“, ცუდი დედობისა და მოღალატეობისათვის. მთიელი ქალისთვის ჩვეული კდემამოსილება მისთვის უცხოა. არ ვიცი, უთხრა, თუ არა პატრიარქმა მას, რომ ოჯახის უფროსი მამაკაცია და ამიტომ, მას ვერ ექნება ორი თავი; რომ ცოლმა და დედამ თავი უნდა შესწიროს ქმარ-შვილს; რომ გენდერული თანასწორობა შეუძლებელია; რომ ქმარს საღამოობით ფეხები უნდა დაბანოს და ა.შ. ბაპტისტი შერონის „მოქცევის“ დიადი რიტუალი იწყება. მას იდეალურ ტანსაცმელში გამოწკეპილი მამაკაცები (როგორც საერო, ასევე, საეკლესიო ხელისუფლებიდან) გვერდიდან არ შორდებიან და მკაცრად აკონტროლებენ მის ყოველ მანერას, მზერას, მიხრა-მოხრას, ნაბიჯს, მოძრაობასა და სიტყვას. ჰოლივუდური ექსცენტრულობის, ქედმოუდრეკლობისა და ახირებულობის გამოვლენა წმინდა მიწაზე არ ეგების. შერონის გაშლილი ფეხებით ძირითად ინსტინქტისეულად ერეგირებული, ნერწყვმორეული და ნაციონალურ ორგაზმგანცდილი ერი გაჰყვირის (სტილი დაცულია):
1)“ანუ რა მოხდა - პატრიარქი შეხვდა მეძავს და დააჯილდოვა“.
2012-03-10 02:18:13
„იტირებდა როცა ჩვენი პატრიარქის სათნო სახეს დაინახავდა..ალბად მიხვდა რომ უაზროს იცხოვრა ამ უნიფხვო ქალმააააააა“.
„რადგან პატრიარქმა მიიღო, უცენზურო კომენტარებისგან თავი შევიკავოთ, ბოლო–ბოლო ქრისტემ მეძავს მიუტევა ცოდვები თავის დროზე, ვინ იცის რა ხდება ხვალ“.
„არ უნდა მიეყვანათ უწმინდესთან“.
„ეხ შერონ, შერონ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“.
„საწყალი გაუჭირდებოდა ტირილი, ისემც მაგის სისხლი გაშრა და შევარდნაძის მიყვა ზედ, როგორც მაგას საქართველოზე გული შეტკივა“.
„ხვდებით ურწმუნოებო პატრიარქის ძალას? თუ გგონიათ აქაც თამაშობს შერონი“
„დიდება უფალს!!“
„ებრაელი შერონ სტოუნი მართლმადიდებელი თუ გახდება, ილია-||ის და საქართველოს გამარჯვება და ღვთისწყალობა იქნება!“
„ებრაელი სტოუნი თუ ააატირა, სასწაული მოხდა უფლის წყალობა და დიდებააა! არ დაგავიწყდეთ რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანააა!!!“
„პატრიარქი დიდი ადამიანია, მაგრამ მაქვს ერთი შეკითხვა თქვენთან საიტის სტუმრებო. შორენა ბეგაშვილი რო გარყვნილად შერაცხეს და ეკლესიამ და შემდეგ ყველამ დაგმო.. შერონ სტოუნი რატომ უნდა მიიღოს პატრიარქმა? ის უკეთესია? უბრალოდ ის ჰოლივუდის ვარსკვლავია, ბეგშვილი კი პატარა საქართველოსი. ჩემი აზრით პროვინციალიზმთან გვაქვს საქმე“.
„სანამ ებრაელი შერონ სტოუნი მართლმადიდებელი არ გახდება, მანამდე არაფერი გეტკინოს!“
„შერონ სტოუნს რას უზამენ, ერთი მითხარ ნეტავი, დაგვისხლტება? რა გგონია ვითამ დოუპეპლავი?
„ცნობილია, მაგ ქალბატონს არ აცვია ნიფხავი, არ იცოდი რომ არ ეცვა? ვაჟკაცურად მითხარი?!
ხოდა რახან არ აცვია, მართლაც დიდი შანსია, ქე რო მოხვდეს ბარემცაღა, ი ქართული შვანცკია!
ახლა მკითხავთ: „გოჩა ძიავ, რას აჩმახებ ერთიო? ბოლო–ბოლო სტუმარია, ნეტავი რას ერჩიო?
თუ დუბინკა მოგენატრა? არ გაგიწყრეს ღმერთიო, გექავება სიბერში ნეკნები და ფერდიო?
ვერა ხედავ? თუ რამდენი გამოუჩნდა ფრენდიო, მატეანეს შეემატა ერთი ოქროს გვერდიო"!
–რა და ხალხნო, ნამეტანი ვიცით მგონი ცუნდრუკი, ათას ,,ხეზე"გადამხტარს რომ არ ვუმკიოთ გუნდრუკი!
ნუ დავარქმევთ მათ სახელებს პროსპექტებს და ქუჩებსო, თანაც ტაკოს საკოცნელად ნუ დავიღლით ტუჩებსო!
გოჩა ძია”.6.06.2011
„აუუ, ადამიანად აქცია ეს პუტანა, ნაკლები სასტაულია? უფალმა დაგვაძლიეროს ხალხიოო...“
„გავკარი შერონ შორენას. ის ამისთვისაა გაჩენილი“.
ქართველი ერის აზრით, თუ შერონი მართლმადიდებელი გახდება, ხომ კარგი. თუ არადა, დილას კისერი უტეხია, საღამოს - კინჩხი მიუყოლებია და მისი სატანისტურ-ბაპტისტურ-იაღოველური ქვეყანაც ოკეანეში დანთქმულა. ბოზი. ბოზი. ბოზი. ბოზი და კიდევ ერთხელ ბოზი. რა დროს მისთვის გუნდრუკის კმევაა?! სამაგიეროდ, მან უნდა უკმიოს მარადუბერებელ პატრიარქატს გუნდრუკი, მის წინაშე მუხლი მოიდრიკოს და თავდავიწყებით განადიდოს კიდეც. მისი ვალია, ქართულ აღგზნებულ ფალოსს დაუვიწყარი ორგაზმი განაცდევინოს, მაგრამ ამ ქვეყნიდან მალევე უნდა გაქრეს და წარიხოცოს. ერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის ებრაელია; შესაბამისად, არამართლმადიდებელიც; ეს ფაქტი კი ეთნონაციონალურ-შოვინისტურ-კოლექტიურ არაცნობიერსა და ცნობიერში დალექილ ესქატოლოგიურ მითს აცოცხლებს: ანტიქრისტეს ებრაელი მრუში ქალი შობს. შერონის მითოლოგიურ-ლეგენდარულ-იგავ-არაკული მრუშობის ამბავი ისედაც ვიცით. ნიფხავი არ აცვია. ბნელ, ცივ, უშუქო, იარაღების გამაყრუებელი კაკანით სავსე, „დვიჟოკებიან“ და აკუმულატორებიან ოთხმოცდაათიან წლებში გავიგეთ. ჩუმად რომ ვუმზერდით მის უბადლოდ გაპარსულ საშოს. მოპარული შუქით. ამიტომაც ეს მრუში ქალი სასწრაფოდ უნდა მოექცეს. მას ისე უნდა ჩავაბათ მორჩილების ეროვნული თოკი, როგორც გრიგოლ ხანძთელმა - კურაპალატის მრუშ დედაკაცს. სტუმარი ღვთისაა, მაგრამ დროებით. მანამ, სანამ ერისა და ბერის ადათ-წესს დაარღვევს. მისი მსწრაფლწარმავალი ივერიული საკრალურობა ისე გაქრება, ვითარცა დილის ნამი და კვლავ ამერიკული სიბილწისა და შესაზიზღარი უზნეობის ტალახით მოითხვრება. როდის? როგორც კი აეროპორტში შეაბიჯებს, უსაფრთხოების კონტროლს გაივლის, თვითმფრინავში მოკალათდება და ქართულ მართლმადიდებლურ იურისდიქციას ხელიდან დაუსხლტება. 
ია მერკვილაძემ შერონ სტოუნის ვიზიტის, ქართული პატრიარქალური კულტურის ბრწყინვალე ანალიზი და „ქალის კულტის“ იდეალური დეკონსტრუქცია შემოგვთავაზა (მას წლის პუბლიკაციის ავტორისა და ყველა დროის საუკეთესო პუბლიცისტის სტატუსსაც კი მივანიჭებდი): „უცხოსი (ამერიკელის) შეხვედრა „ჩვენიანთან", ღვთისმშობლის წილხვედრ, სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქთან, ფაქტობრივად, „ქართულთან" ინიციაციისა და ზეგარდმო ნებადართულობის მანიშნებელი იყო (..) მისი დანიშნულება საბოლოოდ მაინც მამაკაცია, ანდა განსხეულებული (პატრიარქალური) ძალაუფლების მომსახურება (...) რატომ ეწოდა მას „ბოზი"? შერონ სტოუნი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გახდა იმიტომ, რომ „ძირითად ინსტინქტში" ითამაშა - პოსტკოლონიური პერიოდის პუბერტატის ფილმში. ანუ ბოზია, იმიტომ რომ ჰოლივუდელია/ამერიკელია (...) ქართულ ხატ-კონცეპტებში „მარად ქალს" - რომელიც ვლინდება დედისა და დედობის, ცოლისა და ქორწინების, ქალწულობისა თუ ბოზის არქეტიპით, თავისი ავტონომიური ადგილი აქვს, იგი რადიკალურად სხვაა, გასასტუმრებელია, გასაძეგლებელია (ქართლის დედა) და ამიტომაც პატრიარქალური ძალაუფლების გამყარებისთვის იდეალური რესურსია (...) მართლმადიდებელ პატრიარქთან ბაპტისტი, „ბოზი’’ შერონ სტოუნის შეხვედრა სიმბოლურად ქართული ნაციონალური სიწმინდის მითოლოგემის „ჩამოშლის" მცდელობად ჩანს. მაგრამ ეს ასე არ არის. ამერიკელი დედა შერონი ყველაზე იდეალურია პატრიარქთან შესახვედრად. სწორედ ილია II არის მესამე შვილის გაჩენის მასტიმულირებელი, როგორც ნათლია, ანუ მეორე მამა (...) საპატრიარქოში მტირალი შერონ სტოუნი „მარგინალიზაციას" გადაურჩა, რახან არაძირითადი ინსტინქტების სამფლობელოში თავისი ფეხით მივიდა და ცრემლები აღვარღვარა. საუკუნეების განმავლობაში ქართულ კულტურაში ქალის ხატის რეპერზენტაცია სიმბოლური ევასგან და „არაევა" შუშანიკიდან მოყოლებული კონსტრუირდებოდა, როგორც მსხვერპლი, ოჯახს, შვილებს, პატიოსნის სახელს შეწირული, დაღვრემილ-სევდიანი, მკაცრი, ქვეყნის ბედზედ, ოჯახის უფროს თაობაზედ და ოჯახის კაცებზედ მუდმივად მჭმუნვარე, დეპრესიული, ჩამქრალთვალებიანი, ამოშავებულუპეებიანი, რკინის ქალამნებიანი, მიტოვებული, უსქესო და უსექსო ქვრივი. (...) ქალი, რომელიც „ქალს/ადამიანს უნდა დამსგავსოს", ქართული ორი დისკურსის - ბოზი/არაბოზის გარშემო იტრიალებს. ქართველი ქალის სურვილი მხოლოდ „კულტურული", ანუ მართმადიდებლური სურვილია, წილხვედრი ქვეყნის საკადრისი, რომელიც ლიბიდოს, ანდა ამ ლიბიდოს მიღმა სურვილს გამორიცხავს (...) შერონის ნერვული სიცილი გენდერული იერარქიის ყველაზე მკვეთრი აუდიოსიგნალია; საპატრიარქოში მას არავინ მისცემდა ასე გადაკისკისების საშუალებას. იქ სულ სხვა აუდიომეინსტრიმია. იქ, ოფიციალურად, მხოლოდ ტირილია ნებადართული. 
შერონ სტოუნი ქართული მასკულინური ცნობირებისთვის ბოზად დარჩება, რადგან მასში „არ იგრძნობა" დედობრივ ცოლობრივი.. მას არ უშვია ვაჟი საქართველოსთვის და არც ამერიკისთვის. მას საერთოდ არ უმშობიარია. შვილები იშვილა. იგი ვერასოდეს ითამაშებს ოთარაანთ ქვრივს. შერონი არარეგულირებადი, არაკონტროლირებადია და ამიტომაცაა ბოზი. მისი ვაგინა საჭვრეტად იმიტომაა საინტერესო, რომ ქალის კონცეპტის ესთეტიზაციის მოსახერხებელი იარაღია (...) ქალები კი პატრიარქატის მიერ დაკანონებული თუ დასაკანონებელი კანონების ყველაზე მორჩილი შემსრულებლები იქნებიან და რაც მთავარია, „ბაზალეთისა ტბის ძირას" ყრმის (რასაკვირველია, კაცის და არა - ქალის) პოტენციური დედები. ფორმით ნაციონალური და შინაარსით სექსუალური" ბოზი-არაბოზი მიმართების ჩარჩოში ქალის სხეული ისევ კარგ „კაპიტალად" დარჩა, რომელიც პოლიტიკური სიტუაციისდა მიხედვით კონსტრუირდება“ - წერს ია მერკვილაძე.
ქართველ ქალს შერონ სტოუნობა არ შეშვენის. იგი არც ქმარს ჰბანს ფეხებს და არც თვალებამოღამებული, ნეკნებჩალეწილი, მუშტებით ერთიანად დალურჯებული, ფქვილით გადაფიფქული, ყბამონგრეული, კისერმოგრეხილი, ატირებული და ძვალრბილგაერთიანებული არ დააბიჯებს წმინდა მიწაზე. ბნელ ოთხმოცდაათიანებში, „კერასინკის“ გულისამრევი სუნით გაჟღენთილ ოთახში გამომწყვდეულ, პურის გრძელ რიგში ჩამდგარ, მორუხო ცომში ხელებჩაფლულ, პლედმოხვეულ, იმედგაცრუებულ, გამწარებულ, ნაცემ-ნაბეგვ, ბოღმით გულგასიებულ, თავ-ბედის, ქორწილის დღისა და სანათესაოს მაწყევარ, უმოწყალოდ გათელილ და ჯოჯოხეთურად განაწამებ ქართველ „დედაკაცებს“ ერთადერთი თავშესაფარი გააჩნდათ: ბრაზილიური, ვენესუელური, მექსიკური, კოლუმბიური და არგენტინული სერიალები. კასანდრა, ანა-მარია, ლუის-ალბერტო, ხორხე, ლუჩო, მარისა, დარინდა, ლუსინდა, ხუანი, რანდუ... ეს წარმტაცი სანახაობა მისი ჩაგვრის, სამზარეულოში გატარებული ყოველი წუთისა და ტირილში თეთრად გათენებული ღამეების საზღაურია; ქმრის დაუნდობელი ცემა-ტყეპის „წყალობით“ დაღვრილი სისხლისა და მონობის უღლის „კომპენსაცია“; მის თვალწინ ერთიმეორეს ენაცვლება არაქართული, გლამურული ბრწყინვალებით შემოსილ მსახიობთა მთელი პლეადა; ეს სერიალები მართლაც საპნის ბუშტებივით სკდება და უკვალოდ ქრება, მაგრამ ქალს საოცრად ტკბილ ნოსტალგიას აზიარებს და იმის უფლებას მაინც აძლევს, ყოველდღიური საზრუნავი, ქმრის ტირანია, ,,კუხნა’’, ბინძური ,,ხრუშჩოვკა’’, დუხჭირი ცხოვრება გადაივიწყოს და ერთი საათით მაინც მისცეს თავი ნეტარებას, მაგრამ საუბედუროდ, ეს სიამის სავანე სულ მალე გაცამტვერდება; როგორც კი შუქის წასვლის დრო მოაწევს. მისი სიხარული მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. ღვინით გალეშილი, სპირტის გულისამრევი სუნით აქოთებული ქმრის გვერდით მწოლს, ღამღამობით ესიზმრება ოკეანის მიღმა, თვალუწვდენელ სიშორეში დანთქმული, სომბრეროთი დამშვენებული, დაკუნთული, ახოვანი და თვალტანადი მაჩოები, საოცნებო კაბებში გამოწყობილი, ნაირფერი გულსაბნევებით, საყურეებითა და ათასგვარი სამკაულებით მორთულ-მოკაზმული ქალები, მაგრამ... მაგრამ მისი სითამამის ოკეანემ სიზმრების, ზმანებებისა და აუხდენელი ოცნებების ყრუ კედელი არ უნდა წალეკოს.
ქართველი ქალის ყველაზე თამამი ოცნებაც კი ეროვნულ-მართლმადიდებლური უნდა იყოს და იცოდეს, სად გადის მისი ,,ხუშტურების’’ საზღვარ-სამანი. პატრიარქალური გულმოწყალება ესოდენ დიდი როდია. ქალი ოთხად გაკეცილი ფურცელივით უნდა ჩაერჭოს ოჯახის საძირკველში და თუკი ცოტა ხნით გართობა მოუნდება, მასავით თვალებამოლურჯებულ და კბილებჩალეწილ მეზობელ ქალს ესტუმროს, სერიალების ყურებით (რეკლამების დროს კი მომავალ სერიებზე საუბრით) მოიოხოს გული, წინასწარმეტყველად იქცეს, თქვას, რომელ სერიაში უღალატებს ხუანი მონიკას, აკუმულატორზე შეერთებული ტელევიზორის (რომელშიც ხშირად ტრიალებს ფრაზა: ,,შეეწიეთ ტაძარს’’- საბანკო რეკვიზიტების მითითებით) ზუზუნის, ან კიდევ ,,დვიჟოკის’’ გრიხინის აკომპანიმენტით დაფქვას ყავა და მასთან ერთად, თავისი ქალური უბედურება და ტანჯვა-ვაება, მერე კი ისევ თბილ ოჯახურ კერას მიაშუროს, სამზარეულოში აფუსფუსდეს და ქმრის ლანძვა-გინების ნიაღვარში გამოაცხოს ბოღმით, ღვარძლითა და ტკივილით გაჟღენთილი პური. შერონ სტოუნისა და სიმონ დე ბოვუარისაგან განსხვავებით, ქართველ ქალს აბორტის უფლებისათვის ბრძოლა არ „ეკადრება“. მისი ფერტილობა სუპერთანამედროვე აბებმა და პრეზერვატივმა კი არ უნდა გააკონტროლოს, არამედ - სახელმწიფომ, ეკლესიამ, საზოგადოებამ, ქუჩის აკადემიამ, მეზობლებმა, „მხედრიონმა“, ახლობლებმა, ნათესავებმა და გენოფონდმა. პრეზერვატივი კაცურ ღირსებას ლახავს და ქალის გულმოდგინედ და მამაპაპურად გახეხვ-გახერხვის ნებას არ აძლევს. ამიტომაც, თუ ქმარი რამეს „აჰკიდებს“, უჩუმრად, სიტყვის უთქმელად და ცრემლების ღვარღვარით უნდა გადაყლაპოს ექიმისგან გამოწერილი ერთი დუჟინი წამალი და ბოღმის ულუფა (ამჯერად, სოციუმისა და ოჯახისაგან გამოწერილი). ქალი მუნჯი უნდა იყოს, მაგრამ საჩინონი ეგე მისი სასმენელნი არ უნდა დაეხშოს. კაცის ბრძანება ცქვიტად უნდა შეასრულოს და დედის გენიტალიების წაბილწვის ნაირნაირი ვარიაციაც მოისმინოს. აბორტი საერთოდ უნდა აიკრძალოს, ქალთა მოდგმა კი მიწისქვეშეთში, ბნელ სოროებში, „აბორტმახერების“, „მცოდნე“ ქალებისა და კაცების, ჟანგიანი საფხეკების, საპნიანი წყლისა და ჭუჭყიანი სათბურების მსხვერპლად იქცეს, თვალები ამოუღამდეს და დღედაღამ ალიმენტზე ეწუწუნოს ოჯახის სიწმინდის დამცველ კაცს, რომელიც საზოგადოებაში აბორტს დიდი მონდომებით გმობს.
წყარო

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий