вторник, 13 августа 2013 г.

ყველაზე სამარცხვინო მომენტები კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში


კათოლიციზმი ყველაზე მსხვილი ქრისტიანული მიმდინარეობაა 1 მილიარდზე მეტი წევრით, წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს რელიგიურ ინსტიტუტს და დიდი როლი აქვს ნათამაშები დასავლური ცივილიზაციის ისტორიაში. დღესდღეობით მრავალი ადამიანისთვის კათოლიკური ეკლესია პატივსაცემი დენომინაციაა, თუმცა მის წარსულში არც ისე ცოტა შავ ლაქას შევხვდებით.



● ჯონ უიკლიფი
XIV საუკუნის ინგლისელმა ფილოსოფოსმა და თეოლოგმა გავლენა იქონია რეფორმატორ მარტინ ლუთერზე. უიკლიფი მის დაბადებამდე დაახლოებით 100 წლით ადრე გარდაიცვალა და იგივე პრობლემებს ხედავდა რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რასაც ლუთერი. მას სურდა, რომ ადამიანებს ღმერთი და იესო ქრისტე ედიდებინათ ბიბლიის მიხედვით და არა ისე, როგორც პაპები, ეპისკოპოსები და მღვდლები ასწავლიდნენ. ასევე ვერ ხედავდა მიზეზს, თუ რატომ უნდა მოეყოლათ ადამიანებს თავიანთი გასაჭირი და ცოდვები სასულიერო პირებისთვის, რომ თავი უკეთ ეგრძნოთ. პრობლემად თვლიდა იმას, რომ არ ხდებოდა ღმერთთან უშუალო კონტაქტი ლოცვის მეშვეობით, ამის სანაცვლოდ ეს ხდებოდა შუამავლების (მღვდლების) გზით.
უიკლიფი ინგლისსა და სხვა ქვეყნებში ქადაგებდა, რომ მღვდლის მოვალეობა მხოლოდ ეკლესიის ფუნქციონირების ზედამხედველობა და მრევლისთვის ბიბლიის განმარტებაა. გარკვეულ ბიბლიურ მუხლებზე დაფუძნებით აცხადებდა, რომ ამქვეყნიურ მეფეებსა და დედოფლებს ძალაუფლება ღმერთისგან ჰქონდათ მიცემული და შესაბამისად, მათთან დაპირისპირება არ შეიძლებოდა, ისევე როგორც თავად ღმერთთან. რომის პაპები კი პირდაპირ ერეოდნენ ევროპელი მონარქების საქმიანობაში და მითითებებს აძლევდნენ თითქმის ყველა სფეროში.
უიკლიფმა მოკლე დროში მოახერხა კათოლიკეების გაღიზიანება, მათ რიცხვში იყო პაპი გრიგოლ XI. ამ ორი ადამიანის დაპირისპირებას შეიძლება ანალოგი არც კი მოეძებნოს კათოლიციზმის ისტორიაში. უიკლიფის შესაჩერებლად გრიგოლ XI-მ მინიმუმ 5 ბულა გამოიყენა, მაგრამ მისი მოწინააღმდეგე გაჩუმებას არ აპირებდა. უიკლიფი იმდენად შორს წავიდა, რომ რამდენჯერმე რომის პაპი და ანტიქრისტე ექვივალენტებად მოიხსენია, პაპის ხელისუფლებას კი სატანის მიწიერი მმართველობა უწოდა. სავარაუდოდ უიკლიფი იყო პირველი, რომელმაც პროტესტანტების ნაწილში ამჟამად საკმაოდ პოპულარული ეს მოსაზრება წამოაყენა.
ჯონ უიკლიფი ასევე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ბიბლია სრულად თარგმნა ინგლისურ ენაზე, რამაც სასულიერო იერარქებში, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილება გამოიწვია. მათ არ უცდიათ უიკლიფის დაჭერა და მოკვლა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იყო (უიკლიფი აქტიურად მოგზაურობდა ინგლისში, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში). ერთხელ მესაზე ყოფნისას უიკლიფს ინსულტი დაემართა და 3 დღეში გარდაიცვალა. 30 წლის შემდეგ პაპი გახდა ალექსანდრე V, რომელმაც უიკლიფი ერეტიკოსად გამოაცხადა და მისი წიგნები დაწვა. 1428 წელს პაპმა მარტინ V-მ მისი გვამი ამოთხარა, ბოძზე გააკრა და ცეცხლი წაუკიდა.


● ვერნაკულარული ბიბლია
382 წელს რომის პაპმა დამას I-მა რწმუნებით აღჭურვა წმინდა იერონიმე, რათა შეემოწმებინა და გაესწორებინა „ვეტუს ლათინა” – ლათინურ ენაზე თარგმნილი ყველანაირი ბიბლიური ტექსტების კრებული. იერონიმეს შემოქმედება ცნობილი გახდა, როგორც „ვერსიო ვულგატა”, ანუ ჩვეულებრივი ვერსია. ეს იყო დასავლეთ ევროპის არეალში ყველაზე გავრცელებული თარგმანი და ბიბლიის ვერსია, რომელსაც იყენებდნენ იმ პერიოდიდან შუა საუკუნეების ხანამდე – 400-1530 წლებში. ლათინური ვულგატა წარმოადგენდა ერთადერთ ბიბლიას, რომელთან წვდომის საშუალებაც ჰქონდათ დასავლეთ ევროპელების უმეტესობას. ფაქტობრივად, ის დღესაც წამყვანი და მთავარი ბიბლიაა კათოლიკურ ეკლესიაში.
ამ ყველაფერში, ცხადია, ცუდი არაფერი იყო. უფრო მეტიც, წმინდა იერონიმეს თარგმანი საკმაოდ ზუსტი გახლდათ და ამასთან, ვულგატის გამოქვეყნების მომენტში ევროპაში ძირითადად ლათინურ ენაზე საუბრობდნენ. მაგრამ გავიდა დრო და ევროპის მრავალ ქვეყანაში ერთმა პრობლემამ იჩინა თავი: ღარიბი ხალხი შესჩიოდა მღვდლებს, ისინი ეპისკოპოსებს, ეპისკოპოსები კი რომის პაპს, რომ ლათინური ენა აღარ იყო ასე გავრცელებული და ადვილად გასაგები ადამიანთათვის. ლათინური ენა აქტიურად მხოლოდ საეკლესიო ცერემონიებში გამოიყენებოდა, ასე რომ მისი შესწავლის ერთადერთ მეთოდს მღვდლებთან აქტიური სიარული წარმოადგენდა. ეს უკანასკნელნი კი თავს დიდად არ იწუხებდნენ. რატომ?
ალბათ იმიტომ, რომ ცოდნა ძალაუფლებაა, კათოლიკურ ეკლესიას კი ორივე ეპყრა ხელთ და დათმობა არ სურდა. დაახლოებით 1000 წლის განმავლობაში წმინდა წერილს მხოლოდ სასულიერო პირები და სწავლულები ეცნობოდნენ სიღრმისეულად. ამ პერიოდში არასდროს არცერთ პაპს არ გამოუცია ბრძანებულება ან თხოვნა, ეთარგმნათ ბიბლია რომელიმე ენაზე. ვინც ამას თვითნებურად მოინდომებდა, მკაცრი სასჯელი ელოდა. ასე რომ ბიბლია არსებობდა მხოლოდ ბიბლიურ ებრაულ, ძველ ბერძნულ ან ლათინურ ენებზე. ეს სამი ენა კი თითქმის მკვდარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საუბარში აღარ იყენებდნენ და უმეტესად ნაკლებად გასაგები იყო.


● ინდულგენციები
ინდულგენციები წარმოადგენდა დასჯის სხვადასხვა ხარისხით შემსუბუქების საშუალებას იმ ცოდვებისთვის, რომლებიც უკვე მიტევებული იყო. შესაბამისად, თავად ინდულგენცია არ იყო ცოდვების მიტევების მეთოდი, როგორც ამას ფართოდ გავრცელებული მოსაზრება გვამცნობს. ინდულგენციები ეძლეოდათ მათ, ვინც ამას დაიმსახურებდა შესაბამისი საქმეებით, მაგალითად, ქველმოქმედებით ან გარკვეული სახის ლოცვების წარმოთქმით. თავად ეს პრაქტიკა მთლად არაბიბლიური არ ყოფილა, თუმცა ბევრი ადამიანი მასში ჯოჯოხეთისგან თავის არიდების გზას ხედავდა – ჩაიდენდნენ ნებისმიერ ცოდვას, შემდეგ წარმოსთქვამდნენ ლოცვას, შეიძენდნენ ინდულგენციას და დახსნილები იყვნენ. ცოდვების მიტევება კი ამ გზით არ ხდება არც ბიბლიის და არც ოფიციალური კათოლიკური დოქტრინის მიხედვით.
სიტუაციას ისიც აუარესებდა, რომ ბევრმა ეპისკოპოსმა ინდულგენციებში გამდიდრების კარგი საშუალება დაინახა. უვიცი და გაუნათლებელი ადამიანის სამუდამო ტანჯვით დაშინების შემთხვევაში ეს უკანასკნელი დაუნანებლად გაიღებდა ფულს, რათა სასტიკი სასჯელი თავიდან აერიდებინა. ინდულგენციები საკმაოდ გავრცელებული რამ იყო, სანამ 1517 წელს მარტინ ლუთერმა არ გაილაშქრა მათ წინააღმდეგ თავის 95 თეზისში. ინდულგენციების პრაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ხელშემწყობი გახლდათ გერმანელი მქადაგებელი იოჰან ტეცელი. მას ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: „როგორც კი ყულაბის ძირზე ხურდა აწკარუნდება, სული იმ წამს თავს დაიხსნის განსაწმენდელიდან.”
ეს ეპისკოპოსები ადვილად ითბობდნენ ხელს, როცა ჩვეულებრივ ადამიანებს აშინებდნენ, რომ მათი ახლობელთა სულები იმქვეყნად ცეცხლში იწვოდა და მუდმივად ასე იქნებოდა, თუკი ფულს არ გაიღებდნენ და ეკლესიას არ შესწირავდნენ. გაღებული ფული გამოისყიდდა გარდაცვლილთა ცოდვებს და სამოთხეში გადაინაცვლებდნენ. ინდულგენციები კათოლიკურ ეკლესიაში XXI საუკუნეშიც გაიცა – 2007 წელს პაპმა ბენედიქტე XVI-მ სპეციალური ინდულგენციები გადასცა ლურდესში პილიგრიმებად ჩასულ მორწმუნეებს.


● ტამპლიერი რაინდები
ტამპლიერები – ეს იყო სამხედრო-რელიგიური ორდენი, რომელიც იერუსალიმში დაარსდა 1118 წელს. მათი თავდაპირველი მისია იყო, დაეცვათ ქრისტიანი პილიგრიმები ევროპა-იერუსალიმის გზაზე, ასევე ჯვაროსანთა სახელმწიფოების განმტკიცება-გაფართოება. მალე მათ ფინანსების დაცვის მიზნით ერთგვარი საბანკო სისტემა შეიმუშავეს და მევახშეობა დაიწყეს. ისინი ფულს ასესხებდნენ ხოლმე დიდგვაროვნებს, წარჩინებულ პირებს, შემდგომ სახელმწიფოს მეთაურებსაც. მალე ეს სისტემა მთელ ევროპას მოედო, ტამპლიერები კი გამდიდრდნენ და ძალაუფლება მათ ხელში გადავიდა.
პარასკევ 13-ის შესახებ ცრურწმენა სათავეს იღებს XIV საუკუნის მოვლენებიდან, რომლებიც ტამპლიერებს უკავშირდება. ორდენი უკვე მძლავრი პოლიტიკური ძალა იყო, ამიტომ საფრანგეთის მეფემ, ფილიპე IV ლამაზმა მათი მოშორება განიზრახა. ფილიპე IV-ს ინგლისთან ომის პერიოდიდან მოყოლებული ტამპლიერების დიდძალი ვალი მართებდა. 1307 წლის 13 ოქტომბერს, პარასკევ დღეს, მეფის საიდუმლო ბრძანებით ასობით ტამპლიერი შეიპყრეს. მეფეს ზურგს უმაგრებდა იმდროინდელი რომის პაპი, კლემენტ V. ამის მიზეზი ის იყო, რომ ფილიპე IV-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა წინა პაპთან, ბონიფასე VIII-სთან და მის სიკვდილშიც მიუძღოდა წვლილი. დაძაბულობა გამოიწვია მეფის სურვილმა, შეემცირებინა ეკლესიის გავლენა სახელმწიფოზე. პაპ ბონიფასეს, რა თქმა უნდა, ძალაუფლების დაკარგვა არ სურდა და მიაჩნდა, რომ პაპი ღმერთისგან გამორჩეული ადამიანი იყო, რომელსაც ეკლესიის გარდა, სამეფოც ებარა.
რაინდთა შეპყრობის მიზეზად გამოაცხადეს ის, რომ თითქოს ისინი ახალ წევრებს აიძულებდნენ, შემდგარიყვნენ ჯვრებზე, ჰქონოდათ ერთმანეთთან ჰომოსექსუალური კავშირი, უარეყოთ იესო, ეღიარებინათ გარკვეული ერესები და ა.შ. იმ პერიოდში ეს ცოდვები წარმოუდგენელი სირცხვილი იყო და სიკვდილით ისჯებოდა. რეალურად რაინდები ამ საკითხებში უდანაშაულონი იყვნენ, მაგრამ ფილიპე IV უკან არ იხევდა, რადგან შანსი მიეცა, ერთი მხრივ საერთოდ მოესპო ეს ორდენი და მეორე მხრივ, მათი განძის ადგილმდებარეობა შეეტყო (თუმცა ამ საქმეში ხელი მოეცარა). მეფემ რომის პაპი პოლიტიკური ემბარგოებით დააშინა და ეს უკანასკნელიც იძულებული გახდა, მიემართა ინკვიზიციისთვის და რაინდების საქმის განხილვა მოეთხოვა.
„გამოძიება” ტრადიციული მეთოდებით წარიმართა – ტამპლიერებს წლების განმავლობაში არაადამიანური ხერხებით აწამებდნენ. თუკი რომელიმე შემოაკვდებოდათ, ამას „სამართლიან სასჯელს” უწოდებდნენ. ზოგიერთი ბოძზე გააკრეს და ხელები გაუჭიმეს, სანამ მხრები ბუდიდან არ ამოცვივდა. ნაწილს სათესლე ჯირკვლები დაუჩეჩქვეს, რამაც ძლიერი შინაგანი სისხლდენები გამოიწვია. ზოგი კი დილეგში დააბეს ბორკილებით, ფეხები ღუმელში შეაყოფინეს და მანამ წვავდნენ, სანამ ტერფებზე ძვლები არ გამოჩნდა.
ასეთმა საშინელმა პირობებმა, ცხადია, თავისი შედეგი გამოიღო და საბოლოოდ ტამპლიერებმა თავი დამნაშავედ ცნეს ყველა იმ ბრალდებაში, რაც მათ ინკვიზიციამ წაუყენა. თუმცა როგორც კი დასრულდა წამების პერიოდი, სიტყვა უკან წაიღეს და განაცხადეს, რომ უდანაშაულოები იყვნენ. 22 ნოემბერს კლემენტ V-მ გამოსცა ბულა, რომელშიც ბრძანებდა, რომ მთელი ევროპის მასშტაბით შეეპყრათ ტამპლიერები და ეწამებინათ.
ამ ისტორიაში ყველაზე დიდი დანაშაული, ცხადია, მეფე ფილიპე IV-ს მიუძღვის, მაგრამ კათოლიკე ეკლესიამაც ითამაშა დიდი როლი, რომის პაპი პირდაპირ იყო პასუხისმგებელი რაინდების შეპყრობასა და წამებაში, როცა კარგად იცოდა, რომ ბრალი არ მიუძღოდათ. რაინდების დიდი ნაწილი ან გაიქცა, ან სასამართლოს ხელში ჩავარდა. 1314 წლის 19 მარტს საშინელი წამების შემდეგ ცოცხლად დაწვეს დიდი ოსტატი ჟაკ დე მოლი. გადმოცემის მიხედვით, კოცონზე წვისას ის სამეფო ოჯახსა და რომის პაპს წყევლიდა და ამბობდა, რომ ძალიან მალე ისევ შეხვდებოდნენ ერთმანეთს ღმერთის წინაშე. მართლაც, ერთ თვეში (20 აპრილს) გარდაიცვალა რომის პაპი კლემენტ V, რომელსაც მალევე მიყვა უკან ფილიპე ლამაზიც (29 ნოემბერს). რამდენიმე წელიწადში მეფის ყველა შთამომავალმა იგივე ბედი გაიზიარა. 1328 წელს მეფის გვარი ამოწყდა და საფრანგეთის სამეფო ვალუების (Valois) დინასტიის ხელში გადავიდა. ჭორების მიხედვით, კლემენტ V-ს ეძინა, როცა შენობას ელვამ დაარტყა და მისი სხეული დაიწვა.


● გალილეო გალილეი
გალილეოს სასამართლო პროცესები კათოლიკე ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შავი ლაქაა. როგორც ირკვევა, მეცნიერს დიდად არ ხიბლავდა ის ფაქტი, რომ ეკლესია აკონტროლებდა ყველა სახის განათლებასა და ინფორმაციის გავრცელებას, მიუხედავად იმისა, რომ ის რომის პაპ ურბან VIII-ის მეგობარი იყო და თავისი ნაშრომების ნაწილი მას მიუძღვნა. თავისივე შექმნილი ტელესკოპით გალილეომ აღმოაჩინა, რომ იუპიტერს თანამგზავრები ჰყავდა, რომლებიც მოძრაობდნენ მის და არა დედამიწის გარშემო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ციურ სხეულთა მოძრაობა ემორჩილებოდა გრავიტაციის კანონებს და არა ადამიანთა შექმნილ ქედმაღლურ იდეებს, რომლის მიხედვითაც დედამიწა სამყაროს ცენტრი იყო. ჰელიოცენტრული მოდელით მზის სისტემის ცენტრში თავად მზე მდებარეობდა, დედამიწა კი, სხვა პლანეტების მსგავსად, მის გარშემო მოძრაობდა.
გალილეო ფიქრობდა, რომ ნიკოლაი კოპერნიკის მოსაზრება რეალობას შეესაბამებოდა და დედამიწა არ იყო ცენტრი, მაგრამ ეკლესიას ამის გაგონება არ სურდა. გალილეო რომში გაეშურა, რათა დაერწმუნებინა იერარქები, არ აეკრძალათ კოპერნიკის ნაშრომები. ეკლესიამ მკაცრად მოითხოვა მისგან, უარეყო ჰელიოცენტრული სისტემის იდეა, მაგრამ უარი მიიღო. ურბან VIII ძველი მეგობრის დახმარებას შეეცადა, მაგრამ ვერაფერი გააწყო – გალილეოს აზრები მკაფიოდ ერეტიკული იყო. საბოლოოდ ის ინკვიზიციას წარუდგინეს და განკვეთისა და წამების მუქარით აიძულეს, „უარი ეთქვა, დაეწყევლა და შეეზიზღებინა ჰელიოცენტრიზმი”.
ლეგენდა გვიამბობს, რომ ინკვიზიტორთა მაგიდასთან ჯდომისას გალილეომ ამოიოხრა, ხელები ზურგს უკან წაიღო, თითები გადააჯვარედინა და თქვა: „კარგით. დედამიწა არ მოძრაობს მზის გარშემო.” შემდეგ ჩაისუნთქა და ჩაიბუტბუტა: „E pur si muove”, რაც ნიშნავს: ის მაინც მოძრაობს. დღესდღეობით ძნელია დაზუსტებით იმის თქმა, ამ ამბიდან რა შეესაბამება რეალობას და რა – არა.
კათოლიკურმა ეკლესიამ ჰელიოცენტრული აზროვნების აკრძალვა ძალაში დატოვა 1758 წლამდე. მხოლოდ 1992 წელს, გალილეოს გარდაცვალებიდან 350 წლის შემდეგ, რომის პაპმა იოანე პავლე II-მ ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ 9 წლის განმავლობაში მეცნიერი დატუსაღებული ჰყავდათ და დევნიდნენ მის მოსაზრებებს, რომლებიც ბედის ირონიით, ნაწილობრივ მცდარი აღმოჩნდა – გალილეო ფიქრობდა, რომ მზე არამარტო ჩვენი სისტემის, არამედ სამყაროს ცენტრში მდებარეობდა. ხოლო ამჟამინდელმა პაპმა ბენედიქტე XVI-მ ერთხელ განაცხადა, რომ „გალილეოს წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი იყო რაციონალური და სამართლიანი და მასზე მსჯელობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუკი პარალელურად განვიხილავთ, რა იყო იმ პერიოდში პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება.”


● ჟანა დ’არკი
ჟანა დ’არკს სწამდა, რომ ღმერთის ხმა ესმოდა და მისი მისია საფრანგეთის ინგლისელებისგან ხსნა იყო. მან ხელი შეუწყო 1429 წლის ამბოხს და წარმატებით გაილაშქრა ალყაშემორტყმულ ქალაქ ორლეანში, სადაც ეხმარებოდა ჟილ დე რეს, ჟან დე დიუნუასა და ჟან დე ბროსს. მათთან ერთად გაარღვია ალყა და უკუაგდო მჩაგვრელი ინგლისელები.
ჟანა დ’არკმა პოლიტიკური ნიშნით გაღიზიანება გამოიწვია კათოლიკე სასულიერო პირებში. მაგრამ როცა მის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე წამოიწყეს, ვერაფერი უპოვეს, რითიც მის დადანაშაულებას შეძლებდნენ. ამის მიუხედავად სხდომა გაიმართა და ბრალდებულს არ მიეცა უფლება, ჰყოლოდა დამცველი. ამით საკუთარი კანონების წინააღმდეგ წავიდნენ. ინკვიზიტორები (ფრანგი ეპისკოპოსები, რომლებსაც ინგლისელების ბატონობა ერჩიათ), განსაკუთრებით კი ჟან ლემეტრი, ცდილობდნენ, ჟანა დ’არკი თავისივე სიტყვებით გამოეჭირათ, როგორც ფარისევლები და სადუკევლები აკეთებდნენ იესოსთან მიმართებაში. მაგრამ დ’არკი არაჩვეულებრივად უმკლავდებოდა მათ, საუბრობდა მშვიდად და დაფიქრებულად, საბოლოოდ კი ბრალმდებლები ებმებოდნენ მახეში. ახალგაზრდა მეომარმა გოგონამ არანაირი შანსი არ დაუტოვა სასამართლოს, კანონიერად ეცნო დამნაშავედ, მაგრამ სასულიერო პირებს ის იმდენად სძულდათ, რომ ტყუილების მეშვეობით მაინც ბრალი დასდეს და საბოლოოდ სიკვდილი მიუსაჯეს.
ჟანა დ’არკს ბრალი დაედო ერეტიკოსობაში, არა იმიტომ, რომ მისი მტკიცებით, ღმერთისგან ესმოდა ხმა, ან შეებრძოლა ინგლისელებს და დაამარცხა ისინი, არამედ იმიტომ, რომ სატუსაღოში მამაკაცის ტანისამოსი ეცვა. ამგვარი ქმედება მაშინ საშინელი დანაშაული იყო და კოცონზე დაწვით ისჯებოდა. ჟანა დ’არკმა მოითხოვა, რომ მისი ბოლო ულუფა ზიარების საკვები ყოფილიყო. ამაზე სასულიერო პირებმა უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ ჯოჯოხეთი არ აცდენოდა. მისი სიკვდილის შემდეგ გაირკვა, რომ მამაკაცის ტანსაცმლის ტარების მიზეზი ან სექსუალური ძალადობისგან თავდაცვა იყო ან, როგორც ჟან მასე წერდა, კაბა სპეციალურად მოპარეს და მხოლოდ კაცის სამოსი დაუტოვეს. მისი საქმე 25 წლის შემდეგ განიხილეს და პაპმა უდანაშაულოდ სცნო. მაგრამ წმინდანად აღიარება მხოლოდ 1920 წლის 16 მაისს მოხდა, შემთხვევიდან 500 წლის შემდგომ.


● იან ჰუსი
იან ჰუსი (1369-1415) იყო ჩეხი მღვდელი და კათოლიკე რეფორმატორი, რომელიც გულგრილად ვერ უყურებდა კათოლიკურ ეკლესიაში გავრცელებულ გამხრწნელ ქმედებებს, რაც უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული. მისი არგუმენტების თითოეული დეტალის ახსნა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მოკლედ რომ ვთქვათ, ჰუსის მოსაზრებით, მღვდლები, ეპისკოპოსები, არქიეპისკოპოსები და პაპები ისეთივე უზნეოები და ცოდვისკენ მიდრეკილები იყვნენ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები. შესაბამისად, ეკლესიის მიერ შემოღებული ნებისმიერი წესი დამყარებული იყო პირად სარგებელზე, რადგან ქრისტიანისთვის სწორად ცხოვრებისა და გადარჩენისთვის საჭირო მითითებები უკვე ჩაწერილიყო ბიბლიაში ღმერთის მიერ.
იან ჰუსი პრაღაში ქადაგებისას ღიად აფიქსირებდა კათოლიკე ეკლესიის მიმართ ზიზღსა და აშკარა მტრობას. მასზე დიდ გავლენას ახდენდა ჯონ უიკლიფი და მისი გარდაცვალების შემდეგ ჰუსმა დაიკავა მისი ადგილი. იან ჰუსის განსაკუთრებული სურვილი დასავლური სქიზმის დასრულება იყო. ამ პერიოდში კათოლიკურ ეკლესიას ერთდროულად ორი პაპი ჰყავდა – გრიგოლ XII და ბენედიქტე XIII. 1409 წელს ალექსანდრე V აირჩიეს, რათა დაპირისპირებული მხარეები შერიგებულიყვნენ, მაგრამ ამან უარესი შედეგი გამოიღო და ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი აღმოჩნდა. ამის შემხედვარე იან ჰუსი მიიჩნევდა, რომ ეს იყო კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ კათოლიკური ეკლესია ადამიანის მიერ შექმნილ ინსტიტუტს წარმოადგენდა და არა ღვთიურ გაერთიანებას.
1411 წელს ინდულგენციებმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს, რადგან გარდაიცვალა პრაღის არქიეპისკოპოსი ზბინეკ ზაიიცი და ანტიპაპმა იოანე XXIII-მ დაიწყო ინდულგენციების დაცვა. იან ჰუსი ამას სასტიკად შეეწინააღმდეგა. 1415 წელს შედგა კონსტანცის კრება, რათა პაპების სქიზმისთვის ბოლო მოეღოთ და ასევე რამე ეღონათ ჰუსის საწინააღმდეგოდ. მათ გამოიყენეს ხრიკი და ჰუსი კრებაზე მიიტყუეს, თითქოს ზარალი უნდა აენაზღაურებინათ მისთვის და დაპირდნენ, რომ არაფერს დაუშავებდნენ. ერთადერთი რაც სურდათ, საუბარი იყო.
იან ჰუსი დათანხმდა და როცა მათ ეახლა, გაუვრცელეს ხმები, რომ ქალაქ კონსტანციდან გაქცევა სცადა. რეალურად მსგავსი რამ არ მომხდარა, ჰუსმა ანდერძიც კი დაწერა, რადგან იცოდა, რომ შეიძლებოდა, მოეკლათ. ამაში მართალი აღმოჩნდა, ის შეიპყრეს, დააპატიმრეს და ერეტიკოსობაში დასდეს ბრალი. ჰუსი მიწისქვეშა დილეგში იყო დატუსაღებული, ჰქონდა მცირეოდენი საკვები, იტანჯებოდა გრიპით და შეიძლება ფილტვების ანთებითაც. მას უბრძანეს, უარი ეთქვა თავის სწავლებებზე, რაზეც ჰუსმა უარყოფითი პასუხი გასცა იმ მოტივით, რომ მისი მოსაზრებები მხოლოდ ბიბლიას ეყრდნობოდა და სწავლებაზე უარის თქმა ბიბლიის უარყოფას ნიშნავდა. ამან კათოლიკე იერარქები გააცოფა და სიკვდილი მიუსაჯეს, უარი უთხრეს ზიარებაზე და კოცონზე დაწვეს.


● უილიამ ტინდეილი
ტინდეილმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა ბიბლიის ვერნაკულარულ ინგლისურ ენაზე თარგმნას, რათა ინგლისის რიგით მოსახლეობას საშუალება ჰქონოდა, თავად გაცნობოდნენ წმინდა წერილს. როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, ამგვარი ქმედება, როგორც წესი, ეკლესიის მხრიდან დანაშაულად ირაცხებოდა, ამიტომ ტინდეილს უჭირდა თანამოაზრეების პოვნა, რომლებიც ამ შრომატევად საქმეში დახმარებას გაუწევდნენ. იმ პერიოდის სასულიერო პირებს ეს არ აწყობდათ, რადგან მკვდარ ენებზე დაწერილი ბიბლია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გაუგებარი იყო, რის გამოც მათ უწევდათ, ბრმად დაეჯერებინათ მღვდლებისთვის, ინგლისურ ენაზე გამოცემული ბიბლია კი შეიძლებოდა ეკლესიის ძალაუფლების შემამცირებელი ფაქტორი აღმოჩენილიყო.
მისი შეკავება რომ ვერ მოეხერხებინათ, ტინდეილმა თავშესაფრად ბელგია და გერმანია აირჩია, ამგვარად მოახერხა გარკვეული პერიოდით დამალვა, სანამ დაასრულებდა ახალი აღთქმის თარგმნას 1525 წელს. ტინდეილის ნაშრომი დიდი ტირაჟით დაიბეჭდა და ჩუმ-ჩუმად მთელ ევროპაში ვრცელდებოდა. განსაკუთრებით დიდი ნაწილი ინგლისში შეიტანეს, მაგრამ იქაურმა კათოლიკე ეპისკოპოსებმა ინგლისური ბიბლიები ხელში მოიგდეს და საქვეყნოდ დაწვეს. ტინდეილი ასევე უშიშრად ამხელდა მეფე ჰენრი VIII-ს ცოლთან გაყრისთვის და შეახსენებდა, რომ ამგვარი ქმედება ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. 1530 წელს ტინდეილმა ძველი აღთქმის თარგმნაც დაასრულა.
საბოლოოდ ტინდეილი მაინც შეიპყრეს მისი მოღალატე მეგობრის, ჰენრი ფილიპსის მეშვეობით და ბრალი დასდეს ერესში. თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ გაბედა და ბიბლია ინგლისურად თარგმნა. 1536 წლის 6 ოქტომბერს ტინდეილი ჯერ დაახრჩვეს, შემდეგ კი მისი სხეული კოცონზე დაწვეს. ეს მოხდა ბელგიის ქალაქ ვილვორდეში, ბრიუსელთან ახლოს. ამ ტირანული ქმედებისთვის კათოლიკურ ეკლესიას ბოდიში არასდროს მოუხდია. აღსანიშნავია, რომ ყველა მომდევნო ინგლისური ბიბლია, მათ შორის ცნობილი მეფე ჯეიმსის ვერსია, დიდწილად ტინდეილის თარგმანს ეფუძნებოდა.


● ინკვიზიცია
ისტორიკოსები გამოყოფენ ინკვიზიციის 4 ძირითად მონაკვეთს: შუა საუკუნეების ინკვიზიცია (1184 წ-XVI ს), ესპანური ინკვიზიცია (1478-1834 წწ), პორტუგალიური ინკვიზიცია (1536-1821 წწ) და რომაული ინკვიზიცია (1542-1860 წწ). თავად სიტყვა „ინკვიზიცია” გულისხმობდა იმ შემთხვევების გამოძიებას, რომლებიც ერესსა და ერეტიკოსებს ეხებოდათ. შესაბამისად, ინკვიზიცია დღესაც არსებობს, მხოლოდ გამოძიების მეთოდებში აღარ შედის წამება და დამნაშავეებსაც სიკვდილით არ სჯიან.
იმ ავბედითი 7 საუკუნის განმავლობაში თუკი ვინმე თავისი ქმედებით გამოიწვევდა რომაული კათოლიკური ეკლესიის ეჭვს ან მრისხანებას, დიდ საფრთხეში ვარდებოდა. მათ სტუმრობდნენ ინკვიზიტორები, რომელთა ვალი იყო „ამოეძირკვათ და გაეწმინდათ ქრისტიანული ცივილიზებული სამყარო ერესისა და ღმერთის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისგან.” ეჭვმიტანილებისგან აღიარებითი ჩვენების მისაღებად წამება აქტიურად გამოიყენებოდა, ამიტომ ინკვიზიციის მარწუხებში გაბმული უდანაშაულო ადამიანები ვერაფერს აწყობდნენ. ამ ყველაფერს კი ეკლესია მხარს უჭერდა.
გარდა სპეციფიკური შემთხვევებისა, რომლებიც ამ სიის დანარჩენ პუნქტებშია ნახსენები, ინკვიზიცია პერიოდულად იჭერდა და აწამებდა ებრაელებს, მუსლიმებს, ვალდენსებს (ქრისტიანული სექტა), ჰუსიტებსა (იან ჰუსის სწავლების მიმდევრები) და სხვა მრავალი რელიგიისა და სექტის მიმდევრებს. მათ წინასწარ ეძლეოდათ გაფრთხილება, დაეტოვებინათ მითითებული ადგილი, რის შემდეგაც თუკი ვინმეს იპოვიდნენ, აპატიმრებდნენ და უყენებდნენ ულტიმატუმს: მიეღოთ ქრისტიანობა ან სიცოცხლეს დამშვიდობებოდნენ. ვინც უარის თქმას გაბედავდა, საშინელი წამება ელოდა, სანამ აზრს არ შეიცვლიდა. ინკვიზიცია გამონაკლისს არ უშვებდა და ერთნაირად ექცეოდა ყველას – მამაკაცებს, ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, ავადმყოფებს და ა.შ.
წამების მეთოდები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო – დადაღვა, კიდურების გაჭიმვა, ფეხის ან ხელის თითებით ჩამოკიდება, თითების გაჭყლეტა, ძვლების ჩამტვრევა, ჩვეულებრივი ცემა, ტერფების დაწვა, ხორცების მოგლეჯა, გახურებული ცეცხლის საჩხრეკით თვალების დათხრა და ა.შ. ასეთი ტანჯვის შემდეგ საბრალო მსხვერპლი დიდი ალბათობით გარდაცვლილთა რიგებში ეწერებოდა, ინკვიზიტორები კი მათ სხეულს წვავდნენ. 7 საუკუნის განმავლობაში კათოლიკური ეკლესია წარმოუდგენელ ძალაუფლებას ფლობდა, ფაქტობრივად უფრო გავლენიანები იყვნენ, ვიდრე მონარქები, ინკვიზიციის მიერ გამოყენებული მეთოდების სისასტიკე კი ადამიანის წარმოდგენის ზღვარს სცდებოდა.


● კუდიანებზე ნადირობა
ე.წ. „კუდიანებზე” აქტიური ნადირობა მიმდინარეობდა 1480-1750 წლებში, მთელი ევროპის მასშტაბით ეძებდნენ ადამიანებს, რომლებიც მაგიითა და ჯადოქრობით იყვნენ დაკავებულნი. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმაზე, თუ რამდენი სიცოცხლე შეეწირა ამ დევნას, რადგან არ ხდებოდა შემთხვევების ჩაწერა და აღრიცხვა. სხვადასხვა ვერსიებით, მთლიანობაში 40 000-დან 60 000-მდე ადამიანი დასაჯეს სიკვდილით კუდიანობის გამო.
მსგავსი ნადირობა საუკუნეებით ადრეც ხორციელდებოდა, თუმცა არა ასე აქტიურად, და მისი მიზეზი ან შიში იყო, ან ვინმესადმი პირადი შუღლი, ზოგჯერ კი ორივე. თუკი ერთი ადამიანი მეორეს გაანაწყენებდა, ამ უკანასკნელს შეეძლო, მისთვის კუდიანობაში დაედო ბრალი, კათოლიკური ეკლესია კი საქმის განხილვას თავის თავზე იღებდა. თუკი რომელიმე დასახლება ან ადგილობრივი მთავრობა შეშფოთდებოდა „ჯადოქრების” გამოჩენითა და ანტიქრისტეს ძალაუფლების შესაძლო გაძლიერებით, შეეძლო, თავად მიეხედა საქმისთვის მას შემდეგ, რაც ეკლესიისგან დალოცვას მიიღებდა.
ეკლესიის მიერ გავრცელებული დოქტრინის მიხედვით, ადამიანები კუდიანებად თავისი ნებით არ ხდებოდნენ, არამედ ეს იყო სატანის მიერ მოხდენილი ზეგავლენა, კოცონზე დაწვისას კი მიყენებული ტკივილი ცოდვებისგან განწმენდდა მათ და სამოთხეში შესვლის უფლებას მისცემდა. კათოლიკურ ეკლესიას რეალურად სჯეროდა და მოსახლეობასაც არწმუნებდა, რომ ჯადოქრების ცოცხლად დაწვით მათვე უკეთებდა სიკეთეს. კუდიანობის გამოსავლენი მეთოდები ხშირად უაზრო და სასაცილო იყო. მაგალითად, სპეციფიკური ხალი ან თანდაყოლილი ლაქა სატანასთან კავშირის ნიშნად აღიქმებოდა. იგივე იყო ღვთისმგმობელობის შემთხვევაშიც (და ეს იმ პერიოდში, როცა ნებისმიერ არასასურველ აზრსა თუ ქმედებას მკრეხელობის სტატუსი ეძლეოდა). შეიძლებოდა კუდიანად დადანაშაულება სხვა „კუდიანის” მიერ მომხდარიყო და რადგან ასეთი ქმედება ხშირად დანაშაულისგან ათავისუფლებდა ადამიანს, ახალი „კუდიანი” კიდევ სხვას დაადანაშაულებდა და ა.შ. დაკითხვისას შიშის გამოვლენა ინკვიზიტორების სასარგებლოდ წერდა ქულებს. ყველაზე ცნობილი მეთოდი კი დახრჩობის ტესტი იყო. მიაჩნდათ, რომ კუდიანი თავისი ქმედებით ნათლობის მადლს უარყოფდა, შესაბამისად მას წყალი არ მიიღებდა. ამიტომ სკამზე აბამდნენ და წყალში აგდებდნენ. თუკი ამოტივტივდებოდა, ე.ი. სატანასთან ჰქონდა ხელშეკრულება დადებული.
წამების მეთოდებს ამ შემთხვევაში ეკლესია უშუალოდ არ ზედამხედველობდა, ამიტომ ტრადიციული შეზღუდვა, რომ დამნაშავეს გარეგნული სისხლდენა არ უნდა დაწყებოდა, დაცული აღარ იყო. ამან გამოიწვია წამების ხერხების გამრავალფეროვნება და მეტად გასასტიკება: გამათრახება, ცოცხლად გატყავება, გახურებული მარწუხებით კასტრაცია, გამოშიგნვა, სხეულის 4 ნაწილად დაჭრა, თავის გაჭყლეტა, კბილების ამოძრობა, ფრჩხილების დაძრობა და ა.შ. სიკვდილი ან წამების დროს დგებოდა, ან შემდგომ ცოცხლად დაწვისას.
კათოლიკური ეკლესიის კიდევ ერთი შეცდომა კუდიანებზე დევნის ეპიზოდში ის იყო, რომ მხოლოდ დამნაშავეების დახოცვით არ კმაყოფილდებოდნენ. იგივე ბედი ეწეოდათ ხოლმე მათ შინაურ ცხოველებს, რომლებიც, ბრალდების მიხედვით, ცოდვილ საქმიანობაში ეხმარებოდნენ პატრონებს. ეს ცხოველები უმეტესად იყვნენ ბაყაყები, ბუები, თაგვები და ყველაზე ხშირად – კატები. 1100-იანი წლებიდან გვიან 1300-იანებამდე კატებზე განსაკუთრებით აქტიური დევნა მიმდინარეობდა და როცა იტალიასა და ცენტრალურ ევროპაში ვირთხებმა შავი ჭირის ვირუსის გავრცელება დაიწყეს, კატები ფაქტობრივად აღარ იყვნენ, რათა ისინი შეეჩერებინათ. 1340-1355 წლებში შავი ჭირი ძალიან სწრაფად გავრცელდა და უზარმაზარ არეალს მოედო, რადგან ვირთხები უკონტროლოდ მრავლდებოდნენ. საბოლოოდ, როგორც იქნა, ადამიანებს აღარ ჰქონდათ იმის დრო, რომ კატები ეხოცათ, ეს ცხოველებიც ნელ-ნელა გამრავლდნენ და ხელი შეუწყვეს ჭირის მასშტაბების შემცირებასა და ევროპის მოსახლეობის მატებას.
უნდა აღინიშნოს, რომ კუდიანებზე ნადირობა კათოლიკური ეკლესიისთვის დამახასიათებელი უნიკალური მოვლენა არაა, მსგავს ულმობელ ქმედებაში მონაწილეობას იღებდნენ პროტესტანტული მიმდინარეობებიც.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий