,,ვფიქრობთ, რომ მღვდელმსახურთა შორის ცხონებულნი
მცირედნი არიან, უმრავლესობა წარწყმდება. მიზეზი ამისა
კი ის არის, რომ ეს საქმე სულის სიმაღლეს მოითხოვს.“
წმ. იოანე ოქროპირი
"ადგილსამყოფელი ( გარემო ) კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება."
წმიდა ეფრემ ასური"ადგილსამყოფელი ( გარემო ) კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება."
"ქრისტე რელიგიურმა ხალხმა აცვა ჯვარს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მან მათი ცრუ რელიგიურობა ამხილა, ანუ თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, იმაში ამხილა, რომ რელიგია იდეოლოგიად გადააქციეს. ქრისტეს მის ჯვარმცმელებთან კონფლიქტის მთელი არსი შემდეგია: ქრისტემ ადამიანი ყველაფერზე მაღლა დააყენა, მხოლოდ ის გახადა სიყვარულისა და აბსოლუტური ყურადღების საგანი. ქრისტეს მტრები კი რელიგიისაგან ელოდნენ წესრიგს, სამშობლოს გადარჩენას, თვითკმაყოფილებას და ყველაფერ ამისათვის მოითხოვდნენ უპიროვნო კანონებისადმი ბრმა მორჩილებას. ამ უკანასკნელის შესახებ კი ქრისტეს სიტყვაც არ უთქვამს ისევე, როგორც არაფერი უთქვამს სახელმწიფოს, საზოგადოების, ისტორიისა და კულტურის შესახებ, რომლებიც ოდითგანვე ყველა იდეოლოგიისათვის მთავარ საკითხებს წარმოადგენდნენ. ქრისტეს ყურადღება ყოველთვის მიმართული იყო მის გარშემო მყოფ ცოცხალ ადამიანებზე. ის მათ უფლებებზე არც კი საუბრობდა. მან მხოლოდ მათკენ მიმართა სიყვარული, თანაგრძნობა და ინტერესი."
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
2013 წლის 17 მაისის მოვლენებმა, ბოლოს და ბოლოს, გაამჟღავნა, რომ ქვეყანაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კრიზისია, რაც უკვე დიდი ხნის წინათ არის დაწყებული, თუმცა ხელოვნურად იქნა შეჩერებული, უფრო სწორად, არგამხელილი. ჭირმა თავი მაინც ვერ დამალა.
წერილში შევეხებით იმ პრობლემებს და მიზეზებს, რომლებიც ჟამით ჟამამდე დგას ეკლესიის წინაშე, კერძოდ: ეკლესიის მიერ საზოგადოდ აზროვნებისა და ანალიზის აკრძალვა, ინტელექტისგან ბრმა მორჩილების მოთხოვნა და, რაც ყველაზე მასიურია, ხალხის ე.წ. ეკლესიურობის გამოყენება.
ევროპაში ქრისტიანული ეკლესიის კრიზისი არსებითად მე-19 საუკუნიდან დაიწყო. მთავარი პრობლემა ასეთი იყო: სახარებაში ჩამოყალიბებულია ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა - „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, ყოველითა გულითა შენითა, ყოველითა სულითა შენითა და ყოველითა გონებითა შენითა.“ ამ მოთხოვნის მესამე ნაწილი - «გონება“ - ეკლესიის მიერ, ფაქტობრივად, უარყოფილი იყო (და არის). მართლაც, მორწმუნეთა უდიდეს უმრავლესობას არც ადრე და არც ახლა სახარება არა მარტო არ წაუკითხავს, არამედ ელემენტარული წარმოდგენაც კი არა აქვს მის შესახებ. ამ პრობლემას ეკლესია გულგრილად უყურებდა და დღესაც ასე იქცევა. ეკლესია მტრულად იყო და არის განწყობილი ყოველგვარი კრიტიკული აზრის მიმართ, რაც სინამდვილეში ეწინააღმდეგება ზემოთ ნახსენებ „გონებას“. ეს ყველაფერი ხდებოდა და ხდება იმიტომ, რომ მასა, რომელიც „გონებას“ მოკლებულია, ბნელია და ადვილად სამართავი.
ევროპაში მე-19 საუკუნეში აზროვნებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა და ინტელექტი პრიორიტეტად იქცა. ამ ყველაფერს ეკლესია ხელცარიელი შეხვდა და აღნიშნულ «გონებაზე“ საბოლოოდ თქვა უარი. ეკლესიის მრევლი კატასტროფულად შემცირდა და ქრისტიანობა ფორმალობად იქცა.
რელიგიათა უმრავლესობა მორწმუნის მიმართ საკითხს ასეთნაირად აყენებს: „შენ ავად ხარ, შენ წამალი გჭირდება. აი, წამალი - ჩვენი რელიგია! ავადმყოფი, რომელიც წამლის გამოკვლევას იწყებს, დროს კარგავს და უეჭველად კვდება!“ ამის შემდეგ მორწმუნე სარწმუნოებას უყურებს, როგორც ავადმყოფი წამალს და სასულიერო პირთათვის ადვილად სამართავი ხდება.
ქრისტიანულმა მოძღვრებამ თვისებრივად ახალი საფუძველი დაუდო პიროვნების ჩამოყალიბებას და მის გამოყოფას ჯგუფისგან. ამ პროცესის მთავარ ფაქტორად სწორედ ზემოაღნიშნული «გონება“ მიიჩნია. მითითებული პროცესის ჩამოყალიბება მეტად რთულია, რადგან არსებითად დაკავშირებულია კვლევასთან და საერთოდ მეცნიერებასთან. ქრისტიანულმა მოძღვრებამ განათლების განმარტება მოგვცა: „იყავით მეცნიერ, ვითარცა გველ და უმანკო, ვითარცა ტრედ“. აქაც, როგორც ვხედავთ, მეცნიერება ორი ბიოლოგიური კომპონენტის გამამთლიანებელი ძირითადი აზრობრივი გვირგვინია.
ქართული ეკლესია, უკვე დიდი ხანია, «ავადმყოფისა და წამლის“ იდეოლოგიით მუშაობს და შედეგიც სახეზეა: ძალზე მნიშვნელოვანი რაოდენობის დაჩლუნგებული მრევლი, რომლის სარწმუნოებაა უსახარებო და უქრისტეო ქრისტიანობა. ეკლესიაში მთელი მოძღვრება დაყვანილია მხოლოდ ლოცვაზე, სანთლის ანთებაზე, პირჯვარის გადაწერაზე და, საუკეთესო შემთხვევაში, მარხვაზე. ამას და მხოლოდ ამას ეწოდება ეკლესიურობა.
ამრიგად, ქართველი მართლმადიდებელი (იდეალი) ეს არის ე.წ. ეკლესიური ადამიანი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ისტორიაში და ქართული ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე დიდი ეკლესიური პიროვნება, არც მეტი, არც ნაკლები, ილია ჭავჭავაძის «კაცია ადამიანის“ მთავარი გმირი ლუარსაბ თათქარიძეა.
მაინც, რით ხასიათდება ლუარსაბი? როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ:
1) არც ერთი წირვა არ გაუცდენია! 2) მარხვა არასდროს გაუტეხავს! 3) ზედმიწევნით კარგად იცის, როდის უნდა ჭამოს ხილი, როდის უნდა დაიხსნილოს ან მიწაზე დაგდებულ პურს როგორ უნდა მოეპყრას.
4) „რაც არ უნდა ექნა, ის არ უქნია“ ანუ ათი მცნება შეუსრულებია! 5) უსაზღვროდ უვიცია სახარებაში.
ნაწარმოებში ვკითხულობთ:
«ღმერთო! - ამბობს სიზმარში გულნატკენი ლუარსაბი, - რა დაგიშავე, შე დალოცვილო, რომ შვილს არ მაძლევ? მიბრძანე და აკი, გეახელ თელეთს სალოცავადა, თორმეტაბაზიანი ცხვარი დაგიკალ, ორი აბაზის წმინდა სანთელი აგინთე. სხვა რა ვქნა? წირვა-ლოცვას უამისოდაც არ ვაკლდებოდი, მარხვა მე არ გამიტეხია, ყოველ წელიწადს წმინდა ზიარება მიმიღია და აღსარება მითქვამს. აბა, ჩვენს მღვდელსა ჰკითხე, თუ მე ცოდვა მიქნია რამე. დავითის ლუკმად უნდა გამხადო? რაც იმას ქვეყანაზედ ცოდვა ჩაუდენია, ვინ მოსთვლის? შარშან, ივანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის დღეს ხორცი უჭამია. პურის ნატეხს რომ მიწაზე ჰხედავს, არ აიღებს და არ ემთხვევა, იქნება ფეხიც დაადგას და გასრისოს კიდეცა. უკურთხველ ყურძენსა სჭამს, ფერისცვალობამდის არ მოიცდის ხოლმე. აღდგომა დღეს მღვდელს არ მოუცდის, რომ სუფრა უკურთხოს, ისე მივარდება ხორცეულს, როგორც დათვი, ამისთანა მსუნაგია. ზიარებით კი ეზიარება ხოლმე, მაგრამ რა გამოვიდა? სამი დღე ემზადება, მარტო სამი დღე, აბა, ეს რა ზიარებაა?“
ახლა მოდით და «ეკლესიურ დიდ ლუარსაბს“ შეადარეთ რომელიმე დღევანდელი «მართლმადიდებელი“, თუნდაც ერთი იმათგანი მაინც, ვინც ქვით და კეტით „იცავდა“ სარწმუნოებასა და ზნეობას რუსთაველზე 17 მაისს. ამ უკანასკნელთა სახეებში ცხადად მოჩანდა «ბრწყინვალე“ ლუარსაბი - მათი დიდი წინაპარი!!
ნაწარმოებში ისევ ვკითხულობთ:
«ვაჟო! მე ვარისხებ ღმერთსაო? - გეტყოდათ გაოცებით ლუარსაბი, - წირვა-ლოცვას მე არ ვაკლდები, კაცი მე არ მამიკლავს და კაცისათვის მე არ მამიპარავს, რაზედ ვარისხებ ღმერთსა?“
ილია: «მართალი ხარ ჩემო ლუარსაბ, შენ კაცი არ მოგიკლავს, კაცისთვის არ მოგიპარავს, ერთის სიტყვით, რაც არ უნდა გექნა, არ გიქნია. ესეც კარგია: უარარაობას ეგა სჯობია.“
როგორც ვხედავთ, ილია ადასტურებს, რომ ლუარსაბს წირვა-ლოცვა არ გაუცდენია და უფრო მეტიც - „რაც არ უნდა ექნა, ის არ უქნია“! საინტერესოა, რომ ამ ფრაზაში იგულისხმება, არც მეტი, არც ნაკლები, ათი მცნება! მართლაც, ათი მცნება თითქმის გამონაკლისის გარეშე შეიცავს აკრძალვას. ანუ იმას, რაც არ უნდა ქნას ადამიანმა. ხოლო თვით ილიას დამოკიდებულება ათი მცნების მიმართ ასეთია: „უარარაობას ეგა სჯობია.“
ამრიგად, ჩვენ წინაშეა ღრმად ეკლესიური, საეკლესიო წესების უბადლო მცოდნე და შემსრულებელი, ჩლუნგი „მართლმადიდებელი“ ლუარსაბ თათქარიძე.
ლუარსაბის ჩვენეული დახასიათების მიმართ შეიძლება, კითხვები და ეჭვები წარმოიშვას, მაგრამ ტექსტები ხომ ნაწარმოებიდანაა მოტანილი და თვითონ ილია ადასტურებს, რომ ლუარსაბი არის ღრმა ეკლესიური, რომ მას „რაც არ უნდა ექნა, ის არ უქნია“. ეს არის აზრი, რომელიც ეკუთვნის საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ «წმინდა ილია მართალს“; და ეს აზრი უეჭველი უნდა იყოს საეკლესიო პირებისთვის.
სინამდვილეში რას წარმოადგენს ლუარსაბი? ამ კითხვას პასუხობს იაკობ მოციქულის ფორმულა: „რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია“ (იაკობი 2.17) და «რადგან, როგორც ხორცია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაა მკვდარი საქმეების გარეშე“ (იაკობი 2.26).
თავის მხრივ, ილიაც ასე ეპასუხება ლუარსაბს: „მითამ პასუხი ეგ არის? წირვა-ლოცვას არ ვაკლდებიო, რა გამოვიდა? იქ ყოველთვის გსმენია ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს სიტყვა: «ვითა მამა ზეცისა იყავ შენ სრულიო“. აბა, ერთ წამს შენს სიცოცხლეში მაგისთვის სცდილხარ? არა, შენ მაგისთვის არა სცხოვრობ. შენ სცხოვრობ, რომ სვა და ჭამო, და არა იმისთვის სჭამ და სვამ, რომ იცხოვრო, ესე იგი, ეცადო, რომ ვითა მამა ზეცის იყო შენც სრული.“
ერთი მხრივ, ლუარსაბის მიერ საეკლესიო წესების ღრმა ცოდნას ილია უპირისპირებს ლუარსაბის «განათლებას“ ბიბლიაში. მოვიყვანოთ ერთი დიალოგი ნაწარმოებიდან, რომელიც ხე ბოროტისა და ხე კეთილის ისტორიას ეხება:
«- ის რა ხე იყო, იმათ რომ ხილი მოიპარეს? - ხე ბოროტისა და ხე კეთილისა. - ეხლა აღარ არის ის ხე? - როგორ არა. ამბობენ რუსთ ხელმწიფის ბაღში ერთი ოქროს ოთახიაო, იმაში არის, სუ იაგუნდის ფოთლები ასხიაო.
- ზურმუხტისა იქნება, - გაუსწორა ლუარსაბმა,
- დიახ, ზურმუხტისაა... - ნეტავი მე მამეპარა, - ხომ დაგარჩობდნენ, - რომ არ შევატყობინებდი, ჩავყლაპავდი და მუცელს ხომ არ გამიჭრიდნენ“.
ეკლესიურობისა და ბიბლიის კატასტროფული უვიცობის ასე გაერთიანება ილიას საშუალებას აძლევს, დახატოს განსაკუთრებული სახე, რომელსაც ეწოდება «რწმენა საქმეების გარეშე“. თუ გავიხსენებთ ლუარსაბის დამოკიდებულებას განათლებასთან, თუ როგორ ამაყობს იგი თავისი უვიცობით, უკვე საბოლოოდ დავასკვნით, რომ ილიამ თავის «კაცია ადამიანში“ შექმნა სახე და გვიჩვენა, თუ რას წარმოადგენს «რწმენა საქმეების გარეშე“. ამით გაილაშქრა ქრისტიანობის ეკლესიურობაზე დაყვანის წინააღმდეგ ანუ ქრისტიანობის წარმართიზაციის წინააღმდეგ.
თუ რამდენად სახიფათოა «ლუარსაბი“ საზოგადოებისათვის ან თვით ეკლესიისთვის, დიდი ხანია, კარგად არის ცნობილი და ილიამაც სწორედ ამიტომ შექმნა ეს სახე.
ახლა გავიხსენოთ, 21-ე საუკუნის დასაწყისში რა რეაქცია მოჰყვა მწერალ ლაშა ბუღაძის ნაწარმოებს «პირველი რუსი“. მთელი «ლუარსაბობა“ ფეხზე დადგა თავისი «წმინდანის“ დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწარმოები, რამოდენიმე «ლუარსაბის“ გარდა, არავის ჰქონდა წაკითხული. თუმცა ამას «ლუარსაბებისთვის“ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. შეიქმნა საომარი სიტუაცია და აიკრძალა შესანიშნავი ნაწარმოები «პირველი რუსი“. ეკლესიამ მოითხოვა, ნაწარმოები აღარ გამოქვეყნებულიყო და ყველა გააჩუმა. კრიზისი ჩაიფარცხა, უფრო სწორად, შეიფუთა.
როცა მორწმუნე ქვით და კეტით იცავს სარწმუნოებას და წმინდანებს, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ამ მორწმუნეებს არ სწამთ, რომ ღმერთი არსებობს, არ სწამთ მისი ძალის და საკუთარი ძალით აპირებენ იმის დაცვას, რასაც ღმერთს უწოდებენ. ვინაიდან, ეს ღმერთი მათთვის ერთი კერპია და სხვა არაფერი. უძლურ კერპს კი დაცვა სჭირდება. სწორედ ამას უნდა მიეწეროს «ლუარსაბთა“ დიდი აგრესია.
გავიხსენოთ კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი ქრისტიანული წარსულიდან. 1993 წლის ბოლოს საქართველოს რადიოში შედგა ყოველკვირეული გადაცემა «ორშაბათის ინტერვიუ“ (რომელსაც ხალხი «გლახის ნაამბობს“ უწოდებდა). ჟურნალისტი ნატო ონიანი ჩვეულებრივ «ორშაბათის ინტერვიუს“ იღებდა ე.შევარდნაძისგან.
კითხვა - ბატონო ედუარდ, ოქტომბრის თვეში, როცა ზვიად გამსახურდიას შეიარაღებული ძალები ქუთაისს მოადგნენ, თქვენ ქუთაისში იყავით და მალე დატოვეთ ქალაქი. რატომ მოიქეცით ასე?
პასუხი - იცით ნატო, მე ამ ბოლო დროს მორწმუნე გავხდი! აი, როცა სოხუმში დავრჩი ბოლომდე, სოხუმი დაეცა. ვიფიქრე, ქუთაისშიც რომ ბოლომდე დავრჩენილიყავი, ქუთაისიც დაეცემოდა. ამიტომ დავტოვე ადრე ქალაქი.
ნატო ონიანის აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა, ხუმრობა საქმე ხომ არ არის - საქართველოს ინტელექტის ინტელექტი ედვარდ, გიორგი შევარდნაძე «მართლმადიდებელი“ გახდა და მოეფინა ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათელი. სინამდვილეში, ის, რაც ედუარდს და ნატოს და კიდევ ბევრს რწმენა ეგონათ, არც მეტი, არც ნაკლები, ცრურწმენაა - ე. შევარდნაძე „მორწმუნე“ გახდა არა სახარების კითხვით, არამედ სოხუმზე და ქუთაისზე დაკვირვებით.
არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების იუსტიციის მინისტრ თ.წულუკიანის განცხადება: „არ მინდა, მორწმუნე საზოგადოება შევაშინო, მაგრამ ათობით ათასი პირადობის მოწმობის ნომრებში აღმოჩნდა მიწყობილად სამი ექვსიანი. ახალ ელექტრონულ მოწმობებში ასეთი კომბინაცია არ იქნება.“ აი, როგორ ზრუნავს ახალი ხელისუფლება ხალხზე! აბა, სააკაშვილის ხელისუფლება სულ არ ფიქრობდა ამაზე, ისე არიგებდა «ექვსიანების სამეულებს.“
არაერთი ამგვარი ეპიზოდის თანხლებით ვითარდებოდა და ვითარდება დროდადრო ქრისტიანობა საქართველოში და შედეგიც შესაბამისი გვქვს. აღარავის ახსოვს ქრისტიანის მთავარი მიზანი: «იყავი სრულ, ვითარცა მამაი შენი ცათა შინა სრულ არს“ ან შოთა რუსთაველის: „მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“.
მართლმადიდებლობით თავის მოწონება ჩვენში უკვე დიდი ხანია, დამკვიდრდა. „ჩვენ მართლმადიდებლები ვართ“, „ან მართლმადიდებლობა, ან სიკვდილი“ და სხვა. მართლმადიდებლობა, კათოლიკობა, ისლამი, იუდაიზმი, ბუდიზმი და სხვა არის რჯული ანუ კანონი და მათ შესახებ პავლე მოციქული ამბობს: „რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეებისგან დამოუკიდებლად» (პავლე.რომ.2.28). „თქვენ, ვინც რჯულით იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოსწყდით მადლს» (პავლე.გალ.5.4).
პავლე მოციქულის ფორმულები საკმაოდ ღრმა და რთულ შინაარსს შეიცავს და აქ მათ შესახებ უფრო დაწვრილებით საუბარი განზრახული არ გვაქვს. მაგრამ, გამოთქმა «ჩვენ მართლმადიდებლები ვართ“ და სხვა, რჯულით თავის მართლებაა და, როგორც აღნიშნული იყო, ეს ნიშნავს უქრისტეოდ დარჩენას და უქრისტეოდ დარჩენილები ისეთ საქციელს ჩადიან, რაც 2013 წლის 17 მაისს განხორციელდა.
ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელსაც განსაკუთრებული როლი და დატვირთვა აქვს, არის ქრისტიანული მოძღვრების დამოკიდებულება ადამიანის სამართალთან; „თქვენ ხორცთაებრ სჯით...“ (იოანე 8.15) ან «ნუ გაასამართლებთ, რათა არა გასამართლდეთ“. ანუ «ადამიანის სამართალი არ არსებობს“! ცნობილია, რომ იქ, სადაც სამართლიანობის ტოტალური დამყარება ხდება, ტოტალური უსამართლობა დამყარდება! საქართველოს ეკლესია გულგრილად, უფრო სწორად, „გაგებით“ ეკიდება ქვეყანაში «სამართლიანობის“ დამყარების ფაქტს და საფუძველს უდებს ტოტალურ უსამართლობას. ამას კი გასაკვირად ეგუება ეკლესია, რომელსაც მოეთხოვება, მკაცრად იცავდეს ქრისტიანულ მოძღვრებას, მაგრამ მხოლოდ უვიცობისა და სიბნელის გამო? ხმას არ იღებს და სინამდვილეში მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებს. «მართმადიდებელი“ მრევლი კი მოუთმენლად ელის ქვეყანაში სამართლიანობის დამყარებას!
«ადამიანის სამართლის“ აღნიშნულ კატეგორიას არსებითად განიხილავს სერვანტესი «დონ კიხოტში“. ამ წიგნში გაკეთებულია ძალზე მნიშნელოვანი დასკვნა: „სამართალს ეძებს მხოლოდ სულელი“. ეს კატეგორია საერთოდ არ არსებობს ე.წ. ეკლესიურებისთვის და სწორედ ამიტომ ისინი კეტით, ქვებით ამყარებენ სამართალს. ამით ისინი აღიარებენ, რომ უქრისტეოდ და უსახარებოდ დარჩნენ.
სამართლიანობის პრობლემა მეტად რთულია და არ ვაპირებთ, აქ ამ საკითხს დაწვრილებით შევეხოთ. თუმცა, ერთი რამ უნდა აღინიშნოს: ის ფაქტი, რომ „ადამიანის სამართალი არ არსებობს“, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს სამართალი არ უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს შეფარდებითი სამართალი უნდა ჰქონდეს და აქვს კიდეც. სხვა საკითხია, საზოგადოებაში აღიარებულია თუ არა ადამიანის სამართლის შესახებ ქრისტიანული კატეგორია, რადგან მისი უარყოფა ტოტალური უსამართლობის დამყარებას იწვევს.
როგორც „დიდი ლუარსაბისთვის“, ასევე დღევანდელი «ლუარსაბებისთვის“ უცხოა ქრისტიანის მთავარი მიზანი: სწრაფვა სრულყოფილებისკენ. ამიტომ დევნიან ისინი მუსლიმანებსა და სხვა უმცირესობებს. თავისუფალი ნება, რომელიც ღმერთმა თითოეულ ადამიანს მიანიჭა, „ლუარსაბებისთვის“ საკუთარ ნებად მიიჩნევა. ის, ვინც სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის, იმასაც ითვალისწინებს, რომ თავისუფალი ნება (თავისუფალი არჩევანი) ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან თავისუფალი ნების გარეშე პიროვნება ვერ შედგება და ამიტომ თვითონ ისინი გაგებით უნდა ეპყრობოდნენ ნებისმიერ უცხო აზრს. ადამიანი აგიტაციით ან სხვა ზემოქმედებით «გეი“ ვერ გახდება, ხოლო ასეთი მოვლენები საშუალებას გვაძლევს, ბუნებრივად შევეგუოთ ისეთ აზრსაც კი, რომელიც ჩვენთვის შეიძლება, კატეგორიულად მიუღებელი იყოს. ასეთი მოქმედებით ჩვენ ვდგებით აღნიშნულ, ჩვენთვის მიუღებელ მოვლენებზე მაღლა ანუ მივდივართ სრულყოფილებისკენ.
როგორც დღეს ახალგაზრდობასა და მრევლს ასწავლიან, ეკლესია არის პრევენცია. ამრიგად, მღვდელს თუ დაუჯერებს მრევლი, მაშინ იგი არ იმრუშებს, არ «იპარავს“ და სხვა. სინამდვილეში, არ არსებობს რელიგია, რომელიც თავის მრევლს არ უკრძალავს პარვას, მრუშობას, კაცის კვლას და სხვა. სწორედ ამიტომ არის, რომ თუ ქრისტიანული მოძღვრება პრევენციაზე დაიყვანება, მაშინ თავის ფუნქციას კარგავს და «ავადმყოფისა და წამლის“ რელიგიად იქცევა. იგი კარგავს თავის ძირითად, პიროვნების წარმოქმნის ფუნქციას და მრევლს აქცევს ჯოგად (რაიმე აზრით მოწესრიგებულ ჯგუფად). ეკლესიებში ბევრჯერ გვინახავს ახალგაზრდების უაზრო სახეები, რომლებიც სასულიერო პირების ასევე უაზრო ან აგრესიულ ქადაგებას უსმენენ.
ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთ ოთახში თუ ჩავკეტავთ, იგი, ცხადია, ვერც იპარავს და ვერც იმრუშებს. მაგრამ, ადამიანისათვის ასეთი მდგომარეობა არაბუნებრივია და ამგვარ პირობებში ვერც პიროვნება შედგება და ვერც საზოგადოება. ადამიანი, პიროვნება იქ უნდა ჩამოყალიბდეს, სადაც თავისუფალი არჩევანი შესაძლებელია და ამ არჩევანის შეზღუდვა ან, უფრო მეტი, შეწყვეტა პიროვნებას აბრუნებს ჯოგში. იმ შემთხვევაშიც კი, როცა იგი საზოგადოებისგან იზოლირებულია.
ეკლესიურობა: ლოცვა, მარხვა და სხვა საეკლესიო რიტუალები არის მეთოდი, საშუალება, რათა სრულყოფილების გზაზე შემდგარ პიროვნებას დაეხმაროს. ამგვარად, ეკლესიურობა არის მეთოდი და არა მიზანი. მიზანი არის გზა სისრულისკენ. როცა ეკლესიურობა მიზნად იქცევა, მაშინ იგი იქცევა დაბრკოლებად სისრულისკენ, ხოლო საეკლესიო წესები და რიტუალები გასართობ შოუს ემსგავსება. ამ დროს ქრისტიანობის მთავარი მიზანი, განღმრთობა, საერთოდ გამოირიცხება. ამ შემთხვევაში მორწმუნეს სწამს არა ღმერთი, არამედ მღვდელი, რაც უქრისტეოდ დარჩენას ნიშნავს!
შუა საუკუნეებში დავით აღმაშენებელმა დიდი გაჭირვებით მოახერხა და გაწმინდა ეკლესია, ვინაიდან ეკლესიიდან და სამღვდელოებიდან გამოდიოდა „ყოველი უსჯულოება და ცოდვა“. ეს მაშინ სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, რადგან სახელმწიფო ეკლესიის გარეშე ვერ იარსებებდა. ელიტურ სახელმწიფოში, სადაც ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან, ეს უკანასკნელი ვერ ჩაერევა ეკლესიის საქმეებში. ხოლო დღევანდელი ეკლესია უძლურია, თვითონ მოაგვაროს კრიზისი. მთელი სიძნელეც სწორედ ეს არის.
დასასრულს გვინდა, მოვიტანოთ ერთი დამახასიათებელი «მეცნიერული“ ანალიზი, რომელიც ნაწყვეტია სასულიერო პირის მიერ დაწერილი რეცენზიიდან. სარეცენზიო ნაშრომი წარდგენილი იყო „სამეცნიერო სიმპოზიუმზე“, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს მიერ იყო მოწყობილი.
რეცენზიაში წერია: „უნდა შევნიშნოთ, რომ წმინდა წერილისადმი სუბიექტური მიდგომა, ინდივიდუალური ინტერპრეტაციები, მით უმეტეს, ეკლესიის საღვთო მამების ნააზრევის გაუთვალისწინებლად, დაუშვებელია. ყველა შეკითხვაზე, რაც კი პასუხს ექვემდებარება, უკვე გაცემულია პასუხი. ჩვენ, უბრალოდ, უნდა მოვიძიოთ ისინი და მართებულად გამოვთქვათ“.
როგორც ვხედავთ, ეკლესიური მამის თვალსაზრისით, მთელი მეცნიერება ის არის, რომ, თურმე, უნდა მოიძიო სხვისი «ნააზრევი“ (თუნდაც იგი საღვთო მამების იყოს) და მართებულად წარმოთქვა. იქ, სადაც «ყველა შეკითხვაზე პასუხია გაცემული“, მეცნიერება ვერ იარსებებს და არც სამეცნიერო სიმპოზიუმებია საჭირო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანს გონება და მეცნიერება აღარ სჭირდება. ანუ, საზოგადოდ უარი ითქვას დიალექტიკაზე?!
ამ ეკლესიური მამებისთვის ჩვენც „მოვიძიეთ ნააზრევი“ სახარებიდან: „ვაი, თქუენდა სჯულის მოძღვარნო, რამეთუ დაჰმალენით კლიტენი მეცნიერებისანი! არც თქვენ შედიხართ და შემსვლელებსაც აბრკოლებთ“(ლუკა 11.52 ).
ვახტანგ ცაგარეიშვილი, თსუ-ს პროფესორი
თენგიზ კიკაჩეიშვილი, თსუ-ს პროფესორი
სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/opinion/2013-07-03/39169.html
Комментариев нет:
Отправить комментарий