понедельник, 11 марта 2013 г.

მოჩვენებითი სიმდაბლე



სქიმიღუმენი საბა (ოსტაპენკო) - მოჩვენებითი სიმდაბლე


მოჩვენებითი სიმდაბლე ეს არის ცრუ, ყალბი, ხელოვნური სიმდაბლე. იგი მჟღავნდება სიტყვით თავის დამცირებასა და თავმდაბალი სახის მიღებაში.
მოჩვენებითი სიმდაბლით სნეულნი ჩვეულებრივ ამბობენ და ძალიან ხშირად იმეორებენ, რომ ისინი ცოდვილები არიან, და ზოგიერთ თავის ცოდვასაც კი ამხელენ, თითქოსდა საკუთარი ცოდვიანობის შესახებ თავიანთი სიტყვების დასამტკიცებლად, მაგრამ ყურადღებიანი მოსაუბრე, სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი, მაშინვე მიხვდება, რომ მის წინაშე მოჩვენებითი სიმდაბლის მანიით სნეული ადამიანი დგას.
მოჩვენებითი სიმდაბლის მანია ამპარტავნების ერთ-ერთი სახესხვაობაა.
სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელი ადამიანისათვის ძნელია, გაარჩიოს მოჩვენებითი სიმდაბლე ჭეშმარიტი სიმდაბლისგან. ზოგჯერ ამ ვნებით შეპყრობილთა თვალთმაქცობა იმდენად დახვეწილია, რომ მართლაც ძალიან გამოცდილი თვალი და გამოცდაა საჭირო, რომ გაიგო, ვისთან გაქვს საქმე. ზოგჯერ კი მათი თვალთმაქცობა და სიცრუე მაშინვე გამოაშკარავდება, განსაკუთრებით მათ მიერ, ვინც მათ ახლოს და კარგად იცნობს.
 აი, მაგალითად, მოჩვენებითი თავმდაბლობით შეპყრობილი ადამიანი მრავალთა თანდასწრებით წუხს საკუთარ არარაობაზე, თავის თავს ცოდვილს, წყეულს და არანორმალურსაც კი უწოდებს... იქ მყოფნი ფიქრობენ: "ღმერთმა დალოცოს! რა თავმდაბალია!.." მაგრამ საკმარისია, დაეთანხმო მას და თქვა: "დიახ, დიახ! შენში ეს არის!", რომ იგი მაშინვე შეიცვლება და შეიძლება შეგეპასუხოს კიდეც: "შენ ეს საიდან იცი?" მაგრამ უფრო ხშირად იგი დუმს და თავისი მამხილებლისადმი ბრაზს გულში იდებს. ამიერიდან იგი თავის კეთილისმყოფელს მტრად თვლის. აღარ ესალმება, ზურგს აქცევს, უბღვერს, თუ შემთხვევა მიეცა, უარს არ იტყვის შურისძიებაზე.
არის ასეთი ამბავი - როგორ მოისურვა მოჩვენებითი თავმდაბლობით შეპყრობილმა მონაზონმა ჯაჭვების ტარება. სულიერი მამის ლოცვა"კურთხევის გარეშე მან მჭედელს თავისთვის ჯაჭვების გამოჭედვა სთხოვა. მჭედელმა უარი უთხრა, მაგრამ მონაზონი მეორედ მოვიდა. მაშინ მჭედელმა სავანის წინამძღვარს ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო.
- აბა, გამოსცადე იგი, - თქვა წინამძღვარმა, - ლოყაში გაარტყი, თუ გაჩუმდება, შეუსრულე თხოვნა, თუ აღშფოთდება, ამხილე იგი.
მონაზონი თავისი თხოვნით მესამედ მივიდა მჭედელთან. მჭედელმა თავი მოაჩვენა, რომ განურისხდა მას და ლოყაში სილა გააწნა. შეურაცხყოფილმა მონაზონმა მას იმავეთი უპასუხა... მაშინ მჭედელმა უთხრა: - მაპატიე, ძმაო. წინამძღვარმა ასე მიბრძანა შენი გამოცდა. მონაზონს შერცხვა და გაშორდა.
ძალიან სასარგებლოა იმათი გამოცდა, ვინც ხშირად იმცირებს თავს. მაშინვე მჟღავნდება, ჭეშმარიტია მათი სიმდაბლე თუ ხელოვნური. ამგვარი გამოცდა ხშირად აფხიზლებს სნეულს და იგი თანდათან ჯანმრთელი ხდება.
აი, მაგალითად, ადამიანი თავს იმცირებს და, როგორც ამბობენ, თავის თავს ჯვარს აცვამს ცოდვისთვის. ძალაუნებურად ფიქრობ: "რა სიმდაბლეა! ასეთი უმნიშვნელო ცოდვისთვის საბრალო ასე იწამებს თავს... აი, სად არის ცხონება! ასეთ ადამიანს არ შეიძლება დიდი ცოდვები ჰქონდეს".
ხოლო ვინც მას ახლოს იცნობს, შეუძლია უთხრას:
- ასე ძლიერ რატომ წუხარ ამ ცოდვის გამო, თითქოს მასზე დიდი არ გქონდეს. შენ უფრო მეტად ამა და ამის გამო გმართებდა წუხილი.
სხვების თანდასწრებით დიდი დაფარული ცოდვების გამხელა საჭირო არ არის (მათ შესახებ შეგიძლიათ პირისპირ უთხრათ), არამედ უნდა შეახსენოთ მხოლოდ ის ცოდვები, რომელთა შესახებაც მას სხვა დროს თავად უსაუბრია, ან ისეთი ცოდვები, რომლებიც მისი ცხოვრებიდან ყველასათვის ცნობილია. არ უნდა გეშინოდეთ, რომ გაგიფუჭდებათ ურთიერთობები. ეს მხოლოდ დროებითია, ვიდრე იგი გამოჯანმრთელდებოდეს, სამაგიეროდ, შემდეგ თავის მამხილებელს იგი სხვებზე მეტად შეიყვარებს. მოჩვენებითი სიმდაბლე დაუდევრობის, სიზარმაცისა და ქედმაღლობისგან იშვება. ადამიანს სურს, იყოს თავმდაბალი, საკუთარ თავზე მუშაობა კი ეზარება, აი, ისიც ცრუ სიმდაბლის გზას ადგება, თავს იწონებს და აღიმაღლებს საკუთარ თვალშიც და სხვების წინაშეც.
მოჩვენებითი სიმდაბლის მქონენი ვერ იტანენ მხილებას და მითითებას მათ ნაკლზე. ისინი განაწყენებულნი ჩუმდებიან ან იწყებენ კამათს, თავის მართლებას, გაღიზიანებასა, და გაბრაზებას თავიანთ მამხილებლებზე, შემდეგ კი სრულიად გულგრილი ხდებიან მათდამი.
მოჩვენებითი სიმდაბლე, ადამიანების წინაშე თავის დამცირების სიტყვებით გამოხატული, სხვა არაფერია, თუ არა შენიღბული ქედმაღლობა და ამპარტავნება, ამიტომ ჩვენ თავს, ჩვენ სიტყვებს მკაცრად უნდა ვადევნოთ თვალი.
ზოგიერთი ადამიანი, თავი ღვთისმოსავად რომ წარმოაჩინოს და სხვების მხრიდან ქება დაიმსახუროს, ძალიან ხშირად პირჯვარს იწერს და ხშირად წარმოთქვამს სიტყვას "ღმერთი". ერთხელ მესმის, რომ მავანი ამბობს:
- რა კარგი ადამიანია!.. ღრმად მორწმუნე!
- თქვენ როგორ დაადგინეთ? - ვეკითხები მე.
- იგი მუდამ ღმერთთანაა. ყოველ სიტყვაზე ღმერთს ახსენებს!
- აი, ესა და ეს, - მივუგე მე, - უფრო მორწმუნეა.
- ოჰ, რას ამბობთ, მამაო! იგი იშვიათად იწერს პირჯვარს, ღმერთს კი საერთოდ არ
ახსენებს.
აი, ასეთი არასწორი წარმოდგენა აქვთ ადამიანებს ჭეშმარიტ სიმდაბლეზე, ჭეშმარიტ ღვთისმოსაობაზე. გარეგნული და მოჩვენებითი ჭეშმარიტება ჰგონიათ, ხოლო თუ ღვთისმოსავი სხვათა მზერას ემალება, იგი, მათი გაგებით, ცუდი ქრისტიანია.
როგორც უკეთური ადამიანი ავსებს თავის საუბარს სალანძღავი სიტყვებით, ისე ზოგიერთი ქრისტიანი თავის ფუჭ საუბარში ხმარობს წმიდათაწმიდა სიტყვას მოკრძალების, ღვთისმოშიშების გარეშე, ზოგჯერ კი... დაგვიფაროს უფალმა! - ხუმრობით, სიცილითაც კი. თუმცა ითვლებიან ღვთისმოსავებად!.. დიდი ცოდვაა ღვთის სახელი წარმოთქვა ამაოდ, ანუ უბრალო საუბრებში, და მით უმეტეს, ხუმრობებში. ეს უნდა მოვინანიოთ.
მოჩვენებითი სიმდაბლე ორი სახისაა. ერთი, როგორც ამბობენ, ბოროტგანზრახულია, როცა ადამიანი არ ფიქრობს თავის ცხონებაზე და ანგარების მიზნით შეგნებულად თვალთმაქცობს და თავს თავმდაბლად აჩვენებს, მეორე კი - გაუცნობიერებელი, როცა ადამიანს არ ესმის საქმის არსი. იგი, თავის მხრივ, ასევე ორ სახედ იყოფა.
პირველ სახეს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ეძიებენ ცხონების გზას და სურთ იყონ ჭეშმარიტად თავმდაბალნი, მაგრამ არ იციან სულიერი ცხოვრების კანონი, რომ ცხონება ადამიანის შიგნითაა და რომ საჭიროა დაფარონ თავიანთი ღვაწლი და სათნოებანი, ამიტომაც ისინი მთელ თავიანთ შინაგანს გარეგნულადაც ამჟღავნებენ, არაფერს ფარავენ და ამით საკუთარ თავს აცარიელებენ. ეს ადამიანები სწრაფად აღიქვამენ შენიშვნებს, არ სწყინთ და შედარებით მალე სწორდებიან. მაგრამ თუ ისინი ამ მდგომარეობაში ხანგრძლივად იმყოფებიან, შეიძლება იშვას და განვითარდეს ქედმაღლობა.
ამ შემთხვევაში მოჩვენებითი სიმდაბლისგან იშვება ქედმაღლობა და ამპარტავნება.
მეორე სახეს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ხარისხით უკვე დასნებოვნებული არიან ქედმაღლობით. მათთვის სიმდაბლე, როგორც უკვე ვთქვი, შირმაა. როგორც ამპარტავანი ადამიანი ამაყობს თავისი სილამაზით, ტალანტებით, ნიჭებით და სხვ., ისე მოჩვენებითი თავმდაბლობით შეპყრობილი ადამიანი ქედმაღლობს და ტკბება თავისი მოჩვენებითი სიმდაბლით. ესენი ვერ ითვისებენ შენიშვნებს, სწყინთ და ნელა, გაჭირვებით სწორდებიან. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა სრულებით არ სწორდებიან, მაგრამ ეს, როგორც გამონაკლისი, ხდება მაშინ, როცა ადამიანი ხიბლშია. ამ შემთხვევაში მოჩვენებითი სიმდაბლე იშვება ამპარტავნებისა და ქედმაღლობისგან.
მოჩვენებითი სიმდაბლე სიტყვებით ანუ, როგორც მას უწოდებენ, მდაბალსიტყვაობით, ცხონების საქმეს სამი მიზეზის გამო ვნებს:
1. შობს და განამტკიცებს ამპარტავნებასა და ქედმაღლობას.
2. სულს აცარიელებს ამაოდმეტყველებით.
3. მსმენელი შეჰყავს ცდუნებაში, ანუ განკითხვის, შურის, ამაოდმეტყველების ცოდვაში.
ღირსი ბარსანუფი დიდი წერს: "თავმდაბალმა თავისი სიმდაბლე სიტყვებით არ უნდა გამოთქვას; სიტყვებით თავმდაბლობა არის ამპარტავნების ნაყოფი და მათი მეშვეობით უწესრიგოდ შობს თავის დედას - ქედმაღლობას".
 წმიდა მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) კი ასე წერს: "უფალმა გვამცნო ყველა სათნოების დაფარულად აღსრულება (მათ. 6, 1"6), მდაბალსიტყვაობა კი არის სიმდაბლის გამომჟღავნება ადამიანთა საჩვენებლად. იგი თვალთმაქცობა და მოტყუებაა, პირველ რიგში - თავისი თავისა და შემდეგ სხვებისა, რადგან საკუთარი სათნოებების დაფარვა შეადგენს სიმდაბლის ერთ"ერთ თვისებას, მდაბალსიტყვაობით კი ეს დაფარვა უგულებელყოფილია".
როგორც ხედავ, ჩემო მეგობარო, უმჯობესია, იყო გარეგნობით ამაყი და გულით მდაბალი, ვიდრე გარეგნობით და სიტყვებით ჩანდე თავმდაბალი, გულით კი ქედმაღლობდე... ყველა უნდა ეცადოს, იყოს შეუმჩნეველი, მორიდებული, ჩუმი და საქვეყნოდ არ გამოჰქონდეს თავისი მოჩვენებითი სიმდაბლე.

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий