пятница, 22 мая 2015 г.

ბავშვები ოთახებიდან


თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი ერთ-ერთია, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის მიღმა დარჩა. რამდენიმე წლის წინ დაწყებული რეფორმის მთავარი მიზანი  მზრუნველობამოკლებული ბავშვების დიდი ზომის ინსტიტუციებიდან გამოყვანა და მათთვის ოჯახურ გარემოში ცხოვრების ხელშეწყობა იყო. თუმცა ჩვილ ბავშვთა სახლს, სადაც ამჟამად მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ცხოვრობენ,  დეინსტიტუციონალიზაცია არ შეეხო. გარდა იმისა, რომ ისინი მოკლებულნი არიან ოჯახურ გარემოში ცხოვრებას, მათ არ აქვთ სხვა ბავშვების მსგავსად  განვითარების თანაბარი  შესაძლებლობა, ეზღუდებათ სკოლამდელი განათლების მიღების უფლება, არ არიან ჩართული ადრეული განვითარების პროგრამაში, მათთვის არ არსებობს ზრუნვის ალტერნატიული მომსახურება, რომელიც ბავშვთა სახლიდან გასვლის საშუალებას მისცემთ. ამ ყველაფრის მიზეზად კი ძირითადად ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება.  


 ბარბი, ნახე პიპია მოვიდა, ნახე ბარბი, ნახე! - აღმზრდელი მასთან თამაშს ცდილობს. ბარბარე ორი წლისაა. ჰიდროცეფალია აქვს. სათამაშო ოთახში, ხალიჩაზე წევს.
- თაზოს ცერებრალური დამბლა აქვს, ხერხემლის პრობლემა, ზურგს ვერ იმაგრებს.  ხანდახან საწოლზე წამოვაჯენთ და  საზურგეს ვაყრდნობთ, - ორი წლის არის. მის გრძელ საწოლში კიდევ ორი ბავშვი წევს. ერთ-ერთს „კორნელია დე ლანჟეს“ (CDLS)  სინდრომი აქვს. აღმზრდელის თქმით, ეს მსოფლიოში იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. ჩვილ ბავშვთა სახლში ასეთი დიაგნოზით ორი ბავშვია.
-გიორგი ერთადერთი მოსიარულეა ამ ჯგუფში, მაგრამ კარგა ხანს მწოლიარე იყო, ძვლების თანდაყოლილი პრობლემა ჰქონდა და რამდენიმე ოპერაცია აქვს გაკეთებული, ახლა ჯანმრთელია, -  სამი წლისაა, ოთახში დარბის. გიორგის მიმღები მშობელი აკითხავს. მალე ალბათ ბავშვთა სახლსაც დატოვებს.
ამ ჯგუფში სამ წლამდე ასაკის თერთმეტი ბავშვი ირიცხება. მათგან სამი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იაშვილის კლინიკაშია. 
ხის კალათაში გიორგის სძინავს. ჩვილების ჯგუფში ის ყველაზე პატარაა. 7 იანვარს დაიბადა. რამდენიმე კვირის წინ  სოციალურმა მუშაკმა ბავშვთა სახლში მოიყვანა. ტუჩის და  სასის თანდაყოლილი ნაპრალები აქვს. რამდენიმე წელიწადში შესაძლებელი გახდება ოპერაციის გაკეთება.
ამავე ოთახში, ფანჯარასთან მდგარ საწოლის მოაჯირთან ანა დგას და  ცმუკავს, თან ხელით ცისფერ თვალებზე ჩამოფხატულ თმებს იშორებს.  28 თებერვალს ორი წლის ხდება.  დაუნის სინდრომი აქვს. შვილად აყვანის მსურველი მშობელი აკითხავს. „ახლა დროებით გერმანიაშია, ყოველდღე მოდიოდა ანას სანახავად. რამდენიმე დღის წინ ანამ იმდენად განიცადა მისი არმოსვლა, მთელი ღამე არ ეძინა“, -  ნინო ჩვილების ჯგუფში აღმზრდელია.
ოთახში სულ თერთმეტი ბავშვია. უმეტესობას ცერებრალური დამბლა და სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მთელ დროს საწოლში ატარებენ.
ჩვილების ჯგუფს, „მძიმე“ ბავშვების ოთახი მოსდევს. სპეციფიკური, სამიდიცინო სუნი დგას, აღმზრდელების ფეხის ხმასთან ერთად ოთახში მხოლოდ ბავშვების ხმაურიანი სუნთქვა ისმის. ერთმანეთის მიყოლებით ჩალაგებულ ათამდე საწოლში სხვადასხვა ასაკის ბავშვები წვანან. უმეტესობა ზონდით კვებაზეა.
- ეს ორსქესიანია, ჯერ ვერ დაადგინეს რომელი ჰორმონები სჭარბობს, მაგრამ გოჩა ჰქვია.
- ამ ჯგუფიდან სამი-ოთხი ბავშვი მუდმივად სტაციონარშია, მათი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.
- ეს  მარიამია, ჭორიკანა, მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი არ იცის,-  ოთხი წლისაა. ყურადღებით გვადევნებს თვალს, მერე აღმზრდელს ტელეფონს ართმევს, თავის ფოტოებს ეძებს და გვაჩვენებს. მარიამს სმენის და მეტყველების პრობლემა აქვს, ტაქეოსტომიაც. ოპერაცია თურქეთში უნდა გაუკეთდეს.
მეოთხე ჯგუფი „დიდებისაა“. ამ ოთახში სამიდან ექვს წლამდე ასაკის ათი ბავშვი ცხოვრობს. იატაკზე დაყრილ სათამაშოებთან მხოლოდ რომაა. სავარძელში გიორგი ტირის, აღმზრდელი მის დამშვიდებას ცდილობს.  ამასობაში, რომა საძინებელსა და სათამაშო ოთახებს შორის დარბის.
- ეს ვინ არის, გოგოა? - აღმზრდელს ეკითხება, თან ფოტოგრაფს კამერაზე ექაჩება - ეს რატომ გაქვს? –  რომა ხუთი წლისაა.
***
ჩვილ ბავშვთა სახლში 56 ბავშვი ცხოვრობს. სულ ოთხი ჯგუფია, სამი აღმზრდელით და ერთი მორიგე პედაგოგით. აღმზრდელები ბავშვებთან 24 საათს ატარებენ და ოთხ დღეში ერთხელ იცვლებიან.
მშობელი მხოლოდ ერთ ბავშვთან მოდის, მაგრამ ისიც იშვიათად. უმეტესობას შვილზე უარი ოფიციალურად აქვს ნათქვამი, ნაწილს -  დროებით.  მშობელი შვილის დატოვებისას განცხადებაში უთითებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბავშვს დროებით ტოვებს.
მეშვიდე წელია მაია უგრეხელიძე ბავშვთა სახლში მუშაობს. ჩვილების ჯგუფში აღმზრდელია. ამბობს, რომ წლების განმავლობაში ბევრი ტრენინგი გაიარა, სადაც სწავლობდა როგორ ეზრუნა ბავშვებზე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ შემოთავაზება ჰქონდა, სხვა სამსახური მაინც არ არჩია: „ბავშვებს ძალიან ვეჩვევი. თან ვფიქრობ, რომ წავიდე, ამათ რა ეშველებათ“.
წლების წინ სხვადასხვა ბავშვთა სახლში მუშაობდა ნინო  ხანდოლიშვილიც. ბავშვთა დიდი სააღმზრდელო დაწესებულებების დახურვის შემდეგ, მცირე ტიპის საოჯახო სახლში გადავიდა აღმზრდელად. მაგრამ გრაფიკი მისთვის მისაღები არ იყო. ამ დროს ჩვილ-ბავშვთა სახლში ვაკანსია გამოცხადდა. კონკურსი გაიარა და უკვე ორი წელია  აქ მუშაობს.
აღმზრდელების ანაზღაურება თვეში 240 ლარია.
ჩვილ ბავშვთა სახლს მორიგე ექიმი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი და მასაჟისტიც ჰყავს.
 „ჩვენ ვართ მომვლელები, ძიძები“, -დავით პავლიაშვილი ორი წელია თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დირექტორია. ამბობს, რომ სახლში ჯანმრთელი ბავშვი არ დარჩა,  ან მინდობით აღზრდაში არიან, ან მცირე ტიპის საოჯახო სახლებში. ვინც დარჩა ყველას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს.
„სამი ბავშვი გვყავს კლინიკაში.  გამოსაწერია, რადგან ამ ეტაპზე არაფერი უტარდებათ. მაგრამ არსებობს რისკი - ერთ წუთში რომ კარგადაა, მეორე წუთში შეიძლება სასწრაფო რეანიმაციული დახმარება დასჭირდეს,  ამიტომ  ვერ მოგვყავს. ექვსი ბავშვი კიდევ პალიატიურში  წევს, იქაც არ არის ადგილები. რთული შემთხვევაა, მათი ბინაზე მოყვანა  შეუძლებელია“.
ბავშვთა სახლის დირექტორი იზიარებს იმ აზრს, რომ სჯობს ბავშვი ოჯახურ გარემოში იზრდებოდეს, ვიდრე ინსტიტუციაში, მაგრამ ამ ბავშვებისთვის ჩვილ ბავშვთა სახლის გარეთ ცხოვრება რთულად წარმოუდგენია.
თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის  ფილიალია.
გარდა კვებისა და მოვლისა, სახლის გაწერილ ფუნქციებშია, რომ უნდა უზრუნველყოს ბავშვების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ჩართვა და ყველა ის ღონისძიება, რომელიც მათ სრულფასოვან განვითარებას ემსახურება.
ჩვილ ბავშვთა სახლიდან  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებით არცერთი ბავშვი არ სარგებლობს.  ამის მიზეზად მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ.
ფონდში კი ამბობენ, რომ ბავშვების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში  ჩარიცხვის მიზნით  „საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოსთან“ თანამშრომლობენ.
„მოვლას და ჰიგიენას დიდი ხანია გავცდით. ოჯახს ვერასდროს შეცვლის დაწესებულება, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმს ვცდილობთ ყველა კუთხით, იქნება ეს  ბავშვების ფიზიკური თუ გონებრივი განვითარება. მარტო იმით არ შემოვიფარგლებით ვაჭამოთ და პამპერსი გამოვუცვალოთ,“ - ამბობს ბავშვთა სახლის დირექტორის მოადგილე  თეა სიმონია.
სოციალური მუშაკი უშუალოდ ჩვილ ბავშვთა სახლს არ ჰყავს. რადგან სახლი ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზეა, მას რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრი ემსახურება. სახლის მულტიდისციპლინარული გუნდის მუშაობაში ფსიქოლოგთან და აღმზრდელთან ერთად სოციალური მუშაკიც ჩართულია. ის თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალური განვითარების გეგმას წერს.
 „ამ ბავშვების რეინტეგრაციაზე, ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებაზე ლაპარაკი ზედმეტია, იმდენად მძიმე  კონტიგენტია. ორმა მშობელმა -  დროებით ვტოვებო, მაგრამ სულ დაგვეკარგნენ. ძირითადად, მათ მიმღებ ოჯახებში გადაყვანაზე ვმუშაობთ. მცირე საოჯახო ტიპის სახლებში 6 წლამდე ბავშვები არ არიან, თან შშმ  ბავშვებისთვის ამ სახლებში შესაბამისი სერვისი არ არსებობს“, - ამბობს  ქეთევან ვაშაკიძე, სოციალური მუშაკი, რომელიც ჩვილ ბავშვთა სახლში მუშაობს.
როგორც სოცმუშაკი გვეუბნება,  ბავშვთა სახლიდან საბავშვო ბაღებში ჯანმრთელი ბავშვები ყოველთვის დადიოდნენ, მაგრამ ახლა: „არ არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც შეიძლება ბაღში მშვიდად გაუშვა“.
სახელმწიფო სერვისები შშმ ბავშვებისთვის
ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, დიდი სააღმზრდელო დაწესებულებებიდან ბავშვების გამოყვანასა  და მათთვის ოჯახურ გარემოში ცხოვრების ხელშეწყობას გულისხმობდა. 2006 წლიდან მოყოლებული 40-ამდე ბავშვთა სახლი დაიხურა. გაჩნდა მცირე ტიპის საოჯახო სახლები, რომლებიც 6 წლის ზემოთ ბავშვებს იღებს. ნაწილი კი მინდობით აღზრდაში გადავიდა, რაც  მიმღები ოჯახის არსებობის შემთხვევაში, გარკვეული ვადით, ბავშვის ოჯახურ გარემოში ცხოვრებას ნიშნავს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2012 წელს ჩვილ ბავშვთა სახლის 8 აღსაზრდელი ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა, 38 მინდობით აღზრდაში გადავიდა, 10 გაშვილდა. 2013 წელს 6 გაშვილდა (სამი საერთაშორისო გაშვილება), 16 მინდობით აღზრდაში გადავიდა, 4 რეინტეგრაციაში. 2014 წელს კი ჩვილ ბავშვთა სახლი მხოლოდ 11-მა ბავშვმა დატოვა, მათგან 6 მინდობით აღზრდაში გადავიდა, 2 ოჯახს დაუბრუნდა, 3  გაშვილდა.
რეფორმის შემდეგ, დარჩენილ ბავშვთა სახლებში მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ცხოვრობენ. მათთვის ალტერნატიული ზრუნვის მომსახურება სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს.
„არ ვმალავთ, რომ დღეს ინსტიტუციებში  86 ბავშვი დაგვრჩა.  ეს ცუდია, რადგან ბავშვების უფლებები ვრცელდება ყველაზე. სამწუხაროდ, შშმ ბავშვებისთვის სერვისი ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ“, - ამბობს  მარი წერეთელი, მეურვეობა მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი.
სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამაში შშმ ბავშვებისთვის  სხვადასხვა დამხმარე საშუალებები არსებობს, მაგალითად, როგორიცაა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა. რაც ბავშვთა სპეციფიკურ რეაბილიტაციას, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმობს.
ამ პროგრამაში ჩვილ ბავშვთა სახლიდან 22 ბავშვია ჩართული. რეაბილიტაცია/აბილიტაციის  პროგრამას დაწესებულებაში  ცენტრი „აისი“ ახორციელებს. ამ კუთხით მუშაობა 16 თებერვალს დაიწყო და სულ 7 კურსს მოიცავს.
ჩვილ ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვები ამ დრომდე არ არიან ჩართული ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში, რომლის მიზანიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების  განვითარების  სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაა. ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისით სარგებლობა გონებრივი განვითარების შეფერხების (მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა, აუტიზმი და სხვა) მქონე 0-7 წლამდე ასაკის ბავშვს შეუძლია. 
სოციალური მუშაკი ამბობს, რომ ეს ბავშვები ისედაც სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ არიან, იღებენ ისეთ დამატებით სერვისს როგორიცაა ფსიქოლოგი, ლოგოპედი, სარგებლობენ რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამით, ამიტომ  იყო მსჯელობა, რომ ორი სერვისი ერთსა და იმავე ბავშვზე საჭირო არ იყო.  თუმცა, როგორც ქეთევან ვაშაკიძე ამბობს, ჩვილ ბავშვთა სახლში მულტიდისციპლინარული გუნდის შეხვედრისას, გამოიკვეთა, რომ სახლში არიან ბავშვები, რომლებსაც სწორედ ის მომსახურება სჭირდებათ, რასაც ადრეული განვითარების პროგრამა გულისხმობს, ბავშვთა სახლი კი ამ ეტაპზე  ამ მომსახურებას ბავშვებს ვერ აძლევს.  ამიტომ დადგა საკითხი, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებმაც ისარგებლონ  ადრეული განვითარების პროგრამით. „ჩვენ გადავეცით შესაბამისი დოკუმენტაცია, დიაგნოზები  სოცსააგენტოს და ველოდებით, რომ მალე ჩაგვსვამენ ამ პროგრამაში“.
მკურნალობა - რეაბილიტაცია
გასული წლის იანვარში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტმა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში სამდღიანი მონიტორინგი ჩაატარა. რამდენიმე პრობლემასთან ერთად, მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბავშვთა სახლში სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება რეგულარულად არ ტარდება. ბავშვების ნაწილს დაგვიანებით ან საერთოდ არ აქვს ჩატარებული ასაკის შესაბამისი იმუნიზაცია.
ჯანდაცვის სამინისტრომ მონიტორინგი ჩვილ ბავშვთა სახლში მას შემდეგ ჩაატარა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციამ Disability Rights International (DRI) საქართველოში შშმ ბავშვთა და მოზარდთა სახელმწიფო რეზიდენტულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ 2013 წლის დეკემბერში ანგარიში გამოაქვეყნა. საერთაშორისო მონიტორინგმა აჩვენა, რომ საქართველოში არსებულ ბავშვთა სახლებში შშმ ბავშვების უფლებები უხეშად ირღვევა. კვლევის შედეგების მიხედვით, ხშირ შემთხვევაში დაწესებულებაში მცხოვრებ ბავშვებს არ უტარდებათ ადეკვატური მკურნალობა.
DRI-ის კვლევას უფლებათადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების პეტიცია მოჰყვა, სადაც ორგანიზაციები ითხოვდნენ მთავრობას შეექმნა  მონიტორინგის სისტემა და შეესწავლა ყველა ბავშვის მდგომარეობა, რომელიც სახელმწიფო თუ საპატრიარქოსთან არსებულ ბავშვთა დაწესებულებებში იმყოფებოდა. ასევე, ჩაერთო შშმ ბავშვები დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამაში.
ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მთლიანად ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2012 წელს სტაციონარული მომსახურება 111 ბავშვს ჩაუტარდა, ამბულატორული -  115-ს. 2013 წელს  სტაციონარული მომსახურება 85 ბავშვს, ამბულატორული - 34.  2014 წელს კი  სტაციონარული მომსახურებით 91 ბავშვმა ისარგებლა, ამბულატორულით -198-მა.
რაც შეეხება გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობას, 2012 წელს ჩვილ ბავშვთა სახლში  13 ბავშვი გარდაიცვალა, 2013 წელს -10 ბავშვი, 2014 წელს - 2 ბავშვი.
ჰიდროცეფალიით დაავადებული ბავშვების სამედიცინო მომსახურების შესახებ, 2014 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ჰიდროცეფალიის მართვის პროტოკოლი შეიმუშავა, სადაც ნათქვამია, რომ დადასტურებული ჰიდროცეფალიისას, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ქირურგთან რეფერალი. მწვავედ განვითარებული ჰიდროცეფალიისას  არაუგვიანეს 48 საათისა, ხოლო ქრონიკულად მიმდინარე ჰიდროცეფალიის შემთხვევაში არაუგვიანეს  5 დღისა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვების“ ხელმძღვანელი ჯაბა ნაჭყებია ამბობს, რომ ჰიდროცეფალიის პრობლემა არ მოგვარებულა: “პრობლემა არის ზურგის ტვინის თიაქარი, რომლის მერეც ვითარდება ჰიდროცეფალია. თუ ბავშვი იბადება ზურგის ტვინის თიაქარით მას სიცოცხლის პირველი ორი დღის განმავლობაში უკეთდება ოპერაცია, რაც 80%-ის შემთხვევაში თავიდან აგვარიდებს ჰიდრიცეფალიას განვითარებას. გაიდლაინის მიხედვით, თუ ჰიდიცეფალია უკვე არსებობს მერე უნდა გაუკეთდეს  ოპერაცია. ეს არ არის პრობლემის თავიდან არიდება, ეს არის შედეგებთან გამკლავების არაეფექტური სტრატეგია“.
ამჟამად, ჩვილ ბავშვთა სახლში  ჰიდროცეფალიის დიაგნოზით 20 ბავშვი ირიცხება, მათგან  თვრამეტს ოპერაცია ჩაუტარდა.  ფონდში ამბობენ, რომ დარჩენილი ორი  ბენეფიციარიდან ერთ–ერთი 2013 წლიდან  დღემდე ი. ციციშვილის სახელობის კლინიკაში „ქრონიკული კრიტიკული მიმდინარეობის მიმართულებით“ მკურნალობს, ხოლო  მეორე ბავშვს, 2013 წლის 25 ივნისს გაუკეთდა შუნტირება, ივლისში შუნტი მოაშორეს, 2014 წელს კი ჩაუტარდა ნეიროქირურგის კონსულტაცია. ამჟამად  „დინამიკაში დაკვირვებას საჭიროებს“.
არის თუ არა პრიორიტეტი შშმ ბავშვებზე ზრუნვა 
„არ ვიცით რეალურად არის თუ არა  სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი შშმ ბავშვები, რომელთა დისკრიმინაციაც ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის დროს მოხდა. ეს იყო პირდაპირი დისკრიმინაცია და ამას არანაირი გამართლება არ აქვს.  ყველა ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს ოჯახში და აუცილებლად უნდა იცხოვროს ოჯახში“, - ამბობს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი. 
ის მიიჩნევს, რომ  თავად ბავშვის ცხოვრება ბავშვთა სახლში უკვე მისი უფლების დარღვევაა და გამორიცხავს იმას, რომ მან შეძლოს სათანადო განვითარება და მისი უფლებები იყოს ისევე დაცული, როგორც იმ ბავშვებისა, რომელებიც ცხოვრობენ  გარეთ, თუნდაც ალტერნატიულ მზრუნველობაში, მცირე  ტიპის საოჯახო სახლში ან  მინდობით აღზრდაში: „ჩვილ ბავშვთა სახლში არასაკმარისი ადამიანური და პროფესიული რესურსია. ბავშვი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ჭამის დროს ამოჰყავთ საწოლიდან,  ჩათვალეთ, რომ მისი განვითარება ერთი-ორად შეფერხებულია“.
„საქართველოს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის“  თავმჯდომარე ჯაბა ნაჭყებიას თქმით, იმისათვის რომ  ჩვილ ბავშვთა სახლი აღარ იყოს, საჭიროა სპეციალიზებული ზრუნვის სერვისები, სადაც  იზრუნებენ იმ ბავშვებზე  ვისაც  ჯანმრთელობის კუთხით უფრო მეტი პრობლემა აქვს,  ვიდრე იმ ბავშვებს, ვინც დღეს ოჯახებში თავსდებიან. სახელმწიფოს კი ჯერ ეს სერვისი არ აქვს. 
ჯაბა ნაჭყებია ჰყვება, რომ ორი წლის წინ მისმა ორგანიზაციამ „საქართველოს ბავშვები“ მოამზადა კონცეფცია და მოდელი  იმისათვის, რომ ალტერნატიული ზრუნვის სერვისები შექმნილიყო. მოდელი გულისხმობდა უფრო სპეციალიზებული ოჯახური გარემოს ტიპის მინდობით აღზრდის სერვისის შექმნას. კონცეფცია, მოდელის დეტალური აღწერილობა,  განფასება, თუ რა დაჯდებოდა ეს პროექტი, ორგანიზაციამ გაეროს ბავშვთა ფონდსა და ამერიკის განვითარების სააგენტოსთან ერთად  მთავრობას წარუდგინა. თუმცა, როგორც ნაჭყებია ამბობს, სახელმწიფომ მაშინ ამ სერვისების შექმნის დაწყებაზე თავი შეიკავა. გაცხადებული მიზეზი არ ყოფილა.
 „ჩვენ რეკომენდაციას არ ვუწევთ მცირე ტიპის საოჯახო სახლებს, რადგან ბავშვები აქ არ არიან 6 წლამდე. ექვს წლამდე ბავშვებისთვის საერთაშორისო პრაქტიკით არ არის მიზანშეწონილი ინსტიტუციურ გარემოში ცხოვრება, განსაკუთრებით გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციაა, რომ სამ წლამდე ბავშვი საერთოდ არ უნდა მოხვდეს დაწესებულებაში და უნდა იყოს ოჯახურ გარემოში. ყველაზე კარგი იქნება ამ ბავშვების გრძელვადიანი განთავსება სპეციალიზებულ მინდობით  აღზრდაში. ჩვენ შევაფასეთ ეს ბავშვები, მათი ნაწილისთვის უკვე შესაძლებელია მინდობით აღზრდა და ოჯახურ გარემოში განთავსება. ოჯახური გარემო კი არის აუცილებელი, რაც დღეს ამ ბავშვებს სჭირდებათ, ვერც მცირე საოჯახო ტიპის სახლი, ვერც ინსტიტუცია ვერ შეუცვლის მათ ამ გარემოს. ჩვენი ორგანიზაცია სპეციალიზებულ მინდობით აღმზრდელებს ამზადებს. მაგრამ აქაც პრობლემა გვაქვს, რადგან ყველა ბავშვს აქ ვერ განვათავსებთ, ზოგს სჭირდება საექთნო ზრუნვა. ჩვეულებრივი მინდობით აღმზრდელები, რომლებიც  მოკლევადიან ტრენინგებს გადიან,  აღჭურვილები არ არიან იმ ცოდნით, რომ,  მაგალითად, ბავშვის ზონდით კვება შეძლონ.  ამიტომ ისინი ბავშვების ნაწილზე ვერ იზრუნებენ. ამისთვის საჭიროა სხვა ტიპის სერვისი,  სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა“, - ამბობს ჯაბა ნაჭყებია. 
როგორც გაეროს ბავშვთა ფონდში ამბობენ, სტრატეგიაზე, რომელიც ჩვილ ბავშვთა სახლის დახურვას და ალტერნატიული სამზრუნველო მომსახურების შექმნას გულისხმობს, მუშაობა დაწყებულია. ეს საკითხი 2015 წლის მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმაშიცაა შეტანილი. 
„მუშაობა რამდენიმე მიმართულებითაა დაგეგმილი, ერთია საზოგადოებაში არსებული სტიგმის დაძლევა. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც ხელი შეუშალა ამ ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციას. დღეს ჩვენი კვლევებით, მოსახლეობის 40%-ს აქვს სტიგმა შშმ მქონე ადამიანების მიმართ, მათ შორის  არიან ბავშვებიც. ამიტომ  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ  სტიგმა დაიძლიოს. მეორეა, გაძლიერდეს ოჯახები, გაჩნდეს ქვეყანაში ოჯახის დამხმარე სერვისები. ასევე, უნდა განვითარდეს სპეციალიზებული მინდობითი აღზრდა, სადაც ბავშვებს გადაიყვანენ. მიდის მუშაობა, რომ მოხდეს მცირე ზომის საცხოვრებელი, სადაც იქნება ამ ბავშვებისთვის ყველა ტიპის მომსახურება, როგორც სამედიცინო, ასევე სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილება. ეს იქნება სპეციალიზებული საცხოვრებელი სახლი“,  - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე.
გაეროს ბავშვთა ფონდში იმედს იტოვებენ, რომ არსებული ბავშვთა სახლების გაუქმების მიზნით, ალტერნატიული ზრუნვის სერვისები მომავალი წლიდან  ამუშავდება.

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ




წყარო : ლიბერალი



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий