вторник, 3 июня 2014 г.

საქართველო პაკისტანის გზით



ინტერნეტსივრცე მოიარა იმ საშინელმა კადრებმა, თუ როგორ ჩაქოლეს 25 წლის ფეხმძიმე ქალი პაკისტანში ოჯახის წევრებმა, თვით მამამ და ძმამ იმის გამო, რომ იგი მათ უნებურად გათხოვდა. ოჯახის წევრები თავის რელიგიურ, ეროვნულ ტრადიციებს იცავდნენ; დაუმორჩილებლობა, სიყვარული და თავისუფლების წყურვილი ასე ისჯება ტრადიციულ ქვეყნებში...


საქართველოში ამავე  პერიოდში ათზე მეტი ქალი მოკლეს ქმრებმა, ეჭვი არაა, იგივე მიზეზებით...

შესაძლებელია, პაკისტანამდე ჯერ ბევრი გვიკლია, იქ ასე და მსგავსად მოკლული ქალების რიცხვი ყოველწლიურად ათასს აღემატება, მაგრამ დემოგრაფიული პროპორციაც ხომაა გასათვალისწინებელია?

არა მგონია შემთხვევითი იყოს, რომ მკვლელობის აღზევება საპატრიარქოს მორალურ კამპანიას ემთხვევა! კამპანია ოჯახის, მორალის, ქრისტიანულ-მართლმადიდებლური, თუნდაც სახარებისეული, პავლესეული დებულებების დასაცავად!

განა ცუდია რელიგიური ღირებულებების, ქრისტიანულის, თუნდაც ისლამურის დაცვა? ყოველ მორწმუნეს თავის მრწამსის იდეალური ხატი აქვს გულში...მაგრამ. აი ამ 'მაგრამ' - ზე ვისაუბროთ.

საქართველო ახლა თავისუფალია და მისგან ცივილიზებული მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნის მომავალს მოელის, ეხმარება და უბიძგებს აქეთკენ. მაგრამ საქართველო ირჩევს, სინჯავს და ალბათ აირჩევს რელიგიას. 

მსგავსი რამ ხდებოდა თავის დროზე პაკისტანში. პაკისტანელ სწავლულებს მაშინ მოუწიათ აეხსნათ ცივილიზებული სამყაროსთვის  ამ არჩევანის ლოგიკურობა: აი რას წერს 1965 წელს გამოსულ წიგნში Javid Iqbal, "ისლამმა შექმნა პაკისტანი" : "უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისლამი არ იცნობს განსხვავებას ეკლესიასა და სახელმწიფოს, სპირიტუალურსა და საეროს, საკრალურსა და პროფანულს შორის... რაიმე სრულიად პირადი რელიგიის შესახებ წარმოდგენა მისთვის უცხოა..." და ბევრი რამ მსგავსი, იხ. გერმ. გამოცემა, Der Islam schuf Pakistan, Göttingen, 1965.

ასე დაიწყო პაკისტანში, ისლამის რელიგიური პრინციპების დამკვიდრებით. ისლამი კი მალე რადიკალების ხელში აღმოჩნდა და ისლამიზმი მივიღეთ. მარტო ისლამი არაფერ შუაშია, საერთოდ, რადიკალების ხელში ჩავადნილმა მასამ რელიგიურობის ზღვარი არ იცის...

შევადაროთ: განა მართლმადიდებლობა(ის რაც რეალურადაა დღეს) ცნობს რაიმე განსხვავებას საეროსა და სპირიტუალურს შორის? განა გადაჯაჭვული არაა ჩვენთან სახელწიფო და ეკლესია? განა კონკორდატის ძალით ამ სახელმწიფოში ეკლესია ზესახელმწიფოდ არ ვაქციეთ?  ის ყველგან აღწევს თავისი საცეცებით და ამკვიდრებს ისეთ საზოგადოებრივ მორალს, რომლის ბაზაზეც ქალების, ცოლების, ქალიშვილების თუ დების კვლა ლოგიკურად გამომდინარეობს და მალე ალბათ ღირსების საქმედაც კი იქცევა...

რასაკვირველია, როგორც ნორმალური ტრადიციული ისლამი იქცა ისლამიზმად და ძალადობის ინსრუმენტად, ასევე ჩვენში  იქცა უკვე ქრისტიანობა ქრისტიანიზმად და მორალური ტერორის  წყაროდ.

ასეთია რელიგიის ბუნება, ცოტა და პირადი კარგია, წყალივით, მაგრამ ნამეტანი უკვე წარღვნად და სისხლად მოგვევლინება; ჰომო რელიგიოზუსს  ჰომო ნეკანსად აქცევს! 

აი ამ სისხლის, ძალადობის გზას ადგას ჩვენი ქვეყანა, რის გამოც მალე სიტუაცია შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს, ევროპა და დასავლეთი ტკბილ მოგონებად გადაგვექცეს.

ქართული სახელმწიფოს   მომავლის ლიბოში ის რელიგიური დუღაბი ისხმევა, რომელიც ზედ არავითარ სეკულარულ, ცივილიზებულ კედელს არ იჩერებს; მასზე შეიძლება დაეშენოს მხოლოდ  ძალადობის, მხეცობის, ტერორის და ჰომო ნეკანსის ისეთი სართულები, სადაც მორალური ურჩხულები დაიბუდებენ! 

ზელიმხან უძილაური
 წყარო

მსგავსი თემები:

ქვით ჩაქოლვა - სორაიას ტრაგიკული ისტორია


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий