საზოგადოების ფართო წრეებში, საკმაოდ აქტიურად განიხილება სასულიერო პირთა ყოფა–ცხოვრებისა და მოქმედებების სხვადასხვა ასპექტები, სადაც ხშირ შემთხვევაში სახალხო აღშფოთებისა და უკმაყოფილების მიზეზი თავად საეკლესიო წარმომადგენელნი არიან, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებიათ ის საკუთარი პასუხისმგებლობა და სულიერი ეტიკეტი, რომელიც მათ თავიანთი ნებით ღვთისაგან დაიკისრეს.
საყოველთაო ჭორაობისა და განქიქების ტალღამ, აგერ უკვე ქუჩებშიც გადმოინაცვლა და გაჩნდა ისეთი მოწოდების საპროტესტო აქციები, როგორიცაა: "დაგმე ჯიპი", "მღვდელ–კლაუსი" და ა.შ. ეს ყოველივე რაღა თქმა უნდა მეტწილად მარგინალურ, სარკასტულ და არააკადემიურ სახეს ატარებს, რასაც პირადად მე კატეგორიულად ვემიჯნები, თუმცა ჩემი მოკრძალებული საწუხარის ძირითად სათქმელს ქვემოთ მაინც მოგახსენებთ.
სასულიერო პირების მფლობელობაში არსებულ "ჯიპებთან" დაკავშირებით ასე ვიტყოდი: თუკი სამთავრობო უწყებებსა და სახელისუფლებო წრეებში, თანამდებობის პირებს დაწესებული აქვთ თანხაზე ლიმიტი და არ ეძლევათ უფლება, რომ გარკვეული ღირებულების ზევით შეფასებული ნივთი თუ საგანი საჩუქრად მიიღონ (შეიწირონ), მიმაჩნია, რომ ასეთივე შეზღუდვა საპატრიარქოს მხრიდან უნდა დაუწესდეს სასულიერო პირებსაც, რაც წმ. სინოდის დონეზე გადასაწყვეტი საკითხია და არა ქუჩის მომთაბარე აქციებზე გასარჩევი თემა.
გავრცელებულია იმგვარი მიდგომაც, როცა ზოგნი ამბობენ, რომ "მღვდელიც ჩვეულებრივი ადამიანია და მერე რა მოხდაო", მათ გასაგონად კი ასე უნდა ითქვას: – დიახ, ისიც რიგითი ადამიანია, მხოლოდ ბიო–ანატომიურად და არა ვალდებულებებში. საწყენია, როცა სამღვდელო პირი მხოლოდ შესამოსლით განსხვავდება საერო პირისაგან და არა ცხოვრების წესით.
ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული საკითხი ძალიან რთული და ამავე დროს სენსიტიური პრობლემაა. საგულისხმოა, რომ "ჯიპების" თემა ორივე მხარეს აკომპლექსებს, როგორც საზოგადოებას, ისე თავად ძვირადღირებული ავტომობილის მომხმარებელ სასულიერო პირსაც. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს სრულიად ლოგიკურია, როდესაც მრევლი, ან უბრალოდ რიგითი ადამიანი სწუხს იმის გამო, რომ სამღვდელო დასის წარმომადგენელი ფეშენებელური მანქანით მოძრაობს, ამ დროს კრიტიკისას თუ პროტესტისას, იგულისხმება წმინდა ზნეობრივი და ეთიკური მხარე, რომელიც სინდისზე გადის და არა იურიდიულ ნორმებზე. მოქალაქეობრივი კუთხით, კონონიერია ის, რომ ამა თუ იმ სასულიერო პირს ზეკომფორტული მანქანა ჰყავდეს (იჩუქოს), რადგან კონსტიტუცია ამის უფლებას იძლევა, მაგრამ თუკი მივუდგებით სარწმუნოებრივ–მორალური რაკურსით, ეს როგორც მინიმუმ ძალიან უხერულია, ხოლო ჩვეულებრივ კი ანგარება და სახმართმოყვარეობაა, მით უფრო იმ ფონზე, როცა მოსახლეობის 65 % სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. მე იმის თქმა მსურს, რომ ასეთ საკითხებს, პირველ რიგში საკუთარი ბუნებითი სჯული, შეგნება, გული და სულიერი სიმწიფე არეგულირებს, ვიდრე იძულება ან საზოგადოებრივი აზრი, რომელსაც სამწუხაროდ დიდი ხანია უკვე ნაკლებანგარიშს უწევენ სოლიდარობისა თუ თანაგრძნობის კუთხით. საკუთრივ"ჯიპი"კი არ არის პრობლემა, არამედის, ის, რომ მასზე შეხორცებული და მიჯაჭვული დამოკიდებულებით ქრისტესმოციქულებად მოწოდებული სამღვდელო პირები (არა ყველა, არამედ გარკვეული ნაწილი)უმისოდ"ვერ არსებობენ". აღარაფერს ვამბობ უპოვარებისაღთქმადადებულ ბერ–მონაზვნებზე, რომელთაც უქონლობა ევალებათ აღკვეცის დღიდან.
ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი ის კი არ არის, თუ მე რას ვიფიქრებ ფუფუნებასა და განცხრომაში მყოფ სასულიერო პირზე, არამედ მნიშვნელოვანია ის,თუ რას მოუწოდებს წმ. მამათაღვთივსულიერი განწესება და თავად ეკლესიის ბუნება იერარქებს.
ამრიგად, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეკლესია (იგულისხმება იერარქია)და მისი დასი მოკრძალებული და ღარიბი უნდა იყოს, რადგან მას ყოველივე ამქვეყნიური (ფული, აქსესუარები, საგნები)უბრალოდ უნდა ამძიმებდეს, თავისუფლებასა და სიხარულს აკარგვინებდეს და ხელს უშლიდეს სხვა უფრო აუცილებელ საზრუნავებში. ასე უფალიც უფრო მოგვხედავდა მოწყალე თვალით, არა სიღარიბის გამო, არამედ იმისათვის, რომ წარმავალს –მარადიული ვამჯობინეთ. სხვამხრივ მართლმადიდებლობაში არ იქნებოდა ასკეტიზმი ფუძემდებლურ ცხოვრების პრინციპად დასახული.
გარკვეულწილად იმ აზრსაც ვიზიარებ, როცა ამბობენ, რომ "ჯიპი" ჰყავს და ბევრადამიანს მაინც ეხმარება სულიერადაც და მატერიალურადაცო,მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტს დაეხმარებოდა, ულტრათანამედროვე და ბოლო მოდელის ზეკომფორტული მანქანა რომ არ ჰყავდეს. ავტომანქანა საჭიროა, მაგრამ არა მაინცდამაინც სუპერ–გამოშვება.
კონკრეტულად არავის ვგულისხმობდი, ეს ჩემი კერძო შეხედულებაა და პირადად მე ყველა სასულიერო პირს პატივს ვცემ, მაგრამ მჯერა მხოლოდ მათი ვინც სიტყვას საქმეში ავლენს.
ისე, კი ეკლესიაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და საყურადღებო პრობლემებია (რომელთა გადაჭრაც სასწრაფო ჩარევას საჭიროებს), ვიდრე"ჯიპები", რადგან მასზე ბევრად უფრო მანკიერი ვნებები არსებობს, რომელიც აღმზრდელობითად დასჯადია და სამკურნალო.
P.შ. აქვე დავძენდი, რომ ვარ ეკლესიის წევრი, სტიქაროსანი, მედავითნე, სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, პროფესიით თეოლოგი და შესაბამისად თავისუფალი ვარ პოლიტიკური ანგაჟირების, მარგინალური განწობებისა თუ მტრული დამოკიდებულებისაგან. აგრეთვე, მკაცრად ვემიჯნები კონკრეტული პირების განკითხვას, ლანძღვას, დაცინვასა და მათზე ქირქილს.
გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი), მწერალი
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
Комментариев нет:
Отправить комментарий