ლევან სუთიძე, რელიგიის მიმომხილველი და გადაცემის “საუბარი რელიგიაზე” ავტორი, მეუფე იაკობს 7 საჯარო კითხვას უგზავნის
რა შეხედულებაც არ უნდა გვქონდეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ვეკუთვნოდეთ – მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობა მკვლელების პარტიაა, ჩნდება ბუნებრივი კითხვები. სამწუხაროდ საქართველოს საპატრიარქოს ეშინია ჩვენთან მოსვლის და პასუხის გაცემის, ამიტომ შორიდან შეთვლა მოგვიწევს:
1. რატომ მიიღეთ 2002 წლიდან – 2013 წლამდე თქვენ მიერ მკვლელად მოხსენიებული მაღალჩინოსნებისა და პრეზიდენტისგან 200 მილიონი და აურაცხელი ქონება? იმიტომ, რატომაც ქურდებისგან და ავაზაკებისგან არ თაკილობთ შემოწირულობის მიღებას?
2. რატომ არ იღებდით ხმას, ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდით? ომბუდსმენი რეპორტებს წერდა, ისიც არ აღმოჩნდა საკმარისი – თქვენ რამდენი განცხადება გაავრცელეთ?
3. რატომ თანამშრომლობდით და ურთიერთობდით თქვენ მიერ მკვლელებად მოხსენიებულ პარტიასთან, რომელიც თქვენი თქმით, ქუჩაში ხალხს ხოცავდა? თუ ქვეყანაში საბჭოთა კავშირი ბატონობდა და კიდევ უარესი, სად იყო ეკლესია, რატომ არ იდგა ხალხის მხარეს? პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებოდით? ახლა რატომ არ გერიდებათ? ნუთუ მზად ხართ ქუჩის მუსიკოსს დაეთანხმოთ და განაცხადოთ, რომ 95%-ის ნდობის რეიტინგის დაშინება ასე ადვილია საქართველოში და “პლენში” აგიყვანეს?
4. რატომ დადიხართ ახლაც მკვლელებისა და სექსუალური მანიაკების ნაჩუქარი ჯიპებით, – ესეც საბჭოთა დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებაა? მაშინ ვოლგები ჩამოგართვეს და ახლა პრადოებად დაგიბრუნდათ?
5. რატომ არ დასაჯეთ ის მღვდელმთავრები, მკვლელების პარტიის მეთაურს რომ ლექსებს უწერდნენ ან მათ ფოტოებს ტაძარში კიდებდნენ? გვერდიგვერდ რომ მსახურებთ, სარწმუნოების სიმბოლოს წარმოთქმისას თავი რომ ერთ ტრაპეზზე გიდევთ და ერთი დაფარნა ფარფატებს თქვენს თავზე, სინოდში რომ მათ გვერდით იღებთ გადაწყვეტილებას, არ გეწვით ხოლმე თავი? მრავალს აეწვებოდა
6. კათალიკოს-პატრიარქის ნათლულისა და ექსპრეზიდენტის, ედუარდ (გიორგი) შევარდნაძის გადადგომის შემდეგ, მის დაპატიმრებას რატომ არ ითხოვდით? მის წინააღმდეგაც ასე აქტიურად რატომ არ აგიტირებდით? თუ მაშინ ციხეს ზუსტად ის ხალხი აკონტროლებდა, ვისაც თქვენნაირი ლექსიკა აქვთ და “წესრიგი” სუფევდა?
7. საბჭოთა კავშირზე თქვენი კომენტარი კი, კითხვის დასმის შესაძლებლობას აღარ მიტოვებს, პირდაპირ დასკვნა უნდა გავაკეთოთ – თქვენ ყველა ხელისუფლებას დაგმობთ და გალანძღავთ, ოღონდ მაშინ, როცა ისინი ხელისუფლებიდან წავლენ. აბა რა, მოციქულებიც ასე არ იქცეოდნენ?
Комментариев нет:
Отправить комментарий